რომელი საგნები ისწავლებოდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში და რა როლი მიუძღვის მის დაარსებაში მთავარმართებელ პავლე ციციანოვს
რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ეს იყო პირველი და ერთადერთი ვაჟთა საერო საშუალო სასწავლებელი რუსეთის იმპერიის ნაწილად ასოცირებულ საქართველოში. გიმნაზიის არსებობის ისტორიას, შესაბამისი ფოტომასალის თანხლებით, „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი
პირველი და უძველესი საერთო საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში მეცხრამეტე საუკუნის პირველ წლებში, რუსეთის იმპერიასთან შეერთებისთანავე გაჩნდა. 1803 წლის 24 იანვარს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გამოსცა „სახალხო განათლების პირველადი წესდება”, რომლის თანახმად, იმპერიის ტერიტორიაზე ფრანგული ლიცეუმების მაგალითზე უნდა შექმნილიყო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა ძირითადი ფუნქცია რუსული ენის შესწავლას ემსახურებოდა. პირველი მცდელობა, საყოველთაო გაეხადათ საქართველოში რუსული ენა, იყო 1802 წელს გახსნილი ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებელი, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულად წარმოებდა, მასწავლებლებად კი კანცელარიის რუსი მოხელეები იყვნენ მოწვეულნი. რუსულენოვანი სასწავლებელი უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვის, რის გამოც სკოლამ არსებობა მალევე შეწყვიტა. მაგრამ, 1804 წელს, მთავარმართებელ პავლე ციციანოვის (ციციშვილის) ინიციატივით, ის კვლავ აღადგინეს და მას „კეთილშობილთა სასწავლებელი” უწოდეს. კეთილშობილთა სასწავლებელი 26 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ერთადერთი საერო სკოლა იყო. სასწავლებლის ერთ-ერთ პირველ დირექტორად დაინიშნა განსაკუთრებული ღირსებებით შემკული პიროვნება – ალექსი პეტრიაშვილი. მან ბევრი გააკეთა სკოლისთვის. პირველმა დირექტორმა, მთავარმართებელ ციციანოვის დახმარებით, შეძლო სასწავლებელში ღირსეული პედაგოგების მოწვევა, საჭირო ლიტერატურითა და ინვენტარით უზრუნველყოფა, სწავლების დონის ამაღლება. მან კეთილშობილთა სასწავლებელს ავტორიტეტი შესძინა. მდგომარეობა შეიცვალა ახალი მთავარმართებლის, ალექსანდრე ტორმასოვის დროს: მან განიზრახა კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო სკოლად გარდაქმნა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა ალექსი პეტრიაშვილი, თუმცა მისი წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში უშედეგო იყო და, ამიტომ, 1810 წელს მან უარი თქვა სასწავლებლის დირექტორის თანამდებობაზე. პეტრიაშვილის შემდეგ სკოლა თანდათან კარგავდა რუდუნებით მოპოვებულ სახელს, ეცემოდა დისციპლინა. შექმნილ რთულ ვითარებას წარმატებით გაართვა თავი და დახურვის პირას მისული სასწავლებელი განსაცდელისგან იხსნა ახალმა დირექტორმა – ფიოდორ ბუკრიბსკიმ. ტორმასოვის გეგმა კეთილშობილთა სასწავლებლის სამხედრო სასწავლებლად გადაქცევის შესახებ არ განხორციელდა, თუმცა, სასწავლო საგნებს დაემატა რამდენიმე სამხედრო დისციპლინა. 1820 წლისთვის სკოლაში ისწავლებოდა: საღვთო რჯული, რუსული, ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ლათინური და გერმანული ენები, არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, მსოფლიოს, რუსეთისა და საქართველოს ისტორია, საყოველთაო და რუსეთის გეოგრაფია, ხაზვა და ხატვა. კეთილშობილთა სასწავლებელში თავდაპირველად საგნებს ჯერ ქართულ ენაზე ასწავლიდნენ ბავშვებს, ხოლო შემდეგ იმავე საკითხზე რუსულად უტარებდნენ გაკვეთილებს. ქართული ენის ცოდნა სავალდებულო იყო რუსი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, ხოლო ქართული ენის სწავლების შეზღუდვა გიმნაზიაში მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებიდან დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. მანამდე სასწავლებელი ორკლასიანი იყო, 1823 წლიდან კი უკვე ექვსკლასიანი გახდა და სასწავლო გეგმით გიმნაზიის როლს ასრულებდა საქართველოში. სასწავლებელში მოსწავლეებს იღებდნენ მისაღები გამოცდებით, კლასიდან კლასში გადასასვლელად ტარდებოდა გადასაყვანი ღია, წერითი გამოცდა. სასწავლო წლის ბოლოს იმართებოდა საჯარო, ღია გაკვეთილები, რომელსაც ესწრებოდნენ მთავარმართებელი, საქართველოს ეგზარქოსი, გუბერნატორი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში გიმნაზიაში მოღვაწეობდნენ ქართული ეროვნულობისთვის მებრძოლნი: სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით კეთილშობილთა სასწავლებლის გიმნაზიად გამოცხადებაში. 1825-31 წლებში მიმდინარეობდა გიმნაზიის შენობის მშენებლობა თბილისის მთავარი ქუჩის, მაშინდელი გოლოვინის (ამჟამინდელი რუსთაველის) პროსპექტის ცენტრალურ ნაწილში, მთავარმართებლის სასახლის გვერდით. შენობა უზრუნველყოფილი იყო კარგი ავეჯით, კეთილმოწყობილი სასწავლო კაბინეტებით. 1869 წელს ჩატარდა შენობის რეკონსტრუქცია. პროექტი არქიტექტორმა ჩიჟოვმა შეადგინა. ფასადების გაფორმება თბილისში მოღვაწე ცნობილი არქიტექტორის, ოტო სიმონსონის პროექტით შესრულდა. სადაც ახლა ილიასა და აკაკის ძეგლი დგას, იყო პატარა ეზო, სპორტული დარბაზითა და ყრუ კედლით ქუჩის მხარეს. საქართველოს გასაბჭოების წლებში ამ ადგილზე ერთსართულიანი საბავშვო უნივერმაღი ააშენეს, რომელსაც თბილისელები „პასაჟს” უწოდებდნენ. რუსთაველის გამზირის ეს ადგილი, ფაქტობრივად, გადახურული ტროტუარი იყო და ბერიას მოედნისკენ (ამჟამინდელი თავისუფლების მოედნის) მიმავალი თბილისელები ძალაუნებურად შედიოდნენ ამ პასაჟში, სადაც ძირითადად ქსოვილები და სხვადასხვა საგალანტერიო საქონელი იყიდებოდა. „პასაჟი“ 1950-იან წლებში დაანგრიეს, ხოლო 1958 წლის ოქტომბერში, თბილისის 1 500 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო დღეს, ამ ადგილას ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი გაიხსნა, რომლის ავტორები მოქანდაკეები ვ. თოფურიძე და მიქატაძე არიან.
მეოცე საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში, საქართველოში და, კერძოდ, თბილისში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში, პირველი სკოლის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და თითქმის მთლიანად დაიწვა. იმ პერიოდში განადგურდა უამრავი ისტორიული ნივთი და ძეგლი. აღდგენილი სკოლის შენობა გაიხსნა 1995 წლის 1 სექტემბერს, ხოლო 2011 წლიდან პირველ სკოლას დაუბრუნდა ისტორიული სახელი – „თბილისის კლასიკური გიმნაზია.”
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: ნ. პაპავა, ლ. შეწირული „თბილისის პირველი გიმნაზია” (თბილისი, 1979).