როგორ იძარცვებოდა ქართველი ხალხის კუთვნილი ქონება და რა საიდუმლო სპეცოპერაცია ჩაატარა საკავშირო „კაგებემ“ თბილისში
დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაიწყო. მისი დიდი ნაწილი ბურუსითაა მოცული, მონაწილეთა უმრავლესობა კი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხალია. ამიტომ, სახელები და გვარები შევცვალეთ და ვინმესთან მათი მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გამქრალი მილიონები
1989 წლის 9 აპრილის მოვლენები რამდენიმე თვის მომხდარი იყო. საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და უზარმაზარ იმპერიას გამოეყოფოდა. ამიტომ, კომუნისტურ პარტიას არავინ არაფრად აღარ აგდებდა და ხალხი მას უკვე წარსულში მოიხსენიებდა. მიუხედავად ამისა, იურიდიულად, ჯერ კიდევ კომუნისტები მართავდნენ ქვეყანას და ყველა პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურა მათ ემორჩილებოდა.
შემოდგომის ერთ ღრუბლიან დღეს, თბილისის ერთ-ერთ, ეგრეთ წოდებულ „ასობნიაკის“ კარგად მოწყობილ კაბინეტში სამი ადამიანი იყო შეკრებილი და მეოთხეს მოლოდინში ძვირად ღირებულ სიგარეტებს აბოლებდნენ. თან, საათს უყურებდნენ და, აშკარად ეტყობოდათ, რომ ნერვიულობდნენ.
ასობნიაკი ცენტრალური „კაგებეს“ კონსპირაციული ბინა იყო და მისი არსებობის შესახებ საქართველოს „კაგებეს“ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. იქ შეკრებილი ადამიანები საქართველოს ცენტრალური კომიტეტის საშუალო რგოლის მუშაკები იყვნენ. მეოთხე სტუმარი კი, რომელსაც ისინი ელოდნენ, მოსკოვიდან საიდუმლო მისიით მოვლენილი ემისარი იყო. მან ქართველი საშუალო რანგის ფუნქციონერები წინასწარ გააფრთხილა თავისი ვიზიტის შესახებ და საღამოს 8 საათზე დანიშნა კონსპირაციული შეკრება, რომლის შინაარსიც წინასწარ არ განუცხადებია.
ის-ის იყო, საღამოს 8 საათი შესრულდა, რომ კონსპირაციულ ბინაში მოსკოველი ემისარი შეუმჩნევლად შევიდა, მის მომლოდინეებს თავზე წამოადგა, მიესალმა და თავის უშუალო მეკავშირეს, კოტე სამუშიას უთხრა:
– კოტე ვასილიჩ, გააცანი ამხანაგებს ჩემი თავი!
სამუშიამ გივი გოგიას და გურამ კანდელაკს მოსკოველი სტუმარი წარუდგინა:
– გაიცანით, ეს პავლე სკოტოვია, ჩვენი მოსკოველი ამხანაგი და სახელმწიფო სარევიზიო კომისიის წარმომადგენელი.
პავლე სკოტოვი სინამდვილეში იური სარსკი იყო და „კაგებეს“ ეგრეთ წოდებულ ფინანსურ განყოფილებაში მუშაობდა. გოგია და კანდელაკი „ცეკას“ ფინანსური განყოფილების მუშაკები იყვნენ, ისევე, როგორც კოტე სამუშია – მათი უშუალო უფროსი.
– ამხანაგებო! – მიმართა სკოტოვმა ქართველებს, – არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენი დიდი ქვეყანა იშლება და ამ ტრაგედიამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. მიუხედავად ამისა, ჩვენ, საბჭოთა კომუნისტები, იატაკქვეშეთში მივდივართ, რომ მომავალში ძალაუფლება დავიბრუნოთ, რასაც ფინანსები სჭირდება. აქ კი სწორედ ამიტომ ვარ ჩამოსული და, იმედია, ჩემს სიტყვებს ეთანხმებით.
– დიახ. რა თქმა უნდა, – დაეთანხმნენ სკოტოვს ქართველები, ემისარმა კი თავისი სიტყვა ასე დააგვირგვინა:
– მოკლედ, ჩემო მეგობრებო, თქვენ საქართველოს სახელმწიფო ბანკიდან პარტიის ანგარიშზე რიცხული თანხები უნდა გამოიტანოთ, რომ მომავალში იატაქკვეშა საქმიანობისთვის გამოვიყენოთ. უპირველესად, ოქრო უნდა ავიღოთ, შემდეგ – ვალუტა და ბოლოს – მანეთები...
სწორედ გოგია და კანდელაკი იყვნენ უფლებამოსილები, რომ ბანკიდან „ცეკას“ ოქრო გამოეტანათ. ეს შეხვედრა იმით დასრულდა, რომ მეორე დღეს ბანკის საცავიდან 250 ცალი 2-2 კილოგრამიანი ბაჯაღლო ოქროს ზოდი გამოიტანეს, რომლის საერთო ღირებულებაც იმ პერიოდში 15 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. ოქროს ზოდები სპეციალურმა საინკასაციო მანქანამ წამოიღო ბანკიდან. ეგრეთ წოდებულ „პუტიოვკაში“, რომლის ერთი ასლი ბანკში დარჩა, მეორე კი ინკასატორებმა წაიღეს, მიტანის ადგილად თბილისის აეროპორტი იყო დასახელებული. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ ინკასაციის მანქანა აეროპორტის ტრასაზე იპოვეს ცარიელი – შიგნით არც ოქრო იყო და ის ოთხი ინკასატორიც გამქრალიყო, ვისაც ოქროს ზოდები მიჰქონდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ძარცვის მუხლით და გამომძიებელმა ავთო კორძაიამ გივი გოგია და გურამ კანდელაკი დაკითხა, რომლებმაც სკოტოვთან კონსპირაციული შეხვედრის შინაარსი აცნობეს. დაკითხვის შემდეგ გოგია და კანდელაკი წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს. გამომძიებელმა კოტე სამუშიას მოსაყვანად ოპერატიული ჯგუფი გაგზავნა, მაგრამ, ის სულ რაღაც ერთი საათის გარდაცვლილი აღმოჩნდა ინფარქტით. იმავე საღამოს საკნებში დაიღუპნენ გოგია და კანდელაკი, რომლებიც ზედამხედველებმა ჩამომხრჩვალები იპოვა. გამომძიებელი კორძაია სკოტოვის კვალის გაყოლას შეეცადა და მოსკოვში მასზე მოთხოვნა გაგზავნა, თუმცა, გვიან მიღებულ პასუხში ეწერა, რომ სახელმწიფო სარევიზიო კომისიის შტატში პავლე დიმიტრის ძე სკოტოვი არ ირიცხებოდა... სინამდვილეში კი, სკოტოვის ფსევდონიმით მოქმედ იური სარსკის თავისი „კაგებეშნიკი“ კოლეგები გამალებით ეძებდნენ, რადგან ის და მისი ოთხი ხელქვეითი უკვალოდ გაუჩინარდნენ 500 კილოგრამ ოქროსთან ერთად და საქართველოს კუთვნილი 15 მილიონი დოლარი უკვალოდ გაქრა...
ოქროს კვალი
ბანკის საცავიდან გამქრალი ოქრო, თანაც, ამხელა ოდენობის, განსაკუთრებული საქმე იყო და მისი გამოძიება „კაგებემ“ ითავა, მით უმეტეს, რომ ამ საქმეში მათი თანამშრომელი იყო მთავარი მოქმედი პირი.
„კაგებეს“ გამოძიებას მოსკოვში მოღვაწე ქართველი მაიორი ომარ კარტოზია უძღვებოდა. მან პირადად გადმოიბარა ავთო კორძაიასგან ეს საქმე, რომელმაც უთხრა:
– ერთადერთი ხელჩასაჭიდი ამ საქმეში გოგიასა და კანდელაკის ჩვენებებია. თუმცა, სამწუხაროდ, არც ისინი არიან ცოცხლები და არც მათი უფროსი – კოტე სამუშია. ერთი სიტყვით, ჯადოსნური წრეა შეკრული, ამხანაგო მაიორო.
სწორედ რომ ჯადოსნური წრიდან გამოსვლის სპეციალისტად იყო მიჩნეული მაიორი ომარ კარტოზია, რომელიც თბილისში დარჩა გამოძიების საწარმოებლად და შეეცადა, გოგიასა და კანდელაკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი გაერკვია. ოფიციალურად, ორივე ჩამოხრჩობილი თვითმკვლელად იყო შერაცხილი, თუმცა, ექსჰუმაციის შემდეგ, „კაგებეს“ პათანატომმა დაადგინა, რომ ორივე პატიმარი მოკლული იყო. შემდეგ ომარ კარტოზიამ ზედამხედველები დაკითხა, რომლებიც ციხეში მოკლული პატიმრების დაღუპვის დღეს მორიგეობდნენ. მაიორი დარწმუნებული იყო, რომ პატიმრების მკვლელობაში ციხის თანამშრომლები იყვნენ გარეულები და მართალიც აღმოჩნდა. კონტროლიორმა ზედანიამ მაიორს უთხრა:
– პატიმრები კუკური ხომასურიძემ დახოცა, ის კი მე შევუშვი მათთან.
– ვინ გიბრძანა ამის გაკეთება?
– ხომასურიძეს გავურიგდი და მან ამაში 1 500 მანეთი გადამიხადა.
გამოდიოდა, რომ მკვლელობის შეკვეთა პირდაპირ პატიმარს მისცეს და ყველაფერი მანვე მოაგვარა ციხეში. ამიტომ კარტოზიამ ზედანიას ჰკითხა:
– ვინაა ეგ ხომასურიძე?
– ხულიგნობისთვის სამი წელი მოიხადა და ერთი თვის წინ გათავისუფლდა.
კარტოზია კუკური ხომასურიძის ძებნას შეუდგა, რომელიც თემქაზე ცხოვრობდა, მაგრამ, მეზობლებმა უთხრეს, რომ კუკური ორი დღის წინ გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა. კიდევ ორი დღის შემდეგ კუკური ხომასურიძის ცხედარი თბილისის ზღვაში აღმოაჩინეს მყვინთავებმა, როდესაც ისინი წყალში ჩაძირულ პატარა, თვითნაკეთ იახტას ეძებდნენ... ხომასურიძეს ფეხებზე ორმოცდაათკილოგრამიანი თუჯის გირი ჰქონდა მიბმული ტროსით, სხეულზე კი ორი ნატყვიარი აჩნდა და, როდესაც ის გაკვეთეს, სხეულიდან „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიები ამოიღეს.
– ჰმ, – ჩაეცინა კარტოზიას, – რომ იტყვიან, სამხილები წყალმა ჩაყლაპა, მაგრამ, ვცადოთ, იქნებ, ამ წყალში ჩაყრილი სამხილის მეშვეობით გავიდეთ კვალზე.
მაიორმა „ტეტეს“ ტყვიები ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნა და მოულოდნელი შედეგი მიიღო: პისტოლეტი, რომლიდანაც ხომასურიძე იყო მოკლული, მილიციის გარდაცვლილ პოლკოვნიკს, ემზარ სისაურს ეკუთვნოდა. პისტოლეტი მინისტრის საჩუქარი იყო შესაბამისი წარწერით და, წესისამებრ, მისი სიკვდილის შემდეგ სამინისტროში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ მომხდარა და სავარაუდოდ, იარაღი კვლავ სისაურებთან ინახებოდა. ამიტომ, კარტოზიამ სისაურების ოჯახი შეისწავლა და დაადგინა, რომ პოლკოვნიკ ემზარ სისაურის 30 წლის შვილიშვილი, რომელსაც ასევე ემზარი ერქვა, ძალზე საეჭვო პიროვნება იყო.
– გამორიცხული არაა, რომ მკვლელობა პოლკოვნიკის შვილიშვილმა ჩაიდინა. ამიტომ მას თვალი არ უნდა მოვაშოროთ და, შეიძლება, გაგვიმართლოს კიდეც.
მაიორს მართლაც რომ გაუმართლა: 30 წლის ემზარ სისაური ბაბუამისის „ტეტეთი“ ღამის 2 საათზე ნახალოვკის ერთ-ერთ ბნელ ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც კარგად ჩაცმული ქალ-ვაჟის გაძარცვას აპირებდა და მათ ბაბუამისის პისტოლეტით ემუქრებოდა.
დაკავებული პირადად კარტოზიამ დაკითხა, სამსაათიანი საუბრის შემდეგ კი, სისაურმა აღიარა, რომ ხომასურიძის მკვლელობის შეკვეთა ვინმე ოთარ ჯაშისგან მიიღო. ჯაში სისაურის მეზობელი და, როგორც გაირკვა, ოქროს გამტაცებელი სკოტოვის, სინამდვილეში კი იური სარსკის დეიდაშვილი იყო...
გამოცდილმა გამომძიებელმა ივარაუდა, რომ მიმალვაში მყოფი სარსკი, მოპარული ოქროს ზოდებიანად, შესაძლოა, თბილისში ყოფილიყო. ამიტომ ის სისაურს გაურიგდა და შეჰპირდა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ, დახვრეტის ნაცვლად, მაქსიმუმ სამწლიან პატიმრობას მისცემდნენ მკვლელობისთვის. სამაგიეროდ, სისაური თავისუფალი უნდა ყოფილიყო, რომ მის დაპატიმრებას ოთარ ჯაში და, სავარაუდოდ, სარსკი არ დაეფრთხო. ემზარი შეთავაზებას დასთანხმდა და ის მაშინვე გაათავისუფლეს. სამაგიეროდ, „კაგებე“ ოთარ ჯაშს „დააჯდა კუდზე“ და ერთი კვირის მერე ნახალოვკის ერთ-ერთ კერძო სახლში, რომელიც ოთარის მეუღლეს, ანა პირაძეს ეკუთვნოდა, ოქროს გამტაცებელი იური სარსკი დააპატიმრეს. იქვე, სარდაფში აღმოჩნდა 250 ცალი ოქროს ზოდი და ინკასატორების ჩაბეტონებული გვამები.
ეს ამბები რომ მოხდა, საქართველოში უკვე დიდი ჭორი იყო აგორებული, ხელისუფლებაში მოსასვლელად ეროვნული მოძრაობა ემზადებაო და საკავშირო „კაგებემ“ ფარული ოპერაცია ჩაატარა: სპეციალურად მოსკოვიდან გამოგზავნილი თვითმფრინავით წაიღეს 500 კილოგრამი ოქრო და წაიყვანეს იური სარსკი, რომელიც თავის დეიდაშვილთან ერთად მოსკოვში გაასამართლეს, დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი ბუტირკის ციხეში აღასრულეს... რაც შეეხება ემზარ სისაურს, ის ჯერ თბილისის ციხეში მოათავსეს, ახალმა მთავრობამ კი გაათავისუფლა და ამჟამად მისი ბედი გაურკვეველია. სამაგიეროდ, საქართველოს კუთვნილმა ოქრომ მოსკოვში დაიდო ბინა და, თუ ანონიმურ წყაროებს დავუჯერებთ, იმ პერიოდში თბილისიდან, ბანკიდან გატაცებული ზოდების ჩათვლით, არაოფიციალური გზებითა და საშუალებებით, უცნობმა პირებმა 3 ტონა ოქრო და უამრავი ძვირფასი თვლები გაიტანეს გაურკვეველი მიმართულებით...