კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წერია ლითონის ფირფიტაზე, რომელიც ზუბალაშვილების სახალხო სახლის საძირკველში ჩააყოლეს და რომელ წელს ეწოდა სახლს კოტე მარჯანიშვილის სახელი

 

რამდენიმე ხნის წინ კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერა შედგა სახელწოდებით „კოტე მარჯანიშვილი”, რომელიც თეატრის შექმნის ისტორიაზე მოგვითხრობს – თუ რა ვითარებაში გადმოვიდა ქუთაისის თეატრი თბილისში,  როგორ დაიდო ბინა ზუბალაშვილების სახალხო სახლში, რომელიც კიროჩნის ქუჩაზე, ანუ ამჟამინდელ მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობდა. ძველი ფოტოებისა და ისტორიული წყაროების დახმარებით, სახალხო სახლის შესახებ მოგითხრობთ.

ზუბალაშვილების სახალხო სახლი

„26 მარტს, ტფილისში გარდაიცვალა ცნობილი ბაქოელი მენავთობე, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალოვი, რომელმაც თავის შვილებს დიდძალი ქონება დაუტოვა. მემკვიდრეებმა მამის ხსოვნის პატივსაცემად 100 ათასი რუბლი ქალაქის ცენტრში, სახალხო სახლის მშენებლობის დაწყებას შესწირეს, რომელიც აშენების შემდეგ გარდაცვლილი მამის სახელობის გახდება”, – იუწყებოდა 1901 წლის 18 აპრილით დათარიღებული ჟურნალი „რუსკოე სლოვო”. სახალხო სახლები იმ პერიოდის ევროპის თითქმის ყველა უდიდეს ქალაქში ფუნქციონირებდა და  განსაკუთრებით მრავალმხრივი და წარმატებული პროექტი იყო ევროპაში. წარმოდგენებთან ერთად, იმართებოდა მუსიკალური, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, გამოფენები, ლექციები და სხვა. 1902 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გამოცხადებულ კონკურსში სახალხო სახლის პროექტზე პირველი ადგილი დაიკავა სანკტპეტერბურგელი ინჟინრის, სტეფანე კრიჩინსკის პროექტმა, რაშიც ავტორმა 500 რუბლი მიიღო. იმავე კონკურსში მეორე ადგილზე გასულა ტფილისელი არქიტექტორი გაზაროს სარქისიანი, რომელმაც პროექტში 300 რუბლი მიიღო. 1902 წლის აპრილში გადაწყდა, რომ კრიჩინსკის პროექტში რამდენიმე შესწორება იყო შესატანი, აუცილებელი გახდა სახალხო სახლში სამკითხველო დარბაზის, ბიბლიოთეკისა და ფოიეს პროექტის შეცვლა. გარდა ამისა, დიდ დარბაზში უკეთესი განათების შესაქმნელად რამდენიმე ფანჯრის დამატება გახდა საჭირო და კონსტანტინე ზუბალაშვილის მემკვიდრეების გადაწყვეტილებით, კრიჩინსკის პროექტის განხორციელება არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის დაევალა. მშენებლობა კიროჩნისა და დიდი მთავრის ქუჩების კუთხეში  (ამჟამინდელი მარჯანიშვილისა და უზნაძის) 1902 წლის 7 ნოემბერს დაიწყო და 1907 წელს დასრულდა, თუმცა სახლის ოფიციალური გახსნა 1909 წლის 24 მარტს შედგა. კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი ძმებმა ზუბალაშვილებმა ქალაქს საჩუქრად გადასცეს. მშენებლობის პროცესში სახალხო სახლის საძირკველში ჩაატანეს ლითონის ფირფიტა რუსული წარწერით: „კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლს საფუძველი ჩაეყარა 1902 წლის 24 სექტემბერს, ზუბალოვის შთამომავლების – ლევანის, სტეფანეს, პეტრე და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავალთა სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგოისკი,  საქალაქო ინჟინრის, არქიტექტორ ს. კრიჩინსკის პროექტის მიხედვით”.

1909 წლის 7 აპრილს სახალხო სახლი საზეიმოდ აკურთხეს და მან ფუნქციონირება დაიწყო. ეს იყო მაშინდელი თბილისის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი. 672 ადამიანზე გათვლილი დარბაზი, მუდამ სავსე იყო მაყურებლით. სპექტაკლები 12 ენაზე იდგმებოდა, მათ შორის რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ასირიულ ენებზე. სახლში ფუნქციონირებდა მუსლიმანური დრამატული საზოგადოება, რუსული და უკრაინული დრამატული წრე და სომხური დრამატული სექცია, მუშაობდა ბიბლიოთეკა. სახალხო სახლის სამსართულიანი შენობის ძირითადი ნაწილი მისი თეატრალური დარბაზი იყო, რომელიც შედგებოდა პარტერისგან და აივნისგან. სცენის კიდეებში, საორკესტრო ორმოს მარცხნივ და მარჯვნივ, იყო ბენუარის თითო ლოჟა, მეორე სართულზე, სცენის პირდაპირ და დარბაზის ორივე კედლის გაყოლებით კი – აივნები. დარბაზის განათებას, ამავე სართულის გვერდით, კედლებში გაჭრილი დიდი სწორკუთხა სარკმელები უზრუნველყოფდა. ვინაიდან დარბაზში მაშინ ხელოვნური განათება არ იყო, წარმოდგენები და საერთოდ, ყველა ღონისძიება, დღის საათებში ტარდებოდა (ამჟამად ეს ფანჯრები ამოვსებულია და დეკორის ხასიათს ატარებს). 1930 წელს სახალხო სახლში ბინა დაიდო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულმა მეორე სახელმწიფო ქართულმა თეატრმა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა. უკანასკნელად, თეატრს კაპიტალური რემონტი 2003 წელს ჩაუტარდა და 2006 წელს თეატრმა განახლებული სიცოცხლე დაიწყო.

კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სახლი

არქიტექტორ ალექსანდრე როგოისკის სახელს უკავშირდება მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მოდერნის სტილში აგებული თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი შენობა. მდიდარი დეკორატიული ფასადითა და ინტერიერით გამორჩეული შენობა ა. როგოისკის პროექტით აშენდა. მშენებლობა 1911-1913 წლებში მიმდინარეობდა კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით. სამწუხაროდ, ალექსანდრე როგოისკი ვერ მოესწრო მშენებლობის დასრულებას. ის 1912 წელს გარდაიცვალა და სამუშაოები სამხედრო ინჟინრებმა – დენისენკომ და სავიჩ-რიჩგორსკიმ დაასრულეს. ცალკეული შტრიხებზე, მაგალითად, გარე ფასადის ინტერიერზე, იტალიელმა არქიტექტორმა ანჯელო ანდრეოლეტიმ იმუშავა. გასაბჭოების შემდეგ ამ შენობაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში თბილისის ცენტრალური უნივერმაღი იყო.  2005 წელს შენობას სრულყოფილი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და შენარჩუნდა პირვანდელი იერსახე, რის შემდეგაც, ისტორიულ შენობაში „თიბისი ბანკის” სათავო ოფისმა დაიდო ბინა.

 

 

скачать dle 11.3