იბრუს სასჯელი რიოს დევნისთვის
ყოფილ მოდელს, სიუზან იბრუს, სასამართლომ 1,5-წლიანი სასჯელი გამოუტანა იმის გამო, რომ მოდელი „მანჩესტერ იუნაიტედის” მცველს, რიო ფერდინანდსა და მის ოჯახს კვალდაკვალ დასდევდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა იბრუ, ის მაინც პერიოდულად ჩნდებოდა ფეხბურთელის სახლის მახლობლად, ფერდინანდმა არაერთხელ განუცხადა იბრუს, რომ არ აინტერესებდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ იბრუ საპირისპიროს აცხადებდა და ირწმუნებოდა, რომ ფერდინანდის გამო ყველაფერზეა წამსვლელი და ვერავინ შეძლებს მათ დაშორებას. მოდელი ლონდონიდან ჩეშირში, სადაც ფერდინანდი ცხოვრობს, კვირაში რამდენჯერმე ჩადიოდა და ფეხბურთელის სახლის კართან საათობით იდგა და რიოს ელოდებოდა.