რა ხდება ვიქტორ სანიკიძის პირად ცხოვრებაში და რატომ არის იტალია მისი მეორე სამშობლო
ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე უკვე 3 წელია, იტალიაში განაგრძობს სპორტულ კარიერას. მისი ახალი კონტრაქტი სიენას „მონტეპასკის“ გუნდს უკავშირდება, სადაც მინიმუმ, 2 წელი ითამაშებს. ჩვენს რესპონდენტს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისი გადატვირთული სპორტული გრაფიკის გამო, ინტერვიუ ერთი ცდით ნამდვილად არ შემდგარა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ვიქტორ სანიკიძე ყოველთვის სასურველი რესპონდენტია, ლოდინი ნამდვილად ღირდა.
– როგორ ცხოვრობს ვიქტორ სანიკიძე იტალიაში?
– ძალიან დაკავებული ვარ და ბევრს ვშრომობ. მოკლედ, აქტიურ ცხოვრებას ვეწევი, სპორტი, სპორტი და სპორტი, ხანდახან ჟურნალისტები.
– ამერიკაში იყავი. რას უკავშირდებოდა შენი ვიზიტი?
– ამერიკაში თამაშები გვქონდა. ახალი სტილი შემოიღეს, სანამ ამერიკაში საკალათბურთო სეზონი დაიწყება, ერთმანეთს ეთამაშებიან ევროპისა და ამერიკის გუნდები. ჩვენც მოვხვდით მათ რიგებში და წავედით. უმეტესად, თვითონ ჩამოდიან ევროპაში, მაგრამ ჩვენ რატომღაც იქ წასვლა მოგვიწია.
– ამერიკული და ევროპული კალათბურთის სტილი საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან. ხომ არ გაგიჭირდათ თამაში?
– კი, განსხვავებულია და, რა თქმა უნდა, რთულია. ამერიკაში ყველა გუნდს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. ერთი თავით თუ არა, ნახევარი თავით მაღლა დგანან თამაშის ტექნიკით. გამოცდილების მხრივ კი, მართლა ძალიან კარგია ჩვენთვის მათთან თამაში, რაც ალბათ, მომავალში აუცილებლად წაგვადგება.
– დარწმუნებული ვარ, საქართველოდან დადებითი ემოციებით დახუნძლული წახვიდოდი იტალიაში, ნაკრების თამაშებიდან გამომდინარე.
– რა თქმა უნდა. რომ ჩამოვედი, აქაც პირველად საქართველოს ნაკრების წარმატება მომილოცეს.
– რაც შეეხება შენს კონტრაქტს სიენას „მონტეპასკის“ გუნდთან...
– სიენას „მონტეპასკისთან“ 2+1 გავაფორმე. ჯერ პირველი წელი დაიწყო. 2 წელი რომ გავა, მერე გადავხედავთ გასულ პერიოდს და ამის მიხედვით – გავაგრძელებ, ან წავალ.
– ახალმა გუნდმა როგორ მიგიღო?
– პირობითად არის ახალი გუნდი, თორემ უკვე 3 წელია, იტალიაში ვთამაშობ. ამ გუნდის მოთამაშეებსაც კარგად ვიცნობდი. ასე რომ, მათთვის უცხო ნამდვილად არ ვიყავი. ამ ფაქტორმა კი უფრო გამიადვილა გუნდში გადასვლა. ძალიან შინაურულად მიმიღეს.
– იტალიას ისე შეეჩვიე, ალბათ, მეორე სამშობლოდაც მიგაჩნია.
– ნამდვილად ასეა. სულ ვამბობ, როცა არ უნდა დავამთავრო ჩემი კარიერა და სადაც არ უნდა ვიყო, იტალიაში მაინც ჩამოვალ. ამ წლების განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე აქ და თავს კარგად ვგრძნობ. ამის გარდა, კიდევ ბევრი მიზეზი მაქვს, აქაურობა რომ მიყვარდეს.
– თან ქართველებსა და იტალიელებს ხშირად ამსგავსებენ ერთმანეთს თავისი ტემპერამენტითა და ხასიათით.
– უფრო მეტად სამხრეთ იტალიის მოსახლეობა ჰგავს ქართველ მოსახლეობას. ნეაპოლელები მართლა ძალიან ჰგვანან ქართველებს ტემპერამენტითა და ხასიათით.
– ვიქტორ სანიკიძის ნახტომს ხშირად ფრენას ადარებენ. ალბათ, იტალიელი გულშემატკივარიც იზიარებს ამ აზრს და მოხიბლულია შენი თამაშით.
– ისევე, როგორც ყველა მოთამაშე, ვცდილობ, რა პლუსიც მაქვს სხვისგან განსხვავებით, თამაშის დროს სწორედ ის გამოვიყენო. ისინი დადებითად არიან განწყობილი, რაც ჩემთვისაც სასიამოვნოა.
– შენი თამაში ერთი სანახაობაა გულშემატკივრისთვის.
– ძალიან სასიამოვნოა, თუ ჩემი თამაში კარგი საყურებელია.
– ბევრს უკვირს ის ამბავი, რომ სანიკიძით მხოლოდ ევროპა ინტერესდება და არა ამერიკა.
– ჩემით ძალიან ადრეულ ასაკში დაინტერესდა NBA-ს კლუბი „სან-ანტონიო.” 18 წლის ვიყავი, როცა დრაფტზე ამიყვანეს. ამის მერე კი ძალიან ბევრი მიზეზი იყო იმისთვის, რომ ამერიკაში ვერ წავედი. ჯერ მუხლის ოპერაცია გავიკეთე, მერე ისევ გამირთულდა მუხლი და აღმოვჩნდი ხანგრძლივი რეაბილიტაციის ქვეშ. ძლივს მოვირჩინე ტრავმა. სხვათა შორის, დღესაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ვნახოთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამის შანსები არის, რა თქმა უნდა.
– ეს, ალბათ, ყველა სპორტსმენისთვის სასურველი შანსია, რადგან არ მეგულება კალათბურთელი, ვისაც NBA-ში თამაში არ უნდოდეს.
– ადრე უფრო იყო ასე, დღესდღეობით ბევრია ისეთი სპორტსმენი უარს რომ ამბობს NBA-ში თამაშზე, რადგან ევროპაში ბევრი კარგი გუნდია და არის იმის საშუალება, რომ იმაზე მეტი გადაუხადონ, ვიდრე ამერიკაში. ჩემს შემთხვევაში კი, ჯერჯერობით არ დავმდგარვარ ამ გადაწყვეტილების წინაშე და არ ვიცი. თუმცა, ალბათ, უპირატესობას მაინც NBA-ს მივანიჭებ.
– 26 წლის ხარ და კიდევ გაქვს იმის დრო, შენი ლამაზი თამაშით მაყურებელი ასიამოვნო. მაგრამ, თუ გაქვს დაგეგმილი, რას გააკეთებ მას შემდეგ, როცა მოთამაშის სტატუსი აღარ გექნება?
– კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ. ბევრჯერ მითქვამს, ამას ცხოვრებაში არასდროს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ გამიკეთებია, კარგი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა. ამიტომ, არ ვიცი ზუსტად. ერთი, რაც შემიძლია გითხრა, რაღაც ისეთს აუცილებლად გავაკეთებ, რითაც ჩემს ქვეყანას გამოვადგები. არ აქვს მნიშვნელობა სპორტი იქნება ეს, თუ სხვა სფერო. როგორც კი შევატყობ თავს, რომ ვეღარ ვთამაშობ, მაშინვე თავს დავანებებ.
– ანუ, საქართველოში დაბრუნდები?
– კი, აუცილებლად.
– საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. იტალიაში როგორ არის ამ მხრივ საქმე?
– აქაც ასეა. თუმცა, თავგადაკლული ფანი, მგონი, არც თბილისში მყავს და არც აქ. უბრალოდ, ბევრი გულშემატკივარი მყავს, რომლებსაც, ალბათ, მოსწონთ ჩემი თამაშის სტილი.
– პირად ცხოვრებაში ხომ არ გაქვს სიახლე?
– ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალებიდან ვიგებ – ხან რას წერენ და ხან – რას.
– რეალურად რა ხდება?
– საერთოდ, არაფერი ხდება. მოწონების დონეზე. თორემ, ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა რომ მქონდეს და სამომავლო გეგმებს ვსახავდე, ასე ნამდვილად არ არის საქმე.
– შენი სასურველი მანდილოსანი როგორია?
– კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს. უბრალოდ, გოგო კარგი ხასიათის უნდა იყოს. ეს არის ჩემთვის მთავარი. რა თქმა უნდა, ფიზიკური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ ფიზიკურად უნდა მომეწონოს, მაგრამ ამის მერე, უდიდეს მნიშვნელობას ხასიათს ვანიჭებ. დანარჩენი, ქერა იქნება, შავგვრემანი, 190 სანტიმეტრი თუ 175, არ აქვს მნიშვნელობა. დაბალი არ უნდა იყოს – 175-ზე ზევით შეიძლება.
– თავად როგორი ხასიათი გაქვს?
– მე ძალიან კარგი ხასიათი მაქვს, ცუდი რატომ უნდა მქონდეს? მხიარული ვარ. რაც არ უნდა პრობლემა მქონდეს, მაინც დადებითად ვუყურებ და ვცდილობ, გულთან ახლოს არ მივიტანო. ვიცი, რომ ყველა პრობლემა წარმავალია და მაინც გაივლის. დეპრესიაში არასდროს ვვარდები.
– არც იუმორის ნაკლებობას განიცდი. ცხოვრებაში თუ გეხმარება ეს ყველაფერი?
– ძალიან მეხმარება. ვფიქრობ, იუმორი უმნიშვნელოვანესია ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ იუმორით მომიგვარებია.
– 1 აპრილს ხარ დაბადებული. ტყუილების მოყვარული ხომ არ ხარ?
– ჩემი აზრით, ადამიანში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თვისება ტყუილია. ერთადერთი, შეიძლება, ისეთი ტყუილი ვთქვა, რომელიც არავის არაფერს დაუშავებს. პირიქით, თუ ვიტყვი, მხოლოდ კეთილ ტყუილს.
– შენს გულშემატკივარს რას ეტყვი, მხოლოდ სიმართლეს?
– ვფიქრობ, გულწრფელი გულშემატკივარი რეალურად იმდენი არ არის, რამდენიც ჩანს. წარმატებას რომ მიაღწევ, ამ დროს ყველაზე ჭეშმარიტი გულშემატკივარი ის არის, რომელიც რაღაც პრობლემა რომ შეგექმნება, მაშინაც გვერდში დაგიდგება. ეროვნული ნაკრების გამოცდილებიდან ამის მაგალითი ნამდვილად მაქვს. როცა უკრაინასთან ისეთი თამაში წავაგეთ, რომელიც წასაგები ნამდვილად არ იყო, ძალად გულშემატკივარმა, ბევრი ძალიან ცუდი კომენტარი გააკეთა. ასეთ ხალხს მე და ჩემი მეგობრები, გულშემატკივარს ნამდვილად ვერ დავუძახებთ. რაც შეეხება ჭეშმარიტ გულშემატკივარს, ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდით მათ და მუდამ ვგრძნობთ მათ გვერდში დგომას.