კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ ყარაჩოხელი ქალი სონა და ებრაელი „ლიმონა“ და როგორ აღადგინეს ალეკო ელისაშვილმა და მისმა მეგობრებმა „ტფილისის ჰამქარი“

ალეკო ელისაშვილი – ალბათ, ბევრმა იცის, რომ „ტფილისზე მზრუნველთა გაერთიანების“, თანამედროვე „ტფილისის ჰამქრის“ წევრია. უმრავლესობისთვის ალეკო, უწინარეს ყოვლისა, ჟურნალისტიკასთან ასოცირდება, თუმცა, ის პროფესიით ისტორიკოსია და ძველი ტფილისის ყოფის ავან-ჩავანიც ძალიან კარგად იცის. მეცხრამეტე საუკუნეში ყარაჩოხელებს უამრავი ფუნქცია ჰქონდათ – მათი გაერთიანების გაუქმებას ცენტრალური ხელისუფლება ითხოვდა.

 

ალეკო ელისაშვილი: თანამედროვე „ჰამქარი“ 2006 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით, მას „თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება – ტფილისის ჰამქარი“ ეწოდება. ტფილისის იმიტომ, რომ ამ ქალაქს 1937 წლამდე ასე ერქვა და პირადად მე, ეს სახელწოდება უფრო მომწონს. ამქარი იყო კორპორაცია, რომელიც თბილისში ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნიდან არსებობდა. ძველი სახელებია – „ასნავი“, „თაბუნი“, თუმცა, მოგვიანებით, მას „ჰამქარი“ ეწოდა და თანამედროვეობაში ამ სახელწოდებითაა ცნობილი. „ჰამქარი“ სპარსული სიტყვაა. „ჰამ“ – ნიშნავს ერთად, „ქარ“ – კეთებას. აქედანაა სიტყვა „ქარხანაც“ (ანა, ანუ „ხანე“ – არის სახლი). ამქარი იყო ერთი ხელობის ხალხის გაერთიანება და ნახევარი თბილისი მაინც იყო სხვადასხვა ამქრის წევრი – საინტერესო გაერთიანება იყო თავისი წესებითა და ტრადიციებით. ბევრგან მათი ნაკვალევია შემორჩენილი – ვერცხლის ქუჩა, სამღებროს ქუჩა, ბამბის რიგი, პურის მოედანი... გალავნის შიდა ქალაქში ამქრებს თავიანთი საქმიანობის კონკრეტული ადგილები ჰქონდათ – იყვნენ მეხამლეები, იყო „ჭონხანა“ –  მექუდეების რიგი, მერე დაიკარგა, საბჭოთა დროს დალეწეს ბევრი რამ.

– წესები როგორი ჰქონდა ამ ჰამქარს?

– ბევრი საინტერესო წესი ჰქონდათ, ირჩევდნენ ამქრის უფროსს – უსტაბაშს – ეს იყო ერთობ პატივსაცემი ადამიანი, რომელიც განკარგავდა ამ გაერთიანების თანხას. უსტაბაში ხელმძღვანელობდა ამქარს სიცოცხლის ბოლომდე. 6 დღე მუშაობდნენ და ერთ დღეს ქეიფობდნენ. ჰქონდათ ახალი წევრების მიღების საყურადღებო წესი, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ, ზუსტად ისევე, როგორც მაშინდელ ტფილისში იყო მიღებული – ზურნა-დუდუკის თანხლებით ჩამოივლიდნენ ქუჩებში, უსტაბაში ახალ წევრს აკითხებდა საგანგებო ფიცს, შემდეგ კი ცერ თითებს დაუჭერდა და სამჯერ სილას გააწნიდა. მიღება ხდებოდა ყოველ გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კვირას.

– გარიცხვა არ ხდებოდა ჰამქრიდან?

– თითქმის არა, იმიტომ, რომ სანამ ესა თუ ის პირი ჰამქრის წევრი გახდებოდა, საკმაოდ დიდ გამოცდას გადიოდა, ჯერ იყო ქარგალი, შემდეგ ოსტატი და გარდა იმისა, რომ ამქრის წევრი კარგი ოსტატი უნდა ყოფილიყო, ის უნდა ყოფილიყო კარგი ადამიანიც. შემთხვევით არ არის თანამედროვეობაში შემორჩენილი სიტყვა „ყარაჩოხელი“ პატიოსანი, სამართლიანი კაცის აღსანიშნავად. ამქარს ჰქონდა ერთიანი სალარო – ქვრივ-ობოლს ყარაჩოხელები ყოველი ღონით ეხმარებოდნენ, უგზავნიდნენ ფულს, სურსათ-სანოვაგეს... უფრო სწორად, ფულს ისეთი გასაქანი არ ჰქონდა მაშინ. ასევე, პატრონობდნენ დაობლებულ ბავშვებს. გოგონებს უზრუნველყოფდნენ მზითევით, იმიტომ რომ უმზითვო ქალს მაშინ არავინ ითხოვდა. ვაჟებს კი, შეასწავლიდნენ ხელობას, რითაც, ფაქტობრივად, სამუშაო ადგილით უზრუნველყოფდნენ.

იყო ასეთი შემთხვევა – 1863 წელს თბილისში გავრცელდა ქოლერის ეპიდემია, მთელი ადმინისტრაცია გაიქცა ქალაქიდან და ხალხს ყარაჩოხელები პატრონობდნენ. ორთაჭალასთან იყო ჩაიხანა და ჩაის ასმევდნენ. დიდი მეომრები არ იყვნენ ჰამქრის წევრები, მაგრამ თუ საჭირო შეიქნებოდა, იარაღსაც ჰკიდებდნენ ხელს და თავგანწირვით იბრძოდნენ. მაგალითად, ერეკლეს ძალიან დაუდგნენ გვერდით 1747 წელს – „ქალაქის ერი“, როგორც არის მოხსენიებული, კიბით გადაძვრნენ და სპარსელებს ქვედა ციხე გამოგლიჯეს. ასევე, კრწანისის ბრძოლაში – მესაზანდრეთა უსტაბაში მაჩაბელა ამქართან ერთად ზურნა-დუდუკით ამხნევებდა ქართველთა ლაშქარს. თავად მაჩაბელა კრწანისის ბრძოლაში დაიღუპა. ასევე, როგორც ვორონცოვი წერს, ამ ორგანიზაციებს საპოლიციო ფუნქციაც ჰქონდა – არაფორმალური. ურთიერთობები კარგად იყო მოწესრიგებული და ორგანიზებული, ჩხუბი და დავიდარაბა არ ხდებოდა არც ამქრის შიგნით, არც ამქრებს შორის. დაბალ დონეზე უსტაბაშს მოსამართლის ფუნქციაც ჰქონდა. განიხილავდა წვრილ საქმეებს. ცენტრალური ხელისუფლება პეტერბურგიდან ითხოვდა ამქართა ორგანიზაციის გაუქმებას. არ მოსწონდათ.

– პეტერბურგში არ იყო მსგავსი ორგანიზაციები?

– პეტერბურგში არა, მაგრამ ევროპულ ქალაქებში ყველგან იყო ხელოსანთა გილდიები. სიტყვა „ეტალონი“ იქიდან მოდის. შეგირდს ჯერ ეტალონი – ნიმუში უნდა დაემზადებინა, შემდეგ ის ოსტატებს უნდა შეეფასებინათ. მხოლოდ ამის შემდეგ  ხდებოდა მისი მიღება პროფესიულ გაერთიანებაში. ჰამქარი ჩვენში არაბული ქალაქებიდან შემოვიდა. ფეოდალური ხანის საქართველოში ეს კორპორაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ამის გამო ჩვენ მოგვივიდა იდეა და გაგვიჩნდა სურვილი, აღგვედგინა ეს კორპორაცია – შევქმენით თბილისის გარშემო სხვადასხვა პროფესიის ხალხის გაერთიანება. გააფთრებით ვიბრძოდით სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ და გარკვეული შედეგებიც გვქონდა.

– თბილისობის დღესასწაული არ იყო მაშინდელ თბილისში?

– საშინლად არ მომწონს ეს დღესასწაული – ფუყე, გამოფიტული, უსაგნო, საბჭოთა დღესასწაულია. დღევანდელობაში უფრო მეტად უაზროა – ერთი პერიოდი მწვადის შეწვა აკრძალეს, არადა თბილისობაზე მწვადის საჭმელად თუ გახვალ, მეტი რისთვის?! (იცინის) ეს არ არის თბილისური დღესასწაული. თბილისს ჰქონდა თავისი ტრადიციული კარნავალი – „ყეენობა“ და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ის აღდგება. „ბერიკაობა“ არის „ყეენობის“ ანასხლეტი და შემადგენელი ნაწილი. შევარდნაძის დროს, არქიტექტორმა ყავლაშვილმა რომ ძველი ქალაქი აღადგინა, როგორც ვიცი, იყო ლაპარაკი ძველი ტრადიციების, მათ შორის – ყეენობის აღდგენაზეც. მეცხრამეტე საუკუნეში იმპერიამ აკრძალა ეს კარნავალი და იცით, რატომ? შინაარსი და იდეა იყო ასეთი: გადაცმული ტაკიმასხარა, ანუ ყეენი შემოდის და იპყრობს ქალაქს. დღის მეორე ნახევარში თბილისელები აჯანყდებოდნენ და „ყეენს“ მეტეხის ხიდიდან მტკვარში აგდებდნენ. ის, რომ თბილისელები ჯანყდებოდნენ, მაინცდამაინც არ მოსწონდა იმპერიის ხელისუფლებას. არც საბჭოთა ხელისუფლება დარჩა მოხიბლული – ამიტომ შეეცადნენ, ალტერნატიული დღესასწაულის შემოღებას. ყეენობა ათასწლოვანი დღესასწაულია, რომელიც ძალიან დიდხანს აღინიშნებოდა ყველიერის სამშაბათს.

– სიტყვა ყარაჩოხელის წარმოშობის ისტორია როგორია?

– ყარა – შავს ნიშნავს – ჩოხა – ჩოხას. ეს ხალხი ზამთარ-ზაფხულ ატარებდა შავ ჩოხას და ბუხრის ქუდს, არ ვიცი, როგორ ეცვათ გაუსაძლის სიცხეში. ეს იყო მათი გამომარჩეველი ტანსაცმელი, რომლის ჩაცმის უფლებაც სხვებს არ ჰქონდათ. სხვანაირად ეცვათ კინტოებს, რომლებიც იყვნენ „ბანძი“ და აფერისტი ტიპები. იყვნენ ქალი და სხვა ეროვნების – სომეხი, ებრაელი ყარაჩოხელები. მაგალითად, ლიმონების გამყიდველი, რომელსაც „ლიმონას“ ეძახდნენ – მისი ფოტო შემორჩენილია. იყო ყარაჩოხელი ქალი – სონა, ტანმაღალი, ბრგე – ისეთი მაგარი ქალი იყო, ქალს კი არა, მამაკაცს გაწყვეტდა წელში. გრიშაშვილის მუზეუმში არის მისი ფოტო, წელზე უზარმაზარი ვერცხლის ქამრითა და ბალთით. რიყეზე დუქანი ჰქონდა. ერთხელ არღანი მოპარეს და ძალიან გაბრაზდა.

იყო ცნობილი ყარაჩოხელი ლოპიანა, გრიგოლ ორბელიანის მეგობარი, რომელსაც „მუხამბაზში“ იხსენიებს. მას ორთაჭალაში დუქანი ჰქონდა. ბევრი მათგანი იყო ცნობილი მოკრივე – მაგალითად „ქარაფქანდოლი“, რომელსაც ისეთი ძლიერი მუშტი ჰქონდა „კლდის განმგრევი“ შეარქვეს ზედმეტსახელად (ქარაფქანდოლი).

– კრივი, როგორც ვიცი, პოპულარული იყო ძველ ტფილისში და მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ერთმანეთს უპირისპირდებოდა. როგორც ვიცი, ვაჟა-ფშაველაც ხშირად მონაწილეობდა ამ ჩხუბში.

– ქალაქური, სალდასტის კრივი იყო ყეენობის შემადგენელი ნაწილი. იყოფოდა ქალაქი „გაღმა“ და „გამოღმა“ თბილისად და ერთმანეთში ჩხუბობდნენ, იყენებდნენ ქვებსაც. ხშირი იყო დაზიანება-დასახიჩრება, იყო სიკვდილის შემთხვევები, ამიტომ, მეფისნაცვალ ვორონცოვის დროს აიკრძალა სალდასტის კრივი. პეტერბურგში „დანოსები“ მიდიოდა სიკვდილის შემთხვევების შესახებ – ვითომ ვიღაც აგურის ჩარტყმით მოკლეს.

– ქალები თუ მონაწილეობდნენ კრივში?

– კრივი მხოლოდ მამაკაცების საქმე იყო, თუმცა, იყვნენ მოჭიდავე ქალები. მაგალითად, თინა წავკისელი და ანა-ბაჯი, რომელსაც პოემა მიეძღვნა.

– მეხანძრეების ფუნქციასაც ითავსებდნენ, მგონი...

– კი. ასეა. თავისუფლების მოედანზე იდგა იტალიური ოპერის ულამაზესი შენობა, რომელიც დაწვა ყაზაროვმა. გრიგოლ ორბელიანმა თქვა მაშინ, ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქში „პაჟარკამანდა“ არა გვყოლიაო. ყარაჩოხელები და თულუხჩები მტკვრიდან ეზიდებოდნენ წყალს ხანძრის ჩასაქრობად. ამის გამო მათ ხალხმა „ხანძარ-ჩი“ – ცეცხლის ჩამქრობები უწოდა.

 

 

скачать dle 11.3