როდის ხვდება სოზარ სუბარი ცოლის საქმიან ანგარიშებში და რა დააქვს მას ყველგან საკიდით
სოზარ სუბარი უკვე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრია. ჟურნალისტიკიდან, სამოქალაქო სექტორში, მოგვიანებით კი, პოლიტიკაში „გადაბარგებულ” ექსსახალხო დამცველს, ახალმა მთავრობამ ერთ-ერთი მძიმე სფერო შეახვედრა. პროფილიდან გამომდინარე, ის შეიძლება, მომავალში მეუღლის, თამთა ყუბანეიშვილის საქმიანი ანგარიშების სუბიექტიც კი გახდეს. თამთა აქტიურად არის დაკავებული არასამთავრობო სექტორში, რომელიც ადამიანის უფლებებით არის დაინტერესებული. როგორც თავად ამბობს, მინისტრ ქმართან ინტერესთა კონფლიქტში არ მოხვდება, რადგან უკვე შეეჩვია და ქმარსა და სამსახურს შორის ბალანსს კარგად იცავს.
თამთა ყუბანეიშვილი: მას შემდეგ, რაც სოზარის მეუღლე ვარ, ჩვენს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა, ასეთ ცვლილებებსა და სიახლეებს, რაც მის სამსახურებრივ საქმიანობას ეხება, მიჩვეული ვარ. უკვე ცხრა წელია, ოჯახი გვაქვს. ამ პერიოდში სოზარი ყოველთვის საჯარო პირი იყო და მისგან ახალი რისკიანი ნაბიჯები თუ გამოწვევა, აღარ მიკვირს. მე მისი თანამოაზრე და თანამებრძოლი ვარ. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია სოზარისთვის საზოგადო ინტერესი, ამიტომაც ყველანაირად ვცდილობ მის გვერდში დგომას. როცა ცოლად გავყევი, მაშინ სოზარი სამოქალაქო სექტორის ყველაზე აქტიური წარმომადგენელი იყო. 2004 წელს მასთან ერთად ვიდექი ხოლმე აქციებზე. მაშინ ორსულად ვიყავი პირველ ბავშვზე, რამდენიმე თვეში სოზარი სახალხო დამცველი გახდა. ეს იყო მისი საქმიანობის ძალიან საინტერესო პერიოდი.
– ახლა ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი სამინისტრო ჩააბარეს.
– თუ მის წარსულს განვიხილავთ, თითქოს ლოგიკურად მივიდა ამ სამსახურამდე. რა თქმა უნდა, მინისტრობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ მჯერა, ის იმდენად მონდომებულია, საქმეს თავს კარგად გაართმევს. ახლა, როცა ახლობლები მეკითხებიან, როგორ შეხვდა ამ მძიმე სფეროსო, მე ამაზე მეღიმება და ვპასუხობ: შეხვდა კი არა, შეიხვედრა-მეთქი. ალბათ, თვითონაც ჰქონდა ამის ინტერესი. თუმცა სახლში არაფერს ამბობდა. ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ ამ თემებზე, მეც არაფერს ვეკითხები ზედმეტად. ისეთ სფეროში ვსაქმიანობ, არც არის საჭირო, ვიცოდე იმაზე მეტი, რაც ვიცი. თავს ვიცავ, რომ რაღაცნაირად არ გაჟონოს ინფორმაციამ (იცინის).
– თქვენ სად მუშაობთ?
– არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს სამოქალაქო უფლებების კუთხით, ვმუშაობ მედიაპროექტებზე, განათლების პროექტებზე და ასე შემდეგ.
.– სამოქალაქო სექტორში მუშაობთ, პროფესიულად, როგორც ჩანს, ხშირად გადაიკვეთება თქვენი გზები, ინტერესთა კონფლიქტში ხომ არ გაეხვევით ცოლ-ქმარი?
– ჩემი საქმიანობა ისეთი სფერო არაა, რომ ამან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. პროფესიული შეხება, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვახერხებ, რომ დისტანციური ვიყო, როცა საქმე ჩემს პროფესიასა და სამსახურს ეხება. აქამდეც ვიცავდი ბალანსს, ახლა უფრო ფრთხილად მოვეკიდები. როცა მონიტორინგის ანგარიშებს დავწერ პროექტისთვის, იქ სადღაც სოზარიც შეიძლება მოხვდეს, როგორც სუბიექტი. ეს აქამდეც მომხდარა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არასდროს საყვედური არ მიმიღია არც სამსახურში და არც ქმრისგან. ეს ნიშნავს, რომ ბალანსს კარგად ვიცავ.
– არასამთავრობო სექტორში, ალბათ, მეუღლის წყალობით მოხვდით?
– არა, მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ, საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, გავიარე „60 წუთის” სკოლა. მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა სოზარს ცოლად გავყევი. სამი ბავშვი გავაჩინე და პროფესიულად სტაგნაციის პერიოდი მქონდა. სახლში „ჩავჯექი”. სოზარს არ მოსწონდა ჩემი უმოქმედობა, უნდოდა, მუშაობა დამეწყო. ბოლოს მითხრა: მუშაობას თუ არ დაიწყებ, თმის შესაღებ ფულსაც აღარ მოგცემო. მეც ავდექი და ვეწიე ბედს, ახლა კი ხშირად ინტერესდება, რამდენ პროექტზე ვმუშაობ, ანუ რამდენს შევმატებ ოჯახურ ბიუჯეტს. იმ დროს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია გაფართოებას და რეორგანიზაციას იწყებდა, ახალ კადრებს შორის, მეც მოვხვდი. ჯერ ასისტენტი ვიყავი, მერე პროექტებში ჩავერთე. სოზარი ამაში არ ჩარეულა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისგან დამოუკიდებლად გამომემუშავებინა ის უნარ-ჩვევები, რაც მომავალში გამომადგებოდა. არასდროს მისარგებლია იმით, რომ სოზარის მეუღლე ვარ. პირიქით, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ მოითხოვს, არასდროს ვამბობ, რომ მისი მეუღლე ვარ. ასე მგონია, მოკრძალებული ადამიანი ვარ და ზედმეტები არაა საჭირო. საჯარო სივრცეში ზედმეტი ემოციურობის უფლებას არ ვაძლევ თავს. თავისი ემოციების გამოხატვაში სოზარიც ზომიერია.
– პოლიტიკურმა ბატალიებმა არ შეცვალა?
– ალბათ, უფრო თავდაჯერებული გახდა, თუმცა ადრე, როცა სახლში ბრუნდებოდა, რაც არ უნდა მძიმე დღე ჰქონოდა, ამას ვერ შეამჩნევდი. თვითონ შლიდა „კვალს”, რომ სახლში არ შემჩნეოდა, ახლა „დამალვა” აღარ გამოსდის, მაშინვე ვხვდები, როგორი დღე ჰქონდა.
– ახლა უკვე აღარ მოგიწევთ მოკრძალებული ცხოვრება, მინისტრის ოჯახს ეყოლება დაცვა და ბევრი სხვა კომფორტი.
– თუ დააძალებენ, შეიძლება, დასთანხმდეს, არა მგონია, სოზარს ძალიან უნდოდეს დაცვის აყვანა. როცა სახალხო დამცველი იყო, მაშინ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ სულ ხუმრობდა: სახალხო დამცველს, რომ დაცვა დასჭირდება, ვერაა მისი საქმე კარგადო (იცინის). მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ეს სამსახური შეცვლის. ჩვენ სამ შვილთან ერთად დღემდე იქ ვცხოვრობთ, სადაც წლების წინ ვცხოვრობდით. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. განსაკუთრებით მძიმე იყო ბოლო სამი წელიწადი. ძალიან ბევრი გაუცხოება მოხდა, გაცივდა ურთიერთობები, ბევრი მეგობარი „დაგვეკარგა”. იყო ბევრი იმედგაცრუებაც, იმ ადამიანებს შეეძლოთ უფრო მეტი თანადგომის გამოჩენაც, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. პოლიტიკამ ბევრი მძიმე წუთი და უსიამოვნო მოგონება დამიტოვა. თუმცა, მე ეს ისე გადამქონდა, სოზართან ამაზე არ ვსაუბრობდი. მან ახლახან აღმოაჩინა, რომ ბავშვები არ დაჰყავდა ბომბორას პარკში, რადგან ის უკანონოდ მიტაცებული ქონება იყო. ეს იყო ჩემი შინაგანი მოქალაქეობრივი პროტესტი, რაზეც არ მისაუბრია. მე არასდროს გამივლია შარდენზე, არც ბარში შევსულვარ, რადგან ვთვლიდი, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ჩემს შინაგან ღირებულებებს, რომელიც დაკავშირებული იყო უსამართლოდ მოკლულ ახალგაზრდა ადამიანთან. სოზარმა ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა გაიგო, სოზარს ეგონა, სახლში მშვიდად ვიყავი და სამ შვილს ვზრდიდი. ეს იყო ჩემი მოქალაქეობრივი პროტესტი, რამაც გაკვირვებულიც კი დატოვა სოზარი. საკმაოდ რთული იყო ბოლო ერთი წელიწადიც, ეს იყო აქტიური წელი, სოზარი მაქსიმალურად ჩაერთო საქმეში, მაქსიმალური გაქანება მიეცა მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს.
– ის იყო ალიანსშიც, ქართულ პარტიაშიც.
– ამ გაერთიანებებში მისი მოხვედრა გარკვეული წრეებიდან კრიტიკულად იყო შეფასებული, თუმცა სოზარმა მიიღო დიდი პოლიტიკური გამოცდილება. ბოლო ერთი წელიწადი მოლოდინით იყო სავსე, მე ცოტა უფრო ფრთხილი ვიყავი, იქნებოდა თუ არა ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში, ყველას ცხოვრებაში. მე უფრო მქონდა ნიჰილიზმი, სოზარი ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
– მეუღლის პოლიტიკური გუნდის ლიდერს კარგად იცნობთ?
– არა, ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ. სოზარი ამ მხრივ არ აქტიურობდა, თუმცა ძალიან მაინტერესებს ზოგადად მისი ოჯახი და პირადად, მისი გაცნობაც. ბავშვებსაც ძალიან აინტერესებთ. მოქალაქეობრივად ძალიან აქტიური შვილები გვყავს. პრაქტიკულად, არც ერთი აქცია არ გამოუტოვებიათ – ხან მუცლადყოფნისას ესწრებოდნენ აქციებს, ხან პირადად (იცინის).
– სოზარი აქტიურადაა ჩართული ოჯახისა და ბავშვების ყოველდღიურობაში?
– არა, საოჯახო საზრუნავებისგან გათავისუფლებული გვყავს. ამ მხრივ არ ვაწუხებ, მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი ჩემს თავზე ავიღო. რამე თუ დავავალეთ, უარს კი არ იტყვის, ცნობადი სახის კომპლექსები არ აქვს. მაღაზიაშიც დადის, ქორწილებშიც და გასვენებაშიც. სვანებს ტრადიციად აქვთ, ადამიანი მაშინ დააფასონ, როცა მას უჭირს. სოზარი კვლავ ხშირად ჩადის დმანისში, ზოგჯერ სვანეთშიც მიდის, მით უმეტეს „ლამპრობის” დღესასწაულს არ აცდენს ხოლმე. საოჯახო საზრუნავიდან ერთადერთი, რაც ევალება, დილით ბავშვების სკოლაში წაყვანაა. მაგრამ, ამას წინათ ბავშვი სკოლაშიც კი დარჩა, რადგან დილით ეს აღარ შევახსენე (იცინის). მე მაინც ვცდილობ, ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეს. თუ სოზარი სახლშია და ბავშვს მათემატიკაში დახმარება სჭირდება, ვთხოვ ხოლმე, რომ დაუჯდეს და ასწავლოს. საღამოობით ბავშვები სთხოვენ, რომ მამამ რამე წაუკითხოს. კითხვის პროცესში სოზარს თავად ჩაეძინება ხოლმე. ახლა, ალბათ, ამასაც ვეღარ შეძლებს ბავშვებთან, თუმცა არც ესაა პრობლემა. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ მის ასეთ რეჟიმს.
– სახლში პრეტენზიულია?
– არა, პრეტენზიული არასდროს ყოფილა, არ გვიჩენს თავსატეხებს. ტანსაცმელსაც კი თვითონ ყიდულობს, როცა უცხოეთში უწევს წასვლა და ძირითადად, ფასდაკლებებს დაეძებს ხოლმე. ამ მხრივ არ მაწუხებს, ტანსაცმელი მანქანაში საკიდით დააქვს, უცებ რომ დასჭირდეს. თავისუფლებისმოყვარე ადამიანია. ამას თვითონაც იცავს სხვებთან, არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. სახლშიც განსაკუთრებულად არაფერს ითხოვს. დილით მისთვის რომ არავის ეცალოს, მაწონზეც კი გადაივლის. მით უფრო, რომ მაწონი ძალიან უყვარს (იცინის).