ყასბის ლოგიკით
ანუ, წვერ-ულვაშის ფასი
ერთი არაკის მიხედვით (ახლა არ ვიცი, მაგრამ, ჩემს ბნელ, საბჭოთა ბავშვობაში, სავალდებულოდ გვასწავლიდნენ), მყიდველმა ყასაბს ხორცი ნისიად სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით, ყასაბს მსახური გაუგზავნა და თან ერთი ღერი საკუთარი ულვაში გაატანა. მსახურმა ყასაბს ბატონის თხოვნა გადასცა და ფულის გადახდის გარანტიად ულვაშის ღერი შესთავაზა, რაზეც ყასაბმა უპასუხა: წვერულვაშიანად აქ მყავდა და არ ვენდე, ახლა ამ ერთ ღერ ულვაშს ვენდობიო?!
მართალია, ეს არაკი იყო, თუმცა არანაკლებ საარაკო ამბებს სჩადიან ჩვენი თანამედროვენიც. ასე, მაგალითად, გასულ კვირას, აწ უკვე ნაციონალურმა უმცირესობამ, საკუთარი უფლებები გაიხსენა (როგორც უმცირესობამ), ზედაც, აწ უკვე უმრავლესობის წინასაარჩევნო პროგრამა მოიშველია (ფართო უფლებები უმცირესობასო) და საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიების თავმჯდომარეების პოსტები მოითხოვა. თან, საკუთარი მოთხოვნა იმ არგუმენტითაც გაამყარა, ასეთია დემოკრატიაო.
მეორე მხრივ, მართლაც რომ ასეთია დემოკრატია, და მერე რა, რომ აწ უკვე ისტორიად ქცეული (მე დავძენდი, ნეგატიურ საჩვენებელ ისტორიად), ხალხის ნარჩეულარი და უმრავლესოელი, აწ კი მარეგულირებელ კომისიაში თბილად მოკალათებული ქ-ნი მაია ნადირაძე შემოუძახებდა ხოლმე ოპოზიციონერ კოლეგებს, უმრავლესობაში ვართ და, რაც გაგვიხარდება, იმას გავაკეთებთო.
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ, რაკი ამ მიდგომას ვიწუნებდით, წესითა და რიგით, ნაცუმცირესობის მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა, თუ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიების საქმიანობის მიმართულებებს გავიხსენებთ და იმასაც დავამატებთ, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობის მსურველები სრულად აკომპლექტებდნენ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ყველა შტოს (ანუ, წვერულვაშიანად იყვნენ წარმოდგენილნი), ზემომოხმობილი ყასბის ლოგიკით: ერთ ღერ ულვაშს რაღა თავში იხლი?!