მამათა შეგონებანი
ეპისტოლენი იაკობისა: ხოლო საცდურში ნურავინ იტყვის: ღმერთი მაცდუნებსო, ვინაიდან, ღმერთი არ იცდუნება ბოროტით და არც თავად აცდუნებს ვისმე, არამედ, ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს განსაცდელს.
მამა გაბრიელი: არსებობს მცდარი აზრი, თითქოს იმდენი ადამიანი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში, მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს, ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა, თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა, შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა, რომელიც მას ნათლიის პასუხისმგებლობით ევალება და, თუ შენ გეეჭვება, მაშინ, სხვა მონათლავს და შენ პასუხისმგებლობა აგცილდება.
იოანე სინელი: მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია, გამდიდრდეს.
გაბრიელ ეპისკოპოსი: კეთილი შინაური ცხოვრება კეთილქრისტიანული ზნეობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ვერსად ისე ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში? აქ გამოჩნდება, როგორი გული გაქვს და ნამდვილად შეგიძლია თუ არა მოყვასის შეყვარება. თუ დედ-მამა, და-ძმა და ნათესავ-ახლობლები ვერ შეიყვარე, ყოველთა სხვათა მოყვასთა როგორღა შეიყვარებ?!
პაისი მთაწმინდელი: თავიდან არის რწმენა და შემდეგ მოდის სიყვარული. იმისთვის, რომ გიყვარდეს, უნდა გწამდეს. ადამიანს არ შეუძლია, შეიყვაროს ის, რისიც არ სწამს. ამიტომაც, იმისთვის, რომ შევიყვაროთ უფალი, უნდა ვიწამოთ იგი. არსებული რწმენის შესაბამისად, იბადება იმედი, სიყვარული და მსხვერპლი უფლისა და მოყვასისათვის. ღვთისადმი მხურვალე რწმენა მხურვალე სიყვარულს შობს უფლისა და მისი ხატის – ჩვენი თანამოძმე ადამიანისადმი. საბრალო პირუტყვებიც კი აღივსებიან ჩვენი სიყვარულის სიუხვით, სიყვარულისა, რომელიც არ ეტევა გულში და ნაპირებიდან იღვრება. თუ მეტად ვიწამებთ, მეტადაც გვეყვარება. თუ ჩვენი რწმენა ნელთბილია, ნელთბილი იქნება ჩვენი სიყვარულიც და, თუ ჩვენი რწმენა მხურვალეა, სიყვარულიც მხურვალე გვექნება.
პროტოპრესვიტერი შმემანი: უმთავრესი უძლურება – ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს; რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რომ შეუძლებელია და, ამავე დროს, არასასურველია, რაიმე შეცვალოს. ესაა ჩვენში ჭეშმარიტად ღრმად ფესვებგადგმული ცინიზმი, რომელიც ნებისმიერ სულიერ მოხმობაზე პასუხობს – „რისთვის?“ – და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვფლანგავთ ჩვენთვის ნაბოძებ სულიერ ძალებს. უსაქმურობა ყოველგვარი ცოდვის ფესვია, რადგან, ის სულიერ ენერგიებს სათავეში წამლავს.
იოანე ოქროპირი: მაშინ ვიხვეჭთ სიმდიდრეს, როდესაც იგი გვძაგს და მხოლოდ უფლისგან ვეძებთ სიმდიდრეს.