კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უმსუბუქდებათ 2012-2013 წლებში საატესტატო გამოცდების ჩაბარება მეთორმეტეკლასელებს და როგორ უნდა მოემზადონ 2013 წელს მისაღები გამოცდებისთვის აბიტურიენტები

ქართული განათლების სისტემა რომ საექსპერიმენტო ლაბორატორიაა, კარგა ხანია, ვიცით, თუმცა, ასეა თუ ისე, მისაღები გამოცდების სისტემას შევეჩვიეთ და თითქმის უკვე საატესტატოსაც, ოღონდ, სამწუხაროდ, ამ ყოველივეს ჯერჯერობით არც სწავლების ხარისხი აუმაღლებია და არც ცოდნის დონე. რა ელით 2012-2013 სასწავლო წელს მოსწავლეებს და, შესაბამისად, აბიტურიენტებს; რა საგნების ჩაბარება მოუწევთ და სად; როგორ უნდა მოემზადონ საატესტატო თუ მისაღები გამოცდებისთვის და რამდენად სტაბილური იქნება მომდევნო წლები ქართული საგამოცდო ცხოვრებისთვის? – ამ საკითხებში გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გაგვაკვევს, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, ერთი კვირის წინ დაბრუნდა თანამდებობაზე.  

 

– გამოცდების მხრივ, რა სიახლეები ელით 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეებს?

– 2013 წელი გარდამავალი წელიწადია და 2013 წელს გამოსაშვებ გამოცდებს არ ჩაატარებს გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სკოლას, მან უნდა შეაფასოს მოსწავლე კონკრეტულ დისციპლინაში და მიიღოს გადაწყვეტილება.

– ეს ნიშნავს, რომ სკოლებს გამოცდის ტიპის შერჩევასა თუ შეფასებაში დამოუკიდებლობა ენიჭება?

– დიახ, სკოლა თავად შეარჩევს გამოცდის ტიპს: ზეპირი იქნება ის, წერითი, გასაუბრებით თუ ჩათვლით.

– საგამოცდო საგნებსაც თვითონ ირჩევს?

– ისევ რვა სავალდებულო საგანი რჩება, მაგრამ სკოლის გადასაწყვეტი იქნება, როგორ შეაფასებს მოსწავლეებს ამ საგნებში.

– რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი?

– რამდენიმე მიზეზით: ჯერ ერთი, საოცარი მღელვარება იყო მოსწავლეებში. მოგეხსენებათ, ბოლო 5 თვეს სულ სხვა მიმართულებით მუშაობდა გამოცდების ცენტრი და მზადაც რომ ვყოფილიყავით რვა გამოცდის ჩასატარებლად, ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა მოსწავლეებში, რადგან შეაგუეს აზრს, რომ ისინი ნაკლებ გამოცდას ჩააბარებდნენ; სხვა მოდელი რომ შეგვეთავაზებინა, ეს მათთვის სიახლე იქნებოდა და არ გვინდოდა, ჩვენი მეთორმეტეკლასელები კიდევ ერთი სტრესის ქვეშ მოგვექცია. ამდენად, ახალი მოდელი მათთვისაც შვება იქნება, ცოტას ამოისუნთქავენ, არ ინერვიულებენ და სკოლებსაც მიეცემა შესაძლებლობა, გაიხსენონ, როგორ მუშაობდნენ, როგორ აფასებდნენ თავიანთ მოსწავლეებს, ყოველთვის დირექტივებს ხომ არ ასრულებდნენ?! ჩვენი შეთავაზება ასეთია: მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს ჩააბარებენ 4 გამოცდას, ხოლო მეთორმეტე კლასის ბოლოს –  4 გამოცდას. არსებული სასწავლო გეგმით, ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი საგნის სწავლება მეთერთმეტე კლასში სრულდება. ესენია: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და გეოგრაფია. ამიტომ ლოგიკურიც არის, რომ, როდესაც ამ საგნების სწავლებას დაასრულებენ, მაშინვე ჩააბარონ. მოიცილებენ ამ ოთხ საგანს მეთერთმეტე კლასის ბოლოს და მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარებენ დანარჩენ ოთხ საგანს: ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას, ისტორიასა და უცხო ენას.

– თითქმის იმ საგნებს, რომელთა ჩაბარება მოუწევთ მისაღებ გამოცდებზე?

– დიახ, ამას გარდა, თუ მეთერთმეტე კლასის ბოლოს ვერ მოვახერხე ბარიერის გადალახვა ოთხიდან რომელიმე საგანში, მექნება შესაძლებლობა, ეს გამოცდა გავიმეორო მეთორმეტე კლასის ბოლოს.

– თუ სწორად გავიგე: წელს რვავე საგანში გამოცდებს ჩაატარებს სკოლები, ხოლო მომავალი წლიდან ამოქმედდება ამ 8 საგნის 4-4-ად გაყოფის პრინციპი და იმ გამოცდებს უკვე გამოცდების ცენტრი ჩაატარებს?

– დიახ, 2013 წლის შემოდგომიდან ისინი ჩააბარებენ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტს. ამ მეთოდის დანერგვა დიდი წარმატებით დაიწყო. მე არასდროს მითქვამს, რომ ის სრულყოფილი იყო. მე ვამბობდი, რომ 2011 და 2012 წლები სჭირდებოდა პილოტირებას, მაგრამ არ დამიჯერეს და ჩამატარებინეს, თუმცა ვაღიარებ, რომ 2011 წელი ჩვენთვის საპილოტე წელი იყო. ამ სისტემას დავხვეწთ და 2013 წლის შემოდგომისთვის მზად ვიქნებით.

– ისევ არ გამოქვეყნებულა მაგისტრატურის დაფინანსების შედეგები. მე მესმის, რომ ამ შედეგების გამოქვეყნება ევალებოდა თქვენს წინამორბედს, მაგრამ როდისთვის გეგმავთ გამოქვეყნებას? ნოემბერი დაიწყო და ლამის პირველი სემესტრი დამთავრდეს? 

– არ ვარ საქმის კურსში, ერთადერთი ის ვიცი, რომ გრანტის განაწილება უნდა დაიწყოს და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ეტაპზეა. ამაზე მუშაობდა ცენტრის საინფორმაციო-ტექნოლოგიების ჯგუფი, ახლა გადაბარება მიმდინარეობს და მინდა, იმ ჯგუფმა დაასრულოს სამუშაო, რომელმაც დაიწყო.

– მათ ჯერ სექტემბრის ბოლოს უნდა გამოექვეყნებინათ დაფინანსების შედეგები, შემდეგ ოქტომბრის შუაში, ბოლოს, ოქტომბრის ბოლო დასახელდა, მაგრამ არაფერიც არ გამოქვეყნებულა, თუმცა ხელფასებს ხომ იღებდნენ? 

– მე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ აუცილებლად დავადგენთ. დიდი დრო არ დასჭირდება ამის გარკვევას. ორიოდ დღეში ჩავდგებით ფორმაში.

– მისაღები გამოცდების შემდეგ პრეზიდენტი ჰპირდებოდა სტუდენტებს, რომ მათ გრანტის გაუმჯობესება შეეძლებოდათ ყოველთვიურად. ეს რეალურია? იყო მზად სისტემა ამისთვის?

– მე არ ვიცი, სად უნდა მივიდეს და სად გააუმჯობესოს სტუდენტმა გრანტი ყოველთვიურად და, თუნდაც, გააუმჯობესოს, მერე რა?! ჯერ ერთი, ეს სისტემა არსებობდა: სტუდენტს, რომელსაც არ ჰქონდა სახელმწიფო გრანტი ან ჰქონდა ნაწილობრივი დაფინანსება, შეეძლო მონაწილეობა მიეღო კონკურსში და გაეუმჯობესებინა თავისი ქულა. და ყოველწლიურად 10 000 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას გრანტის გაუმჯობესების კონკურსში. ვთქვათ, დღეს მომინდა გრანტის გაუმჯობესება, ჩავაბარე გამოცდა, მაგრამ დაფინანსება საიდან მომივა?! მაინც ხომ უნდა დაველოდო მომავალი წლის სექტემბერს?! ან როგორ უნდა გავარკვიო, რას ნიშნავს ეს გაუმჯობესება?! დავუშვათ, მივიღე 90 ქულა. რას მეუბნება ეს ქულა?! ხომ კონკურსში უნდა მივიღო მონაწილეობა? როგორ გავარკვევ, გავიმარჯვე თუ არა, თუ რამეს არ შევადარებ?! ამას გარდა, სახელმწიფო გრანტისთვის ფიქსირებული თანხაა გამოყოფილი, რაც გულისხმობს კონკურსს, ხოლო, როდესაც ერთი ადამიანი აბარებს გამოცდას, ის რანაირად იღებს კონკურსში მონაწილეობას?! ასეთი განცხადებები ცუდია იმიტომ, რომ მოსახლეობას აყენებ გაურკვევლობაში, რადგან, როდესაც ქვეყნის პირველი პირი განცხადებას აკეთებს, მე, მოქალაქე, მას უნდა ვენდობოდე. გაუაზრებელი განცხადებით კი გაუგებრობაში აგდებ მოსახლეობას.

– გასაგებია, რომ სკოლა იმის მიხედვით შეაფასებს მოსწავლეებს, რა სახელმძღვანელოებითაც ასწავლა. მომავალი წლის მისაღებ გამოცდებზე იგივე წესი რჩება, რაც იყო?

– აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებს იმავე წესით ჩააბარებენ, როგორც აბარებდნენ, ივლისში მოვლენ საგამოცდო ცენტრებში. ჩააბარებენ სამ სავალდებულო საგანს და მეოთხეს, ფაკულტეტის მიერ არჩეულს. მისაღების საგამოცდო პროგრამები, როგორც ვიცი, განთავსებულია ჩვენს ელექტრონულ გვერდზე, ტესტის ნიმუშთა კრებულები მზადდება და მალე გამოვა.

– გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად, როგორც მახსოვს, თავის დროზე, ზოგადად, განათლების სისტემაში არსებული კორუფცია დასახელდა. საატესტატო გამოცდების ისევ სკოლებისთვის გადაცემა ამ არგუმენტს ხომ არ გააცოცხლებს?

– არ მგონია. გაზვიადებული იქნება, ასე ვიფიქროთ, უპირველესად, იმის გამო, რომ მხოლოდ ერთ წელიწადზეა საუბარი. 2013 წლის შემოდგომიდან საატესტატო გამოცდებს უკვე გამოცდების ცენტრი ჩაატარებს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა და სკოლებთან, პედაგოგებთან, დირექტორებთან ერთად რაღაც ბარიერების გადალახვა. ამჟამად, ვიმეორებ, მხოლოდ ერთ წელზეა ლაპარაკი.

– ჩვენ ვიცით, როგორ შეირჩნენ სკოლის დირექტორები: მათი დიდი ნაწილი  –  ლოტოტრონით; ვიცით, ასევე, რომ ბევრი მანდატური, არანაირ კავშირში რომ არ ყოფილა საგანმანათლებლო სისტემასთან, დაინიშნა დირექტორად. მანდატურყოფილები და ლოტოტრონით შერჩეულ დირექტორების იმედად ატარებთ საატესტატო გამოცდებს?

– მე არ დავიწყებდი ბევრ საუბარს დაშვებული შეცდომების შესახებ. ყველამ იცის, რა და როგორ იყო, ახლა მთავარია, ყველამ ერთად ვიფიქროთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს განათლების სისტემაში და დავიწყოთ განათლების ხარისხის გაუმჯობესება. საგამოცდო სისტემა შესანიშნავია და ჩემზე მეტი გულშემატიკივარი ვინ შეიძლება, იყოს ამ საგამოცდო სისტემის და ახალი საგამოცდო მოდელების, მაგრამ მაშინაც ვამბობდი, როდესაც ამ სისტემას გაცილებით მეტ ფუნქციას აკისრებ, ვიდრე მას შეუძლია, შეასრულოს, ამან შეიძლება, უარყოფითი შედეგიც გამოიღოს. როდესაც ვცდილობთ, განათლების ხარისხი და სასწავლო პროცესი გავაუმჯობესოთ იმით, რომ შემოვიტანოთ ახალი საგამოცდო მოდელი, ეს შეცდომაა. საგამოცდო მოდელი და სისტემა თანმდევია იმ ნაბიჯებისა თუ რეფორმების, რაც განათლების სისტემაში ხორციელდება და საგამოცდო სისტემა იმდენად მოქნილი უნდა იყოს, რომ ერგებოდეს ამ ყველაფერს. ეს არ უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, რომ, რადგან გამოცდა ცენტრალიზებულად დაინიშნა, ეს აიძულებს მოსწავლეს, ისწავლოს, იაროს სკოლაში და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომა არასწორია. გასაგებია, რომ ამ ქვეყანას კიდევ კარგა ხანს დასჭირდება გამოცდების ცენტრალიზებულად ჩატარება, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტები. ამის ქვაკუთხედია მასწავლებლის პროფესიონალიზმი და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას სერიოზული ფიქრი და დაგეგმვა სჭირდება. ამასთან, დასამუშავებელია სასწავლო გეგმებიც, მაგრამ ქვაკუთხედი მაინც მასწავლებლის პროფესიონალიზმია და ამის შემდეგ უკვე იმაზე ფიქრი, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული საგამოცდო მოდელები. ალბათ, იმით უნდა დავიწყოთ, რომ ყველამ დავუბრუნოთ ფუნქცია და მისია სკოლას. ცხადია, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, დავიწყოთ. სკოლის მისია კი მარტივი და უმნიშვნელოვანესია: სკოლამ უნდა მოამზადოს ახალგაზრდა მომავალი ცხოვრებისთვის. დღეს სკოლას ეს მისია დაკარგული აქვს, იმდენად ცუდი ფორმა მიიღო სკოლების მართვამ, რომ ფუნქციები ჩამოერთვა და ცენტრალიზებულად ხდებოდა დირექტივების გაცემა.

– მანდატურების სკოლებში შეყვანამ ერთი ძალიან ცუდი რამ გამოიწვია: ისედაც ნაკლებად ავტორიტეტული მასწავლებლების, იმედია, არ მიწყენენ, ავტორიტეტი საერთოდაც ნულს ქვემოთ ჩამოიყვანა. ცნობილია, რომ მანდატურები მოსწავლეების თანდასწრებით აძლევდნენ შენიშვნებს მასწავლებლებს და დირექტორებსაც. იყო შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევებიც.

– სამწუხაროდ, სამინისტროს ერთი წუთითაც კი არ ახსენდებოდა, რომ განათლების სამინისტრო სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების მსახურია და არა –  პირიქით. ამასაც რომ თავი დავანებოთ. სადანღაც ხომ უნდა დავიწყოთ?! მასწავლებელმა უნდა დაიბრუნოს ბერკეტები და იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ ის დღეს ამისთვის მზად არ არის, მთავარია, დავიწყოთ. ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ბევრი პედაგოგი მირეკავდა, განსაკუთრებით, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და მთხოვდნენ, ნუ გააუქმებთ გამოსაშვებ გამოცდებს სკოლებში, რადგან აღარ ისწავლიან და გაკვეთილებზე აღარ შემოვლენო. პედაგოგებს ვუსვამდი ერთ კითხვას და ამ კითხვას ჩემს თავსაც ვუსვამ: მასწავლებელი მხოლოდ ცოდნას ხომ არ აძლევს მოსწავლეს? მოსწავლე 12 წლის განმავლობაში მის თვალწინ იზრდება და კარგი პედაგოგი თვალდახუჭულად შეაფასებს მოსწავლეს ყოველგვარი გამოცდის გარეშე. პედაგოგის პროფესია ურთულესი და კომპლექსურია, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, პედაგოგს უამრავი რამ მოეთხოვება: ურთიერთობა თავის მოსწავლესთან, საიდანაც ძალიან ბევრს სწავლობს მოსწავლე, მან უნდა დააინტერესოს კონკრეტული საგნით, მოტივაცია გაუჩინოს. და, ბოლოს და ბოლოს, თუ გარედან შემოტანილი გამოცდა იძულებაა, რატომ არ არის წლიური ნიშანი იძულება?! თუ მოსწავლემ არ ისწავლა, რატომ ვაფასებ დადებითად? თუ დადებითი შეფასება ვერ მიიღო, გამოცდაზეც ხომ ვერ მივა?! ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, თქვენ ხომ იცით, რომ საქართველოში ვცხოვრობთო. ეს იმას ნიშნავს, რომ ის იძულებულია, ყველა მოსწავლეს დაუწეროს ნიშანი. ჩვენც საქართველოში ვცხოვრობთ, ეს ორგანიზაციაც საქართველოშია.

– ამ ლოგიკით, აბა, ვერავინ გამიკრიტიკებია.

– მე არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ ერთი ორგანიზაცია უნდა იყოს, ვინც თავს დებს სამართლიანობასა და ობიექტურობაზე. ჩვენ ერთად უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. გამოცდების ცენტრი ვერ დაიკისრებს ისეთ მნიშვნელოვან მისიას, როგორიცაა განათლების ხარისხის ამაღლება და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. ამიტომაც ვიღებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება გამოცდების ცენტრალიზებულად ჩატარება, ოღონდ, თუ მხარში არ ამოგვიდგა სკოლა, პედაგოგი და სკოლის დირექტორი, ერთად არ დავიწყეთ ზრუნვა ხარისხის გაუმჯობესებაზე, წინ ვერ წავალთ. ჩვენ სკოლებს ვუთხარით, ერთ წელიწადს აიღეთ ეს პასუხისმგებლობა და ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით. ყველანაირ დახმარებას გაგიწევთ. ბოლოს და ბოლოს, სკოლა ხომ უკეთ შეაფასებს თავის მოსწავლეებს, ვიდრე მე ერთი გამოცდით?! ფინეთში იმისთვის, რომ საბოლოოდ განათლების ისეთი სისტემა ჩამოეყალიბებინათ, რომელიც თითით საჩვენებელია ყველასთვის, 20 წელზე მეტი დასჭირდათ. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ საზოგადოება მოთმინებით ელოდა ამას 20 წლის განმავლობაში. ასე რომ, ერთი ორგანიზაცია და რამდენიმე პროფესიონალი ვერ მოაგვარებს პრობლემას. ყველამ უნდა ვეცადოთ.

– კომპიუტერიზებულად საატესტატო გამოცდების ჩატარება 2011 წელს დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. ითქვა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა არსად დედამიწის ზურგზე. ის რესურსი, რაც იმ სისტემის შექმნაზე დაიხარჯა, წყალში იყრება?

– არაფერი ჩაყრილა წყალში, მე ნამდვილად არ ვაპირებ უარის თქმას კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტების მეთოდით გამოცდების ჩატარებაზე და სწორედ ამის გადასარჩენად გვჭირდება ერთწლიანი ლუფტი. მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში ჩაატარებენ სკოლები საატესტატო გამოცდებს, მე ვვარაუდობ, რომ 2013 წლის შემოდგომაზე მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ეს სისტემა აღვადგინოთ. გადმობარებისას აღმოვაჩინე, რომ 8+1 საგამოცდო სისტემაში არანაირ კომპიუტრზე ადაპტირებულ ტესტებზე არ იყო ლაპარაკი. დავალებები მოდიოდა კომპიუტერზე, მაგრამ მოსწავლე პასუხს სცემდა ქაღალდზე. არანაირი ალგორითმი არ ყოფილა და ამ სისტემის დანერგვა, მართლაც, ნიშნავდა, რომ ჩვენი შრომა წყალში ჩაიყრებოდა. ჩვენ ეს ერთი წელი გვჭირდება იმისთვის, რომ მოვემზადოთ და საატესტატო გამოცდების სისტემა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

 

 

скачать dle 11.3