ვინ არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი „ფორბსის” ვარსკვლავების ტოპ-ოცეულში
ჟურნალი „ფორბსი” მსოფლიო მილიარდერების რეიტინგთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა შემდგარ რეიტინგებსაც აქვეყნებს და შოუ–ბიზნესი მათ რიცხვშია. გთავაზობთ 2012 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ვარსკვლავებს, რომლებმაც წლის განმავლობაში თავიანთი საქმიანობით მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს.
ოპრა უინფრი – 165 მილიონი დოლარი
გასულ წელთან შედარებით, მედიამაგნატისა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანის, ოპრა უინფრის შემოსავალი 125 მილიონი დოლარით დაეცა. მიზეზი ისაა, რომ „ტელედივამ“ დახურა თავისი პოპულარული ტელე-შოუ, რომლის წამყვანიც 25 წელი იყო. თავისი კაპიტალის ინვესტირება კი ახალ პროექტში, კერძო საკაბელო ქსელ „ოპრაუინფრინეთვორქში” დაიწყო. ასეთი დანაკარგის მიუხედავად, ოპრა უინფრი მაინც ყველაზე მაღალანაზღაურებად მსოფლიო ვარსკვლავად ითვლება.
მაიკლ ბეი – 160 მილიონი დოლარი
კინორეჟისორი და პროდიუსერი მაიკლ ბეი „ტრანსფორმერების” მესამე სერიამ, რომელმაც კინოგაქირავებაში 1,1-მილიარდიანი მოგება აჩვენა, რეიტინგის მეორე პოზიციაზე მოახვედრა. გარდა ამისა, ბეი სათამაშო ტრანსფორმერების ბიზნესშიცაა ჩართული და ახლო მომავალში, ცნობილი ბლოკბასტერის მეოთხე სერიის გადაღებას დაიწყებს, რომელიც კვლავ დახუნძლული იქნება სპეცეფექტებით.
სტივენ სპილბერგი – 130 მილიონი დოლარი
სპილბერგის კომპანია „დრიმუორქსი” სატელევიზიო სფეროზე გადაერთო, რომელიც კინოზე გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა. სპილბერგმა ოთხ ტელეშოუში განახორციელა ინვესტიცია და ოთხივემ გარკვეული მოგება მოუტანა. გარდა ამისა, ეკრანებზე გამოსულმა „ტინტინის თავგადასავალმა” და „სამხედრო ცხენმა” „ოსკარის” ნომინაციებთან ერთად, საკმაოდ შემოსავალი მოუტანა.
ჯერი ბრუკჰაიმერი – 115 მილიონი დოლარი
ჯერი ბრუკჰაიმერმა წლის განმავლობაში სწორი ინვესტირება განახორციელა „კარიბის ზღვის მეკობრეების” ახალ, მეოთხე სერიაში და ფილმმა კინოგაქირავებაში მილიარდდოლარიანი მოგება მოიტანა, რაც პროდიუსერის მოგებაზე აისახა კიდეც.
„Dr.Dre” – 110 მილიონი დოლარი
ცნობილი რეპერის Dr.Dre–ს უკანასკნელი ჰიტი, არა რეპ–კომპოზიცია, არამედ ჩვეულებრივი ყურსასმენია. მობილური ტელეფონების კომპანია HTC–მა უკვე შეიძინა Dr.Dre–ის ყურსასმენების კომპანიის 51 პროცენტი, რაშიც 300 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამბობენ, რომ Dr.Dre მსოფლიოში საუკეთესო ყურსასმენებს აწარმოებს.
ტაილერ პერი – 105 მილიონი დოლარი
ტაილერ პერი ჰოლივუდში ბოლო დროის ყველაზე წარმატებული რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობია. ის დაბალბიუჯეტიან ფილმებს იღებს და ამით იზიდავს მაყურებელს. მისმა ერთ–ერთმა უკანასკნელმა ფილმმა „მედეა ციხეში” ავტორს 90 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა.
ჰოვარდ სტერნი – 95 მილიონი დოლარი
ცნობილი ამერიკელი ტელე და რადიოწამყვანი, ჰოვარდ სტერნი ახალ ამპლუაშია – ის პოპულარულ ტელეშოუში „ამერიკა ეძებს ტალანტებს” ჟიურის წევრია. მხოლოდ ამ საქმიანობაში სტერნს წლიურად 15 მილიონ დოლარს უხდიან.
ჯეიმს პატერსონი – 94 მილიონი დოლარი
ჯეიმს პატერსონი ბოლო დროის ყველაზე ტირაჟირებული ამერიკელი მწერალია, რომელიც წლიდან წლამდე ახალი წიგნებით ახარებს მკითხველებს და ამით საკმაო მოგებასაც იღებს. მხოლოდ გასულ წელს მან 14 სხვადასხვა დასახელების წიგნი გამოსცა.
ჯორჯ ლუკასი – 90 მილიონი დოლარი
ლეგენდარული „ვარსკვლავური ომების” ავტორი ჯორჯ ლუკასი სპეცეფექტების საუკეთესო შემქმნელად ითვლება ჰოლივუდში. ბოლო ფილმი, რომელზეც ლუკასის კომპანიამ იმუშავა „საზღვაო ომია”. ფილმმა 2012 წლის გაზაფხულზე პროდიუსერებს დიდი მოგება მოუტანა.
საიმონ კოუელი – 90 მილიონი დოლარი
საიმონ კოუელი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანია. ის „ამერიქან აიდოლისა” და „იქსფაქტორის” ჟიურის მუდმივი წევრია. შესაბამისად, მისი შემოსავალი არავისთვისაა გასაკვირი, რომ საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, კოუელს საკუთარი ხმისჩამწერი სტუდიაც აქვს.
გლენ ბეკი – 80 მილიონი დოლარი
გლენ ბეკი ამერიკელი ტელე და რადიოწამყვანია, რომელსაც ყველაზე კონსერვატორულ და გროტესკის მოყვარულ წამყვანად იცნობენ. ის ასევე, ფლობს საკუთარ ინტერნეტ–ტელევიზიას, რომელსაც 300 ათასამდე აბონენტი ჰყავს.
ელტონ ჯონი – 80 მილიონი დოლარი
65 წლის პოპ–როკერმა ელტონ ჯონმა უკანასკნელი წლის განმავლობაში ასამდე კონცერტში მიიღო მონაწილეობა, გარდა ამისა, ჯუჯებზე შექმნილმა ანიმაციურმა ფილმმა, „გნომეო და ჯულიეტამ” პროდიუსერ ელტონ ჯონს 200 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. სულ მალე, ლეგენდარული მუსიკოსის რიგით 34–ე ალბომი გამოვა.
ტომ კრუზი – 75 მილიონი დოლარი
„შეუსრულებელი მისია: ფანტომის პროტოკოლმა” ტომ კრუზისთვის წარმატებული აღმოჩნდა და სკანდალური განქორწინება გადაფარა. ფილმმა კინოგაქირავებაში 700 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა, რაც მთავარი როლის შემსრულებლის შემოსავალზეც აისახა.
დიკ ვოლფი – 70 მილიონი დოლარი
დიკ ვოლფი ავტორია ამერიკაში ყველაზე პოპულარული პოლიციური ტელესერიალის, „კანონი და წესრიგი.” ტელესერიალი 20 წელი გადიოდა ეთერში და უზომო პოპულარობასთან ერთად, მის შემქმნელებს დიდძალი მოგება მოუტანა.
რაშ ლიმბო – 69 მილიონი დოლარი
რაშ ლიმბო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური რადიოწამყვანია, რომელიც თავის გადაცემაში არ ერიდება ყველაზე უცენზურო სიტყვების გამოყენებასაც კი.
ფილ მაკგროუ – 63 მილიონი დოლარი
ტელეშოუ „დოქტორ ფილის” ავტორი და წამყვანი, ფსიქოლოგი და მწერალი ფილ მაკგროუ ამერიკულ ტელევიზიაში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან და მაღალანაზღაურებად ვარსკვლავადაა მიჩნეული.
დონალდ ტრამპი – 63 მილიონი დოლარი
რეალითი შოუ „კანდიდატი” მილიარდერ დონალდ ტრამპს დამატებით შემოსავალს სძენს. გარდა ამისა, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერი, თავისი გვარის სავაჭრო ნიშნად ქცევის შემდეგ, ნაკლებად ნერვიულობს მომავალზე. საკმარისია, „ტრამპი” სადმე გამოჩნდეს, რომ დონალდის ჯიბეში დამატებითი მილიონები ხვდება.
რაიან სიქრესტი – 59 მილიონი დოლარი
რაიან სიქრესტი ამერიკული ტელეშოუ „ამერიქან აიდოლის” წამყვანია და სულ ახლახან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გარდა ამისა, სიქრესტი ისეთი ცნობილი ბრენდების სახეა, როგორებიცაა „ბინგი” და „კოკა კოლა”.
ბრიტნი სპირსი – 58 მილიონი დოლარი
ბრიტნი სპირსი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გამოჩნდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგში. ბრიტნი ერთნაირი წარმატებით უკეთებს რეკლამირებას „ელიზაბეთ არდენის” სუნამოების ხაზს და ასევე, თავის ახალ ალბომს „ფემე ფატალესაც” არ ივიწყებს, რომელმაც ბრიტნის დამატებით რამდენიმე მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.
ტაიგერ ვუდსი – 58 მილიონი დოლარი
ცნობილმა ამერიკელმა მეგოლფემ ტაიგერ ვუდსმა, როგორც ჩანს, თავი დააღწია სკანდალურ გარჩევებს და სარეკლამო კონტრაქტები განაახლა ცნობილ ფირმებთან: „ნაიკთან” და „ტაგ ჰაუერთან”. ეს კი მის შემოსავალზეც აისახა.