კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგლები 5

უკანასკნელი ქურდი

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ №26-43(617) 

 

მალიშევის  სამუშაო დღე ტრადიციულად დაიწყო. მდივანმა ყავასთან ერთად დღის ოპერატიული ანგარიში შეუტანა კაბინეტში. მალიშევმა ყავა მოსვა და ანგარიშის შესწავლას შეუდგა. ანგარიშში შეტანილი იყო ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომელიც ქვეყანაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მოხდა. მალიშევს არაფერი ეჩვენა ისეთი მნიშვნელოვანი, რითაც, შესაძლოა, მისი უწყება დაინტერესებულიყო. სიის ბოლოს კი...

„გამთენიისას მოსკოვი-მინსკის გზატკეცილის სიახლოვეს აღმოჩენილია დახლოებით ორმოცდახუთი-ორმოცდაშვიდი წლის ორი მამაკაცის გვამი. ორივე მამაკაცი მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღით. დათვალიერებისას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არც ერთს არ აღმოაჩნდა. გარეგნული ნიშნებით ისინი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ჰგვანან. ორივე გვამს აღმოაჩნდა სვირინგები, რომლებითაც დამნაშავეები თავს კანონიერ ქურდებად მიიჩნევენ,“ – იუწყებოდა ანგარიში.

მალიშევი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფად გადაწვდა ტელეფონს და პირად მძღოლს უბრძანა: 

– მზად იყავი, რამდენიმე წუთში მოსკოვი-მინსკის გზატკეცილზე გავდივართ!

დღის მიწურულს მალიშევი თავისი ხელმძღვანელის წინაშე პირველადი ანგარიშით წარდგა.

გენერალმა აუჩქარებლად გადაათვალიერა ოპერატიულ მონაცემებზე დართული ფოტოსურათები, რომლებზეც სხვადასხვა მდგომარეობაში გაშეშებული მარჩუკისა და ციგანოვის გვამები და სისხლის გუბეები იყო აღბეჭდილი.

– რას იტყვი ამაზე, ბორია?! – გენერალმა ფოტოსურათები საქაღალდეში დააბრუნა და გამჭოლი მზერა მიაპყრო მალიშევს, – როგორ დაიხოცნენ ეს სუბიექტები?! თავი მოიკლეს თუ ერთმანეთი ამოხოცეს?!

– ივან მიხაილოვიჩ...  – ყოყმანით წამოიწყო მალიშევმა.

– კმარა!.. – გენერალმა მუშტი დაჰკრა მაგიდას, – თავის მართლების საშუალებას აღარ მოგცემ. შენ უკვე ყველა არსებული ლიმიტი ამოწურე! დაწვრილებით ამიხსენი, რა მოხდა ვოლგის პირას?!

– მარჩუკისა და ციგანოვის გვამები დილით მეთევზეებმა აღმოაჩინეს. ჩემი იქ მისვლისას შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობდა პეტროვკის ოპერატიული ჯგუფი...

– მათ იცოდნენ, ვინც იყვნენ დაღუპულები? – შეაწყვეტინა გენერალმა.

– „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) რას გამოაპარებ! – ჩაილაპარაკა მალიშევმა.

– ეგ ორი სუბიექტი მილიციასთანაც ხომ არ თანამშრომლობდა? – განაგრძო გენერალმა.

– ოფიციალურად – არა. ისე კი, რა მოგახსენოთ. ზოგადად, ცნობილია, რომ ერთხელ გაყიდული მეორედ უფრო იაფად იყიდება. მარჩუკი და ციგანოვი „ეფესბემ“ გადმოიბირა, მაგრამ, მანამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ მათ გარკვეული კონტაქტები ჰქონდათ მოსკოვის მილიციასთან.

– „მურის“ თანამშრომლებს არ გაუკვირდათ ორი კრიმინალის მკვლელობის ადგილზე ოპერატიული სამმართველოს პოლკოვნიკის გამოჩენა?

– თავისთავად ცხადია, გაუკვირდებოდათ, მაგრამ, არაფრით გამოუხატავთ. მათ იციან, რომ არ ღირს „ეფესბესთვის“ ზედმეტი კითხვების დასმა, – თქვა მალიშევმა.

– აჩქარდი, ბორია, იქ არ უნდა მისულიყავი. არ ღირს ამ საქმესთან ჩვენი უწყების დაკავშირება. ბუნებრივია, რომ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს „მური“ აღძრავს. მე უკვე ვხვდები, რა საუბრებიც მიმდინარეობს მათ კაბინეტებში: ორი მოსკოველი ქურდის მკვლელობამ ისე დააინტერესა „ეფესბე“, რომ შემთხვევის ადგილზე თავად ბორის მალიშევი მივიდა!.. რაშია საქმე?! რა არის ეს, ქურდული „რაზბორკა“ თუ „ეფესბეს“ ოპერაცია?! ისინი ამ მიმართულებითაც იმუშავებენ!.. – თქვა გენერალმა.

– იმუშაონ, ჩვენ მაინც ვერ მოგვაბამენ ამ საქმეს, – მშვიდად უპასუხა მალიშევმა.

– ნუ აჩქარდები. ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მიმართულებით წავა ძიება! – უკმაყოფილოდ გახედა გენერალმა, – მე შენი იმედი აღარ მაქვს, ბორია!.. არ ვიცი, კიდევ სად და რაში დაუშვი შეცდომა.  შენ უკვე დაკარგე ერთი ოპერატიული აგენტი... – ჟურნალისტ გრომოვზე მომხდარი წარუმატებელი თავდასხმა გაიხსენა გენერალმა, – იმ საქმეს „მური“ იძიებს, ისევე, როგორც რიბკინის გაქრობის საქმეს. მათ ჯერ ვერ გაარკვიეს, რომ გრომოვზე თავდასხმისას დაღუპული პიროვნება შენი „ოპერი“ იყო. მაგრამ, მე კარგად ვიცი, როგორც უძღვება „მური“ თავის საქმეებს. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც „ეფესბესთვის“ კბილის გაკვრის შესაძლებლობა ეძლევა. აქამდე გიმართლებდა, შენ მიმართ არავის გამოუთქვამს პრეტენზია, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალაც ასე იქნება. შენ იმაზე ღრმად შეტოპე, ვიდრე შენი მდგომარეობის ადამიანისთვისაა დასაშვები. მე ერთხელ უკვე გაგაფრთხილე, რომ ყველა ოპერაცია ჩემთან შეგეთანხმებინა და შენ არ შეისმინე. დღეს კი პირდაპირ გიბრძანებ: არც ერთი ნაბიჯი ჩემი ნებართვის გარეშე!.. თუ ისევ არ შეისმენ, გაფრთხილებ, რომ სამხრეებთან და თანამდებობასთან ერთად, თავსაც დაკარგავ!..

– გასაგებია, – უხალისოდ ჩაილაპარაკა მალიშევმა.

– კეთილი... – განაგრძო გენერალმა, – დავუბრუნდეთ მარჩუკსა და ციგანოვს. შენი აზრით, რას უკავშირდება მათი მკვლელობა?

– თავისთავად გასაგებია, რომ ორივეს გეგეშიძემ მოუღო ბოლო! – სწრაფად უპასუხა მალიშევმა.

– შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა თუ გქონდა?

– მქონდა...  ჩემი აზრით, იქ ათიდან თხუთმეტ პიროვნებამდე მაინც იმყოფებოდა. მკვლელობის ადგილი საგანგებოდ შეარჩიეს – გზატკეცილიდან საკმაოდ მოშორებით. ახლომახლო არავინ სახლობს. ადგილმდებარეობა გაუვალია. იმ ტერიტორიაზე არათუ ღამით, დღისითაც კი იშვიათად გაივლის ვინმე. ეს ხალხი რამდენიმე მანქანით მივიდა იქ. შეგროვდნენ, ზედმეტი ხმაურის გარეშე გაისტუმრეს საიქიოს მარჩუკი და ციგანოვი, შემდეგ კი მშვიდად გაეცალნენ იქაურობას.

– ბრძოლის კვალი თუ შენიშნე? – ჰკითხა გენერალმა.

– არა, სუფთა ნამუშევარი იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მარჩუკი და ციგანოვი ვერც კი ხვდებოდნენ, რისთვის მიიყვანეს მდინარის ნაპირას. მარჩუკი ზურგში მოხვედრილი ერთი ტყვიით არის მკვდარი. ციგანოვს ერთი ტყვია ფეხში მოხვდა და ისიც ზურგიდან იყო ნასროლი, სასიკვდილო ჭრილობები კი მწოლიარეს მიაყენეს...

– ანუ...

– ვფიქრობ, რომ ისინი მიხვდნენ, რაც ელოდათ, გაქცევა სცადეს და ამ დროს ესროლეს ზურგიდან, – უპასუხა მალიშევმა.

– მანამდე კი მკვლელი ყველაფერს გამოჰკითხავდა, რაც მას აინტერესებდა.

– სავარაუდოდ, – დაეთანხმა მალიშევი.

– გამოდის, რომ მკვლელობები გაგრძელდება!.. – შენიშნა გენერალმა.

– გაგრძელდება?! – დაძაბული სახით შეხედა მალიშევმა.

– გაგრძელდება!.. და, იცი რატომ?! იმიტომ, რომ დღემდე ვერ ისწავლე საქმისთვის საჭირო ხალხის შერჩევა!.. ვიღაცის სიძეობა და ვიღაცის ძმისშვილობა საკმარისი არ არის სერიოზული თანამდებობის დასაკავებლად. მე თვითონ, შენს უშუალო ხელმძღვანელს, არ მომწონდა შენი ოპერატიულ სამმართველოში ყოფნა. შენთვის შანსის მოცემა მინდოდა. მინდოდა, დაგემტკიცებინა, რომ ტყუილად არ ტკეპნიდი სავარძელს. იმედი მქონდა, რომ, ბუნებრივი ავანტიურიზმიდან გამომდინარე, სხვა ავანტიურისტებთან საერთო ენის გამონახვას მოახერხებდი, მაგრამ, ესეც ვერ შეძელი. ნაძირლების მთელი არმიიდან, ყველაზე მაგარ კრეტინებზე შეაჩერე არჩევანი, ოპერაციის შენი ნაწილი მთლიანად ჩააფლავე და ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევაც ეჭვის ქვეშ დააყენე!..

– ასე გაღელვებთ ორი კრიმინალის სიკვდილი?! – გაიკვირვა მალიშევმა.

– არა... მე მიზეზი მაღელვებს!

– მიზეზი?! გეგეშიძე განსაკუთრებით არასდროს იწუხებდა თავს მიზეზების ძებნით. ის დიდი ხანია, ემტერებოდა მარჩუკსა და ციგანოვს. შესაფერისი დრო გამონახა და დახოცა.

– ცდები... ისევ ცდები!.. – უკმაყოფილოდ განაგრძო გენერალმა, – მაგ ორი იდიოტის დასახოცად გეგეშიძეს თხუთმეტი კაცი არ დასჭირდებოდა. ასეთ თავყრილობაში მხოლოდ ერთს – ქურდულ „სხადნიაკს“ ვხედავ!... გეთანხმები, რომ გეგეშიძეს მართლაც ექნებოდა მათი საიქიოში გამწესების სურვილი, მაგრამ, რეალური მიზეზის გარეშე ის ამას არ გააკეთებდა!.. და ეს მიზეზი შენ მიეცი!..

– მე?! – დაიბნა მალიშევი, – რას ამბობთ, ივან მიხაილოვიჩ?!

– რა იცი ქურდული თავყრილობის შესახებ, რომელიც ხარკოვში უნდა შემდგარიყო?! – მკაცრად ჰკითხა გენერალმა.

– მარჩუკსა და ციგანოვს მე ვუბრძანე, გეგეშიძეს ქურდების წრეში შეხვედროდნენ, მაგრამ, გეგეშიძემ უარი თქვა მოსკოვში ჩამოსვლაზე და ქურდები უკრაინაში მიიწვია.

– დავიწყოთ იქიდან, რომ მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც შემდეგ გეტყვი. ვის აცნობე ამის შესახებ?!

– არავის... – გაუბედავად უპასუხა მალიშევმა.

– ამას გაეცანი! – ცივად თქვა გენერალმა და მალიშევს რაღაც დოკუმენტი გაუწოდა.

მალიშევმა სწრაფად გადახედა დოკუმენტს. ეს იყო საერთო ცირკულარი – დოკუმენტი, რომელიც ერთნაირად იგზავნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და უშიშროების ფედერალურ სამსახურში. ამ დოკუმენტით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ უახლოეს მომავალში ხარკოვში უნდა შემდგარიყო კანონიერი ქურდების თავყრილობა, რომელშიც რუსეთის თხუთმეტამდე მოქალაქეს უნდა მიეღო მონაწილეობა. შემდეგ კი უკრაინის მხარე ითხოვდა ოპერატიულ ინფორმაციას – ნებისმიერ მონაცემს, რომელიც ამ შეხვედრის შესახებ გააჩნდა რუსეთს.

– რას იტყვი ამაზე? – უცვლელი ტონით განაგრძო გენერალმა, როგორც კი მალიშევმა დოკუმეტი მაგიდაზე დაუშვა.

– ვერაფერს, – მზერა აარიდა მალიშევმა.

– ბორია, მე გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ ინფორმაცია თავყრილობის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მარჩუკმა და ციგანოვმა მიაწოდეს! – გენერალმა პაუზა გაკეთა და მკაცრი ხმით ჰკითხა – იცოდა თუ არა იმ თავყრილობის შესახებ კლიმმა?!

– იცოდა... – ყრუდ ჩაილაპარაკა მალიშევმა, – მე მისი დამშვიდება მინდოდა. მინდოდა, ეგრძნო, რომ მარტო არ იყო და რომ მის ზურგს მარჩუკი და ციგანოვი იცავდნენ.

– ჩანს, კარგად ვერ დაამშვიდე, ან, არ გენდო, ან კიდევ, მარჩუკისა და ციგანოვის იმედი არ ჰქონდა... მოკლედ, კლიმმა  გააკეთა ის, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა  – ჩაუშვა!.. სხვათა შორის ის შენი შერჩეული კადრია!.. უკეთ რომ შეგესწავლა მისი დოსიე, მიხვდებოდი, რომ კლიმისნაირი  ნაბიჭვარი მხოლოდ შპანასთან დაპირისპირებაში თუ გაქაჩავდა. გეგეშიძე კი მისთვის ძალიან სერიოზული ფიგურა გამოდგა. აქედან, შედეგიც – კლიმმა შეცდომა დაუშვა. გეგეშიძე დროზე გააფრთხილეს, ამიტომ, ის აღარ დაელოდა ქურდებს და ჩავიდა მოსკოვში, სადაც მას არავინ ელოდა, რა თქმა უნდა, შენი ჩათვლით და ანგარიში გაუსწორა მარჩუკსა და ციგანოვს.

– არა მგონია, ეს ასე მნიშვნელოვანი იყოს. მარჩუკს და ციგანოვს უახლოეს მომავალში ჩავანაცვლებ. თუ საჭირო იქნება, სხვა ხალხსაც ჩავრთავ ოპერაციაში, – უპასუხა მალიშევმა.

– მუნდირის ღირსება არ გაღელვებს? მე, მაგალითად, შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი უწყების პოლკოვნიკი ვერაფერს უხერხებს რამდენიმე სახელმწიფოში ძებნილ კრიმინალს, მით უფრო, რომ ის კრიმინალი არც კი ფიქრობს დამალვას. პირიქით, თავხედურად ჩამოდის მოსკოვში და კლავს ორ ადამიანს!

– ივან მიხაილოვიჩ, ეს ბოლო წვეთი იყო. გარწმუნებთ, რომ...

– მართალი ხარ, ეს ბოლო წვეთია, მაგრამ არა შენს, არამედ, ჩემს ფიალაში. შენ ჩამოშორებული ხარ ოპერაციის ოპერატიულ ნაწილს...

– ივან მიხაილოვიჩ!.. – წყენით წამოიძახა მალიშევმა.

– ნუ მაწყვეტინებ!.. – ცივად მიუგო გენერალმა, – ჩამოშორებული ხარ და ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება, მაგრამ, მე კიდევ ერთ შანსს მოგცემ. ოპერატიული თვალსაზრისით, კლიმოვმა ყოველგვარი ღირებულება დაკარგა. ეგ იდიოტი იმასაც ვერ მიხვდა, რომ გეგეშიძის ჩაშვებით საკუთარი თავის კომპრომეტაცია მოახდინა. მაგრამ, მას მაინც შეუძლია ჩვენთვის კიდევ ერთი, ალბათ, ბოლო სამსახურის გაწევა. მე ერთობ მომაბეზრა თავი ამ თავგასული ქართველის ბოგინმა. უკვე გასაგებია, რომ უკრაინელები მას არასდროს შეაჩერებენ...

– მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას პირადად გუსმანი მფარველობს, – ჩაურთო მალიშევმა.

– დაიმახსოვრე, ბორია: გვარსა და თანამდებობას მნიშვნელობა არა აქვს. გეგეშიძე, გუსმანი – ეს ყველაფერი წარმავალია. უბრალოდ, ამქვეყნად ყოველთვის იარსებებს ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი ჩარჩოს დამსხვრევა, ნებისმიერ ზღვარზე გადაბიჯება შეეძლება და, თანაც, ამას გააზრებულად, ცივი ანგარიშით გააკეთებს. ამასთან ერთად, მუდამ იარსებებენ სხვები, რომლებსაც ასეთი ადამიანების სიახლოვე დასჭირდებათ. სამწუხაროა, მაგრამ, უნდა ვაღიარო: გული მწყდება, რომ გეგეშიძისნაირი ადამიანი  ჩვენს მხარეს არ არის და, რადგან, მან ჩვენი მოწინააღმდეგის მხარე აირჩია, ისე უნდა მივუდგეთ, როგორც მტერს!..

– გასაგებია. რა უნდა გავაკეთო? – ჰკითხა მალიშევმა.

– საუკეთესო ვარიანტია, როდესაც შენი მტერი შენს მტერს ანადგურებს. ჩვენს სიტუაციაში ეს სასურველი, მაგრამ, ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა, არსებობს სხვა ვარიანტიც – როცა შენს მტერს უკვე გამოუსადეგარი იარაღით ანადგურებ!.. კლიმოვი გადამუშავებული მასალაა, წიდაა, მას სამომავლოდ მაინც ვეღარ გამოვიყენებთ. მიმართე ის გეგეშიძის წინააღმდეგ, ოღონდ, შენი სტილით არა. ნუ დაჰპირდები საჩუქარს, თორემ, კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს. აღუთქვი ის, რასაც ის ყველაზე ძალიან უფრთხილდება – საკუთარი სიცოცხლე! – გენერალმა ცივად შეხედა მალიშევს და მერე დაამატა – მას მაინც აღარსად აქვს წასასვლელი: უკრაინაში გეგეშიძე არ მისცემს მოსვენებას, რუსეთში – ჩვენ!.. მე მგონი იმდენი გონება მაინც შერჩენია, რომ სწორად აირჩიოს მხარე!..

– თვითონ თუ არ აირჩია, მე ავარჩევინებ!.. – მუქარით ჩაილაპარაკა მალიშევმა.

– ისევ ფიცხობ, ბორია. მაგრამ ამ შემთხვევაში აღარ შეგაჩერებ. დღეს ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა: ის შენს ოჯახს დაემუქრა; იმ ოჯახს, რომელსაც შენ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ხედავ; და, ის დაემუქრა ჩემს ოჯახს, რომელსაც სამსახურში მოსვლის შემდეგ ვხედავ. ნახე, რა იოლია საერთო მიზნის აღმოჩენა? – გენერალმა საქაღალდე დახურა და მალიშევისკენ გააცურა, – ოღონდ, ამჯერად, გონიერად, ბორია. მე შენგან შედეგი მჭირდება და ახსნა განმარტების მოსმენას აღარ ვაპირებ!

* * *

გენადი მერკულოვმა ყველა თავისი ინფორმატორი საგანგებოდ გააფრთხილა, რომ ვერშინასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია პირადად მისთვის უნდა მოეხსენებინათ, თუმცა, არ დაუმატებია, კონკრეტულად რა ცნობებს ელოდა, თავად კი ათამდე მცველთან ერთად  „ვეგასში“ შეიკეტა, რათა სასიამოვნო გარემოში მიეღო სასიამოვნო ცნობები, მაგრამ...

გავიდა დღე... გავიდა მეორე და რამე ახალი არც ტიხონოვისგან ისმოდა და არც ტელევიზიისგან. არავის უხსენებია „სხადნიაკზე“ აყვანილი და  მით უმეტეს, დახოცილი კანონიერი ქურდები.

მესამე დღეს მერკულოვს მოთმინებამ უღალატა, მშობლიური „ვეგასი“ მიატოვა და  კლიმის თავშესაფარს მიაშურა.

მისდა გასაოცრად, მობილიზებით ცნობილი კლიმი უგონოდ მთვრალი დახვდა.

– ააა... მოხვედი?.. მოდი, დალიე, – თქვა კლიმმა მერკულოვის დანახვისას და მეგობარ ქალს ხელით ანიშნა, ჭიქა შეავსეო.

ქალმა ჭიქა შეავსო და მერკულოვს ახლოს მიუწია. მან ზედაც არ შეხედა ჭიქას, კლიმოვს თვალებში ჩააცქერდა და ბრაზით ჰკითხა:

– რას აკეთებ?!

– ვსვამ... – მოკლედ უპასუხა კლიმოვმა, –  და შენც იმავეს გირჩევ!

– მოშორდით აქედან!... – ბრაზით უყვირა მერკულოვმა მაგიდასთან შეგროვილებს. როგორც კი ისინი იქაურობას გაშორდნენ, სკამზე დაჯდა და კლიმოვს ჰკითხა: 

– რა ხდება?!

– რა უნდა ხდებოდეს? ვსვამთ... – უპასუხა კლიმმა.

– მაგის დრო გვაქვს?! – გაღიზიანდა მერკულოვი, – მე გადარეულივით დავრბივარ აქეთ-იქით, შენ კი სვამ!

კლიმმა ამღვრეული მზერა მოავლო დარბაზს. მერე წინ გადაიხარა, მერკულოვს თვალებში ჩახედა და უთხრა:

– იცი, რა მოხდა? 

– არა, – მხრები აიჩეჩა მერკულოვმა.

– კარგია, რომ მოხვედი. შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს...

– აქ არ გამოვა.... – მერკულოვმა ბოთლებით სავსე სუფრას მოავლო მზერა,

– გამოვა... ამას ნუ მაქცევ ყურადღებას.... კლიმმა ხელის ერთი მოსმით გადახვეტა ბოთლები მაგიდიდან, – მე შენი ყოველთვის მესმოდა – მთვრალსაც და ფხიზელსაც....

– აქ  ზედმეტი ხალხია...

– კარგი... წამოდი!.. – კლიმი ადგა და ბარბაცით წავიდა დარბაზის საპირისპირო მხარეს. მერკულოვმა უკმაყოფილო მზერა გააყოლა, შემდეგ ადგა და უკან მიჰყვა დაჯგუფების ხელმძღვანელს.

ადმინისტრატორის ოთახში არავინ იყო. კლიმი მაგიდას მიუჯდა და მერკულოვს საპირისპირო მხარეს მიუთითა – აქ დაჯექიო.

– რატომ ჩამოხვედი კიევში, ლეონიდ? ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, – წამოიწყო მერკულოვმა.

– რაღაც-რაღაცეები შეიცვალა, – საფეთქლები მოისრისა კლიმმა, – მარჩუკი და ციგანოვი დახოცეს!

– რა?! – მზერა გაეყინა მერკულოვს.

– ჰო... ორივე ერთად, მოსკოვში დახოცეს... – განაგრძო კლიმმა.

– ვინ? 

– შენით ვერ ხვდები? – უკმაყოფილოდ ახედა კლიმმა, – მაგრამ, ეს მთავარი არ არის!

– აბა, რა არის მთავარი? – ჰკითხა მერკულოვმა.

– აი, ეს... – კლიმმა ხელში კომპიუტერის გარე მეხსიერების ჩიპი შეათამაშა და შემდეგ ღვარძლით ჩაილაპარაკა: – ნაბიჭვარი!...

– ვერაფერს მივხვდი, რას გულისხმობ? – ჰკითხა მერკულოვმა.

– ნაბიჭვარ მალიშევს ჩვენი ყველა შეხვედრა გადაღებული ჰქონდა და ახლა გვევაჭრება!

– გვევაჭრება? რაზე?

– შენ რა, სულელი ხარ?!  – ბრაზით მიუგო კლიმმა, – მალიშევი გეგეშიძის თავს ითხოვს!

– რა, ადრე არ ითხოვდა? – გაუკვირდა მერკულოვს.

– შენ მართლაც სულელი ყოფილხარ. მიკვირს, აქამდე რომ არ დაგბრიდეს! – ავად წამოისროლა კლიმმა.

– საქმეზე ილაპარაკე! – ცივად შეაჩერა მერკულოვმა.

– საქმეზე.... საქმე უკვე გითხარი – გეგეშიძეა!... ნაბიჭვარი მალიშევი... ვინუჟდენში გვაგდებს!

– ეგ გასაგებია... მაგრამ, აქამდე რა იყო?!

– აქამდე პროსტო ბაზარი იყო. ჩვენ საქმიდან გასვლა შეგვეძლო. ვეტყოდით გეგეშიძეს: აღარ გვაინტერესებს ეგ საქმე, რაც იყო, იყო, ხვალიდან ყველაფერი დამთავრდაო და ამით მართლა დამთავრდებოდა ყველაფერი. ჩვენ ხარკოვში არ გვქონია საქმე და მას კიევში არ შევუწუხებივართ!.. მაგრამ, დღეს ასე აღარ არის – ვიდრე ის იცოცხლებს, ჩვენ მოსვენება არ გვექნება!..

– არ მესმის შენი, – თავი გაიქნია მერკულოვმა, – ცოტა ხნის წინ მე გირჩევდი, შევეშვათ მალიშევს და ჩვენს საქმეზე ვიფიქროთ-მეთქი, მაგრამ, შენ აიჩემე: „ბორია ვერ გაგვიგებს... ბორიასთვის სიტყვა მაქვს მიცემული!..“ რა შეიცვალა დღეს?!

– ეს!... – მალიშევმა „ფლეშკა“ შეათამაშა ხელში.

– რა არის ასეთი მაგ ფლეშკაზე? – ჰკითხა მერკულოვმა.

– ყველაფერი... ყოველი სიტყვა, რომელიც ერთმანეთისთვის გვითქვამს!

– და, რა, მაგით?! – გულგრილად ჩაილაპარაკა მერკულოვმა, – მაგით გეგეშიძეს ვერავინ გააკვირვებს. მან მაგ ფლეშკის გარეშეც იცის, რომ ძმაკაცად არასდროს მიგვაჩნდა!

– ეს გეგეშიძისთვის არ არის განკუთვნილი!... იგივე შინაარსის „ფლეშკას“ მალიშევი გუსმანს გაუგზავნის! – თქვა კლიმმა.

– არა... ამას არ იზამს! – უნებლიეთ წამოსცდა მერკულოვს, – ეს ხომ...

– ახლა, არ თქვა, გადაგდებააო! 

– ეს მალიშევსაც გაუფუჭებს საქმეს!

– ამჟამად მას მხოლოდ ერთი საქმე აქვს – გეგეშიძე! ჩვენთვის და მისთვის „ნორდსტრიმის“ ისტორია დამთავრდა!...  მალიშევს სხვა აღარაფერი აინტერესებს. გეგეშიძის თავი სინით თუ არ მივართვით, ამ მასალებს გუსმანს მიაწვდის და ამის მერე უკრაინაში აღარ გვეცხოვრება. ერთი მხრივ, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაგვძირავს, მეორე მხრივ კი გეგეშიძესთან მოგვიწევს ომი!

– ტიხონოვი? ჩვენი ხალხი? – ჰკითხა მერკულოვმა.

– ტიხონოვი... – შუბლი მოისრისა კლიმმა, – რა გითხრა შეხვედრისას?

– ტიხონოვს თავისი ინტერესები ამოძრავებს. ახალგაზრდაა, ამბიციური და მიმაჩნია, რომ გუსმანმა თავისი დრო ამოწურა... პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ, მაგრძნობინა, რომ ჩვენი იმედი აქვს...

– იმ ნაბიჭვარსაც ჩვენი ხელით უნდა თავისი პრობლემების მოგვარება! – ავად ჩაილაპარაკა კლიმმა.

– ჰო, მაგრამ, დღეს ჩვენც გვჭირდება ტიხონოვი. მისი დახმარების გარეშე ამ საქმეს ვეღარ გადავაგორებთ, – უპასუხა მერკულოვმა.

– კონკრეტულად რა უნდა?

– მომაშორეთ გუსმანი და მე ჩემი მხრივ გეგეშიძეზე ვიზრუნებო!

– მაინც, როგორ წარმოუდგენია ეგ საქმე? – ჰკითხა კლიმმა.

– თავიანთი შიდა ბაზრიდან მიამბო რაღაც-რაღაცეები. გეგეშიძესთვის გუსმანს აქვს პირობა მიცემული, რომ არავინ შეეხება, მაგრამ, ეს მხოლოდ მისი სიტყვაა. გუსმანის გარეშე, გეგეშიძეს თავისთავად მოეხსნება კრიშა, გესმის, კლიმ?! ჩვენ ხელის გასვრაც კი არ მოგვიწევს, ტიხონოვი ჩვენ გარეშე მოუყომარებს გეგეშიძეს! – თქვა მერკულოვმა.

– არ არის ცუდი იდეა, – ჩაფიქრდა კლიმი, – გეგეშიძესთან და მის სასტავთან ომს გუსმანის თავიდან მოშორება სჯობია!

– ჰო, ჯობია... იოლიცაა და იაფიც! – დაეთანხმა მერკულოვი.

– როგორ წარმოგიდგენია ეს საქმე?

– არ ღირს ამ საქმეში ჩვენი ხალხის ჩართვა. უკეთესი იქნება თუ ამის შესახებ საერთოდ არავის ეცოდინება.

– რუსეთიდან მოვიწვიოთ ხალხი?

– მოწვევა არ დაგვჭირდება, ტიხონოვი თავად გვთავაზობს ხალხს! – უპასუხა მერკულოვმა.

– ხალხს გვთავაზობს?! – გაუკვირდა კლიმს, – ვის?!

– ზუსტად არ ვიცი... კავკასიელები ახსენა, უფრო – ჩეჩნები... მითხრა, ისინი აქაურობას არ იცნობენ, თქვენ გზა-კვალის გაგნებაში დაეხმარეთ, დანარჩენს თავად მიხედავენო! 

– და, სად არის ახლა ის ხალხი? – სწრაფად ჰკითხა კლიმმა.

– ტიხონოვმა მითხრა: როცა მზად იქნებით, დამიკავშირდითო!

– და აქამდე ჩუმად ხარ? – ბრაზი მოერია კლიმს.

– რა უნდა მეთქვა?! – მხრები აიჩეჩა მერკულოვმა, – შენ ხომ თავში მხოლოდ არყის ბოთლები გიტრიალებს!

– დაურეკე! უთხარი, რომ ჩვენგან დაბროა! – სწრაფად თქვა კლიმმა და ისევ არყის ბოთლს წაეტანა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში 

 

 

скачать dle 11.3