როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ედილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ედილა.
„მისრი ედილაშვილი – სახლიკაცი მამისა ბერსინაშვილისა... კათალიკოს შიოსა და მცხეთაშვილთა თანხმობით, მან იშვილა სიძე-მღვდელი იოანე ჭარმაული, შეიყვანა მემამულედ და ჩააბარა თავისი განუყოფელი სახლი და მამული, 1442 წელს.”
ედილაშვილები დღეს ცხოვრობენ ბორჯომის ხეობასა და შიდა ქართლის სოფელ ბრეთში.
საქართველოში 452 ედილაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 240, თბილისში – 145, გორში – 17. არიან სხვაგანაც.
ნებიერიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნებიერი. ეს საკუთარი სახელი უძველესი გახლავთ და მოიხსენიება ტბეთის სულთა მატიანეში. ამავე ძირისაა გვარი ნებიერაშვილი.
ნებიერიძე სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილ გვარებს მიეკუთვნება. ნებიერ გლეხთა კატეგორია საქართველოში მეთექვსმეტე საუკუნეში მომრავლდა. ნებიერი, ანუ წყალობის ყმა, ისეთი კატეგორიაა, რომელიც ფეოდალთა შეთანხმების საფუძველზე ინარჩუნებდა გარკვეულ შეუვალობასა და უფლებებს.
ნებიერიძეები სამცხის თემიდან არიან წარმოშობით.
1846-1847 წლებში, სტეფანე ნებიერიძე, ხელმწიფის მიერ გამოცემული რესკრიპტით, ახალციხელ მოქალაქეებთან ერთად, რომლებსაც დიდი მამულები ჰქონდათ შეძენილი, ჩაირიცხა ფეოდალთა კასტაში აზნაურის წოდებით.
იონა ნებიერიძემ კი, გერბიან ქაღალდზე დაწერილი ცნობა მისი აზნაურული წოდების შესახებ პირველად მიიღო 1853 წელს და წარუდგინა ქუთაისის გუბერნატორ იზუმოვსკის, რომ, როგორც აზნაურს, ჩინის მისაღებად ეს დრო ნამსახურეობაში ჩათვლოდა.
საქართველოში 2 470 ნებიერიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 1 240, თბილისში – 640, გორში – 154. არიან სხვაგანაც.
ეპიტაშვილი
ეპიტაშვილის ადრინდელი გვარი ებიტაშვილი იყო. ებიტა მამაკაცის უძველესი ქართული სახელია. ის ბევრ ისტორიულ საბუთში გვხვდება. „ელიზბარ ქსნის ერისთავმა პაპუნა გარაყანიძეს უწყალობა სოფელი თემი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ებიტას და როინს ეკუთვნოდა”.
1963 წელს ებიტა იყო მოწმე პაპუნა ფავნელიშვილის მიერ ნიქოზის ეკლესიისთვის ბოძებული საქვრივო გლეხისა და გასამყრელო ხარის შეწირულობის წიგნისა.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ვერეში მცხოვრები გიორგი ებიტაშვილი.
ებიტაშვილები ცხოვრობდნენ შიდა ქართლში, კერძოდ, კასპსა და დუშეთის მხარეში. იქიდან რამდენიმე კომლი გარე კახეთში, კერძოდ, ნორიოსა და თელავში გადასულა, სადაც ზოგი ისევ ებიტაშვილად ჩაწერილა, ზოგი კი – ეპიტაშვილად.
საქართველოში 696 ეპიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 322, გარდაბანში – 300, გორში – 21. არიან სხვაგანაც.
მასხულია
ამ აზნაურულ საგვარეულოს ღრმა ფესვები აქვს. გვართა მკვლევრები და მათ შორის გიორგი ახვლედიანი ამ გვარს მესხეთს უკავშირებენ. ილია მაისურაძე, წიგნში „ქართული გვარ-სახელები“, წერს: „მასხულია გეგეჭკორის რაიონი და სხვა; სავარაუდოა საკუთარი სახელი მასხულ. გ. ახვლედიანი უკავშირებს მასხ, მესხ, მოსხ ეთნონიმურ ძირებს“.
იოანე ბაგრატიონი, წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა, რომლებიც შეტანილნი არიან ტრაქტატსა შინა“, წერს, რომ მასხულიები არიან „ოდიშის აზნაურნი“. სამეგრელოს სამფლობელოს სახლისადმი კუთვნილ აზნაურად არიან მოხსენიებულნი როგორც 1890 წლის 5 ივნისის, ისე 1904 წლის თავად-აზნაურთა სიაში.
„მასხულია ბაკოლია, მოწმე ბეჟან ბატონიშვილის მიერ გიორგი ასათიანისთვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1700 წელი).
„მასხულია კუირია, ლევან დადიანმა ხელმეორედ შესწირა ის შვილებით ხობის ტაძარს“ (1628-1647 წლები).
მარტვილში ცხოვრობს მასხულიათა ათი კომლი. ადგილობრივი ვარიანტია მასხუია, მასხვია. ტოპონიმი: ემასხვიე-ემასხუიე. უბანია ნოღის მარჯვენა მხარეს, მარტვილსა და ლეცაცხვაუს საზღვარზე. ნამასხვიუ-ნამასხუიე ტყე-ფერდობებია ეშაშიეში (ლეციცხვაიე). ამავე ფუძის გვარია მასხულავა, დამოწმებულია 1733 წელს შედგენილ ერთ საეკლესიო საბუთში.
1904 წელს ნახუნაოში, სერგიეთში, საჩოჩიოში, საბოკუჩაკოში, კოდორში, მარტვილში, საელიავოში, ინჩხურში, საკაჭარაოში მცხოვრები მასხულიები აზნაურები იყვნენ. ამასთანავე, კელთანაში ცხოვრობენ როგორც მასხულიები (აზნაურები), ისე მასხულაიები (ასევე აზნაურები).
საქართველოში 315 მასხულია ცხოვრობს: თბილისში – 194, ზუგდიდში – 96, მარტვილში – 25.
ლატარია
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გვარის ფუძედაა გამოყენებული ლათა. ლათა სოფელია კოდორის მარჯვენა ნაპირზე, სოხუმის სამხედრო გზაზე. ლათას მცხოვრები იქნება ლათარი. როგორც ჩანს, მომხდარა ყრუ ფშვინვიერი თ ბგერის გამკვეთრება და თ ასო ტ-ს შეუცვლია (ლათარი – ლატარი – ლატარია).
სალატარაიო – უბნებია ურთში, ნაკადუში (ბეჰეუმქურის ნაპირზე), ნარაზენში, ლარჩვაში, თორსში (თოლისქურის ნაპირებზე), გაღმა შუა ხორგაში.
„ლატარია კოჩოლას ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა“ (1621 წელი).
„ლატარია ხუხულას ემართა ცაიშის საყდრის ბეგარა“ (1616-1621 წლები).
ყველაზე გავრცელებულ ქართულ 1 000 გვართა სიაში ლატარია 353-ე ადგილზეა; ხობის რაიონში უჭირავს მეორე ადგილი, ზუგდიდის რაიონში – 39-ე. ხეთაში ლატარიების 119 კომლი ცხოვრობს, თორსა-დღვაბაში – 59, ორულუში – 31, აბასთუმანში – 28, ხობში – 19, შუა ხორგაში – 18, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი) – 11, ურთაში – 11, აბაშაში – 10, ჭიათურაში – 9, ნარაზენში – 8 და ასე შემდეგ.
საქართველოში 2 283 ლატარია ცხოვრობს: ხობში – 876, ზუგდიდში – 858, თბილისში – 209. არიან სხვაგანაც.
ჯღამაძე-ჯღამაია
გვარში ფუძედაა გამოყენებული სახელი ჯაღა და არა ჯაღამა, ჯაღადანაა ნაწარმოები გვარები: ჯღამაძე და ჯღამაია. ჯღამაძე და ჯღამაია ერთსა და იმავე გვარად ჩანან.
ჯღამაძეებს ადრე რაჭაში უცხოვრიათ. ეს გვარი ჩანს 1545 წელს, შემდეგ გადმოვიდნენ სამეგრელოში. გეჯეთში ჩანს 32 კომლი, მაისში – 7, ალერტკარში – 5 და ასე შემდეგ. ადგილობრივ მეტყველებაში ჯღამაძე ხშირად იცვლება ვარიანტით – ჯღამაია.
ჯღამაია კი გვხვდება შემდეგ სოფლებში: ხუნწში – 18, ნოსირში – 11, ახალკახათში – 5, ახალაბასთუმანში – 3, სამიქაოში – 3.
საჯღამაიო უბანია ახალკახათს, დარჩულის საზღვართან და გეჯეთში, ტეხურის მარცხენა მხარეს. 1733 წელს შედგენილ საბუთში დასახლებულნი არიან „მეჯეთს“ (გეჯეთს) მცხოვრებნი – ბაბუშია და ნანაია ჯღამია.
ჯღამა კოლხეთში გავრცელებული სახელია.
საქართველოში 822 ჯღამაძე ცხოვრობს: თბილისში – 212, სენაკში – 147, ზუგდიდში – 110. არიან სხვაგანაც.
326 ჯღამაია: ზუგდიდში – 83, მარტვილში – 63, სენაკში – 38. არიან სხვაგანაც.
თაბაგარი
თაბაგრები იმერლები არიან. 1840-იან წლებში მოიხსენიებიან სოფელ დარკვეთში, შროშაში და ასე შემდეგ. დარკვეთში არიან საბატონო გლეხები – თაბაგრები-თაბაქრები; შროშაში – სახელმწიფო გლეხები.
გვარში თაბაგარი ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი თაბა.
პირვანდელი გვარი თაბაქარი იყო. თა იყო ართრონი (წინსართი), ბაქარი – ფუძე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის თაბაგარი 378-ე ადგილზეა.
საქართველოში 2 163 თაბაგარი ცხოვრობს: ჭიათურაში – 812, თბილისში – 403, ზესტაფონში – 223. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით