ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ასაკიდან იწყება პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის 16 წლის ასაკს მიღწეულ პირებს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გაუფრთხილებლობით ჩადენა და რა შემთხვევაში ჩაითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაითვლება გაუფრთხილებლობით ჩადენილად, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ, ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა, უნდა გაეთვალისწინებინა ისინი.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და მაინც სურდა მათი ჩადენა ან შეგნებულად უშვებდა მათ.
კითხვა: ნარკოტიკების მოხმარებისათვის ჩამორთმეული მაქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მაინტერესებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩემს ქმედებას, აკრძალვის მიუხედავად, რომ დავჯდე მანქანის საჭესთან?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ციხეში პატიმართან ხანმოკლე ვიზიტისას რამდენ პირს შეუძლია ერთდროულად შესვლა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პატიმართან ხანმოკლე პაემანზე შესაძლებელია, ერთდროულად შევიდეს მხოლოდ 2 სრულწლოვანი და 2 არასრულწლოვანი ვიზიტორი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორია ქრთამის მიცემის დანაშაულის ფორმულირება და რატომ არ სჯიან ხოლმე ქრთამის მიმცემს მაშინ, როდესაც ქრთამის ამღები სასტიკად ისჯება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ქრთამის მიცემა გულისხმობს მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირებას, შეთავაზებას ან მინიჭებას მოხელის, მასთან გათანაბრებული პირის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად; აგრეთვე, განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. აღსანიშნავია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ქრთამის მიმცემი, თუ მას ქრთამი გამოსძალეს ან თუ მან ქრთამის მიცემის შესახებ ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის დანაშაულს წარმოადგენს, როდესაც მოხელე, თანამდებობის პირი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განზრახ აკეთებს ოფიციალურ დოკუმენტში ყალბ ჩანაწერს, რათა აიცილოს პასუხისმგებლობა ან მოიპოვოს უპირატესობა კოლეგებთან მიმართებაში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სამსახურებრივ სიყალბეს, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანას ოფიციალურ დოკუმენტში ან დავთარში, ანდა, ყალბი დოკუმენტის შედგენას ან გაცემას, აგრეთვე, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბებას, ჩადენილს ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც აშკარად უკანონო გადაწყვეტილებები გამოიტანეს და ამის გამო ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში აღმოჩნდნენ ციხეში გამოკეტილი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ის მოსამართლეები, რომლებმაც აშკარა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენები და გადაწყვეტილებები გამოიტანეს, პასუხს აგებენ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი გულგრილობისთვის. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება არის მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით, ასევე 3 წლამდე; ხოლო, სამსახურებრივი გულგრილობაა, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაშია სასამართლო ვალდებული, მხარეს ჩააბაროს განაჩენის ასლი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანიდან 3 დღის ვადაში მსჯავრდებულს, მის ადვოკატსა და პროკურორს გადაეცემა განაჩენის დამოწმებული ასლები.