კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცი, რომელიც საკუთარ გატაცებას საყვარლის ქმარს აბრალებდა ციხეში შვიდ წელიწადს გაატარებს

გაიოზ ლ-რიას გატაცებისთვის, უდანაშაულო თამაზ ს-შვილს ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ ეგრეთ წოდებული გატაცებული, საპატიმროში თავად  აღმოჩნდა. უკანონო პატიმარი, თამაზ ს-შვილი კი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. მაგრამ, უცნაური ის არის, რომ გამოძიების მახეში, არც მეტი არც ნაკლები, ის ცოლის წყალობით გაება. ახლა კი ჯერი მასზეა – სიმართლის გარკვევის შემდეგ, თამაზ ს-შვილს უფლება მიენიჭა, ცრუ დასმენისთვის ცოლს პასუხი კანონით აგებინოს. 

ვითომ გატაცებულ გაიოზ ლ-რიას, რომელიც ავსტრიიდან ჩამოაბრძანეს, გამოძიების განზრახ შეცდომაში შეყვანისა და თაღლითობისთვის, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისი იქ ყოფნის შესახებ კი, გამოძიებისთვის ცნობილი იმ ქალბატონისგან გახდა, რომელთან ერთადაც გაიოზ ლ-რია ჯერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი, ავსტრიაში იმყოფებოდა. გაირკვა ისიც, რომ გაიოზ ლ-რიამ ქალბატონი უცხოეთში ღვთის ანაბარა მიატოვა. როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, ქალი საქართველომდე ვერ ჩამოაღწევდა. მაგრამ, ლენა გ-ლიამ მამასთან დაკავშირება შეძლო და უკან დასაბრუნებელი გზის ფული მას გააგზავნინა. 

სწორედ ამ პერიოდში, გამოძიება უდანაშაულო თამაზ ს-შვილისთვის საბოლოო ბრალის წაყენებას აპირებდა, მაგრამ კაცი ხანგრძლივ პატიმრობას მისთვის სრულიად უცნობი ლენას წყალობით გადაურჩა. არადა, მას ბრალს საკუთარი ცოლი სდებდა. გამოძიებას არწმუნებდა, რომ გაიოზ ლ-რიაზე შური სწორედ მისმა ქმარმა ძია...

სასაფლაოზე ნაპოვნი დაკარგული კაცის მანქანა

18 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციისთვის ცნობილი გახდა სასაფლაოზე გაჩერებული საეჭვო ავტომანქანის შესახებ, რომელიც იმ ტერიტორიაზე სამი დღე-ღამის განმავლობაში იდგა. აღნიშნული ავტომანქანით სასაფლაოზე მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა. მან თავიდან ივარაუდა, რომ ავტომანქანა შესაძლოა, რომელიმე ჭირისუფალს ეკუთვნოდა. მაგრამ, ვინაიდან მანქანა მესამე დღესაც იქ იდგა, დაეჭვდა და მის შესახებ პოლიცია საქმის კურსში ჩააყენა. 

ამ მოქალაქის ყურადღებიანობის წყალობით კი გაუხსნელი საქმე გაიხსნა. კერძოდ, დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლის შესახებაც შეტყობინება მიიღეს, გაიოზ ლ-რიას ეკუთვნოდა – მისი გაუჩინარების ფაქტზე კი, ზუსტად ხუთი დღით ადრე საქმე აღძრეს. დაკარგულს ყველა საავადმყოფოში თუ მორგში ოჯახთან ერთად ეძებდნენ. 

თავდაპირველად, ეჭვი გამოძიებამ გაუჩინარებულის მკვლელობაზე მიიტანა და საქმეც ამ მუხლით აღძრა, თუმცა ექსპერტიზის შედეგად, ავტომანქანაში მკვლელობის არანაირი კვალი არ აღმოჩნდა. იქ მხოლოდ ტექნიკური პასპორტი იპოვეს, რაც ცხადია, გამოძიებისთვის არაფრისმთქმელი იყო. აქედან გამომდინარე, სამართალდამცველებმა მკვლელობის ვერსია, ადამიანის გატაცების ვერსიით შეცვალეს...

ბურუსით მოცულ ფაქტზე გამოძიებამ მუშაობა ყველა მიმართულებით დაიწყო. დაიკითხნენ როგორც ოჯახის წევრები, ისე დაკარგულის მეგობარ-ნაცნობები. მათი ჩვენებით კი ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარებული მეგობარს კერძო ბიზნესში ეხმარებოდა, საიდანაც ნორმალური შემოსავალი ჰქონდა და არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. ანუ, სამსახურებრივი ანგარიშსწორება იმთავითვე გამოირიცხა. ასევე, კატეგორიულად არ დადასტურდა ოჯახური ტრაგედიის ვერსია, რადგან აღმოჩნდა, რომ გაუჩინარებულს სრულიად უკონფლიქტო მეუღლე ჰყავდა. ის დასთან ერთად, პერიოდულად, სამუშაოდ თურქეთში მიდიოდა, მაგრამ ქმრის გაუჩინარების მომენტში, საქართველოში იმყოფებოდა. ქალი აცხადებდა, რომ მათ არანაირი, არც ფინანსური და არც ოჯახური პრობლემა არ ჰქონიათ. მეტიც, მისი თქმით, იმ დღეს ქმარს 3 500 დოლარი მისცა შესანახად, მაგრამ გაიოზი ფულიანად გაუჩინარდა. ცოლმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, მისი ქმარი ფულის გამო გაიტაცეს, მაგრამ ვერსია იმავე დღეს გამოირიცხა – აღმოჩნდა, რომ თანხა გაუჩინარებულმა ბანკში პირად ანგარიშზე შეიტანა...

ერთადერთი ხელჩასაჭიდი, სატელეფონო საუბრები რჩებოდა და მართლაც – ბოლოდროინდელ სატელეფონო ზარებში ფიქსირდებოდა ნომერი, რომელიც ექიმ იამზე ზ-ს ეკუთვნოდა. თუმცა, რადგან ქალი პროფესიით გინეკოლოგი იყო, გამოძიებას ვერაფრით აეხსნა, რა აკავშირებდათ მათ ერთმანეთთან. მით უმეტეს, მათი საუბრების ჩანაწერებიდან ჩანდა, ერთმანეთს ისინი ღამის 12 საათის შემდეგ უკავშირდებოდნენ... 

გამოძიებამ შექმნილი ვითარების გარკვევა დაიწყო და უტყუარად დაადგინა, რომ იამზე ზ-ს პაციენტი არც გაუჩინარებულის მეუღლე და არც მისი და იყო. ამით კი, ეჭვი დადასტურდა – ექიმი გაუჩინარებულის საყვარელი გახლდათ...

ვერსია, სამართალდამცველების მხრიდან ქალის დაკითხვაზე დაბარების შემდეგ, კიდევ უფრო გამყარდა – ექიმმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მას ქმართან პრობლემები ჰქონდა და ის გაიოზ ლ-რიას საყვარელი იყო. ამის შესახებ კი მისმა ქმარმაც იცოდა და ორივეს მოკვლით ემუქრებოდა.

ექიმის ჩვენებით ყველაფერი ნათელი გახდა – ცოლის საყვარელზე ქმარმა შური იძია და სწორედ ცოლის ჩვენების საფუძველზე, გამოძიებამ დასაკითხად უკვე თამაზ ს-შვილი, ჯერ მოწმედ დაიბარა. ჩვენების მიცემის შემდეგ კი, ეჭვმიტანილად ცნეს და ბრალი ადამიანის გატაცების მუხლით წაუყენეს. 

თამაზ ს-შვილი სამართალდამცველებს ამაოდ არწმუნებდა, რომ მას ცოლის საყვარლისთვის არაფერი დაუშავებია. მაგრამ, რადგან მან ცოლის საყვარლის  მისამართით მუქარა არ უარყო, ამასთან, საეჭვო წრეში ტრიალებდა და დიდი ფული ჰქონდა, გამოძიებამ დაასკვნა, გაუჩინარებული სწორედ მისი მსხვერპლი იყო. თუმცა, ამის მიუხედავად, გამოძიება მაინც ჩიხში შევიდა – ბრალდებას ვერანაირი ნივთიერი მტკიცებულებებით ვერ ამყარებდნენ...

იამზე ზ-ს ჩვენებიდან: „მე და გაიოზი ერთ-ერთმა ჩემმა პაციენტმა, რუსი ეროვნების ლენამ დაგვაახლოვა. გოგონას გარკვეული პრობლემები ჰქონდა და გაიოზმა ჩემთან მოიყვანა. მაშინ შევიტყვე, რომ კაცს ცოლთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა და ლენასთან ამიტომ „მეგობრობდა”. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე ისე კარგად აეწყო, რომ პატივისცემის ნიშნად, გაიოზმა ლენასთან ერთად რესტორანში დამპატიჟა. შემდეგ ლენა საქართველოდან წავიდა, მაგრამ ჩვენი რომანი გაგრძელდა... 

გაიოზ ლ-რია შემიყვარდა. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით. მეუბნებოდა, რომ ცოლთან გაყრას აპირებდა და მეც მთხოვდა, ქმარს გავცილებოდი. თუმცა, ეს ისე უნდა გამეკეთებინა, ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩემი ქმრისთვის არაფერი მეთქვა. 

მისი თხოვნა ვერ შევასრულე, თამაზს ყველაფერი ვუამბე, რადგან მასთან გაყრა საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი. ეს კი იმიტომ გავაკეთე, რომ მისთვის პირველს მე არ მიღალატია, საყვარელი თამაზსაც ჰყავდა და არაფერს აკლებდა. მასთან გაყრა სწორედ ამიტომ მინდოდა, მაგრამ ის მეუბნებოდა, რომ არ გამეყრებოდა. ჩემს საყვარელთან კი მაბარებდა, რომ, რაც მოუვიდოდა საკუთარი თავისთვის დაებრალებინა. მისი მუქარის ძალიან მეშინოდა, მაგრამ გაიოზს ვერაფერს ვეუბნებოდი. მისი მერიდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მთხოვა, ჩემს ქმარს მის შესახებ მაინც ყველაფერი ვუთხარი. ჩემი აზრით, ის მამჩნევდა, რომ რაღაცას ვმალავდი, მთხოვდა, მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე. ალბათ, იმიტომ, რომ გაიოზთან ბოლომდე გახსნილი აღარ ვიყავი, ჩემს მიმართ ისიც შეიცვალა. ხვდებოდა, რომ ქმარმა რაღაც იცოდა. 

რომ არ დამეკარგა, მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი – ფულს იმდენს ვაძლევდი, რამდენსაც ითხოვდა... გაუჩინარებამდეც ორჯერ შევხვდი. შეხვედრისას 1 800 დოლარი მთხოვა, თანხა ორ დღეში მივეცი. ვიცოდი, მისი ცოლი ჩამოდიოდა, რომელთანაც გაყრას აპირებდა, მეგონა, ფული სასამართლოსთვის სჭირდებოდა, თუმცა, გამოძიებისგან შევიტყვე, რომ ის მოულოდნელად გაუჩინარდა. პოლიციაში დასაკითხად რომ მივედი, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ მასზე შური ჩემმა ქმარმა იძია, რადგან ის თითქმის ყოველდღე მემუქრებოდა, რომ შურს არა მხოლოდ მასზე, შენზეც ვიძიებო...“

სწორედ ცოლის ჩვენების საფუძველზე დააკავეს იმავე დღეს ქმარი, მაგრამ არც თითის ანაბეჭდებით და არც სხვა ექსპერტიზის მონაცემით, თამაზ ს-შვილთან გაუჩინარებულის კავშირი არ დადასტურდა. დანაშაულის გასახსნელად ოდოროლოგიური (ყნოსვის) ექსპერტიზაც კი დაინიშნა, მაგრამ თამაზ ს-შვილი სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმაც კი „უდანაშაულოდ ცნეს...”

თავად დაკავებულიც ირწმუნებოდა, რომ ცოლს მხოლოდ ემუქრებოდა, რომ მასაც და მის საყვარელსაც პასუხს მოსთხოვდა, შურისძიება კი თავში აზრადაც არ მოსვლია. მაგრამ...

სწორედ ამ პერიოდში, სრულიად მოულოდნელად, დანაშაული გალის რაიონში მცხოვრებმა ვინმე ვარლამ გ-ლიამ გახსნა, რომელმაც პოლიციას დახმარება სთხოვა ავსტრიიდან თავისი ქალიშვილის ჩამოყვანაში დახმარებოდა. მან პოლიციას გადასცა წერილი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, რომ მისი შვილი ჯერ აფხაზეთის ტერიტორიზე, შემდეგ კი – უცხოეთში გაიოზ ლ-რიამ გადაიყვანა. იქ მან ქალი მიატოვა და შვილი ახლა მამას სთხოვდა დახმარებას... 

სწორედ ამ წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ პიროვნება, რომელზეც გოგონა საუბრობდა დაკარგული გაიოზ ლ-რია იყო, რომელმაც თავგზის ასაბნევად ავტომანქანა სასაფლაოზე გააჩერა, თავად კი მასზე თითქმის 20 წლით უმცროს გოგონასთან ერთად საზღვარი დატოვა...

ქართველი და ავსტრიელი სამართალდამცველების ურთიერთთანამშრომლობით, გაიოზ ლ-რია საქართველოში ჩამოიყვანეს და როგორც თაღლითსა და სიყალბის ჩამდენს, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორ და რატომ დაგეგმა გაიოზ ლ-რიამ საკუთარი გატაცების ინსცენირება? გამოძიებისთვის ეს უცნობი დარჩა, რადგან როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო პორცესის სტადიაზე, მან დუმილის უფლება გამოიყენა. 

 

скачать dle 11.3