რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: რა სხვაობაა „მერსედეს ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს“ შორის?
პასუხი: ალბათ, ახალ მოდელებს გულისხმობთ. ძირითადი სხვაობა ამ ორ ავტომობილს შორის ძრავაშია. „ემელ 350” არის აღჭურვილი ბენზინის, 3.5-ლიტრაჟიანი, ექვსცილინდრიანი ძრავათი. რაც შეეხება „ემელ 420-ს“ ამ ავტომობილის ძრავა დიზელზე მუშაობს. ძრავის მოცულობა 4.0 ლიტრაჟია და რვა ცილინდრიანია. ეს არის საკმაოდ კარგი თანამედროვე, სწრაფი ძრავა, რომელიც აკმაყოფილებს ეკოლოგიურ ნორმებს. „ემელ 420-ს“ მეტი აქვს აჩქარება, ნაკლებს წვავს, რადგან მოგეხსენებათ, დიზელის ძრავა უფრო ეკონომიურია. ორივე მათგანი აღჭურვილია მართვის შვიდსიჩქარიანი, ავტომატური კოლოფით. მაგრამ, ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მას ფასიც გაცილებით მაღალი აქვს. „ემელ 350-სა“ და „ემელ 420-ს“ შორის ფასში სხვაობა, დაახლოებით, 15 000 დოლარია.
კითხვა: გთხოვთ, დამიხასიათოთ ახალი „აუდი ა 4” აღჭურვილი 2.0 ან 3.0 ძრავათი. რომელი ჯობია, უფრო სწორად, საქართველოს გზების პირობებში რომელი უფრო გამძლეა? როგორი სავალი ნაწილი აქვს გამძლეობის თვალსაზრისით? ამორტიზატორები სწრაფად ხომ არ ჯდება? ან მის გადაცემათა კოლოფს (ტიპტრონიკს) რამე პრობლემა ხომ არ ექმნება? რამდენად ეკონომიური და სწრაფია და რა სუსტი მხარეები აქვს ორივეს.
პასუხი: თქვენ, ალბათ, 2005-2008 წლის მოდელებზე საუბრობთ. ძრავების მოცულობა ძალიან ბევრ კითხვაზე თავისთავად გცემთ პასუხს. 2.0-იანი ძრავათი აღჭურვილი მოდელები მუშაობს როგორც ბენზინის, ისე დიზელის სისტემაზე ხოლო 3.0-ით – დიზელის სისტემაზე. კარგი იქნებოდა, კონკრეტულად გეთქვათ რა ტიპის ძრავაზეა საუბარი. ამიტომ, ჩვენ ამ ტიპის ძრავებზე ზოგად მონაცემებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება სიმძლავრესა და სისწრაფეს 2.0 „ტედეი” – ბენზინზე მომუშავე ძრავა გამოიმუშავებს 138 ცხენის ძალას და მისი მაქსიმალური სიჩქარე 211 კილომეტრ-საათია. 3.0-იანი „ტედეი” ძრავა კი, 230 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მისი მაქსიმალური სიჩქარეა 246 კილომეტრი საათში. გარდა ამისა, არსებობს „ტე ეფესაი”, „დეტეემ ედიშენ” და სხვა ტიპის 2.0-იანი ძრავები. მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მონაცემები აქვთ. რაც შეეხება ამორტიზაციის სისტემას, სავალი ნაწილის გამძლეობას, ზოგადად, „აუდის” მარკაზე გეტყვით, – ის ნაკლებად არის ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ანუ, არათანაბარ გზის საფარზე და სხვა. მისი დაკიდების სისტემა ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება. უკეთესი მანევრის უზრუნველყოფა კი, საქართველოში ძალიან ბევრ თავსატეხს აჩენს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილს რომელიმე პატარა ნაწილი მაინც გაფუჭდა. „ტიპტრონიკი” არის ავტომატური მართვის კოლოფის დანამატი, რომელიც შეიქმნა მათთვის, ვინც ამ ტიპის კოლოფისგან უფრო მეტს ითხოვდა, მაგრამ არც მექანიკა იზიდავდა. თუმცა, მას ძალიან სერიოზული მოფრთხილება სჭირდება, რადგან ხშირად აქვს პრობლემები, ანუ ხშირად ფუჭდება და აღდგენა საკმაოდ ძვირი ჯდება.
კითხვა: მინდა ავტომობილის ყიდვა, მაგრამ, ძალიან მეშინია, რომ ის არ იყოს ნაავარიები და შემდეგ მისი შეძენა სანანებელი არ გამიხდეს. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა არაპროფესიონალისთვის გარეგნული დაზიანებების მიხედვით იმის გაგება, არის თუ არა მანქანა დაზიანებული და აღდგენილი?
პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. უპირველესად, უნდა შევხედოთ ავტომობილს გვერდიდან, რომელი მხრიდანაც სხვადასხვა ნივთს ირეკლავს, თუ ის აღდგენილია, იოლად შეემჩნევა ტალღები, ანუ, მას არ ექნება იდეალურად სწორი ზედაპირი. ხელით „გაშკურკვის” შემთხვევაში, შეუძლებელია, ის დატალღული არ იყოს. მეორე – ავტომობილი იღებება ნაჭრებად, ცალკე – ფრთა, ცალკე – კარი. გარდამავალ ადგილებში კი ყველაზე მეტად ეტყობა დეფექტები: კარი თითქოს მომრგვალებულია, ის იზნიქება და, ასევე, ჩაზნექილია ფრთა. თუ კარსა და ფრთას შორის დიდი განსხვავებაა, ეს ნიშნავს, რომ ის მხოლოდ შეღებილი კი არა, აღდგენილიცაა. თუ აღდგენა დაბალ დონეზეა შესრულებული, მაშინ, უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იქნება. ამის გასაგებად, პირველ ყოვლისა, ავტომობილის ყველა კარი უნდა გავაღოთ და მოვაძროთ კარის ჩარჩოებს ის რეზინები, რომლებიც დახურვისას მის ჰერმეტულობას უზრუნველყოფს (ის ძალიან ადვილად ძვრება და კეთდება). დააკვირდით კარის ჩარჩოს კუთხეებში: პირველი – იქ არ უნდა იყოს არც ერთი ტალღოვანი ნაწილი; მეორე – მისი შედუღება უნდა იყოს წერტილოვანი. თუ შედუღება არ არის წერტილოვანი და ის გადაბმულია, ესე იგი, იქ სერიოზული ჩარევა მოხდა, ხოლო, თუ სადმე ნაკეციც აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავარიის შედეგად შეიღუნა და გაჭიმეს. ჩარჩო შიგნით იდეალურად სწორი უნდა იყოს; იგივე სისწორე უნდა დაგვხვდეს, როცა ძრავის ხუფს ავხდით. შეიძლება, თვითონ ის ნაწილი, რომელიც ავარიის დროს დარტყმას საკუთარ თავზე იღებს, რათა სალონი დაზიანებისგან დაიცვას, ანუ, ეგრეთ წოდებული „ბაკავინა,” ტალღოვანი იყოს, რათა ის დაიკეცოს, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტალღოვანი მისი „კანტები“. ასევე, არ უნდა იყოს შეღებილი ძრავას სექტორის ნაწილები, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ წინა ნაწილი დაზიანებული და შემდეგ აღდგენილია. ძრავას სიმხურვალე ძალიან იოლად აფუჭებს საღებავს. ძრავას შიდა სექტორს არავინ ღებავს, თუ ის ნაავარიები არ არის, თან, მის შესაღებად საჭიროა ძრავასა და სხვა დეტალების ამოღება – სხვანაირად ეს არ ხერხდება.
კითხვა: მინდა „ფორდის” ერთ-ერთი მოდელის შეძენა, რომელიც დიზელის ძრავით არის აღჭურვილი და საკმაოდ ეკონომიურია, მაგრამ, მითხრეს, რომ მას უამრავი პრობლემა აქვს, ერთ-ერთი კი ზამთარში, ყინვის დროს მისი შესაძლო გაყინვაა. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
პასუხი: ასეთი რამ ჩვეულებრივი მოხმარების ავტომობილებში თითქმის არ ხდება, რადგან, ბენზინგასამართ სადგურებზე ცივ ქვეყნებში ზამთრის დიზელი იყიდება, რომელიც არ იყინება. არსებობს ზამთრისა და ზაფხულის დიზელი. ზამთრის დიზელი ზაფხულში არ გამოიყენება, რადგან, მას აქვს სპეციალური მინარევები, რომელიც სიცხეშია საჭირო, მაგრამ, სიცივეში, როგორც კი ტემპერატურა ნულს ჩასცდება, ის შეიძლება ძალიან მარტივად გაიყინოს. თუ ვინმეს ჰყავს ავტომობილი, მსუბუქი იქნება ის თუ სატვირთო, რომელსაც იშვიათად იყენებს, არ უსხია ზამთრის დიზელი და ისე ჰყავს გაჩერებული, სიცივეში მისი დაძვრა არ შეიძლება. ვინაიდან ჯერ ყინვები არ დაწყებულა, ბენზინგასამართ სადგურებზეც არ არის ზამთრის დიზელი შემოტანილი. თუ ყინვები დადგა, ბაკში რომელი დიზელიც გაქვთ ჩასხმული, ძალიან სწრაფად უნდა დაწვათ და ჩაასხათ ზამთრისთვის განკუთვნილი სპეციალური დიზელი. თუმცა, ძალიან ცივ ქვეყნებში ზამთრის დიზელიც არ შველის.