რამდენმილიარდიან კაპიტალს ფლობს 95 წლის კირკ კერკორიანი და როგორ დაიწყო ბიზნესკარიერა ნავთობმაგნატმა ჰაროლდ ჰემმა
წარმატების მიღწევის ამერიკული ფორმულა გვამცნობს: ყველაზე ღარიბ ადამიანსაც კი, შრომით და ნიჭით მილიონი დოლარის შოვნა შეუძლია. ასეთი გზით გამდიდრებულ ადამიანებს შეერთებულ შტატებში „სელფ მეიდ მენს” უწოდებენ, ანუ „ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა”. სწორედ „სელფ მეიდ” მილიარდერებზე გვექნება საუბარი „თბილისელების” ამ ნომერში.
ჯონ კასტიმატიდისი
ჯონ კასტიმატიდისის კაპიტალი 2,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ის ფლობს სუპერმარკეტების ქსელს, ჩართულია სანავთობო და უძრავი ქონების ბიზნესში. ოფიციანტის შვილი ჯონი 1966 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მანჰეტენზე მდებარე მცირე ზომის მაღაზიის მეპატრონეს დაუმეგობრდა და მასთან მუშაობა დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მაღაზიის მეპატრონემ მას წილის 50 პროცენტის ყიდვა შესთავაზა. ხელშეკრულების თანახმად, ჯონი 10 თვის განმავლობაში ვალდებული იყო გამოესყიდა წილი, თვეში 1 000 დოლარის გადახდის სანაცვლოდ. საკუთარ მაღაზიაში ჯონმა კვირაში 500 დოლარის მოგებით დაიწყო ვაჭრობა და 20 წლისას უკვე რამდენიმე საკუთარი მაღაზია ჰქონდა. ასე გაიხსნა საკვები პროდუქტების მაღაზიათა ქსელი „რედ ეფლ გრუპი”, რომლის შემადგენლობაში შედიან ამერიკული მაღაზიები – „გრაისთედს”, „სლოანს” და „რედ ეფლ”. 25 წლის ასაკში ჯონ კასტიმატიდისი ათამდე მაღაზიას ფლობდა ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში.
ჰაროლდ ჰემი
ნავთობმაგნატი ჰაროლდ ჰემი, რომლის ქონება 4,4 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული, 13-შვილიან ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. სკოლაში სწავლის პარალელურად, ჰემი ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად მუშაობდა, რათა ოჯახს ფინანსურად დახმარებოდა. 1966 წელს ჰაროლდ ჰემმა თავისი პირველი საქმე წამოიწყო. ბანკში აღებული კრედიტით ჰემმა მეგობართან ერთად შეიძინა სატვირთო ავტომობილი, რომელიც იქცა ერთადერთ და მთავარ აქტივად ნავთობის, გაზის მომპოვებელ და მიმწოდებელ კომპანიაში. დაარსებიდან ორი წლის თავზე, ჰემის კომპანიას „კონტინენტალ რესურსეს” ეწოდა. წლების შემდეგ კი, ნიუ-იორკის ბირჟაზე ჰემის კომპანიის აქტივები 10,4 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეფასდა. თავად კომპანიის დამფუძნებლის საკუთრება ამ კომპანიის აქციათა 72 პროცენტია.
სენდი უეილი
1933 წელს პოლონელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული სენდი უეილი ბავშვობიდან კაპიკს კაპიკზე ადებდა. კორნუელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, სენდიმ ბანკ „ბეარ სტრუიმში” დაიწყო სამსახური კურიერად. ღამით კი, ბროკერის პროფესიის დასაუფლებლად გამოცდებისთვის ემზადებოდა. 1960 წელს სენდი უეილმა მთელი თავისი კაპიტალი საბროკერო კომპანია „კარტერ ბერლინ ენდ უეილში” დააბანდა. კომპანიამ დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ სახელი შეიცვალა და „ტრაველორს გრუპი” ეწოდა. დღევანდელი მონაცემებით, ეს მეორე საბროკერო კომპანიაა „მერილ ლინჩის” შემდეგ. ამჟამად სენდი უეილის ქონება 2 მილიარდ დოლარს აღემატება.
ჯორჯ სოროსი
ლეგენდარული ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. 1930 წელს უნგრეთში დაბადებული ჯორჯი ოჯახთან ერთად ნაცისტების სისასტიკეს ინგლისში გამოექცა. იქ მან პრესტიჟული ბრიტანული ეკონომიკის სკოლა დაამთავრა. პარალელურად, რკინიგზაზე მტვირთავად და ოფიციანტად მუშაობდა. 1956 წელს სოროსი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე საინვესტიციო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რომელთაგან ერთ-ერთში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დააწინაურეს. სოროსის საინვესტიციო ფონდმა 12 მილიონი დოლარით დაიწყო საქმიანობა და ამჟამად გავლენიანი ინვესტორი „ფორბსის“ მონაცემებით, 20-მილიარდიან კაპიტალს ფლობს.
კირკ კერკორიანი
ამერიკული ბიზნესის სომხური წარმოშობის პატრიარქი, 95 წლის კირკ კერკორიანი 2,9-მილიარდიან კაპიტალს ფლობს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კერკორიანი სამხედრო თვითმფრინავების გადაზიდვით იყო დაკავებული კანადიდან ინგლისში და თვეში 1 000 დოლარს იღებდა. 1947 წელს საკუთარი ფინანსებით კერკორიანმა კომპანია „ტრანს ინტერნეიშენალ ეარლაინსი” შეიძინა 60 ათას დოლარად და წლების შემდეგ ეს კომპანია 100 მილიონ დოლარად გაასხვისა. სხვადასხვა დროს კერკორიანი სათამაშო ბიზნესსა და კინოკომპანია „მეტრო გოლდუინ მაიერში” ფლობდა აქტივებს, თუმცა ბოლო დროს ასაკის გამო ბიზნესს, ფაქტობრივად, ჩამოშორდა და ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, ინტერვიუებისა და საჯარო გამოჩენების გარეშე.
ჯოან როულინგი
მილიარდერი რომ გახდე, სულაც არ არის საჭირო ბიზნესმენობა. ინგლისელმა მწერალმა ჯოან როულინგმა შექმნა იმის პრეცენდენტი, რომ წარმატებულ და გაყიდვად მწერალს შეუძლია, გახდეს მილიარდერი. საინტერესოა, რომ ჯადოქარ ჰარი პოტერზე შექმნილი პირველი რომანი, თავდაპირველად, თორმეტმა საგამომცემლო სახლმა არც კი განიხილა და ავტორს კარისკენ მიუთითა. როულინგს მოუწია მხოლოდ 2 ათას დოლარად გაეყიდა წიგნის გამოცემის უფლება უსახელო კომპანიისთვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან ინტერესი გაჩნდა პოტერის მიმართ და ჰოლივუდშიც ამ რომანის ეკრანიზება მოინდომეს, ჯოან როულინგი აქტუალური გახდა. წიგნის გაყიდვები და ჰონორარები ფანტასტიკურად გაიზარდა. ჯოან როულინგი ერთადერთი მწერალია „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგში.