კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მე და ჩემს მეგობარს გვაქვს მშრალი კანი და ორივე ერთსა და იმავე მკვებავს (ძალიან მაღალი ხარისხის) ვისვამთ, მაგრამ, ჩემი მეგობრის სახის კანზე აშკარად უკეთ მოქმედებს, ვიდრე ჩემსაზე. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ჯერ ერთი, ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება ინდივიდუალურად მოქმედებს – ზოგს მეტად რგებს ან ვნებს, ზოგს – ნაკლებად. გარდა ამისა, ნებისმიერი კრემი, თვით ყველაზე საუკეთესოც კი, არ იმოქმედებს მთელი ძალით, თუ მისი წასმის წინ სახეს კარგად არ გაიწმენდთ. რადგან თქვენ მშრალი კანი გაქვთ, დაიბანეთ (გაიწმინდეთ) სახე რბილი საშუალებებით: სპეციალური ქაფით (ან მშრალი კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საპნით), მიცელარული ხსნარით (იყიდეთ მხოლოდ საფირმო მაღაზიებში), კოსმეტიკური რძით. ცხიმიანი და კომბინირებული კანის გასაწმენდად კი გელი გამოიყენეთ.
კითხვა: ვარ 45 წლის. ცხადია, სახეზე ნაოჭებმაც იჩინა თავი, მაგრამ, მთლად კატასტროფულადაც არა. მაინტერესებს, როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთო, რომ წვრილი ნაოჭები (განსაკუთრებით – თვალების კუთხეებში) მაინც შევნიღბო და უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე?
პასუხი: იმისთვის, რომ სახის კანი დაიჭიმოს და, შესაბამისად, ნაოჭებიც „გაქრეს“, გამოიყენეთ ლიფტინგის ეფექტის მქონე კრემები. თვალების გარშემო წასასმელად გამოიყენეთ სპეციალური საშუალება, რომელიც ნიღბავს ეგრეთ წოდებულ „ბატის თათებს“ (წვრილ ნაოჭებს). მაკიაჟისთვის შეარჩიეთ ბეჟი ფერის „ჩრდილი“, ტონალური კრემი კი უნდა იყოს რბილი კონსისტენციის (უნდა წაისვათ მკვებავის, დამატენიანებლისა და დამცავი კრემის შემდეგ) და არ უნდა შეიცავდეს მბრწყინავ ნაწილებს.
კითხვა: მაქვს ძალიან მშრალი თმა. თუ შეიძლება, მასწავლეთ რაიმე ხალხური რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემას მომიგვარებს.
პასუხი: 5 სადილის კოვზი ქერი დაფქვით ბლენდერში და შეაზილეთ იმდენ თბილ რძეს ან ნაღებს, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ. მიღებული „ფაფა“ შეიზილეთ კარგად დაბანილი თმის ძირებში და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ოდნავ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენ ქერა ხართ, ჩამოიბანეთ გვირილის ნახარშით, რომელიც თქვენს თმას ოქროსფერ ბზინვარებას შესძენს. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.