კონსტრუქციულობის ექსკლუზივი
იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის სასესიო დარბაზს მიღმა დარჩნენ, ყოველ შემთხვევაში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ისინი (მთლად წინანდებურადაც ვერა, მაგრამ) მაინც აქტიურობენ. ან კი როგორ არ იაქტიურებენ, როდესაც ბოლო ოთხი წელია, „ნაცმოძრაობის“ „კონსტრუქციული ოპოზიციის“ სტატუსი ჰქონდათ მორგებული. მაგრამ, რადგანაც „დრონი მეფობენ“, რეალობა შეიცვალა (იმ მარტივი მიზეზით, რომ ყოფილმა უმრავლესობამ უმცირესობაში გადაინაცვლა). ჰოდა, რაკი შეიცვალა, კონკურენტები ქდმ-საც გამოუჩნდნენ. მაგალითად, ქდმ-ელი გიორგი ახვლედიანი შენიშნავს, რომ „დღევანდელი ხელისუფლება და ოპოზიცია კონსტრუქციულობის სიმბოლოებად გადაიქცნენ“.
თითქოს ეს ცუდი არც უნდა იყოს (არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ, რაც დრო გადის, თავდაპირველად, უმცირესობის მიერ გაცხადებული კონსტრუქციულობა ჰორიზონტის თვისებებს იძენს: რაც უფრო უახლოვდები, უფრო გშორდება), თუმცა, ბ-ნი ახვლედიანი მაინც ხედავს ბნელ მხარეებს.
მოვიხმობ ციტატას: „ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ, კონსტრუქციულობას მიუღებლად მიიჩნევდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დალაპარაკებას სამშობლოს ღალატად აღიქვამდნენ, დღეს კონსტრუქციულობის სიმბოლოები არიან, რის გამოც, ოთხი წლის განმავლობაში „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ ბოძზე აცვამდნენ – როგორ ბედავს და ქართულ რეალობაში კონსტრუქციულ რეალობას როგორ ამკვიდრებსო“.
მაგრამ, რაკი ნათქვამია, „რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გავუადვილო“, სავარაუდოდ, ქდმ-ელებს იმით მოუწევთ თავის დამშვიდება, რომ გზა ნაცმოძრაობელ კოლეგებს მოუსუფთავეს, რომლებიც, ამ ექსკლუზივს, მართალია, ჯერ მთლად ვერა, მაგრამ, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ მალე ჩამოართმევენ და, ბოლოს და ბოლოს, ის ურჩევნია მამულსა, წინა კონსტრუქციული ოპოზიცია სჯობდეს ახალსა!