სტრესი ადამიანის ორგანიზმის დამცველი რეაქციაა
სტრესი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ნებისმიერ სიტუაციაში, ორგანიზმის დამცველი რეაქციაა, რომლის დროსაც ყველა სისტემა ერთად იყრის თავს – ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, კუნთოვანი და ასე შემდეგ. ორგანიზმი სტრესის დროს ფხიზლდება, ემატება ტონუსი, მზადაა საბრძოლველად, თავის დასაცავად. ნებისმიერი ადამიანი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განიცდის ასეთ სტრესს და ეს კარგიცაა. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ ეს „კარგი“ სტრესი დიდხანს არ გაგრძელდეს და კრიტიკული სიტუაციის გასვლისთანავე, ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
რაც შეეხება „ცუდ“ სტრესს, ის იწყება სტრესული სიტუაციის გასვლის შემდეგ. ანუ, ადამიანი მაინც დაძაბული რჩება, ვერ უმკლავდება ამ მდგომარეობას. შედეგად კი, იფიტება ნერვული სისტემა, შესაძლოა, განვითარდეს კუჭის წყლული ან ინფარქტი. „კარგი“ სტრესის დროს გადაღლა ფიზიკური ხასიათისაა. მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყავით, ბრაზობდით, მაგრამ საკმარისია, შინ დაბრუნდეთ, შხაპი მიიღოთ, მუსიკას მოუსმინოთ და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. თქვენ მშვიდდებით. „ცუდი“ სტრესის დროს კი გრძნობთ, ცხოვრებამ როგორ დაგღალათ, სულიერად როგორ გამოგფიტათ, მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობთ, დაგერღვათ ძილის რეჟიმი, დაგიქვეითდათ მადა.
სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მეთოდი არ არსებობს. მიდგომა დამოკიდებულია ადამიანის ფსიქოტიპზე, ხასიათსა და თვისებებზე, ასევე, თვითკონტროლზეც. მიუხედავად ამისა, არსებობს ფსიქიატრთა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად გამოგადგებათ, მაგალითად:
* „ცუდი“ სტრესის მოსახსნელად არ არის საკმარისი აუტოტრენინგი, არამედ გადაერთეთ აქტიურ მოქმედებაზე. იპოვეთ თქვენი სულიერი მოთხოვნილებების შესაბამისი, აქტიური საქმე.
* სტრესის დროს აგრესიას უპასუხეთ აგრესიით, მაგრამ ბრაზი გარშემო მყოფებზე არ გადაიტანოთ. „ცუდმა“ სტრესმა რომ გაგიაროთ და გუნება-განწყობა გაგიუმჯობესოთ, საკმარისია, ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვა.
* დაისახეთ ზუსტი მიზანი, ისწავლეთ დღის დაგეგმვა, ნუ გადაიღლებით ზედმეტად.
* საკუთარ თავში ჩაკეტვით სტრესი დეპრესიაში გადაიზრდება. ეცადეთ, განიტვირთოთ აქტიური ვარჯიშით, სუფთა ჰაერზე სეირნობითა და მეგობრებთან გართობით.
სასარგებლოა თუ არა ბევრი წყლის სმა
დიეტოლოგების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ბევრი წყლის სმა სასარგებლოა, რადგან, ტოქსინებთან ერთად მას ზედმეტი კალორიებიც გამოაქვს ორგანიზმიდან. მაგრამ, ირკვევა, რომ ბევრი წყალი ყოველთვის სასარგებლო არ არის. ჭარბმა მაცოცხლებელმა სინოტივემ, შეიძლება, მისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გამოგიმუშაოთ და, ამავე დროს, მოულოდნელი დაავადებების მიზეზიც გახდეს. ამიტომ, საჭიროა, იცოდეთ, რა დალიოთ და რამდენი.
ზოგიერთი ექიმის აზრით, პლანეტაზე ყველაზე სუფთა წყალსაც კი შეუძლია თრობის მსგავსი მდგომარეობის გამოწვევა. სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ სითხის სიჭარბე ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია, მეორენი კი წყლის შეუზღუდავი მოხმარების მომხრეები არიან.
წყალი შეუცვლელია. ის საკვები ნივთიერებების გამცილებელია, მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, ოფლის გამოყოფით არეგულირებს ტემპერატურას, პოხავს სისხლძარღვებს, იცავს უჯრედებს გაუწყლოებისგან, მაგრამ, ორგანიზმში სითხის სიჭარბე უჯრედებიდან მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას იწვევს. წყლის ერთი ნაწილი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გავლის შემდეგ თირკმელებში გადამუშავდება, ხოლო ნაწილი შეუსაბამო ადგილებში გროვდება და ტოქსიკოზს იწვევს. სისხლი თხელდება, უჯრედები ფართოვდება და, რადგან თავის ტვინს გაჭიმვა არ შეუძლია, ამიტომ, შესაძლებელია, შიდა ქალის წნევამ საშიშ მდგომარეობას მიაღწიოს. შედეგი უფრო მძიმე იქნება, თუ ჭარბი წყლის მიწოდებისას, ორგანიზმი მარილის მიღებასაც შეწყვეტს. საერთოდ, მარილზე მთლიანად უარის თქმა საშიში შეცდომაა. საქმე ის არის, რომ მასში შემავალი ნატრიუმი უჯრედებს შიგნით ნორმალური წნევის შესანარჩუნებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. თუ ნატრიუმის შემცველობა შემცირდება, უჯრედების შიგა ძაბვა შესუსტდება, რაც კრუნჩხვებს, ორგანიზმის დასუსტებას, გულის შეტევას ან ხუთვას გამოიწვევს. წყლის ინდივიდუალური ნორმა რომ დავადგინოთ, საკმარისია, გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს.
წყლის აუცილებელი ნორმა სხვადასხვა ფაქტორით, მაგალითად, ცხოვრების წესით, ასაკით, კვების სისტემითა და კლიმატით განისაზღვრება. ვინც ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევს, დღეში 2 ლიტრი წყლით უნდა შემოიფარგლოს; ვინც სპორტს მისდევს, მან უფრო მეტი წყალი უნდა სვას, ანუ, დახარჯული ენერგიის შესაბამისად გაზარდოს წყლის დოზა.
სხვათა შორის, სვამთ თუ არა საკმარისი რაოდენობის წყალს ამის განსაზღვრა ძნელი არ არის: დააკვირდით შარდს. თუ ის მუქი ფერისაა, მაშინ მეტი წყალი უნდა დალიოთ. უმრავლესობა მხოლოდ მაშინ სვამს წყალს, როცა წყურვილი შეაწუხებს. ნუ დაელოდებით ორგანიზმის განგაშს, რომ მოგწყურდათ. წყალი ჭამის დროს არ დალიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მარილიან ან სანელებლიან კერძს მიირთმევთ, რადგან წყალი კუჭის წვენს ანეიტრალებს და ანელებს მონელების პროცესს.
ჩაი, ყავა, წვენები და კომპოტი წყლის შემცვლელად არ ჩაითვლება. მათ მხოლოდ შარდმდენი დანიშნულება აქვს, რაც ხელს უწყობს მინერალური ნივთიერებების გამორეცხვას. ეს კი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.
არ დალიოთ გაყინული ან ცივი წყალი – ის გაციების რისკს ზრდის, იწვევს ნივთიერებათა ცვლის სწრაფ შენელებას, რაც ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. დალიეთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
სასარგებლოა ერთი ან ორი ჭიქა წყლის დალევა გაღვიძებისთანავე. ოღონდ, ყლუპ-ყლუპით, რამდენჯერმე, რომ თირკმელებს მუშაობა გაუადვილდეს.
კლიმაქსის პერიოდში ქალმა საკვებ რაციონში მეტი მცენარეული ზეთი უნდა ჩართოს
ვიტამინი E, რომელიც ბევრია მზესუმზირის, სიმინდისა და სოიის ზეთებში, ანელებს სიბერის მოახლოებას. ის შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ეწინააღმდეგება ორგანიზმის დაბინძურებას ჟანგვის პროდუქტებით, რომლებიც ნაადრევ სიბერეს იწვევს.
მარგარინისა და კარაქის მოყვარულებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იმუნური და ნერვული სისტემის მოშლა, ვიდრე მათ, ვინც მცენარეულ ცხიმს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ცხოველური ცხიმების მოყვარულები უფრო აგრესიულები, გაუწონასწორებლები არიან და ცუდად იტანენ სტრესს; მათი კანი მალე ბერდება, კარგავს ბუნებრივ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.
ქალმა კლიმაქსის პერიოდში რაც შეიძლება მეტი მცენარეული ზეთი უნდა შეიტანოს საკვებ რაციონში. ის მდიდარია E ვიტამინით, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს წამოხურებებსა (ალებს) და ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, რაც ამ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.
გულის დასამშვიდებლად კუნელის ნაყენი მიიღეთ
გულის კუნთის მუშაობის გასაუმჯობესებლად ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ. გულის დაავადებების წინააღმდეგ ბევრი სამკურნალო მცენარე გამოიყენება, თუმცა, კუნელი მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია. მას განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს და სწრაფად მოქმედებს.
გულის უკმარისობის, სისუსტის, ქოშინის დროს დღეში სამჯერ მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნედლი კუნელის ნაყოფი;
მოციმციმე არითმიის დროს სასარგებლოა დღეში ორჯერ 2 სადილის კოვზი კუნელის წვენის მიღება;
გულის არეში ტკივილის შეგრძნების, ტაქიკარდიის, უძილობის, საერთო სისუსტის დროს, 1 სადილის კოვზ კუნელს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენის თითო მესამედი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის ან თავბრუხვევის დროს, ნახევარ ჩაის ჭიქა თესლგამოცლილ ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და კარგად შეფუთეთ. მთელი ღამე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა შემთბარი ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ.
სურდო ხელის ჩამორთმევითაც გადადის
ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს გამყარება სჭირდება. თუ იმუნური თავდაცვისთვის მას საკუთარი ინტერფერონი არ ჰყოფნის, შეიძლება მისი დამატებით უზრუნველყოფა, თუმცა, აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვა, რათა ვირუსებმა ღრმად არ შეაღწიოს ორგანიზმში.
C ვიტამინი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას, რაშიც ნიორი, ხახვი და ლიმონი უდავოდ დაგეხმარებათ.
ნიორი და ხახვი, C ვიტამინის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს ბაქტერიოციდულ ეთერზეთებს, მიკრობებს კი მათი სპეციფიკური სუნის „ეშინიათ“. საკმარისია ნივრის შეყნოსვა, რომ ვირუსებმა უკან დაიხიონ.
A ვიტამინი ლორწოვანი გარსის აღდგენასა და იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.
იმისთვის, რომ დააჩქაროთ ორგანიზმიდან მიკრობების გამოდევნა, უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მასში სასურველია ლიმონის ან წითელი მოცვის წვენის დამატება.
გაციებისას ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფეხების ცხელ წყალში ჩაყოფა.
სურდო გადადის არა მხოლოდ კოცნით, არამედ ხელის ჩამორთმევითაც. არსებობს მისგან თავდაცვის წესები. კერძოდ: რინოვირუსები ბინადრობენ თვალებისა და ცხვირის ლორწოვანაში, პირის ღრუში კი არცთუ კარგად გრძნობენ თავს. ვირუსები ხელისგულებშიც გროვდება, ამიტომ, ხელით თვალების მოსრესა ან ცხვირზე ხელის მოკიდება არ ვარგა. ის ნივთები კი, რომელსაც სურდოიანი ადამიანი ხელით ეხება, სპირტით ან სხვა საშუალებით უნდა გაწმინდოთ. სურდო არ ხვდება იმათ, ვინც დღეში ორ გრამ C ვიტამინს იღებს და ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს.
თუ გრძნობთ, რომ სურდო გეწყებათ, 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და ყელში გამოივლეთ.
ასევე, გაიკეთეთ ნივრის ინჰალაცია, რადგან ეს ძალიან ეფექტურია: გაჭყლიტეთ ორი ან სამი კბილი ნიორი, წაუსვით დოლბანდზე და ხუთი წუთით ისუნთქეთ მისი მძაფრი არომატი, ოღონდ, ამოისუნთქეთ არა პირით, არამედ ცხვირით. ცოტა ხანში სურდოც უკან დაიხევს და არც ანგინა და ბრონქიტი დაგტანჯავთ.
ისპანახის წვენი
შეკრულობას შველის
ისპანახი აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის, კერძოდ, დაწყებული კუჭით, დამთავრებული მსხვილი ნაწლავით.
თუ ისპანახის 500 გრამ წვენს მიიღებთ რამდენიმე დღის განმავლობაში, განიკურნებით შეკრულობისგან. მეორე მისი არაჩვეულებრივი უნარია ის, რომ ისპანახი კურნავს კბილებისა და ღრძილების დაავადებებს. ორგანიზმის ისეთი მოშლილობები, როგორიცაა: ნაწლავთა წყლულები, ანემია, კრუნჩხვები, ნერვული აშლილობები, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების მოშლილობები, ნეფრიტი, ართრიტი, ფურუნკულები, კიდურების შეშუპება, სისხლდენები, ნევროტული და სხვა სახის ტკივილები, გულის ფუნქციის მოშლა, მაღალი და დაბალი წნევები, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილები და ასე შემდეგ, გამოწვეულია ნაწლავთა დაბინძურებით და ორგანიზმში ზოგიერთი ელემენტის ნაკლებობით, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ისპანახი. მასში ბევრია E ვიტამინი, რომლის ნაკლებობაც იწვევს თვითნებურ აბორტს, სექსუალურ უძლურებას, უშვილობას, დამბლის სხვადასხვა ფორმას.