მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რით დასტურდება, რომ უფალი ჩვენს ყოველგვარ ჩანაფიქრს იგებს და არც ერთი ჩვენი განზრახვა არ გამოეპარება?
პასუხი: ის, რომ უფალმა, როგორც ყოვლისმცოდნემ, იცის ყოველი ჩვენი იდუმალი განზრახვა, დასტურდება ჩვენივე სინდისით. ამიტომ, როცა კეთილ საქმეს ჩავდივართ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, ხოლო, როდესაც უკეთურებას ჩავიდენთ – სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ, იმის გამო, რომ უფლის მცნებას გადავუხვიეთ და სასჯელს ვერ ავცდებით.
კითხვა: მიჭირს ჩემი მტრის შეყვარება, უფრო მეტიც, ეს შეუძლებლად მიმაჩნია. უფალი კი მოგვიწოდებს: „გიყვარდეს მტერი შენი!“ როგორ განვახორციელოთ ეს მოწოდება რეალურ ცხოვრებაში?
პასუხი: მტრისადმი სიყვარული ჩვენ შემდეგნაირად უნდა გამოვავლინოთ: ვაპატიოთ მათ წრფელი გულით, დავეხმაროთ გაჭირვებაში თუ ეს საჭირო იქნება და ვილოცოთ მათთვის.
კითხვა: სასუფეველში ყოველი ადამიანის სული ერთნაირად განიცდის ნეტარებას?
პასუხი: ადამიანებს ნეტარების სხვადასხვა ხარისხი ექნებათ იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ეკიდებოდა ამქვეყნად რწმენას, სიყვარულსა და კეთილ საქმეებს.
კითხვა: ცოდვას ჩავდივარ თუ არა, როცა ჩემზე ბევრად უფროს ადამიანს მკაცრად მოვექცევი, თუკი ის ამას იმსახურებს?
პასუხი: ასაკით და წოდებით უფროსს (სასულიერო იქნება ის თუ საერო), პატივისცემით უნდა მოექცეთ, ისევე, როგორც ზნეობრივ ოჯახში ექცევიან ოჯახის უფროსს. ალბათ, შეგინიშნავთ, რომ სადაც ეს წესია დამკვიდრებული, ის ოჯახი პატივსაცემი და ღირსეულია. გარდა იმისა, რომ უფროსის პატივისცემა ტრადიციაა, ბუნებისა და სიცოცხლის კანონიც არის, რომელიც თვით მხეცებშიც მოქმედებს და როდესაც ამას ვეწინააღმდეგებით, ღვთის განჩინებას უარვყოფთ.