კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად აგროვებდა ჯანრი კაშია ყუმბარის ნამსხვრევებს და რა მიატოვა მან სალომე ზურაბიშვილთან თანაცხოვრებისთვის

 

„ჩვენ არაფერი გვეშველება თუ კითხვას ასე დავსვამთ, რადგან ვინც „რა მეშველებაზე“ ფიქრობს, ის განყენებულია, შეყენებული და მიყენებული პირობების მიერ, რომელსაც მასთან სინამდვილეში, არავითარი მიმართება არა აქვს. ეს მდინარეში ჩავარდნილი და მდინარით წაღებული კაცის ამბავია, „ღმერთო მიშველეო” რომ იხვეწებოდა. „გაანძრიე ხელი და გიშველიო!”  საშიშროება, რომელიც საქართველოს დღევანდელობას ახლავს და ის გუშინდელიდან მოდის, არის „მესაჭის” ან „მხსნელის” მოთხოვნილება, რაც გონებრივი, სულიერი და ფიზიკური სიზანტის ნიშანია. სხვა პრობლემა საქართველოს არ აქვს! ვისურვებდი, სულ მალე საქართველოში ისეთი დრო დამდგარიყოს, რომ ჩვენი მოთხოვნილებები ჩვენს შესაძლებლობებს ბუნებრივად ემთხვეოდეს და ღირსებას მეტი ფასი დასდებოდეს, ვიდრე ქონებას.“ ეს მწერლის, ფილოსოფოსის, ისტორიკოსის, პოლიტოლოგის, სოციოლოგის, ჟურნალისტის –  ჯანრი კაშიას სიტყვებია, რომელიც 72 წლის ასაკში, ცხრა თვის წინ, პარიზში, კარდიოლოგიური გართულებების შედეგად, გარდაიცვალა. ამ არაჩვეულებრივი კაცის ცხოვრებაზე მისი და მისი მეუღლის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ჩანაწერები გიამბობთ.              

სალომე ზურაბიშვილი:  „...ჩემს პარიზულ ცხოვრებაში საქართველომ ერთ მშვენიერ დღეს ახალი სახე შეიძინა – მოულოდნელად, გავიცანი ერთი ქართველი ლტოლვილი, რომელიც თავის თავს დისიდენტს არ უწოდებდა, რადგან არ სურდა საკუთარი სამშობლოთი სპეკულაცია. მას იმ დღესვე შევხვდი, რა დღესაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საფრანგეთში. ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი ჯანრი კაშია, ახალი საქართველოს წარმომადგენელი იყო. არ მეგონა, თუ ერთ დღეს ის ჩემი მეორე ქმარი გახდებოდა, მაგრამ როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა. როცა პარკ მონსოზე, ჩემი ბინის აივნიდან, ეზოში შემოსულს თვალი მოვკარი, ვერ ავხსნი, მაგრამ წამიერად გამიელვა განცდამ, რაც დიდი ხნით უკუვაგდე. სტუმარი დიდი ყურადღებითა და ცნობისმოყვარეობით მივიღე, ისე, როგორც პოლიტიკურ დევნილს შეეფერებოდა. მან დამიხატა თავისი ქვეყნის კრიტიკული და ანალიტიკური სურათი, იმისგან განსხვავებული, რასაც ემიგრაციის წრეებში ვიცნობდი, ან სხვა დევნილი ქართველებისგან მქონდა მოსმენილი. მან დამაკავშირა იმ საქართველოსთან, რომელიც სხვაგვარად აზროვნებდა. ის ძალიან მალე ჩემი მეგობარი გახდა. საქართველომ იმდენად დაგვაკავშირა, რომ მე ახლიდან დავეწაფე საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურასა და პოეზიას, ინტერესით ვუსმენდი ინფორმაციას საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ვითარების შესახებ. ერთხელაც საუბრის დროს, წყნარად, ყოველგვარი გამოწვევის გარეშე, დაბეჯითებით თქვა: „ათი წლის შემდეგ სსრკ არ იარსებებს”. მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ წინასწარმეტყველებისთვის. ეს სიტყვები გვიან, ზუსტად ათი წლის შემდეგ გამახსენდა, როცა ჩვენ ერთად დავბრუნდით საქართველოში. ის დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა. ეს არ იყო მისი ერთადერთი წინასწარმეტყველება. ერთხელ, 1986 წელს, როცა მას კვლავ შევხვდი პარიზში, საფრანგეთში ჩემი ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს, ისევე მშვიდად და თავის სიმართლეში დარწმუნებულმა განაცხადა: „დედაჩემსა და ჩემს ქალიშვილს მოწვევა გავუგზავნე,” ვერაფერი ვუპასუხე. მსურდა, ნდობისა და მოლოდინის იმედი გამეცრუებინა. თუმცა, გულის სიღრმეში გავიფიქრე, „მარტოობა ემძიმება, რაც რეალობასთან კავშირს აკარგვინებს. როგორ წარმოიდგინა პოლიტიკურმა დევნილმა – კაცმა, რომლის ოჯახს ალმაცერად უყურებდნენ საქართველოში, რომ მის დედას და ქალიშვილს ვიზას მისცემდნენ?” სამი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის მართალი იყო. უფრო ბედნიერმა, ვიდრე გაოცებულმა ტელეფონით შემატყობინა, რომ ისინი მალე ჩამოვიდოდნენ. თავი დავხარე ამ მშვიდი რწმენის წინაშე, რაც მის უნაკლო ინტუიციაზე მიანიშნებდა... ბრიუსელი. 1992 წლის ზაფხულში ჩავდივარ. იქაურობა სრული ანტიპოდია აფრიკისა, საიდანაც ახლახან დავბრუნდი. ბავშვები თავიდან ეჩვევიან ევროპული ცხოვრების წესს. მე და ჯანრი კი, ერთად ცხოვრებას ვიწყებთ, რასაც ის სისავსე და გაწონასწორებულობა მოაქვს ჩვენთვის, რაც ხშირად აკლია ხოლმე პირველ ქორწინებას. ბრიუსელისთვის ტიპურ, ვიწრო სახლში ვბინავდებით. ამ ახალ ეტაპსაც აქვს თავისი სირთულეები. საჭიროა, შევათავსო აქამდე გამიჯნული ჩემი ორი ცხოვრება: აფრიკის მზეს, უდარდელ ცხოვრებას შეჩვეული ჩემი ბავშვები ევროპული ქალაქის შეზღუდვებს უნდა დაემორჩილონ. უნდა მიეჩვიონ ჯანრის და თან,  უცხოდ არ უნდა აღიქვან. თვითონ ჯანრიმაც, მარტოხელა მწერლის სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრების შემდეგ, უნდა იპოვოს თავისი ადგილი ამ ახალ, ხმაურიან და ხალხით სავსე ოჯახში. მან მიუნჰენის რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტის თანამდებობა დატოვა, რათა ერთად ვყოფილიყავით და მთლიანად წერისთვის მიეძღვნა თავი. ისიც უნდა შეურიგდეს დიპლომატიურ, ზოგჯერ მონდანურ ცხოვრებას. ყველა ამ სიძნელეს ჩვენ საკმაოდ ადვილად ვუმკლავდებით...” („საქართველოსკენ” – სალომე ზურაბიშვილი)   

ჯანრი კაშია:  „... მე ვიზრდებოდი იმ დროს, როცა ომი მიმდინარეობდა. მართალია ბათუმში, სადაც ვცხოვრობდი, ომი არ ყოფილა, მაგრამ მახსოვს, ყუმბარის ნამსხვრევებს ვაგროვებდით ხოლმე ბავშვები. თუმცა, საიდან იყო იქ ეს ნამსხვრევები, ვერ გეტყვით. ეს პერიოდი ძალიან საინტერესო გახლდათ ომის აღქმის თვალსაზრისით. ბულვარზე დიდი აეროსტატი იყო და მის გარშემო ძალიან სიმპათიური სამხედროები ტრიალებდნენ. ზღვაზე მაინც დავდიოდით, უმეტეს დროს კი სოფელში ვატარებდით. შემდეგ ომი დამთავრდა. ომის მონაწილეები დაბრუნდნენ შინ და მამაჩემიც დაბრუნდა. ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა. ჩვენს ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა – მე და ჩემი ორი და. შვიდი წლის ვიყავი, როცა თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. მახსოვს, მტკვრის დანახვისთანავე ვიკითხე: ეს არის ამათი ზღვა-მეთქი? ჩემთვის ზღვას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყოველთვის. მერე დაიწყო სკოლის პერიოდი. პირველი კლასი ბათუმში დავამთავრე, მაგრამ ბათუმელ და თბილისელ თანაკლასელებთან ყოველთვის ერთნაირი თბილი დამოკიდებულება მქონდა. მამა იურისტი იყო. ამდენად, ჩვენ სულ ვტრიალებდით იმ რეალურ სამართალსა და უსამართლობას შორის, რომელიც იმ დროს იყო გამეფებული. მე მთელი ცხოვრება ვწერ, ვკითხულობ, ვასწავლი, ვსწავლობ. ამიტომ, ბუნებრივია, მაინტერესებს ურთიერთობაში ის ადამიანები, ვისთანაც კავშირი მაქვს. თუ არ მაინტერესებს, მაშინ ეს არის ფორმალური ურთიერთობა. წერა თოთხმეტი წლის ასაკში დავიწყე. ამიტომ,  ცოდნის შეძენას რაც შეეხება, გატაცებად არ მიმაჩნია – ეს საქმე  იყო. ნამდვილი გატაცება კი იყო სპორტი: კალათბურთი, თხილამურები, ტანვარჯიში, კრივი, ნიჩბოსნობა, ფარიკაობა, ცურვას არ ვთვლი, იმიტომ რომ ბათუმელი კაცისთვის ცურვა, ბუნებრივია. ბოლო ათი წელი კარატეს ვეუფლებოდი, უფრო ცნობისმოყვარეობის მიზნით. სპორტი ჩემთვის არაჩვეულებრივი სკოლა იყო...      

 ... 24 წლის ვიყავი პირველად რომ დავოჯახდი. ათი წელი ვიყავით ერთად. მერე საფრანგეთში წავედი ჩემი წიგნების გამო. იძულებული ვიყავი, წავსულიყავი, თორემ იმის საშიშროება იყო, რომ აქ ყველას დაარბევდნენ. რაც შეეხება თვითონ ურთიერთობას, არ შეიძლება, ის უბრალოდ გაწყდეს ან სიძულვილში გადაიზარდოს, როცა სიყვარული იყო. ეს არ გახლდათ საყვარელი ადამიანის მიტოვება ჩემი მხრიდან, უბრალოდ, იმ დროს სხვა გამოსავალი არ მქონდა. კულტურული ადამიანები იქცევიან ისე, როგორც უნდა მოიქცნენ. ჩემი ყოფილი მეუღლე ლალი ართილაყვაა – შესანიშნავი ადამიანი, ექიმი ნევროპათოლოგია. ის, ჩვენი ოჯახის მეგობარია, ერთი დიდი ოჯახივით ვართ. მყავს ორი შვილი – ნანა და მარიამი. 22 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და როცა დავბრუნდი, ოჯახით დავბრუნდი, სალომესთან ერთად. საერთოდ, პირადულზე არსად ვსაუბრობ. ბევრი რამეა ისეთი, რაზედაც საუბარი არ არის მიზანშეწონილი. ეს ჩემია, რომელიც ჩვენ ორ ადამიანს გვეხება. უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ მეც და სალომეც საქართველოზე ფიქრში ვიყავით ჩაძირული და დავახლოვდით. ესთეტი ვარ, ლამაზ ქალს თვალს ვერ ვაშორებ, მაგრამ დაახლოება რასაც ქვია, ჩვენს შემთხვევაში, საქართველოს სიყვარულის საფუძველზე მოხდა.

თითქმის ათი წელი ვიმუშავე რადიო „თავისუფლებაში”. მართალი გითხრათ, დავიწყე ნულიდან, წიგნებისა და ჩემი ნაწერების გარდა, არაფერი მქონდა. წავედი და დავრჩი. ასე რომ, ცხოვრების აწყობა თავიდან მომიხდა. უნდა მეცადა ფეხზე დავმდგარიყავი, მაგრამ მაინც სასიამოვნო პროცესია, როცა ცხოვრებას ნულიდან იწყებ. ყველაფერი ეს გავიარე და მგონი, მაინც მოვაბი თავი...  

... საერთოდ, გაჭირვება მდგომარეობის ფსიქოლოგიური შეფასებაა. შეიძლება ადამიანს ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ მაინც უჭირდეს.”

 

 

скачать dle 11.3