ინტიმური საუბრები
პირად ცხოვრებაზე ფიქრს აღარ ვაპირებ
ოცი წელია, გათხოვილი ვარ და, შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში ერთი წელიც კი არ ვყოფილვარ ბედნიერი. ჩემი ქმარი ძალიან უხეში, ცივი, უემოციო და არარომანტიკული კაცი აღმოჩნდა. მართალია, არ მცემდა და სახლში ყველაფერს არ ლეწავდა და ამტვრევდა, მაგრამ, იმდენად უყურადღებო იყო ჩემ მიმართ (და, სხვათა შორის, ჩვენი ერთადერთი შვილის მიმართაც), რომ, ხანდახან მეგონა, ალბათ, რომ ვუღალატო, იმასაც ფეხებზე დაიკიდებს-მეთქი. წლების განმავლობაში თვალებში შევციცინებდი, ვცდილობდი, მესიამოვნებინა, თან ვყვებოდი მის მეგობრებს, მშობლებს, და-ძმას, მაგრამ ამ ყველაფერს აუცილებლობად მითვლიდა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, სამაგიეროდ კი ერთ საქებარ სიტყვას არ მეტყოდა, ერთხელ არ გამოხატავდა სიამოვნებას ან მადლიერებას. ის კი არა, სულ იმას ცდილობდა, ჩემში რამე უარყოფითი დაენახა, მერე ამას გააბუქებდა და, შეეძლო, დღეში რამდენჯერმე, დამცინავად, ირონიულად და ნიშნისმოგებით წამოეძახებინა: ერთი სიტყვით, სულ დამცირებასა და საყვედურებში ვიყავი. მის ყველა ახლობელს ვუყვარდი და პატივს მცემდა, მას კი ვერაფრით მოვაწონე თავი. თავიდან კიდევ მქონდა იმედი, რომ ჩემში რაიმე კარგსაც დაინახავდა, მაგრამ, წლები გადიოდა და ყველაფერი უარესობისკენ თუ იცვლებოდა, თორემ უკეთესობისკენ ნამდვილად არა. ინტიმიც ისეთი გვქონდა – უღიმღამო, ვნებისგან დაცლილი, რუსები „აბიზალოვკას“ რომ უწოდებენ.
ჩვენმა ბიჭმა სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტში მოეწყო, ორ თვეში ცოლი მოიყვანა, მერე შვილიც ეყოლა და ბავშვმა გადამრთო სხვა „არხზე“, თორემ, შეიძლება, ოფიციალურად გამეფრინა. შვილიშვილის გაჩენის შემდეგ, ცხადია, ჩემი ძირითადი ზრუნვა და ყურადღება ბავშვზე გადაერთო, რაც ჩემს ქმარს ძალიან აღიზიანებდა, თითქოს ეჭვიანობდა კიდეც, მაგრამ უფრო ბრაზდებოდა, რომ ისე ვეღარ შევციცინებდი თვალებში მონასავით, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ბავშვის დაბადებამდე გაცილებით ადრე – რამდენიმე წლის წინ, პრაქტიკულად შეწყდა: ქმართან არანაირი გრძნობა, არანაირი ლოგინი, არანაირი სულიერი სიახლოვე აღარ მაკავშირებდა. ის კი არა, იმის წარმოდგენაზეც კი მაჟრიალებდა, რომ, შეიძლებოდა, ხელი გადაეხვია ჩემთვის. ანუ, მან ჩემში მთლიანად მოკლა ქალი თავისი ცინიზმით, გულცივობით, უხეშობითა და უყურადღებობით. ვაღიარებ, რომ არ მეყო ვაჟკაცობა, გავყროდი და ახალი ცხოვრება დამეწყო და მთლიანად შვილზე გადავერთე. არა, ქმარსაც ვურეცხავდი, ვულაგებდი, ვკვებავდი, მაგრამ, ჩემი პროტესტის გამოხატულება, ალბათ, უფრო მკაცრი და დაუნდობელი იყო, ვიდრე ჩხუბი, აყალმაყალი და პრეტენზიები: მე ის უარვყავი, როგორც მამაკაცი და წერტილი დავუსვი ყველანაირ ინტიმურ ურთიერთობას. თავიდან ვერც კი ამჩნევდა, მერე პრეტენზიები გამოთქვა, ბოლოს კი გამომიცხადა, როგორმე ვიპოვი სხვა ქალს და მიყარე კაკალიო. იპოვე-მეთქი, – ძალიან სერიოზულად ვუპასუხე და გულში მართლაც ვნატრობდი, რომ ვინმე მოეძებნა და სულაც მასთან წასულიყო, რომ მე თვალით აღარ დამენახა, რადგან მის მიმართ სიძულვილის გარდა აღარაფერს ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, გამიხარდებოდა კიდეც და ვნატრობდი, ეს დღე მალე დამდგარიყო. ამ ორი თვის წინ კი ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, გავიცანი ქალი, რომელიც შემიყვარდა, მასაც ვუყვარვარ და ცოლად უნდა შევირთო. ამიტომ, გაყრაზე შემაქვს განცხადებაო. იმ მომენტში ვიფიქრე, მეშველა-მეთქი, მაგრამ, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მივხვდი, რომ არც ისე მარტივი ყოფილა ცხოვრების წესის შეცვლა და ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მართალია, აღარავინ მაყენებს შეურაცხყოფას, არავინ მაქილიკებს და მეუხეშება, მაგრამ სახლი მაინც რაღაცნაირად დაცარიელდა. რაც წავიდა, ერთხელაც არ დაურეკავს და შვილიშვილის ამბავიც კი არ უკითხავს.
თავიდან ვფიქრობდი, ალბათ, მეგონა, რომ ვეღარ ვიტან, სინამდვილეში კი, ეტყობა, მაინც მყვარებია-მეთქი, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ამ წასვლით საბოლოოდ დამამცირა, ბოლომდე შეურაცხყოფილი და უარყოფილი დამტოვა და იმიტომ მაქვს ასეთი გაორებული განცდა. არ ვიცი, შეიძლება, ამ ყველაფერში ჩემი ბრალი უფროა, მაგრამ, ღმერთის წყალობით, როგორმე ამასაც გადავიტან, შევეჩვევი ახალ ცხოვრებას და შვილსა და შვილიშვილს მივხედავ. პირად ცხოვრებაზე ფიქრს კი ნამდვილად აღარ ვაპირებ – ჩემმა მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა.
ქეთი, 43 წლის.
ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გამყიდა
ამას წინათ „პროფილს“ რომ ვუყურე, გადავწყვიტე, ჩემი ისტორია მომეწერა.
ვარ დედისერთა. ახლახან გავხდი 20 წლის და სწორედ ჩემს დაბადების დღეზე გამჟღავნდა ის საიდუმლო, რომელსაც მშობლები ამდენი წლის განმავლობაში მიმალავდნენ. პირველ დღეებში დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სიცრუეს ვერასოდეს ვაპატიებდი, მაგრამ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდნენ – ჩემი თავი დავაყენე მათ ადგილზე და საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ვერც მე ვეტყოდი დაბადების მეორე დღიდან ჩემს გაზრდილ ბავშვს, ჩემი შვილი არ ხარ-მეთქი. უფრო სწორად, მე მამაჩემის შვილი ვარ, რადგან, დედის ნებართვით (დედაჩემი ბავშვობაში გადატანილი ოპერაციის გამო უშვილო იყო), მამისგან სხვა ქალმა გამაჩინა, მერე მამაჩემმა სახლში მომიყვანა და ერთად გამზარდეს.
ისე ლაღად ვიზრდებოდი, ისე ვგავდი მამას და ისე თავს მევლებოდა ყველა, რომ აზრადაც არ მომსვლია, სხვისი შვილი თუ ვიყავი. სხვათა შორის, დედასაც ვგავდი. ჯერ ერთი, გამიგია, აყვანილი შვილი თავის გამზრდელ მშობლებს ემსგავსებაო, თანაც, უნდა ვაღიარო მამაჩემის წინდახედულება – ისეთი ქალი მოძებნა, დედაჩემს რომ ჰგავდა ფერებით და გარეგნობით. ეტყობა, ამით დაიზღვია თავი (თუ მე დამაზღვია ეჭვებისგან).
ერთი სიტყვით, 20 წლის იუბილე მამამ რესტორანში გადამიხადა. მხოლოდ ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ. ჩემი მშობლებიც მოვიდნენ, მაგრამ, მერე დაგვტოვეს და მითხრეს, დაშლას რომ დააპირებთ, დაგვირეკე და ყველას ჩვენ ჩამოგარიგებთ სახლებშიო.
არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, მაგრამ, ყველაფერი ჩამშხამდა. ბავშვებმა წასვლა რომ გადაწყვიტეს, მამაჩემს დავურეკე და ველოდებოდით, რომ რესტორანში ვიღაც ვულგარულად გადაპრანჭული ქალი შემოვიდა, პირდაპირ მე მომადგა და მკითხა, ეკა შენ ხარო? დიახ, რა გნებავთ-მეთქი, – გამიკვირდა, რადგან ასეთი ტიპის მეზობელიც კი არ გვყოლია არასდროს. მე დედაშენმა გამომგზავნა, შენი ნახვა და გაცნობა უნდა და, თუ წინააღმდეგი არ ხარ, გამომყევი, გარეთ, მანქანაში გველოდებაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. კიდევ კარგი, ჩემმა შეყვარებულმა იმარჯვა და ის ქალი გარეთ გაიყვანა, მაგრამ, მე მაინც ისე ცუდად ვიყავი, აზროვნების უნარი მქონდა დაკარგული. მამაჩემი რომ მოვიდა, რესტორნის თანამშრომლები წვეთებს მასმევდნენ. საწყალი კაცი გადაირია, რომ დამინახა. იქ არაფერი მითქვამს, მაგრამ, სახლში რომ მივედით, პირდაპირ მოვთხოვე ორივეს, გამარკვიეთ, რა ხდება-მეთქი. დედას გული წაუვიდა და ძლივს მოვაბრუნეთ, მამაც ძალიან ცუდად იყო და მთხოვეს, ეს საუბარი ხვალისთვის გადავდოთო, მაგრამ არაფრით აღარ შემეძლო ხვალამდე მოთმენა და ჩემი გავიტანე. ამიტომ, მამა იძულებული გახდა, სიმართლე ეთქვა. სანამ მამაჩემი სვენებ-სვენებით მიყვებოდა ამ საშინელ ისტორიას, დედა სულ ქვითინებდა. ჩემს გულქვაობაში უნდა გამოვტყდე: იმ წუთას არც ერთი არ მეცოდებოდა, უფრო მეტიც – ორივე მძულდა, რომ ასეთ ტყუილში მაცხოვრეს და პირში მივახალე კიდეც ეს ყველაფერი. მერე კი კატეგორიულად მოვითხოვე, გაემხილათ ჩემი ბიოლოგიური დედის ვინაობა, რადგან საშინლად მომინდა მისი ნახვა. მამამ მითხრა, იმ დღის მერე ის ქალი თვალითაც აღარ მინახავსო. ჩავეკითხე – რომელი დღის მერე-მეთქი. ფული რომ გადავეცით, – თქვა მამაჩემმა და გაფითრდა. გამოდის, რომ დედაჩემმა გამყიდა-მეთქი? – ვკითხე შეძრწუნებულმა. გამოდის კი არა, რადგან გინდა, რომ სრული სიმართლე იცოდე, ასეთი იყო ჩვენი შეთანხმება, ის კი არა, შენს წასაყვანად რომ მივედი, მოლაპარაკებული თანხა იცოტავა და თითქმის ერთი იმდენი კიდევ დამამატებინაო, – არ დამინდო მამაჩემმა. დედას ისტერიკა დაემართა და მამას ყვირილი დაუწყო, – გაჩუმდი, ნუ გაუხეთქე ბავშვს გულიო.
იმ ღამით სახლში ვეღარ გავჩერდი და ჩემს შეყვარებულს დავურეკე, შემხვდი-მეთქი. მთელი ღამე გარეთ ვიარეთ, მერე სკვერში დავსხედით და ხმამაღლა ავტირდი. რა თქმა უნდა, რეზიკოს ყველაფერი ვუამბე. ამ საშინელ ისტორიაში ყველაზე მეტად ჩემი ყიდვა-გაყიდვის მომენტი მაგიჟებდა – მე, 20 წლის თავმომწონე გოგო, თურმე ქათამივით თუ კარტოფილივით გამყიდეს და მიყიდეს. ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი, სიკვდილი მინდოდა. რეზიკოს თვალებში ვეღარ ვუყურებდი სირცხვილით და ვუთხარი, უნდა დავშორდეთ და აღარასოდეს აღარ დამირეკო-მეთქი, მაგრამ, იმდენი მელაპარაკა, იმდენი მეფერა და მარწმუნა, რომ შენი მშობლები არ უნდა დაადანაშაულოო, რომ მეც დავფიქრდი. უკვე თენდებოდა, რეზიკომ ჩემს მშობლებთან რომ დამაბრუნა. ორივე ისევ ისე იჯდა სკამზე, როგორც დავტოვე. მათმა დანახვამ გული ამიჩუყა და ხმამაღალი ტირილით ჩავეხუტე ორივეს.
მოგვიანებით გავიგე, რატომაც არ უნდოდათ დედაჩემს და მამაჩემს, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა მენახა: თურმე, ის ქალი მეძავი ყოფილა, ოღონდ, არა „რიგითი“, არამედ – „ელიტური“. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ტკივილიც მოვინელე და ამჟამად არანაირი სურვილი აღარ მაქვს, ვნახო ქალი, რომელმაც თავის შვილში ფული აიღო. მე მხოლოდ ერთი რამ მადარდებს: ხომ შეიძლება, ჩემ გარდა სხვა კაცებსაც გაუჩინა შვილები და ისინიც გაყიდა?! თუ მართლაც მოხდა ასე, გამოდის, რომ, თეორიულად, შეიძლება, მყავდეს ნახევარდაძმები, თანაც, არაერთი და ამ ეჭვს ვერასოდეს მოვიშორებ.
ეკა, 20 წლის.