როდის “ატეხავს რქებს„ ბექა ჩხაიძე ეკო ფანგანს და რატომ იღვიძებს ის ყოველდღე გულგახეთქილი
ანსამბლ „ალილოს“ წევრის, ბექა ჩხაიძისა და ეკო ფანგანის სიყვარულის ისტორია საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი. ორივე ძალიან საყვარელი, თბილი და მხიარული ადამიანია და, როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთს კარგად აბალანსებენ. ბექა თავისი სიმღერით, ხოლო ეკო ახლა უკვე თავისი ცეკვით, მხიარული ოჯახის შექმნას აპირებენ.
– სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ბექა: სად გავიცანი? კლუბ „გურუში“, მგონი, ხო? (იცინის).
ეკო: არა, „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ – 2010 წელს და მერე წავედით „გურუში“ (იცინის).
– შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
ბექა: ბევრი ვიაქტიურე და ეგრევე ფანჯარასთან მივადექი (იცინის).
ეკო: მოკლედ, „ფეშენ-ვიქის“ შემდეგ მთელი სამეგობრო წავედით გასართობად. მერე იქ ჩემი მობილური აიღო და ჩემი „ფეისბუქიდან“ თავისთან გაგზავნა მეგობრობის თხოვნა. სახლში რომ მივედი, რაღაც სისულელეებს მწერდა და ისე მომიშალა ნერვები, დილის 5 საათზე ჩვენს საერთო მეგობარს, ლევან როსტოშვილს ვურეკავდი, ბექას ნომერი მომეცი-მეთქი (იცინის).
– ასე რატომ მოგიშალა ნერვები?!
– ძალიან გავბრაზდი, შტერობებს მწერდა და ბოლოს გამოვრთე „ფეისბუქი“.
ბექა: აი, ხომ ხედავ, ისეთ უმნიშვნელო რაღაცაზე გაბრაზდა, არც ახსოვს.
– პირველი „მიყვარხარ“ როდის უთხარით ერთმანეთს?
– სიყვარულის ახსნები და მსგავსი ამბები არ დამიწყია. რატომღაც, ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი – ნელ-ნელა განვითარდა მოვლენები და, უკვე ორი წელია, ერთად ვართ.
– დაოჯახებას ხომ არ აპირებთ ახლო მომავალში?
ეკო: ჯერ რა დროს დაოჯახებაა, ჯერ უნდა ვიცეკვო (იცინის).
– მაშინ, მითხარი, რა ხდება „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. ადვილად დასთანხმდი პროექტში მონაწილეობაზე?
– ეს ისეთი მაგარი პროექტია, რომ, როგორც კი დამირეკეს, დავთანხმდი. მართალია, არასდროს არაფერი მიცეკვია და ძალიან რთული ცეკვებია, მაგრამ, მაინც დავთანხმდი.
– ეჭვიანები ხართ?
– თითქოს არ ეტყობა ხოლმე, მაგრამ, ბექა უფრო ეჭვიანია. მე ნაკლებად ვეჭვიანობ.
– ოჯახის წევრებს მოსწონთ სასიძო?
– დიახ. მე ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, ხელების ბრახუნი ჩემს ოჯახში არ არის.
ბექა: ასევეა ჩემს ოჯახშიც.
– ანსამბლ „ალილოსთან“ დაკავშირებით რა ხდება?
– ყველაფერი კარგად არის. სამ სიმღერას ვწერთ, ორი უკვე ჩავწერეთ. ახალი სეზონიდან ისევ იმ ამპლუაში გამოვალთ, შარშან რომ ვიყავით. ძალიან მწყდება გული, რომ „ნანუკას შოუ“ დაიხურა, ჩვენი ფიარი იყო (იცინის).
– ეკო, ბექა სიმღერებს გიძღვნის ხოლმე?
ეკო: დიახ. ყოველდღე სიმღერაა ჩვენს სამეგობროში. სიმღერა უკვე გაბანალურდა, ვისაც შეუძლია და არ შეუძლია, ყველა უმღერის გოგოს ფანჯრის წინ (იცინის).
ბექა: არ გაბანალურდა, გააჩნია, ვინ გიმღერებს.
– განსაკუთრებული საჩუქარი რომელი გახსოვს?
ეკო: მახსოვს, ერთხელ, მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ბექას მეგობარიც არის, დაგვპატიჟა კინოში და დარბაზში შუქი რომ ჩააქრეს, ხელზე დამიდო მანქანის ფორმის კულონი, რომელიც ულამაზესი იყო.
– ისე, გურული და სვანი ხასიათში როგორ ეწყობით ერთმანეთს?
– ძალიან მძიმე შემთხვევაა (იცინის).
ბექა: რატომ, რა გინდა?! ძალიან დაბალანსებულები ვართ. მართალია, რქებით ვეჯახებით ერთმანეთს, მაგრამ, ეკოს სტყდება რქები (იცინის).
– რას ეტყვით ერთმანეთს?
– გისურვებ წარმატებებს, დაგეხმარები ჩემი სიმღერებით (იცინის).
ეკო: სიმღერებით კი არა, ესემესებით. ამასთან დაკავშირებით უნდა მოვყვე ერთი ამბავი: ბექას ანსამბლის წევრები ძალიან ჩართულები არიან პროექტში და ერთ-ერთი მირეკავს – ჩვენ კონცერტს გავმართავთ, რამე მხიარულ სიმღერას ვიმღერებთ, შენ კი გადმოხტი და იცეკვეო (იცინის). მოკლედ, ძალიან ვნერვიულობ ცეკვის დროს, სიზმარშიც ვხედავ და გულგახეთქილი ვიღვიძებ. სულ თვალებში ვუყურებ ჩვენს ქორეოგრაფებს, სანამ ჟიური ქულებს დაგვიწერს, მაგრამ, მაყურებლის იმედი მაქვს.