ბრმის განკურნება წმიდა იოანე კრონშტადტელის მიერ
ეს მოხდა მამა იოანეს სიცოცხლის ბოლო წლებში. მე სპეციალურად ჩავედი კრონშტადტში მის სანახავად, ქუჩაში შემთხვევით შევხვდი მგალობელთა ცნობილი გუნდის ხელმძღვანელს დიმიტრი ალექსანდრეს ძე სლავიანსკის – ჩემს ძველ მეგობარს. დიმიტრიმ მითხრა, რომ მის გუნდს იმ დღეს უნდა ეგალობა წირვაზე წმიდა ანდრიას ტაძარში.
მე, რა თქმა უნდა, დავესწარი ამ წირვას, რომელსაც თავად მამა იოანე ატარებდა. წირვის დასასრულს, სლავიანსკიმ ჩამჩურჩულა, რომ მან მოიწვია მამა იოანე პარაკლისის გადასახდელად სასტუმროში, სადაც ის და მისი მგალობლები დაბინავდნენ და შემომთავაზა, დავსწრებოდი ამ პარაკლისს. მე მაშინვე გავეშურე მითითებულ მისამართზე. მალე აქ მოვიდნენ მომღერლები, ჩემი მეგობარი სლავიანსკი, მოწვეული სტუმრები და ბოლოს მამა იოანე.
პარაკლისის დამთავრების შემდეგ გუნდის წევრები მწკრივში ჩადგნენ, რომ ჯვარს მთხვეოდნენ, მათ შორის იყო ვ. პ. რომელსაც ახალგაზრდა ყმაწვილი მოჰყავდა. ჭაბუკის სახის გამომეტყველება და გაუბედავი მოძრაობები ცხადყოფდნენ, რომ ის ბრმა იყო. დ.ა.-მ მამაოს სთხოვა დაელოცა იგი.
მამა იოანემ ჰკითხა, ვინ იყო ეს ყმაწვილი და როდის დაბრმავდა. ჩემმა მეგობარმა აუხსნა, რომ ერთხელ, კიევში ყოფნისას, მისი ყურადღება მიიქცია ბრმების ჯგუფმა, ეგრეთ წოდებულმა „მოგზაურმა ხეიბრებმა“, რომლებიც თავის საწყალობელ სიმღერას მღეროდნენ. გუნდში მკვეთრად გამოირჩეოდა ბავშვის სუფთა, წკრიალა ხმა, ის ეკუთვნოდა 11 წლის ბრმა ბიჭს. მე აღფრთოვანებული დავრჩი ბიჭის ხმით და სმენით და ჩემს გუნდში მივიღე. მას შემდეგ იგი ჩვენთანაა, შესანიშნავი ხმის პატრონია, თავადაც კარგი ყმაწვილია.
მამა იოანემ მარცხენა ხელი მიადო ტუჩებზე, ბიჭს, მარჯვენათი კი ცოტაოდენი ნაკურთხი წყალი ამოიღო თასიდან, რომელიც დიაკვანს ეჭირა. სველი თითები გადაუსვა ჭაბუკის თვალებს და თქვა:
– ილოცე, ღმერთი ყოველგვარ სნეულებისგან კურნავს ლოცვით.
უსინათლო მოულოდნელი შეხებისას შეკრთა და უკან დაიხია.
მამა იოანემ მეორედ და მესამედაც ამოიღო წყალი თასიდან და იმავე სიტყვებით წაუსვა ბრმას თვალებზე.
მეორე დღეს დ. ა.-მ სასწრაფოდ მიმიწვია სასტუმროში, როდესაც მასთან მივედი, ასეთი რამ გავიგე, ჩემი თვალით რომ არ მენახა არაფრის დიდებით არ დავიჯერებდი.
დ. ა.-მ მიამბო, რომ სტუმრების წასვლის შემდეგ მან და მომღერლებმა ივახშმეს და დასაძინებლად დაწვნენ. შუაღამისას დიმიტრი ალექსანდრეს ძე ვიღაცამ ძლიერად შეანჯღრია და არაადამიანური ხმით ჩასძახა ყურში:
– ადექით, დიმიტრი ალექსანდრეს ძევ, ადექით!
ჩემს მეგობარს ეგონა, რომ რაღაც საშინელება მოხდა და გიჟივით წამოვარდა. მის წინ ბრმა მიტია იდგა სანთლით ხელში, რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა.
– დიმიტრი ალექსანდრეს ძევ! – ყვიროდა ის უცხო ხმით, რომელშიც შიში და აღფრთოვანება იგრძნობოდა – მე ვხედავ! ღმერთმანი, ვხედავ! სანთელს ვხედავ... და თქვენც!
შემდეგ რა მოხდა, ამის გადმოცემა ძნელია! მეზობელ ოთახებში მყოფებმაც გაიღვიძეს, ყველა ჩემი მეგობარი ოთახში მოგროვდა და როცა გაიგეს, რა მოხდა, ყველა ძრწოლამ მოიცვა...
დიმიტრი სლავიანსკი ჩემი ძველი მეგობარი იყო. მე არავითარი საფუძველი არ მქონდა, არ დამეჯერებინა მისთვის, ან მეფიქრა, რომ მას შეეძლო ამ თემაზე ეხუმრა. მამა იოანეს ლოცვის ძალზე ბევრი რამ მსმენოდა, მაგრამ ის, რაც ახლა მიამბეს, იმდენად განსაცვიფრებელი იყო, რომ ეჭვმა შემიპყრო. მან სასწრაფოდ გააღო კარი და დაუყვირა თავის ვაჟს, რომ მიტია გამოეგზავნა მასთან.
წუთის შემდეგ ეს უკანასკნელი ოთახში შემოვიდა და ჩემკენ გამოემართა. მე შევხედე მის ოდნავ წინ გადმოხრილ ტანს, ზევით აპყრობილ სახეს და ჩემი ეჭვი კიდევ უფრო გაძლიერდა.
ხმის ამოუღებლად გავიქნიე ხელი წინ, თითქოს თვალში თითი მინდოდა მეტაკებია. მიტია შეშინებული გადაქანდა უკან.
მე მივხვდი, რომ ის მართლა ხედავს, დარცხვენილმა შევხედე დ. ა.-ს, მან გამიღიმა.
– იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ გეეჭვებათ, რომ ის ადრე ბრმა იყო,– თქვა მან წუთის შემდეგ, – შემიძლია მოგცეთ მიტიას მშობლების მისამართი, ისინი ცოცხლები არიან და შეუძლიათ, დაადასტურონ, რომ მათი ვაჟი ბავშვობისას დაბრმავდა და მათ იგი „მოხეტიალე ხეიბრებს“ გადასცეს.
თვითმხილველის ნაამბობი