როგორ ეძებს ბიოლოგიურ დედას კამოს ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში 1978 წლის 14 აპრილს დაბადებული მამაკაცი და ვისი პოვნა უნდა მას დედაზე მეტად
34 წლის თენგიზ ოთარის ძე სახურია (დაბადების სახელი და გვარი) ეძებს: დაახლოებით 52-54 წლის რუსიკო სახურია-საჯაიას და 30 წლის სოფო ვეკუას.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას, დაახლოებით 52-54 წლის რუსიკო სახურია-საჯაიას. ვიცი, რომ მე დავიბადე კამოს ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლში, 1978 წლის 14 აპრილს. ჩემი დაბადების თარიღი ჩემს აღმზრდელ მშობელსაც არ შეუცვლია. როგორც კი გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, მომინდა ბიოლოგიური დედის მოძებნა და ნახვა. შემდგომ კი შევიტყვე, რომ ნახევარდა მყოლია. ჩემი ნახევარდის სახელიც კი გავიგე, მაგრამ ყველაფერი, გადმოცემით ვიცი. დამოუკიდებლადაც ვეძებდი დედაჩემს, თუმცა, უშედეგოდ. ძალიან მინდა, დამეხმაროთ მათ პოვნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: რუბრიკა „დაკარგულების“ რესპონდენტის დიდი თხოვნით, მისი ამჟამინდელი სახელი და გვარი არ ქვეყნდება, ისევე, როგორც მისი ფოტო. მას იმედი აქვს, რომ დედამისი გამოეხმაურება ამ სტატიას, დედის შემდეგ კი ის თავის ნახევარდასაც იპოვის.
– როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ, გვიამბეთ თქვენი ისტორია.
– პატარა ვიყავი, დაახლოებით 13 წლის, როდესაც სახლში, სრულიად შემთხვევით, ჩემი შვილად აყვანის შესახებ საბუთს გადავაწყდი. იმ საბუთით გავიგე, რომ დავიბადე კამოს ქუჩაზე, 1978 წლის 14 აპრილს. ბუნებრივია, უსიამოვნება ვიგრძენი და აღმზრდელ დედასთან გარკვეული წალაპარაკებაც კი მქონდა, მაგრამ, შემდგომ ყოველივე დალაგდა და მივხვდი, რომ ბიოლოგიური დედა როგორმე უნდა მომეძებნა. ჩემი აღმზრდელი დედა მარტოხელა ქალი იყო. მეც, ბუნებრივია, არც და მყავდა და არც ძმა. ამჟამად, ჩემი აღმზრდელი დედა ცოცხალი აღარაა. ყველაფერი, რაც ბიოლოგიური დედის შესახებ ვიცი, მისი მონაყოლიდან გამიგია.
– ადრე თუ ეძებდი დედას და როგორ?
– ნამდვილად ვეძებდი, კამოს ქუჩაზეც კი ვიყავი მისული და სამშობიაროს არქივში მომიძებნეს ჩემი გაშვილების საბუთი, სადაც წერია დედაჩემის გვარი და სახელი და, ასევე, ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი. იმ საბუთის მიხედვით, დედაჩემი, ანუ რუსიკო, ცხოვრობდა სენაკში. ჩემი სახელი თენგიზ ოთარის ძე იყო, გვარად კი სახურია ვიყავი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჩემი ბიოლოგიური დედა 18 წლის იყო, როდესაც მან მე გამაჩინა. როგორც გავიგე, ის შეცდა, მის მშობლებს კი არ სურდათ ჩემი გამოჩენა და მათ დედაჩემი სენაკიდან (იქიდან იყო დედა) თბილისში ჩამოიყვანეს სამშობიაროდ. თბილისში კამოს ქუჩაზე მდებარე სამშობიაროში დავიბადე. მე სენაკში ჩასულიც კი ვიყავი და კითხვა-კითხვით მივაგენი რუსიკოს სახლს, მაგრამ იქ ვიღაც მოხუცი ქალი დამხვდა (რუსიკოს დედა). რა თქმა უნდა, მას ჩემი ვინაობა არ გავუმხილე, მაგრამ, ვკითხე, სად შეიძლებოდა მომეძებნა რუსიკო. იმ მოხუცმა მითხრა, რომ რუსიკო თავის შვილთან, სოფოსთან ერთად თბილისში ცხოვრობს, ვორონცოვზეო. თბილისშიც ვეძებდი ჩემს ბიოლოგიურ დედას – ვორონცოვზე, რუსული ეკლესიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა თურმე (ქირით თუ გირაოთი) თავის შვილთან თუ შვილებთან. შესაძლოა, მე ორი ნახევარდაც კი მყავს. ეს ხდებოდა დაახლოებით 8 წლის წინ. იქაურმა მეზობლებმა ვერ მითხრეს, თუ სად შეიძლებოდა გადასულიყო საცხოვრებლად დედაჩემი, ანუ რუსიკო. ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ, ასევე, ვიცი, რომ მას ჰყავდა და, ნანა (თუ არ ვცდები, ნანა გარდაცვლილია). როგორც გითხარით, ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცი.
– როგორ ფიქრობთ, დედათქვენი თუ გეძებდათ?
– როგორც ვიცი, ის ერთხელ იყო მოსული ჩემს აღმზრდელ დედასთან სახლში და ჩემი ნახვა უნდოდა, მაგრამ ჩემი დედობილი მას დაჭერით დაემუქრა და იმის შემდეგ დედა აღარ გამოჩენილა. იმ დროს მე თვეების ვიქნებოდი და ყველაფერი დედაჩემის მეგობრებისგან ვიცი. დედა წლობით მუშაობდა მკერავად ატელიეში და იქ თანამშრომლებს შორის ბევრი მეგობარი ჰყავდა, რომლებმაც ეს მითხრეს.
– თქვენ მითხარით, რომ დედაზე მეტად ნახევარდის პოვნა გინდათ.
– ნამდვილად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ნახევარდა (ან დები) მამით ერთნი არ ვართ, ისინი ჩემი სისხლი და ხორცი არიან და ძალიან მინდა მათი მოძებნა. რაც შეეხება დედაჩემს, მან გამაჩინა და მისი პოვნაც ძალიან მინდა. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ მასაც ძალიან უნდა ჩემი მოძებნა და ნახვა. ბიოლოგიური დედის ძებნაში და თქვენთან დაკავშირებაშიც ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი (რომლის სახელსა და გვარს არ დავასახელებ), მაგრამ, ის მიხვდება, რომ საუბარი მასზეა და, მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრობისთვის.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.