“ბრავო რეკორდსის„ ყველაზე უნიკალური და ექსპერიმენტული პროექტის, გოგი დოლიძის ალბომის – “იყო არა იყო რას„ პრეზენტაცია
19 ოქტომბერს „ბრავო რეკორდსში” ექსპერიმენტული პროექტის, გოგი დოლიძის ალბომის „იყო არა იყო რას“ პრეზენტაცია გაიმართა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, გოგი დოლიძე გრამფირფიტების ჩამწერ ფირმა „მელოდიაში” საკუთარი ალბომისთვის სიმღერებს წერდა. „ბრავო რეკორდსმა” გოგის ვაჟის, ლევან დოლიძისა და ამ პროექტის ავტორის, ქეთი ლოლაძის თანადგომით შეძლო, მოეპოვებინა ეს უნიკალური, ტრეკზე ჩაწერილი სიმღერები. პროექტს ხელმძღვანელობდა უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც შემოგვთავაზა გოგის სიმღერების არანჟირების სრულიად ახალი, თანამედროვე ვერსიები მრავალფეროვანი ინსტრუმენტული აკომპანემენტით. რამდენიმე თვის განმავლობაში „ბრავო რეკორდსის“ გუნდი, ზვიად ბოლქვაძესთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა ამ უნიკალურ პროექტზე. ალბომში შესულია 11 ყველასათვის საყვარელი ჰიტის სრულიად ახალი ვერსია. ეს ალბომი ორი ბრწყინვალე მუსიკოსის განუმეორებელი სულიერი და მუსიკალური დიალოგია. ალბომის მოსმენისას მსმენელს რჩება შთაბეჭდილება, რომ სიმღერები გოგის სიცოცხლეშია ჩაწერილი. დისკი უკვე იყიდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში („ბიბლუსის“ მაღაზიებში, პრესის ჯიხურებში, ლიტერატურულ კაფეებში და ასე შემდეგ). ეს ალბომი იქნება ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერლის, გოგი დოლიძის ერთგვარი გაცოცხლება, ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერების თავიდან დაბადება.