კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სდევს ფეხდაფეხ ზოგიერთ ქალს მთელი ცხოვრების განმავლობაში და რატომ უნდა იცოდეს მან ადამიანებით მანიპულირება და ეშმაკობა

შური, სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრების მუდმივად თანმდევია და მისი სრულად იგნორირება ან რაიმე პრევენცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. ადამიანები თავადაც ვერ გრძნობენ, ისე ეხვევიან შურის ბადეში. ხოლო, როცა მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, ძალიან უჭირთ ემოციების მართვა. აზარალებენ როგორც სხვას, ასევე, საკუთარ თავსაც, რადგან შურიანი ადამიანი ძალიან შორს არის სიხარულისა და ბედნიერებისგან. რაც შეეხება იმას, რომ, არცთუ იშვიათად, ჩვენს წარუმატებლობას შურს ვაბრალებთ, თუკი ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, მაშინ პრობლემებიც ნაკლები გვექნება, მთავარია, დავივიწყოთ წარსული, ჩავიკლათ წყენა და ვიყუროთ მომავლისკენ – მხოლოდ ასე შევძლებთ წინსვლას. საკუთარ შეცდომებზე სწავლა კი, ნამდვილად შეიძლება...

 

მარიტა (42 წლის): ვზივარ და ვფიქრობ, რატომ ჩაიარა ჩემმა ცხოვრებამ ასე, მარტო მე ვარ დამნაშავე თუ სხვებიც? იქნებ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ შემიძლია თამაში და ადამიანებით მანიპულირება, უნიჭო ქალი ვარ, რომელმაც საკუთარი თავი გააშიშვლა და გააღატაკა – ემოციურად, რა თქმა უნდა. თუმცა, ეს უფრო მძიმე და დამანგრეველია. კიდევ, ვფიქრობ იმას, რომ საბედისწერო როლი შურმაც ითამაშა.

– შურმა თქვენ მიმართ?

– ზოგადად, შურმა, რომელიც ზოგჯერ კონკრეტული იყო, ზოგჯერ – აბსტრაქტული, მაგრამ, დიდი განსხვავება მათ შორის არ ყოფილა, ორივე შემთხვევა მძიმე იყო.

– იცით, რომ ადამიანების უმრავლესობა, როცა რაღაც არ გამოსდის, თავის წარუმატებლობას შურს აბრალებს?

– ვიცი და მესმის მათი. რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში შურია დამნაშავე, მაგრამ მას უდიდესი ნეგატიური ძვრების მოხდენა შეუძლია. მამაკაცების მიმართ ძალიან უცნაური და სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა. უკვე ძალიან პატარას მიმაჩნდა, რომ საინტერესო არსებები იყვნენ. მე სიამოვნებით ვეკონტაქტებოდი მათ, მაშინ, როცა სხვა გოგონები, ჩემი მეგობრები, თანაკლასელები ტუჩაბზუებით ამბობდნენ, ბიჭები მხოლოდ პრობლემებს ქმნიანო, რაც ძალიან მიკვირდა. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ბიჭები მე არ მგავდნენ. მუდმივად თვალყურს ვადევნებდი მათ საქციელს, ქმედებებს და მომწონდა – არაქალურად, რა თქმა უნდა. თუმცა, ინტუიციურად რაღაც მიზიდავდა მათკენ. სხვათა შორის, ისინიც ძალიან „მეწებებოდნენ“, შეიძლება, ჩემს კეთილგანწყობას გრძნობდნენ ან „თავისიანად“ მივაჩნდი. არანაირი ამორალური ჩემს საქციელში არ ყოფილა – ამას გულწრფელად ვამბობ. უბრალოდ, მე ვიყავი ის, რაც ვიყავი. არასდროს ვთამაშობდი, როგორც, მაგალითად, სხვა გოგონები, ყველაფერს თავზე რომ იმხობდნენ და წამწამებს მიამიტი ბატკნებივით ახამხამებდნენ. ასეთები ახლაც ბევრზე ბევრია, თუ არ გჯერათ, მიმოიხედეთ გარშემო. რაც მთავარია, ისინი ყოველთვის აღწევენ თავისას.

– ეშმაკ ქალებს გულისხმობთ?

– ეშმაკი – ცოტა ისეთი ნათქვამია, მე ვგულისხმობ ნიჭიერ ქალებს, რომლებმაც კარგად იციან, როგორ მართონ ადამიანები; რომლებიც ახერხებენ დამაჯერებლად და ოსტატურად თამაშს და ამით კაცს ისეთად აჩვენებენ თავს, როგორის დანახვაც იმ კაცს უნდა. ასე ახვევენ მამაკაცებს თავიანთ ქსელში და ისე აბამენ, თავის დახსნის უნარს ბოლომდე აკარგვინებენ. მე არ ვიტყვი, რომ მამაკაცი არ „შემიბამს“, ოღონდ, ეს ჩემი „შებმა“ რადიკალურად განსხვავებული იყო.

– რადიკალურად განსხვავებული, ანუ...

– მე არ ვმალავდი სურვილს, რომ მაინტერესებდა მამაკაცები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთად და ყველა – ინტიმური ურთიერთობისთვის. გარყვნილი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ჯანმრთელ ქალს კაცი უნდა აინტერესებდეს – ეს ხომ ბუნებრივია. სამწუხაროდ, ამ ჩემმა გულწრფელობამ სიკეთე არ მომიტანა: თურმე, ეს არავის სჭირდება და, უპირველესად – მამაკაცებს. უმრავლესობა მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს, რომ შენ ხელში ადვილად ჩასაგდები ქალი ხარ. ასე, სრულიად დაუმსახურებლად შემექმნა ქარაფშუტასა და „მოსეირნე“ ქალის რეპუტაცია. 

– ამან შეგიქმნათ პრობლემები?

– თავიდან, სანამ უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ყურადღებას არ ვაქცევდი არც ჭორებს, არც ირონიულ მზერას, არც სრულიად უსაფუძვლო და დაუმსახურებელ მითქმა-მოთქმას. მე ჩემი სიმართლით ვცხოვრობდი და ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი, სანამ მართლა არ შემიყვარდა. ეს საკმაოდ მოზრდილ ასაკში მოხდა და ჩემი გრძნობა ბოლომდე მქონდა გაცნობიერებული. ძალიან ბედნიერი ვიყავი, აღარავინ მაინტერესებდა იმ ერთი მამაკაცის გარდა – არაჩვეულებრივი მეწყვილე მყავდა და სხვა რაღაში მჭირდებოდა?! მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გარშემო მყოფები ასე არ ფიქრობდნენ და დაიწყეს საზიზღარი ჭორების გავრცელება ჩემზე – რომ კაცებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ვიყავი. ამიტომ, ჩემი რჩეულის მეგობრების ცოლებმა ვერ ამიტანეს.

– რამე კონკრეტული პრეტენზია ჰქონდათ თქვენ მიმართ?

– კონკრეტული როგორ უნდა ჰქონოდათ, როცა პირადად მე ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავი მათ მიმართ?! როცა ადამიანი გიყვარს, მის გარშემო ყველა და ყველაფერი მოგწონს და გიყვარდება. კანიდან ვძვრებოდი, რომ მათთვის თავი მომეწონებინა, გულიც კი გადავუშალე და ეს ჩემი მხრიდან შეცდომა იყო, რადგან, ძალიან მალე ცუდად შემომიბრუნდა უკან. იმიტომაც ვთქვი, მოგებულია ის ქალი, რომელმაც თამაში იცის-მეთქი. ვინ მექაჩებოდა ენაზე? ჩემი ჭკუით, ამ გულახდილობით დავანახვე, რომ „მათიანი“ ვიყავი და ალალად მოვუყევი ყველაფერი.

– რა მოუყევით, კაცები რომ გაინტერესებდათ?

– ეს ცოტა უხეშად ნათქვამია. მე ხომ ავხსენი, რა კუთხით მაინტერესებდა მამაკაცები. ამორალური ქალი არასდროს ვყოფილვარ და ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ ჩემთვის გრძნობა, ურთიერთობაა მთავარი. იმ ქალბატონებმა ზუსტად ისე გაიგეს ჩემი გულახდილობა, როგორც თავად აწყობდათ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ ადამიანებით მანიპულირება და ეს ნიჭი ჩემს შეყვარებულზე შესანიშნავად გამოიყენეს – იმდენი მოახერხეს, რომ ჩემზე შეხედულება შეუცვალეს და მანაც მიმატოვა. იმ პერიოდში კიდევ ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა, მთლიანად საკუთარი თავი დავადანაშაულე და ძალიან ბევრი ვინერვიულე.

– ისე მიგატოვათ, არ აგიხსნათ, რატომ გააკეთა ეს?

– როგორ არა, ამიხსნა. მითხრა, მე უზნეო ქალი ცოლად არ მჭირდება. თურმე, თამაშობდი ერთგულებას და სიყვარულს, სინამდვილეში კი ქმარი იმისთვის გჭირდებოდა, რომ შენი ამორალობა შეგენიღბაო. როგორ არ ვუმტკიცე, შენ გარდა არავინ მყვარებია და არც არავინ მჭირდება-მეთქი. მაგრამ, ვერაფრით დავარწმუნე. არა, შენ მე შირმად გინდოდიო. გამოვიტირე ჩემი სიყვარული... განსაკუთრებით იმ ბრალდებამ მომიკლა გული, რომ მითხრა, არ შეგრცხვა და ჩემ ცხვირწინ ჩემი ძმაკაცების  „შებმას“ ცდილობდიო.

– არც ამან გაფიქრებინათ, რომ ვიღაცამ თქვენს ურთიერთობაში ცუდი როლი შეასრულა?

– ვერ ვიფიქრე. მიუხედავად ჩემი ხასიათისა, საკმაოდ გულუბრყვილო და მიამიტი აღმოვჩნდი. ვფიქრობ, ქალისთვის დამღუპველია მეტისმეტი გულახდილობა, მეტისმეტი კი არა, საერთოდ არ არის საჭირო გულახდილობა. ქმართანაც კი არ უნდა იყო გულახდილი, თუ არ გინდა, რომ გაგამწაროს შენივე სიმართლემ.

–  არის კი მისაღები ასეთი ურთიერთობა? ქმართან გულახდილობაზე უარის თქმას ვგულისხმობ.

– თუ გარშემო კარგად მიმოიხედავთ, დარწმუნდებით, რომ სწორედ ის ქალები არიან ბედნიერები და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილები, რომლებიც ლამის საკუთარ თავთანაც კი თამაშობენ. სამწუხაროდ, ძალიან გვიან მივხვდი ამას, თანაც, მხოლოდ მწარე გამოცდილების შემდეგ. ადვილი არ იყო იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც ამ ყველაფრის მერე შემექმნა. სამუშაომ გადამარჩინა და ნელ-ნელა დავუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს. იმაზეც დავიწყე ფიქრი, რომ პირადი ცხოვრება უნდა მომეწყო.

– ანუ, ისევ გაიხედეთ მამაკაცებისკენ?

– დიახ. პრინციპში, მე მამაკაცებზე გაბრაზებული არ ვყოფილვარ. ხომ გითხარით, მომხდარში მხოლოდ საკუთარი თავი დავადანაშაულე-მეთქი.

– მიგაჩნიათ, რომ თქვენი შეყვარებულიც დამნაშავე იყო?

– რა თქმა უნდა. კაცი ენებს არ უნდა აჰყვეს. ვინც უყვარს, თუ მართლა უყვარს, კარგად უნდა გაიცნოს და გააცნობიეროს, რაზეა ის წამსვლელი. როგორ ვერ მიხვდა, როგორი ადამიანი ვიყავი?! პრინციპში, მამაკაცების უმრავლესობა გამჭრიახობით არ გამოირჩევა და ამიტომაც არის, კაცები ძირითადად ქალების ჭკუაზე რომ დადიან, თანაც ისე, რომ საერთოდ ვერ გრძნობენ ამას. ოღონდ, ჩემნაირი ქალების ჭკუაზე არა... ჩემი ქმარიც რომ გავიცანი, მაშინაც არ მითამაშია, ისევ ბოლომდე გავიხსენი. ძალიან იყო ჩემით მოხიბლული და მალე მოხდა ჩვენი შეუღლება.

– სიყვარული იყო თქვენ შორის?

– დიახ, და, მე მიყვარდა ჩემი ქმარი და მიმაჩნდა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანია. მე მას განსაკუთრებულად აღვიქვამდი და იმიტომ ნამდვილად არ გავთხოვილვარ, რომ ქმრის ყოლა აუცილებლობად მიმაჩნია. რა სისულელეა, მე არ მივეკუთვნები ამ ტიპის ქალების კატეგორიას. უპირველესად, ქმარი,  მამაკაცი, ჩემთვის პარტნიორია; ის ადამიანია, რომლის აზრიც ყოველთვის მაინტერესებს; რომელსაც, მინდა, ყველაფერი მოვუყვე... მაგრამ, ეს ჩემი ქმრისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა. 

– რა აღმოჩნდა გაუგებარი?

– ის, რომ ბოლომდე გახსნილი ვიყავი მასთან; არაფერს ვუმალავდი, იმასაც კი, რომ მამაკაცები კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ; კიდევ იმას, როგორ მიხაროდა, ასეთი ცოლი რომ ვყავდი... მეგონა, თავადაც უნდა ეამაყა ჩემით, მაგრამ, თურმე, ნელ-ნელა იბოღმებოდა და აგროვებდა აგრესიას... ერთხელ, ჩემი სამსახურის წვეულებაზე ვიყავით. არც იქ დამიწყია თამაში და ვიყავი ის, რაც ვიყავი – გახსნილი, თავისუფალი, ხალისიანი და მოვილხინე. როგორ წარმოვიდგენდი, თუ ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდებოდა ჩემი ქმრის ბოღმის ფიალაში. ჯერ იქვე „გაიბერა“ და მოიღუშა. ვკითხე, რა გჭირს-მეთქი. იქ არაფერი უთქვამს, სახლში კი საშინელი სკანდალი მომიწყო. ისეთი სიტყვები მაკადრა, ნამდვილად რომ არ ვიმსახურებდი: შე ბოზო, უკანასკნელი პრასტიტუტკასავით იქცეოდი. თავი მომჭერი. შემარცხვინე, კაცი კი არა, „სირი“ ვიყავიო. გავოგნდი. ამის მოსმენა შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის. საერთოდ არ ველოდი მისგან ასეთ ბრალდებებს. გადავირიე. ალბათ, ამ დროსაც უნდა მეთამაშა: დამეწყო ტირილი, თავი უცოდველ კრავად მომეჩვენებინა... ამით ჩემს ქმარს გული მოულბებოდა და იქით იგრძნობდა სინდისის ქენჯნას. მაგრამ... სამწუხაროდ, არ აღმომაჩნდა ადამიანებით მანიპულაციის ნიჭი.

– თავს რომ „მოიმკვდარუნებ“, ეს არის ადამიანებით მანიპულაციის ნიჭი?

– დიახ, როცა ზუსტად იცი, როდის ასლუკუნდე, როდის აწუწუნდე, როდის გამოიშტერო თავი, როდის გაიბუტო, როდის გაჯიუტდე და გამოაჩინო ბრჭყალები... კედელს შუბლით რომ შეასკდები, როგორც მე გავაკეთე, ესე იგი, სულელი ქალი ხარ. იდიოტივით თავის მართლება დავიწყე, ანუ, გამოვიდა ისე, რომ დამნაშავე ვიყავი. შევყევით ერთმანეთს და ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ. ამის მერე ჩვენი ურთიერთობა უიმედოდ გაფუჭდა – არაფერში აღარ მენდობა, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და ზოგჯერ ისეთი ზიზღით მიყურებს, გული მიწუხდება. არანაირი ახსნა არ შველის, ჩემი არც ერთი სიტყვის არ სჯერა. თითქმის ყოველდღე მეუბნება, კახპა ხარო.

ამ ბოლო დროს უკვე უარესმა ფრაზებმაც გაიჟღერა. საკმარისია, ცოტა დალიოს, რომ მეუბნება: შენ გამო‚ ყველას გაუფუჭდა ჩემზე შეხედულება. ვიღაცეებმა ისიც მითხრეს, კარგი ტიპი კი ხარ, მაგრამ, ამისთანა ცოლი რომ გყავს, მაგრად „გვიტყდებაო“. ჩემ წინაშე დამნაშავე ხარ. უცოდველ კრავად, ანგელოზად მომაჩვენე თავი და „შემომეტენეო“. რაც მართლა არ გამიკეთებია,  იმას მაბრალებს. სულ ტირილი მინდა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მეცოდება საკუთარი თავი და გამოსავალს ვერ ვპოულობ... შეიძლება, ვინმეს ჩემი აღსარება სასაცილოდ მოეჩვენოს და მათაც იფიქრონ, რომ მე უზნეო ვარ, მაგრამ, სული მტკივა, რომ ჩემი გულახდილობისთვის დავისაჯე.

 

 

скачать dle 11.3