როგორ გამოსწორდა ყოფილი ქურდი და რატომ დასცინოდნენ ქართველები იეზიდ მეზობელს
ელიავას ბაზრობა
ეს ამბავი იმ დროს მოხდა, ცხონებული აკაკი ელიავა წინა მთავრობას რომ გადაუდგა, იარაღი აიღო ხელში და ტყეში გავიდა. მოკლედ, ძვალივით ჰყავდათ ყელში გაჩხერილი.
ეზოში ვდგავართ ბიჭები ბირჟაზე და პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, დღის მთავარი თემა ელიავას ტყეში გასვლაა.
ერთი იეზიდი მეზობელი გვყავს. მოგვიახლოვდა და პირდაპირ ჩაერთო ლაპარაკში:
– ეს ელიავაც მაგარი ვინმეა – რაღაც ბაზრობაც რომ გაუხსნია! ან როგორ ასწრებს ყველაფერს.
ჩვენს სიცილს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო;
– ჰო რა, ტყუილს ვამბობ? ტყე-ტყე სიარულს, არ ურჩევნია, თავის ბაზრობას მიხედოს?
ამ სიტყვების მერე მუცლები ხელით გვეჭირა, ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მაინც ვერ მიხვდა, რა გვაცინებდა.
ხელფასი
ჩვენს უბანში შავი სამყაროს ერთი ცნობილი წარმომადგენელი ცხოვრობდა, პირობითად გიზო დავარქვათ. რამდენიმე „სროკი“, რომ მოიხადა, ხელი აიღო ძველ საქმიანობაზე, დაოჯახდა, ქარხანაში ზეინკლად მოეწყო სამუშაოდ და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ძველ დოსტებთან.
ყველა პატივს სცემდა და თავისი იუმორით კოლორიტიც კი გახდა უბანში. ერთხელ ქარხანაში ხელფასი აიღო და პლეხანოვზე გაისეირნა – იქნებ, ვინმე ნაცნობი შემხვდეს და თითო ჭიქა გადავკრათო. ჯეელობაში მაგ უბანში „მუშაობდა“.
მართლაც, ორ ახალგაზრდა ქურდს გადაეყარა, ერთმა იცნო და მეორესთან ქებით სულ ცაში აიყვანა – უფროსებისგან გამიგია, ოქროს ხელები ჰქონდაო. გიზოს ისე ესიამოვნა ახალგაზრდის შექება, რომ, როდესაც შესთავაზეს, ახალგაზრდობას ხომ არ გაიხსენებო, მართლაც გაჰყვა საქმეზე – სიამაყემ სძლია.
ავიდნენ ავტობუსში. ერთი წინა კარში გაიჩხირა, რომ ჭყლეტა გამოეწვია, გიზომ კი თავის მეწყვილესთან ერთად უკანა კარიდან დაიწყო მოძრაობა, მაგრამ, რად გინდა, არაფერი გამოსდის – თხუთმეტი წლის განმავლობაში ქლიბისგან თითები გაუუხეშდა და, რომ იტყვიან, ფორმიდანაა ამოვარდნილი.
ბოლოს იფიქრა, ჯანდაბას ჩემი ხელფასი, მაინც სამზე უნდა გატყდეს, თავს ხომ არ შევირცხვენო და საკუთარი საფულე ოსტატურად ჩააწოდა პარტნიორს.
ჩამოვიდნენ ავტობუსიდან. „ლაპატნიკი“ რომ გადააგდეს, გიზომ სინანულით გააყოლა თვალი (ახალი ნაყიდი ჰქონდა). საქმე ფულის გაყოფაზე მიდგა. რომ გადათვალეს, გიზოს არ ესიამოვნა – თუმანი აკლიაო. ახალგაზრდა ახტა-დახტა – რაც არის, ეგ არისო, თან ფიქრობს, ჯიბიდან ხელი არ ამომიღია, როგორ დამინახავდა, რომ მოვტეხეო.
გიზო თავისას აწვება – ამდენი იყოო.
– რა იცი? – გაწიწმატდა ახალგაზრდა.
– შენ ჩემზე უკეთესად იცი, ხელფასი რამდენი ავიღე? – უთხრა გიზომ და ერთი მაგრად წაუთაქა თავში.
მოამზადა