ვინ დაუდგინა საქართველოს მოქალაქეებს საარსებო ნორმად დღეში 10 გრამი ღორის ხორცის, 5 გრამი საკონდიტრო ნაწარმისა და 25 გრამი ხახვის მიღება
„მარინე შეუდგა საკალანდე სამზადისს, მაგრამ რაღა სამზადისი, ღორი აღარ ჰყავდათ, ძარში არც ერთი ქათამი აღარ დაეტოვებინათ, ხაჭაპურებიც აღარსად იყო – ისიც წაეღოთ! თითქმის ვახშმობის დრო იყო, მარინემ, როგორც იყო, ორი ქათამი მოიგდო ხელში… ქათმები გაბურტყლა, სამიოდ ხაჭაპური გამოაცხო, წმიდა თაფლის სანთელი ჩამოქნა, ერთი დოქი ადესის ღვინო ამოიღო ჭურიდან.“– აი, ასეთი სუფრით ეგებებოდა კალანდას „ეკუციის“ მიერ უკანასკნელ სარჩოწართმეული გოგია უიშვილის ოჯახი და ეს მეცხრამეტე საუკუნეში, რუსეთის იმპერიის ქართული კოლონიის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. ოცდამეერთე საუკუნის დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის 50 პროცენტი გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე – 2 100 კილოკალორიაზე – ნაკლებ საკვებს იღებს, ხოლო 25 პროცენტი, გაეროს მიერ დაწესებულ აბსოლუტურ მინიმუმზე, 1 800 კილოკალორიაზე ნაკლებს – 1 600-კილოკალორიას.
საქსტატის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია ცხრილი, რომელიც აღწერს, თუ რომელი და რა ოდენობის პროდუქტები უნდა მიიღოს შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღიურად, რომ შრომისა და არსებობის უნარი ჰქონდეს: როგორც მოგახსენეთ, ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 2 300 კილოკალორიაა მიჩნეული. მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტია (ჩაის, ღვინისა და მარილის ჩათვლით). ყველაზე დიდი წილი საქართველოს შრომისუნარიანი მამაკაცის, სახელმწიფოს მიერ მინიმალურ ნორმად დათვლილ რაციონში, პურს უჭირავს (579,6 კილოკალორია, რაც დღიურად 250 გრამი პურის მოხმარებას ნიშნავს), მეორე ადგილასაა ხორბლის ფქვილი (227,6 კილოკალორია, დღიურად – 70 გრამი), მათ მოსდევს – სიმინდის ფქვილი და სხვა (123,8 კილოკალორია, დღიურად – 40 გრამი), შაქარი (199,6 კილოკალორია, დღიურად – 50 გრამი), თუმცა საკონდიტრო ნაწარმის დღიურ მინიმალურ ოდენობად 5 გრამია მიჩნეული (ენერგეტიკული ღირებულება – 20,7 კილოკალორია). მართალია, კარტოფილს დღიურ რაციონში მეექვსე ადგილი უჭირავს (80,4 კილოკალორია), სამაგიეროდ, მისი დღიური რაოდენობა 150 გრამია. ძროხისა და ხბოს ხორცის დღიურ ნორმად 40 გრამია დადგენილი (ენერგეტიკული ღირებულება – 65,3 კილოკალორია), ისევე, როგორც ნედლი და გაყინული თევზისა (სულ რაღაც, 15 კილოკალორია, თუმცა დღიური მოხმარება 40 გრამია) შინაური ფრინველის დღიურ ნორმად – 20 გრამია დაწესებული (ენერგეტიკული ღირებულება 26,9 კილოკალორია), ხოლო ღორის ხორცის – 10 გრამი (ენერგეტიკული ღირებულება – 32,7 კილოკალორია). საკმაოდ საინტერესოა, რომ ხახვის დღიური ნორმა 25 გრამია (ენერგეტიკული ღირებულება – 11,2 კილოკალორია), მაშინ, როდესაც ბადრიჯნის – 10 გრამი (ენერგეტიკული ღირებულება – 2,4 კილოკალორია).
როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საქართველოში, რატომ არის ის უსამართლო, შესაბამისად, როგორ უნდა დაითვალოს რეალური საარსებო მინიმუმი და, რაც მთავარია, რით დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ობიექტურად დათვლილი ეს მაჩვენებელი, – საკითხს ექსპერტი იოსებ არჩვაძე განგვიმარტავს.
– როგორ უნდა იყოს დათვლილი საარსებო მინიმუმი?
– მოკლედ რომ გიპასუხოთ, ობიექტურად. ნებისმიერი სტატისტიკური ინფორმაცია, ერთი მხრივ, მეთოდოლოგიურად უნდა იყოს უზადო, ანუ შეესაბამებოდეს რეალობას და ასახავდეს ადეკვატურად და, მეორე მხრივ, აუცილებელია საზოგადოებამ ამ გაანგარიშებული მონაცემის რეალობა ირწმუნოს. რაც უნდა სწორად იყოს დათვლილი მონაცემი: თუ მისადმი საზოგადოებრივი ნდობა არ არსებობს, მაშინ ეს სერიოზული პრობლემაა და სხვანაირადაა გაანგარიშებული.
– თავის თავზე იგრძნოს, რას ნიშნავს? რომ ამ თანხით, მართლაც, რეალურად დაპურდეს?
– მეთოდოლოგიის მხრივ, ნაკლები პრეტენზიაა ჩვენი დღევანდელი საარსებო მინიმუმის მიმართ, უფრო გასაგები რომ იყოს, სხვა მაგალითს მოგიტანთ: საზოგადოება ცალსახად არ იღებს უმუშევრობის დონის მაჩვენებელს. მენტალურად ვერ ხარშავს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე 15 პროცენტია. თითქმის ანალოგიური დამოკიდებულებაა საარსებო მინიმუმის მიმართაც. აღმოსავლური ანდაზა მახსენდება: ათასჯერაც რომ გაიმეორო სიტყვა „ჰალვა“, პირში სიტკბოს ვერ იგრძნობო. საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა: მოქმედებს ეგრეთ წოდებული ნორმატიული სტატისტიკური მეთოდი და ის 2 300 კილოკალორიაზეა გათვალისწინებული. თუმცა გააჩნია, ამ კილოკალორიებს რით მივიღებთ: შაქრისა და პურის დამატებით, თუ ცილებისა და ცხიმების რაციონალური გადაანგარიშებით.
– ჩვენს მინიმალურ სასურსათო კალათაში ღორის ხორცის დღიური მოხმარების ნორმაა 10 გრამი. ეს რა არის? ასეთი დღიური დოზის წამალიც კი იშვიათობაა.
– ეტყობა, პირში უნდა გამოივლო… თანაც, აბსოლუტურად დარღვეულია მცენარეული და ცხოველური ცხიმების კალორიულობა. დღეს მინიმალურ სასურსათო კალათაში, დაახლოებით, 20-22 პროცენტის დონეზეა ცხოველური წარმოშობის ცხიმები, ანუ ხორცისა თუ რძის პროდუქტები, თევზი, კვერცხი.
– ანუ გვირჩევენ, პრასით გადით იოლადო?!
– უფრო მეტადაა წარმოდგენილი ხილი, პური, კარტოფილი, შაქარი და აი, ასეთი პროდუქტები. თან 2 300 კილოკალორია ძალიან დაბალი ნორმაა. მენშევიკურ საქართველოში კვების პროდუქტების მოხმარების ნორმა იყო 2 800 კილოკალორია. გასაგებია, რომ მაშინ მეტი ფიზიკური დატვირთვა იყო და მეტი ფიზიკური ენერგია ეხარჯებოდათ ადამიანებს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2 650 კილოკალორიაზე ნაკლები არ უნდა იყოს მინიმალური სასურსათო კალათა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთან, განსაკუთრებით, სოფლად შრომის ეკონომიკური შეიარაღება არ არის მაღალ დონეზე, ვფიქრობ, მინიმალური დღიური ნორმა 2 500 კილოკალორია უნდა იყოს. ანუ სასურსათო კალათა გადასასინჯია როგორც კალორიების, ისე საარსებო მინიმუმის სტრუქტურის თვალსაზრისით. პროპორციებში უნდა შემცირდეს მცენარეული წარმოშობის ცხიმებისა და გაიზარდოს ცხოველური წარმოშობის ცხიმების რაოდენობა. რაც, ფაქტობრივად, გაზრდის სასურსათო კალათის ღირებულებასაც.
– ჩვენი მეზობლები როგორ ითვლიან მინიმალურ სასურსათო კალათას? იქაც ჩვენი მსგავსი ნორმებია?
– მეტ-ნაკლებად ანალოგიური ვითარებააა, თუმცა იქ პროპორციებია სხვანაირი. მაგალითად, რუსეთში ცხოველური წარმოშობის პროდუქტები გაცილებით მეტია მოხმარების ნორმაში და ღირებულებითაც უფრო ძვირია მათი სასურსათო კალათა. საქართველო არა მხოლოდ ახლა, საბჭოთა პერიოდშიც კი მთელ საბჭოთა სივრცეში პირველ ადგილას იყო პურის მოხმარების მიხედვით და ერთ-ერთ ბოლო ადგილზე – ხორცის მოხმარებით. რაც შეეხება თანაფარდობას: საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის ერთ კილოგრამ პურზე ესტონელები მოიხმარდნენ 987 გრამ ხორცს, ჩვენ კი – 140 გრამ ხორცს. მაშინ, როდესაც იმ დროს საქართველოში 75 000 ტონა ხორცი და ხორცის პროდუქტები შემოდიოდა.
– არადა, ვითომ ქართველებს ხორცი გვიყვარს?
– გვიყვარს, მაგრამ ის ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს. დღეს პირდაპირი პარალელის გავლება არ შეიძლება საბჭოთა პერიოდთან, მაგრამ სხვა პარალელს მოვიტან: დედაქალაქის მერიამ შეამცირა დასუფთავების ტარიფი ზამთრის პერიოდში და ამით საშუალო თბილისურ ოჯახს საშუალოდ დაეზოგა თანხა, რაც საკმარისი იქნება ერთი კილოგრამი ხორცის შესაძენად. დაახლოებით, ასეთი ეკონომია მისცა საკრებულოს გადაწყვეტილებამ თბილისელებს.
– ოღონდ მე ერთი რამ ვერ გავიგე: ზაფხულში კონდიცირება, ანუ გაგრილება, თბილისის საკრებულოს აზრით, მხოლოდ მათი პრივილეგიაა? გამაგრილებელი ხელსაწყოებიც ელექტროენერგიით მუშაობენ.
– ეს გათვლილია იმ ოჯახებზე, რომლებიც ზამთარში დენით თბებიან და ეს მაინც შეღავათია. რაც შეეხება გადასახადებს: იგულისხმება, რომ საარსებო მინიმუმის, 150 ლარის, 70 პროცენტს შეადგენს სასურსათო ხარჯი, დანარჩენი 30 პროცენტი კი უნდა მოდიოდეს არასასურსათო ხარჯებზე: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მომსახურება, კომუნალური გადასახდელები.
– მაგრამ ეს თანაფარდობა ხომ არაადეკვატურია?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც მეტროს ერქვა „ქართული რულეტკა“, ადამიანის შემოსავალი მცირე იყო და, ძირითადად, კვების პროდუქტებზე იხარჯებოდა. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ დარჩა ძველი პროპორციები, რაც შესაცვლელია. მაგალითად, ევროპასა და ამერიკაში ითვლება, რომ, თუ ოჯახი ხარჯების მესამედს ახმარს სურსათს, ის ღარიბია. ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ 50-პროცენტიანი ზღვარი და სურსათზე მინიმალური ხარჯებზე უცვლელობითაც კი გავზარდოთ საარსებო მინიმუმი, ხოლო, თუკი კალორიულობასაც გავითვალისწინებთ და აღვადგენთ ბალანსს ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებს შორის, შეიძლება, მინიმალური სასურსათო კალათა კიდევ უფრო გაიზარდოს.
– აქამდეც არსებობდა არაადეკვატური, მაგრამ მაინც მინიმალური სასურსათო კალათა და გვპირდებიან, რომ ის გახდება ადეკვატური, მაგრამ რას მოგვიტანს ეს? ვთქვათ, ჩაიწერა, რომ დღეში უნდა მიიღო 200 გრამი ღორის ხორცი, თუ ამის ყიდვის ფული არ მექნა, რა მნიშვნელობა ექნება ჩემთვის, თუ ცხრილში 10-ის ნაცვლად 200 გრამი ჩაიწერება?
– ნებისმიერ საფრენ აპარატს აქვს სიმაღლის მზომი ხელსაწყო ალიმეტრი, რომელიც ზომავს მანძილს მიწის ზედაპირიდან საფრენ აპარატამდე. ეკონომიკას, ფაქტობრივად, ალიმეტრი აქვს გაფუჭებული, როდესაც არასწორადაა დათვლილი საარსებო მინიმუმი. და რა მოსდის საფრენ აპარატს, რომელიც მუდმივად არასწორ სიმაღლეს აჩვენებს?!
– რაღაცას შეეჯახება, ადრე თუ გვიან?
– დიახ, კატასტროფას განიცდის. რეალურად დათვლილი სასურსათო კალათა დაგვანახვებს რეალურ სურათს, არადა რეალური სურათით გავიგებთ, თუ რამდენი გვჭირდება იმისთვის, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფმა ოჯახებმა დაძლიონ ეს სიღარიბე; რა სოციალური პოლიტიკაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი სახელმწიფოზე კი არ იყოს ჩამოკიდებული, არამედ შევუქმნათ პირობები, თვითონ დასაქმდეს და მიიღოს საკუთარი შემოსავალი. ამისთვის გვჭირდება საარსებო მინიმუმის რეალური დათვლა.
– ჩვენს მეზობლებს ჩვენზე მსუყე მინიმალური სასურსათო კალათა აქვთ?
– არ ვიტყვი, რომ იქ სრული იდილიაა, ასეა თუ ისე, ყველანი საბჭოთა შინელიდან ვართ გამოსული, მაგრამ მათთან საარსებო მინიმუმი ჩვენთან შედარებით გაცილებით მაღალია. მაგალითად, სომხეთში ეკონომიკური განვითარების დონე საქართველოსას უტოლდება, თუმცა საარსებო მინიმუმი იქ ჩვენზე მაღალია; გაცილებით მაღალია აზერბაიჯანში, უკრაინის საარსებო მინიმუმს ხომ საერთოდ ვერ შევედრებით, არადა საქართველოს დონეზე არიან განვითარებული. ამას გარდა, საარსებო მინიმუმს უკავშირდება ბევრი სხვა ინდიკატორი, მათ შორის პენსია და საშუალო ხელფასი. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პენსიის ოდენობა ახლოსაა საარსებო მინიმუმთან, ხოლო საშუალო ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ჩვენთან, დაახლოებით, ექვსჯერადი სხვაობაა პენსიასა და საშუალო ხელფასს შორის, იქ, დაახლოებით, 2,6-ჯერ. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ სასურსათო მინიმუმი რეალურად დაითვალოს. თუმცა მე ვერ ვიზიარებ მათ მოსაზრებას, ვისაც მიაჩნია, რომ ერთდროულადაა შესაძლებელი საარსებო მინიმუმის გაზრდაც და მინიმალური პენსიის გაზრდაც. ნათქვამია, რომ ორმოს ორი ნახტომით ვერ გადაახტებიო.
– ჯერ რომელი უნდა გაიზარდოს? საარსებო მინიმუმი?
– საარსებო მინიმუმის გაზრდა სახელმწიფოსგან არ ითხოვს დამატებით რესურსს. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სახელმწიფო აცხადებს, ჩემს ტერიტორიაზე მოქმედებს ფასების ასეთი სისტემა და ადამიანის არსებობისთვის საჭიროა ამდენი და ამდენი ლარი. ამის შემდეგ კი იღებს ვალდებულებას, რეალური საარსებო მინიმუმიდან, 220 ლარიდან ნელ-ნელა აანაზღაუროს ჯერ 70, შემდეგ 80 და ასე შემდეგ პროცენტი. რასაკვირველია, ცხოვრება იცვლება, წინ მიდის და, თუ დღეს საარსებო მინიმუმი 220 ლარია, ის შეიძლება, გახდეს 250 და ასე შემდეგ. მაგრამ ამით გვეცოდინება, რა მდგომარეობაშია ქვეყნის მოსახლეობის რაღაც ნაწილი და რამდენი ადამიანია ამ ზღვარს მიღმა.
– ჩვენი და სომხეთის ეკონომიკა თანაბარ დონეზეაო, მაგრამ იქ საარსებო მინიმუმიც მეტია და მინიმალური პენსიაც, არადა, ჩვენ ვამბობდით, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი გვქონდა, რა ხდება? უყაირათოდ ვხარჯავდით? აქვს რეზერვები ჩვენს ბიუჯეტს?
– ერთ-ერთ მიზეზად მე დავასახელე ის, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო დაბერებულია, ვიდრე სომხეთის და აზერბაიჯანის, ანუ ყოველი ასი კაციდან ჩვენ უფრო მეტი პენსიონერი გვყავს, ვიდრე მათ. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი რესურსის მობილიზება გვჭირდება. ამიტომ უფრო ეფექტიანი უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკა, რომ ამ გამოწვევებს გაუძლოს.
– დაბერებას რომ გავუძლოთ?
– ის ცოდვები, რაც წინა ხელისუფლებას აქვს, თავისთავად რჩება ძალაში და მათ უარყოფას არავინ აპირებს, მაგრამ ობიექტური რეალობაც უნდა აღვნიშნოთ. ჩვენი მოსახლეობა არა მხოლოდ დაბერებულია, არამედ დაბერების პროცესი გრძელდება. მაგალითად, აზერბაიჯანს ყოველ 100 პენსიონერზე 15 წლამდე ასაკის სამჯერ მეტი ბავშვი ჰყავს, ვიდრე ჩვენ; თურქეთს – 4-ჯერ მეტი, სომხეთს – 80 პროცენტით, ანუ თითქმის 2-ჯერ მეტი. ჩვენ ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, სამართლიანობის აღდგენაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე.
– ხშირად მიფიქრია, ვისთვის გვინდა ტერიტორიები, თუ მათ ვერც კი ავავსებთ?
– ეს დემოგრაფიული პრობლემა სათანადო ყურადღების გარეშე რჩება და ეს ჩვენი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. ისევ საარსებო მინიმუმს რომ დავუბრუნდეთ: აშშ-სთან, ფასების მიხედვით, 60-პროცენტიან ზღვარზე გავედით.
– ანუ, რაც იქ 100 დოლარი ღირს, ჩვენთან ღირს 60 დოლარი.
– დიახ, მაგრამ ჩვენი საარსებო მინიმუმი მათ მაჩვენებელთან შედარებით 9-10 პროცენტის დონეზეა. არ შეიძლება, იყოს ასეთი შეუსაბამობა. თანაც, ვისი შემოსავალიც ნაკლებია, ყველაზე მეტად ისინი გრძნობენ ინფლაციას, ვიდრე დანარჩენები. მაგალითად, პენსიონერი თავის პენსიას ხარჯავს მხოლოდ კვების პროდუქტებზე, მაშინ, როდესაც კვების პროდუქტები უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტები. როდესაც პური 5-10 თეთრით ძვირდება, პენსიონერი ამას პირდაპირ გრძნობს. ამიტომ რეალურად დასათვლელია არა მარტო საარსებო მინიმუმი, არამედ საარსებო მინიმუმი ოჯახების მიხედვით, სოციალური ტიპებისა და ასაკობრივი ცენზის მიხედვით. ამის გაანგარიშება სირთულეს არ წარმოადგენს, მთავარია, როგორ მივუდგებით აღნიშნული ინდიკატორების გაანგარიშებას.