გამთბარ-განათებულნი
და გაგრილებისთვის შეუფერებლები
მართალია, ნათქვამია, რაც ღმერთმა შეაერთა, კაცმა ვერ გაყოსო და, ისიც ფაქტია, რომ თბილისის მერია ღმერთი არ არის, საკრებულო მაინც არ აპირებს, გაყაროს ის, რაც ერთხელ უკვე შეაერთა.
ერთი სიტყვით, აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, დედაქალაქის საკრებულო სხვადასხვა მოდელზე მსჯელობს, როგორც თავად ამბობენ, იმ მოტივით, რომ მოსახლეობას კომუნალური გადასახდელების ტვირთი შეუმსუბუქოს (ნეტავ, ვინ აძალებდა წელიწად-ნახევრის წინათ, რომ დაემძიმებინათ?!) და მერე რა, რომ არანაირი მოდელი არ სჭირდება იმის დათვლას, რა უჯდება დედაქალაქის დასუფთავება მოსახლეობის ოდენობაზე გადაანგარიშებით?! როგორც უნდა იყოს, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საკრებულოელებმა გამოსავალი მოძებნეს (თანაც ისე, რომ შუქი ნაგავს მაინც არ გაჰყარეს): ზამთრის პერიოდში, 5 თვის განმავლობაში (ისე, კალენდრით, ზამთარი რომ 3 თვეს გრძელდება?!), თბილისელები მოხმარებული ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიაზე ნაგვისთვის არა 5, არამედ 2,5 თეთრს გადაიხდიან.
საკრებულოელმა ნაციონალმა კოკი იონათამიშვილმა (თავის დროზე მკერდით რომ იცავდა შუქ-ნაგვის 5-თეთრიან სიყვარულს) ბრძანა, რომ, რაკი ხელისუფლებაში ვერ მოვიდა და „ნაცმოძრაობა“ თავის დაპირებას ვეღარ შეასრულებს, ანუ ვაუჩერებს ვერ დაარიგებს (აი, იმას, თვეში 20 ლარს რომ გვპირდებოდნენ), ზამთარში ნაგვის ფასი დაიკლებს. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ვაუჩერები ბიუჯეტს უნდა გაეცა და კომუნალური გადასახდელებიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო, ცოტა არ იყოს, გაუგებარია გაზრდილი ტარიფების ფონზე ვაუჩერის დარიგება (რა თქმა უნდა, მოქმედების პრინციპი თხა ვიყიდე, თხა გავყიდე რომ არ ყოფილიყო).
მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე დიდი ალბათობით, 5 თვის განმავლობაში დედაქალაქის მესვეურები ნაგვის ტარიფს შეგვიმსუბუქებენ. აშკარაა, ზამთრის პერიოდი იმიტომაც შეირჩა, რომ სიცივეში ელექტროენერგია გათბობის მიზნითაც იხარჯება. ოღონდ, თუ გავისხენებთ, რომ ზაფხულში ელექტროენერგია გაგრილების მიზნითაც იხარჯება, გამოდის, რომ საკრებულოს „ნაცუმრავლესობას“ თბილისელები ჯერჯერობით გაგრილების ღირსად არ მიაჩნია?!
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყანაში, ზოგადად, ტარიფებმა უნდა დაიკლოს, მათ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შუქსა და ნაგავს), მიუხედავად მერიის მცდელობისა, ერთად ყოფნა მაინც აღარ უწერიათ.