რა არჩევნის წინაშე არ აყენებს ნუკი ყარალაშვილს კალათბურთელი შეყვარებული და რატომ აქვს მას მოდის ქალაქში „მწვანე შუქი“ ანთებული
მოდელი ნუკი ყარალაშვილი თებერვლიდან მილანში ცხოვრობს და აქტიურ სამოდელო საქმიანობას ეწევა. ამ ხნის განმავლობაში ნუკიმ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა და, როგორც თავად ამბობს‚ „მილანში“ უკვე „მწვანე შუქი“ აქვს ანთებული. ნუკი ჯერჯერობით არ აპირებს უცხოეთში წასვლას, რადგან, სურს, სწავლას მიხედოს – უნივერსიტეტი დაამთავროს და დიპლომი აიღოს, შემდეგ კი ისევ განაგრძობს სამოდელო კარიერას უცხოეთში.
ნუკი ყარალაშვილი: მთლიანობაში‚ მილანში ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდი, თუმცა‚ მივდიოდი და მოვდიოდი, რადგან, ვსწავლობ და, ჩამოვდიოდი, რომ გამოცდები ჩამებარებინა. მილანში‚ როგორც იტყვიან‚ ვირივით ვმუშაობდი, ძალიან ვიყავი დატვირთული. პირველად ზამთარში ჩავედი. როგორც კი მივედი სააგენტოში, მაშინვე მომცეს რუკა, მეტროს ბილეთი და გამიშვეს ქასთინგზე. წავედი, ოღონდ, როგორ ვიპოვე ის ქუჩა, სადაც გამგზავნეს, რა გავაკეთე‚ ახლა საერთოდ აღარ მახსოვს, თუმცა‚ ძალიან ვინერვიულე, უბრალოდ‚ ყურადღებით ვიყავი. მადლობა ღმერთს, რომ კარგი ორიენტაცია მაქვს და არ დავიკარგე. არც დამგვიანებია, რადგან, ორი საათით ადრე გავედი. თავიდან რუკას ვიყენებდი, მაგრამ, მეორე წასვლაზე აღარ დამჭირვებია – მილანის ძირითადი ქუჩები უკვე ზეპირად ვიცოდი.
– მილანში სამოდელო სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მიუხედავად ამისა, როგორც მივხვდი, საკმაოდ დატვირთული იყავი და ხშირად გქონდა სამუშაოები.
– დიახ, მილანში, პარიზში, ნიუ-იორკში, ტოკიოში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. მიუხედავად ამისა‚ მაინც მქონდა ბევრი სამუშაო. თავიდან სამი დღის განმავლობაში დავდიოდი ქასთინგებზე, დღეში დაახლოებით 3-4 ქასთინგი მქონდა. ვაკვირდებოდი გოგონებს, ზოგი მუშაობდა, ზოგი – არა. მეხუთე დღე იყო, სააგენტოდან რომ დამირეკეს: ანტონიო მარასს მოეწონე და თავის შოუ-რუმზე დაგამტკიცაო. აზრზე არ ვიყავი‚ რა ხდებოდა შოუ-რუმებზე, რა უნდა გამეკეთებინა, რადგან, მანამდე ამ კუთხით გამოცდილება არ მქონია. წავედი სამუშაოზე გაღიმებული, გაცინებული. თან‚ ბუქერმა გამაფრთხილა: მაგათ ჰგონიათ, რომ გამოცდილი მოდელი ხარ და, აბა‚ შენ იციო. როგორც მითხრეს, ქასთინგზე ჩემი სიარული და ხასიათი მოეწონათ, რადგან, ისეთი გაღიმებული შევედი‚ გადმოვყარე ჩემი კბილები: „გამარჯობა, ბონჯორნო, ამორე“... – მოკლედ‚ ყველაფერი გავაკეთე და მიმიღეს. ერთი სიტყვით‚ შოუ-რუმზე უცებ მოვერგე სიტუაციას და 25 დღის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავე. მაგრამ‚ ბოლოს უკვე გავგიჟდი: აქ რა მინდოდა, ქასთინგებზე გამიშვით-მეთქი. ივლისში, როცა მეორედ წავედი მილანში, მაშინაც‚ უკვე დამტკიცებული ვიყავი მათ შოუ-რუმზე. გარდა ამისა‚ რომშიც ვიყავი „ფეშენ-ვიქზე“ – რაფაელა კურიელის, ჯადა კურტისა და სხვა დიზაინერების ჩვენებებში მივიღე მონაწილეობა და ჩემთვის ესეც ერთ-ერთი დიდი გამოცდილება იყო. ასევე‚ ივლისში დონა კარანმა დამამტკიცა შოუ-რუმზე და სექტემბერშიც ვიმუშავე მასთან, როგორ მარასთან და კავალისთან.
– 25-დღიან შოუ-რუმზე მუშაობა არ იქნებოდა ადვილი.
– ძალიან რთული იყო. დღეში დაახლოებით 200-300 კაბა უნდა გამოიცვალო, თან‚ სულ გაღიმებული უნდა იყო. წარმოიდგინეთ, ჩემთვისაც კი ძნელი იყო ამდენ ხანს გაღიმებული და კარგ ხასიათზე ყოფნა, რადგან, ბოლოს თავს რობოტად ვგრძნობდი – გამიშვით-მეთქი. იტალიაში არ უყვართ ბუ, ანუ, მუნჯი გოგონები, გაოცებული სახით რომ სხედან. პირიქით‚ მოსწონთ კონტაქტური, ხალისიანი, ენერგიული ადამიანები, ბევრ თემაზე საუბარი რომ შეუძლიათ. ამ მხრივ გამიმართლა. როდესაც შოუ-რუმი მქონდა, დილის 7 საათზე ვდგებოდი, რადგან, გზაში მჭირდებოდა ერთი საათი – მეტროთი დავდიოდი, ტაქსით მგზავრობა ძალიან ძვირი იყო. საღამოს 6-7 საათზე ვამთავრებდი მუშაობას და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 20 წუთი მქონდა იმისთვის, რომ საჭმელი მეჭამა. ამიტომ, სახლში რომ მოვდიოდი‚ ადამიანი აღარ ვიყავი – ვჭამდი და ვიძინებდი.
– რა სამუშაო გქონდა მილანში მეორედ წასვლისას?
– მეორე წასვლაზე ჩვენებებიც მქონდა და მარასის შოუ-რუმიც, რადგან მას ძალიან მოვწონვარ. როდესაც შოუ-რუმის დირექტორმა მნახა, ძალიან მოვეწონე და ხშირად ერთად ვსადილობდით, ვსაუბრობდით. ამიტომაც დამამტკიცეს მეორედაც და მესამედაც. რაც შეეხება დონა კარანთან ჩემს მუშაობას, საცდელი ქასთინგი მქონდა, ერთი დღე ვიმუშავე, მაკვირდებოდნენ და შემდეგ ამირჩიეს. დონა კარანთან შოუ-რუმზე პირველ სეზონზე ორი კვირა ვიმუშავე, მეორე სეზონზე კი – ერთი კვირა, რადგან ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
– რა მიზეზი?
– რამდენიმე გოგონას არ მოვწონდი, რადგან, კარგად ვმუშაობდი და ყველას ვუყვარდი. განსაკუთრებით ერთი აქტიურობდა, რომელიც მათთან დიდი ხანია მუშაობდა და მან ყველაფერი გააკეთა, რომ მე ერთი კვირა მემუშავა და არა ორი. სამაგიეროდ‚ ამ პერიოდში კაპრიზე წავედი. ორი კვირა რომ მემუშავა დონა კარანთან‚ კაპრიზე ვეღარ აღმოვჩნდებოდი. ამ საოცარ ადგილას ერთ-ერთმა ცნობილმა ბრენდმა მიმიწვია, რომელსაც კაპრიზე აქვს მაღაზია და როგორც მისი სახე‚ ისე წავედი. ჯერ მე ჩავედი და შემდეგ ორი გოგონა ჩამოვიდა. კაპრი ძალიან პატარაა, მის ქუჩებში ამ ბრენდის სამოსში გამოწყობილები დავდიოდით და რეკლამას ვუკეთებდით, ყველანაირად ვცდილობდით‚ ხალხის ყურადღება მიგვექცია. ისეთი სამოსი იყო, რომ აუცილებლად მიიქცევდა ყურაღებას. კაპრი ნამდვილი სამოთხეა. ჯერ ნაპოლიში ჩავედი და შემდეგ იქიდან გემით გავემგზავრეთ. საოცარი ადგილია. იახტიდან რომ ჩამოვედი, ვერ მივხვდი‚ სად ვიყავი, შოკი მივიღე. ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენ ასეთ ადგილზე მოხვედრას. იმ კუნძულზე ყველაფერი ძალიან ძვირია, მხოლოდ ყავა 10 ევრო ღირს. სამაგიეროდ, ჩვენ ვცხოვრობდით საუკეთესო სასტუმროში, სადაც ბიონსე, ჯეი-ზი, რიჰანა და ლეონარდო დიკაპრიო ისვენებდნენ. მოკლედ‚ ძალიან კარგი იყო კაპრიზე გატარებული დღეები, შემდეგ კი დავბრუნდი მილანში, სადაც კავალისთან ვიმუშავე. ასევე‚ მქონდა გადაღებები ცნობილ ფოტოგრაფთან – ბუქისთვის გადამიღეს ფოტოები და კარგი გამოვიდა. რაფაელა კურიელთან მქონდა მეორე საინტერესო ჩვენება, რომელიც გაიმართა მილანის გარეთ‚ ძალიან ლამაზ ადგილას, რომელსაც კომო ჰქვია.
– გართობას თუ ახერხებდი?
– რობოტივით ვმუშაობდი, ხშირად თავი ადამიანადაც აღარ მიმაჩნდა, იმდენად გადაღლილი ვიყავი: სამსახური – სახლი, სამსახური – სახლი... თან, სამსახურსაც ხომ გააჩნია, მთელი დღე დაჯდომასაც ვერ ვახერხებდი. ამიტომ პარასკევს გავდიოდით ხოლმე გასართობად – მეგობრები მყავს იტალიაში, ბიჭებიც, გოგონებიც. კვირას ვმუშაობდი, ამიტომ, შაბათი მქონდა მხოლოდ თავისუფალი. საკმაოდ კარგ დროს ვატარებდით.
– რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, ამ მხრივაც სიახლე გაქვს... გავიგე, რომ შენი შეყვარებული ლაშა ფარღალავა კალათბურთელია.
– დიახ, კალათბურთელია‚ „არმიაში“ თამაშობს. ძალიან კარგად ვართ ერთად. მერე რა იქნება‚ ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩემი დაქალები სულ აქტიურობდნენ, რომ ვინმე კარგი ბიჭი გაეცნოთ ჩემთვის, ანუ, გაერიგებინათ, მაგრამ‚ ეს‚ რა თქმა უნდა‚ ხუმრობა იყო. ბოლოს ყველაფერი ასე განვითარდა: ვიცოდი, რომ ლაშას მოვწონდი, შარშან ზაფხულში კი „მისონში“ მოვიდა და მითხრა, შენი ფანი ვარო. ცოტა დავიბენი და გამიკვირდა‚ თბილისში ვინმე ვინმეს ფანი რომ იყო. ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა აეწყო. წინ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა, რადგან, სერიოზულს არაფერს ვაპირებთ‚ უფრო სწორად‚ მე არ ვაპირებ. დრო გვიჩვენებს რა და როგორ იქნება. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს საყვარელ საქმეს პატივს სცემს და არ მიშლის ხელს კარიერაში, არ ურტყამს მაგიდაზე ხელს. ძალიან ვამაყობ, რომ ჩემს საქმეს შეგნებულად უდგება, ხელს მიწყობს, არჩევნის წინაშე არ მაყენებს: ან – მე‚ ან – მოდელობაო.
– როგორ შეგაყვარა თავი?
– არ ვიცი, მეც მიკვირს, მაგრამ‚ ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა. ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ‚ ამის მიზეზი, ჩემი აზრით, მონატრებაა, რადგან, ის აქ არის, მე კი – იტალიაში.