გადმოდის თუ არა წინაპრების ცოდვა შთამომავლებზე და აგებენ თუ არა პასუხს შვილები და შვილიშვილები მათ ცოდვილ მდგომარეობაზე
დღეს თანამედროვე ადამიანები იმდენად ვართ საკუთარ პრობლემებზე გადართული, რომ ჩვენ გარშემო მყოფი მოყვასის ამბით, მისი განსაცდელით არ ვინტერესდებით. ხშირად გვგონია‚ რომ თვალები ფართოდ გვაქვს გახელილი, მაგრამ‚ პირიქით‚ ბევრ რამეს საერთოდ ვერ ვხედავთ, განსაკუთრებით – საკუთარ თავში; თუმცა‚ სხვების ნაკლს, მათ ჩადენილ ცოდვას ადვილად განვიკითხავთ. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– ძალიან საინტერესოა სახარების თითოეული ადგილი, სწავლება. განსაკუთრებით საინტერესოა ის მონაკვეთი, სადაც აღწერილია‚ თუ როგორ აუხილა მაცხოვარმა თვალი დაბადებიდან ბრმას. განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე, იმიტომ მოდის ამქვეყნად, რომ დაცემული აღადგინოს, ცოდვილი განწმინდოს, ბრმას თვალი აუხილოს, ყრუს სმენა დაუბრუნოს, მიცვალებული აღადგინოს, მკელობელი განმართოს – ეს არის მისი პირველი მოვალეობა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვიდა იესო ქრისტე, რომ ადამიანი გაათავისუფლოს სნეულებისგან, ცოდვებისგან, მაგრამ, იმ ხალხს‚ ვისაც ხელეწიფება და დავალებული ჰქონდა ამის გაკეთება, პირიქით‚ ეკამათებოდნენ და საყვედურობდნენ მაცხოვარს‚ თუ რატომ აღასრულა მან ეს კურნება შაბათ დღეს: შენ არ ხარ ღვთისგან‚ რადგან შაბათს არღვევო. მაცხოვარი არაერთგზის ბრძანებს: „შაბათი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის.“
– ხშირად, ვინმეს დახასიათებისას, მისი მშობლების, წინაპრების ავკარგიანობიდან გამოვდივართ ხოლმე. სახარების ამ მონაკვეთშიც ებრაელებიც ამ კითხვას სვამენ: „რატომ არის ის ბრმა, მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა?“
– როდესაც მოციქულებმა ბრმად შობილი ნახეს, მივიდნენ მაცხოვართან და ჰკითხეს: „მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა?“ ეს არის ადამიანის ცხოვრებაში უხეში ჩარევა. როგორც დღეს, თანამედროვე ადამიანებმა იციან თქმა: ნახე‚ რა ცოდვილია, იმიტომ დაიტანჯა, რომ მისმა მშობლებმა, წინაპრებმა შესცოდეს, რაღაც დანაშაული ჩაიდინეს, ცუდი ადამიანები იყვნენო – და მაშინვე ვიქექებით მის ცხოვრებაში, რაც ყოვლად დაუშვებელია. წარმოიდგინეთ‚ ადამიანი იშვა ბრმად და, როგორ შეიძლება, ის, ბრმადშობილი, დაბადებიდანვე ცოდვილი იყოს?! ებრაელებიდან მოდის ასეთი ანდაზა: „პაპამ ტყემალი ჭამა და შვილიშვილს კბილები მოეჭრაო“. იერემია წინასწარმეტყველი ბრძანებს: მე ვფიცავ (ამბობს უფალი)‚ ამ ანდაზას თქვენ არასდროს აღარ იტყვით. ეს არის უსამართლობა. თუ პაპა, ბებია ან მისი წინაპარი იყო ღვთისმგმობელი, ათეისტი, ცოდვილი, შვილიშვილი კი კარგი ადამიანია, ბუნებრივია‚ მას წინაპრების გამო პასუხი არ მოეთხოვება. მაგრამ‚ თუ კვიცი გვარზე დაიწყებს ხტომას, მაშინ ის თავის საქციელზე თავადვე აგებს პასუხს. ძველ აღთქმაში კარგად ბრძანებს უფალი მოსეს პირით: „მე შვილებს აღარ მოვკითხავ მამების ცოდვებს.“ თუმცა‚ ერთგან ამბობს: „მე მოვკითხავ მამებისა და პაპების სისხლს შვილებს.“ ეს ადგილები ბიბლიაში, თითქოს, ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამიტომ, კარგად უნდა გავიგოთ‚ სად ლაპარაკობს ამაზე უფალი, წმიდა წერილის რომელი მონაკვეთია. მაცხოვარი ამას ამბობს მაშინ, როდესაც მოსეს ებრაელები გამოჰყავს ეგვიპტის მონობიდან. თუ გამოყვანილი ხალხი, მათი შვილები და შვილიშვილები იმავეს გააკეთებენ, მაშინ მათაც მოეკითხებათ პასუხი. მაგრამ‚ თუ ისინი იმავეს არ გააკეთებენ, მათ პასუხი არ მოეთხოვებათ. სამწუხაროდ‚ ძველ აღთქმაში‚ ებრაული სწავლებით, რომელსაც ინდუიზმსა და ბუდიზმში რეინკარნაცია ჰქვია, ადამიანის სული წინასწარ არსებობს და შემდეგში ის უნდა მოვიდეს, როცა ორი ადამიანის შეჯვარებით შეიქმნება ნაყოფი. მაგალითად‚ ბუდიზმი ქადაგებს: თუ გარდაცვლილი ადამიანი ცუდი იყო, მისი სული მეორედ უკვე დაიბადება დათვში, ბაყაყში, გველში და ასე შემდეგ. ამიტომ, ებრაელები ფიქრობენ, რომ, ის ადამიანი, რომელიც ბრმად დაიბადა‚ ალბათ‚ ადრე, სხვა ცხოვრებაში, ცუდი ადამიანი იყო, ან, ცუდი ადამიანები იყვნენ მისი წინაპრები. რა თქმა უნდა‚ ეს არ არის ეკლესიური, არ არის ღვთაებრივი სწავლება. ესაია მკაცრად ბრძანებს: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით.“ დღესაც ზუსტად ასეთი მდგომარეობაა: ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხედავენ, თვალები ღია აქვთ, მაგრამ‚ სინამდვილეში‚ თვალები დახუჭული აქვთ და სასმენელიც დახშული. მადლობა ღმერთს, რომ გაგვაჩნია თვალის ჩინი, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. თქვენ გსმენიათ ასეთი სიტყვები: სულიერი ხედვა, სულიერი მოძღვარი, სულიერი პიროვნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, სულიერი მოძღვარი იქნება ის თუ მრევლი, სულიერ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს. ანუ მასზე უნდა იყოს სულიწმიდა და ცხოვრებაში უნდა მოქმედებდეს სულიწმიდის ნიჭებით.
– როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი სულიერი ცხოვრებით, როგორ უნდა მოიპოვოს მან სულიერი მადლი?
– ადამიანები, რომლებიც დადიან ეკლესიაში, ხშირად ამბობენ: „ვიყავი წირვაზე, მადლი მივიღე, რა კარგი ქადაგება იყო, კარგი სიტუაცია, ჩემი სულიერი და-ძმა ვნახე“... როდესაც ამბობ, რომ სულიერი მადლი მიიღე, ჯერ უნდა იცოდე‚ რა არის მადლი და, თუ იცი და ისე მიიღე, მაშ, რატომ ხარ დაბრმავებული და ვერაფერს ხედავ?! მადლი – ეს არის ღვთის უქმნელი ენერგია. ღმერთს მადლი არ შეუქმნია, ეს ღვთისგან გამომდინარეა. მადლი რომ მივიღოთ, ამიტომ ვმარხულობთ, ვლოცულობთ, მოვდივართ ეკლესიაში, ვისმენთ ქადაგებას, ვკითხულობთ წმიდა წერილს. თუ გვინდა, რომ აგვეხილოს თვალი, მადლი უნდა მივიღოთ ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით. თუ მივიღებთ მადლს, მაშინ, ადამიანს უნდა გააჩნდეს სამი ხედვა: 1. ღვთაებრივი სამყაროს ხილვა. რა თქმა უნდა‚ ამაში არ უნდა წარმოვიდგინოთ ანგელოზების გალობა, წმიდანების გვერდით ყოფნა – ეს ხიბლის მდგომარეობაა და ამიტომაც დაბრკოლდა ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის‚ სასულიერო პირები – როდესაც ისინი კითხულობდნენ კვერექსს, სახარებას, თავი წარმოედგინათ სამარიაში, ნაზარეთში, ზოგს სამოთხეში და ეს უკვე ხიბლია. სამყაროს წარმოდგენა არ არის ხილული, არ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ მის გვერდით პავლე მოციქული დგას ან იოანე ოქროპირი, პირიქით‚ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ყველაფერი ხილული და უხილავი‚ რაც კი არსებობს, შექმნილია ღმერთის მიერ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: ღვთაებრივი, უხილავი ძალა ქმნილებათა ნახვით შეიცნობა. ჩვენ ღმერთი არ გვინახავს, მაგრამ‚ როცა ვხედავთ მზის ამოსვლას, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ, ერთმანეთი გვიყვარს, ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთაებრივ სამყაროს ვხედავთ. თუ შენ ხედავ ღვთაებრივ სამყაროს, მეორე‚ რაც უნდა დაინახო, ეს არის შენი შინაგანი მდგომარეობა, უნდა მიხვდე, რომ შენ ამ ღვთაებრივი სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი ხარ. ამიტომ‚ ყველამ საკუთარ თავში უნდა დაინახოს ცოდვილი, რადგან, ჩვენშიც არის ის ცოდვები, რომლებიც სხვაში არ მოგვწონს, იგივე მრუშობა, მამათმავლობა... ყველა ცოდვა შეიძლება იყოს ყველა ადამიანში. ასე რომ‚ სხვების განკითხვას, ჯობია‚ საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი მდგომარეობა დავინახოთ, სხვების სულში ხელების ფათურს კი – საკუთარ სულში ვაფათუროთ და აუცილებლად დავინახავთ სიბნელეს. ყველამ კარგად იცით, რომ წმიდა ილია მართლის ცნობილი ნაწარმოები, „კაცია-ადამიანი?!“ იწყება შესავლით, რომელიც შემდეგ კომუნისტებმა ამოიღეს: ლუარსაბი დიდ წუმპეშია და იქიდან ის ილიას ამოჰყავს. ლუარსაბი ეჩხუბება: რატომ გამომიყვანე, მე ამ წუმპეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდიო. როცა მოძღვარი ქადაგებს, მას უნდა‚ რომ ბევრი ადამიანი ამოიყვანოს ამ წუმპიდან, მაგრამ, ამის გამო ბევრიც გვაგინებს, რადგან, მღვდელი სიმართლეს ამბობს, რაც ბევრს არ მოსწონს და ამიტომაც განიკითხავენ მღვდელს, პატრიარქს. მესამე‚ რაც უნდა დავინახოთ‚ ეს არის ჩვენ გარშემო არსებული გარემო. პირადად მე, ხანდახან მეკითხებიან: „მამაო, ჩემ გარშემო ამდენი მათხოვარია, რომელ ერთს დავეხმარო?“ ამაზე კარგი პასუხია ძველ აღთქმაში, სიბრძნე ზირაქისაში: გაიოფლოს მოწყალება თქვენს ხელში, სანამ არ გაიგებ, ვის აძლევ მას; ანუ‚ თქვენ გარშემო ძალიან ბევრი გაჭირვებულია, მაგრამ, ვის როგორ დაეხმარო‚ ამაზე უნდა იფიქრო და კარგად დააკვირდე. შენ საზოგადოებრივი არსება ხარ, ამიტომ, უნდა გიყვარდეს შენი მოყვასი, ხანდახან უნდა გაჩერდე და შენს სულიერ ძმას, დას უნდა ჰკითხო: „რატომ გამოიყურები ასე, რატომ გაქვს თვალები ნამტირალევი, რატომ ხარ ასეთი გამხდარი ან მსუქანი?“ უნდა გაწუხებდეს შენ გარშემო მყოფი ადამიანების სატკივარი. თუ მოდიხარ ეკლესიაში‚ ეზიარები და ისე გარბიხარ, არავის აქცევ ყურადღებას, ესე იგი‚ ეგოისტი ადამიანი ხარ და ვერ მიიღებ მადლს. მადლი ყველასია და, ვინ როგორ იღებს მას, ეს არის მნიშვნელოვანი. ხშირად‚ სხვა ეკლესიაში რომ მიხვალ‚ თავი უცხო გგონია, რადგან, არავინ ზედ არ გიყურებს, არ გესალმებიან, არ გაგიცინებენ. ეს უკვე სექტაა, როცა გეუბნებიან: „საიდან ხარ, აქ რატომ მოხვედი?“ იმის ნაცვლად, რომ გითხრან: „რა კარგია, რომ მოხვედი!“ როგორც კი დაინახავ უცხო ადამიანს, გაჭირვებული იქნება ის თუ მდიდარი, ყველას ერთნაირად უნდა მოეფერო. უნდა იყოთ თბილები, მოსიყვარულეები, თავმდაბლები; შეიძლება‚ გული გიტიროდეთ, მაგრამ, გულით უნდა გაიცინოთ, სხვას არ უნდა მოახვიოთ თქვენი პრობლემები, უნდა გაინტერესებდეთ‚ თქვენ ირგვლივ როგორ ცხოვრობს ხალხი, რადგან, შეიძლება‚ ხვალ თავად აღმოჩნდეთ მის მდგომარეობაში და არავინ მოგაქციოთ ყურადღება. ამიტომ, არ უნდა ვიყოთ ბრმები და ღმერთს ლოცვაში ვთხოვოთ, აგვიხილოს თვალი.