მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ ითმენს უფალი ამდენი ცოდვიანი ადამიანის არსებობას?
პასუხი: ღმერთის მოთმინება ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზეა დამყარებული. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, ვინმე დაიღუპოს, არამედ, სურს ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.
კითხვა: ძალიან მეუხერხულება აღსარების თქმა. რას მირჩევთ, როგორ გადავლახო ეს?
პასუხი: ასეთი რამ, როგორც წესი, პირველი აღსარების წინ ემართებათ. ამიტომ, საჭიროა, ყველამ გაითავისოს, რომ მოძღვარი არის შუამავალი უფალსა და ადამიანს შორის და არა დამსჯელი. აღსარება ცოდვების ზეპირი ჩამოთვლა არ არის, ის სულიერი განწმენდაა, ტკივილია ჩადენილი ცოდვების გამო, მაგრამ ეს მკურნალი ტკივილი გახლავთ. ასეთი განცდა მხოლოდ სინანულით, სინდისის გაღვიძებით მოდის და მას წირვა-ლოცვაზე სიარული აღვიძებს. თუ თქვენ წირვა-ლოცვას დაესწრებით, გული თავად მოემზადება აღსარებისთვის. დაელაპარაკეთ მოძღვარს აღსარების წინ, ის გირჩევთ, როგორ მოიქცეთ აღსარებისას, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, დამშვიდდით და მოემზადეთ აღსარებისთვის.
კითხვა: შეიძლება თუ არა ერთი ბავშვი მონათლოს ცოლ-ქმარმა?
პასუხი: ცოლ-ქმარი ვალდებულია, ერთმანეთის ნათლულებზე იზრუნოს. როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ცოლ-ქმარი „ერთ სულ და ერთ ხორც არს“. რადგანაც ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინება აკრძალულია, ცოლ-ქმარიც ვერ მონათლავს ერთ ბავშვს.
კითხვა: რა დანიშნულება აქვს სახლის კურთხევას?
პასუხი: სახლის კურთხევის დროს მოძღვრის ლოცვით, ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს წმიდა მცნებებით იცხოვრებენ. ეს ძალიან კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. სწორედ ამიტომ, არის აუცილებელი ჩვენი საცხოვრისის კურთხევა. თუმცა, გვახსოვდეს, რომ უმთავრესია, საკუთარი სულის განწმენდა და ქრისტიანულად ცხოვრება.