თავნებანი
რასაც დასთესავ, იმას მოიმკი
იმ მარტივი მიზეზით, რომ ხალხის რჩეული, ქ-ნი ჩიორა (თაქთაქიშვილი) კლავაც აქტიურ პოლიტიკაშია, ბუნებრივია, რომ საზოგადოების თვალთახედვის არეშიც აქტიურად ხვდება. სულ ბოლოს, ამ უკანასკნელმა დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება იმ ფაქტისკენ მიაპყრო (მომყავს ციტატა მისი განცხადებიდან): „ქართულ ოცნებას” საკრებულოს თავმჯდომარეებად და გამგებლებად საკუთარი კადრების დანიშვნა უნდა, რისთვისაც „ნაციონალების“ მიმართ ზეწოლას მიმართავს.“
ქ-ნი თაქთაქიშვილი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ კმაყოფილდება საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვებით და უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
იქვე გვახსენებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ოთხი წლით არიან არჩეული და ნებისმიერი ჩარევა მათ საქმიანობაში არის კანონის უხეში დარღვევა“ და, ზედაც, დასძენს, რომ ეს „ყოვლად დაუშვებელია“.
არათუ დასძენს, უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს მოუწოდებს, ინსტრუქცია მიაყოლოს განცხადებას, რის მიხედვითაც, ეს უკანასკნელი თითქოს ლინჩის წესით გასამართლებას დაჰპირებია საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ დაუჭერენ მხარს. რაც მთავარია, ქ-ნი ჩიორა აპირებს, რომ „ნაციონალთა“ ჩაგვრის ფაქტები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიაწოდოს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, როდესაც ქ-ნი ჩიორა იყო უმრავლესობაში და მისი ოპოზიციონერი, უმცირესობა კოლეგები მიმართავდნენ საერთაშორისო თანამეგობრობას („ნაციონალები“ გვჩაგრავენო), ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ძირითადად, შეშფოთებულნი რჩებოდნენ, სავარაუდოა, რომ პირუკუ პროცესზეც იგივე რეაქცია ექნებათ. ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ ქ-ნი ჩიორას თანაგუნდელები ხელისულებაში ყოფნისას ერთობ თავნებანი ბრძანდებოდნენ (სხვა რომ არაფერი, სახელდობრ, ხალხის რჩეულმა აკაკი ბობოხიძემ იმდენი ურტყა ოპოზიციონერ კოლეგებს, ლამის რუსის ბარაბანს რომ არ მოხვედრია, თან, სულ პირდაპირ ეთერში), როგორც ჩანს, ყოფითი ჭეშმარიტების მოწმენი ვხდებით: რასაც დასთესავ, იმას მოიმკი.