კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-42(616)

ქურდმა სერიოზული სახე მიიღო და მითხრა:
– მკითხე და გიპასუხებ.
ცნობილ კანონიერ ქურდთან ინტერვიუ კუნძულ პალმაზე საათ-ნახევარი გაგრძელდა. ჩაწერას რომ მოვრჩი, მას შუბლი გავუხვრიტე და იქაურობას სწრაფად მოვშორდი, რადგან, ნახევარმილიონევროიანი შეკვეთა შესრულებული იყო...
ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ლიკვიდაცია ცალკე თემაა და ჩემი კარიერის საკმაოდ მნიშვნელოვან პერიოდს მოიცავს. საბჭოთა კავშირის დროს ამ ხალხს ცოტა სხვანაირად ეპყრობოდნენ და მათი ლიკვიდაცია სახელმწიფოს მხრიდან იშვიათად ხდებოდა. მათ უფრო საპყრობილეებში იყენებდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს საქმე, რომ იტყვიან, „დამუღამებული“ ჰქონდა. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, რომ ამ კონტინგენტით „კაგებე“ ინტერესდებოდა და რამდენჯერმე დახმარებისთვის მეც მიხმეს.
შუა „ზასტოია“, საბჭოური კორუფცია ყვავის. განსაკუთრებული მორალურ-იდეოლოგიური თავაშვებულობა და გახრწნილება შავიზღვისპირეთში პიკშია. სოჭი კი ამ „ბაბილონის გოდოლის“ ცენტრია. სწორედ ამ დროს მიბარებს შჩუკინი და მეუბნება:
– დროა, რომ ამ უმსგავსობას ბოლო მოვუღოთ და ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნოთ, სანამ ყველაფერი თავდაყირა არ დამდგარა და ჯერ ფეოდალიზმის, შემდეგ კი ქვის ხანაში არ დავბრუნებულვართ.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რა მოხდა, ვინ გაგაბრაზათ? – ვკითხე შჩუკინს.
– სიბრაზე იქით იყოს, ჩემო კოკი, და ჩვენი დიადი ქვეყანა მართლაც უფსკრულისკენ მიექანება. აბა, სხვა რა ჰქვია იმას, რომ ქვეყანას ქურდები მართავენ?
– ქურდები?
– დიახ, ქურდები. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. ისინი ისე ღრმად შეიჭრნენ უმაღლეს პარტიულ ელიტაში და სხვადასხვა მეთოდით ისე მაგრად ჩაავლეს რქებში ხელი, რომ ლამის პოლიტბიუროშიც კი შეაღწიონ.
– პოლიტბიუროში?
– რაღა უკლიათ? – ირონიულად ჩაეცინა ვიქტორ იაკოვლევიჩს, – პირველი მდივნის აშარი ქალიშვილი ისეა თავგასული, რომ ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა – ქალამნად. სწორედ ის მფარველობს ქურდებს. ისინი კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მართვაში უნდა ჩაერიონ და ახერხებენ კიდეც ამას, სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულადაც და, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ლამის პოლიტბიუროში შეაღწიონ-მეთქი. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოქმედოდაა და ამით, ქურდების წისქვილზე ასხამს წყალს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ ზუსტად ერთ კვირაში, სოჭის სასტუმრო „პრიმორსკაიაში“ დიდი ქურდული „სხოდკა“ უნდა შეიკრიბოს, რომელზეც ორმოცდაათი ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი იქნება. მათ მილიცია დაიცავს ყოველგვარი გაუგებრობისგან, მაგრამ, რას ილაპარაკებენ ისინი იქ და რას გადაწყვეტენ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ, ჩვენ ამ საზიზღრობას ხელი უნდა შევუშალოთ. ერთი მხრივ, მილიციას უნდა ვანახვოთ ჩვენი ძალა და მივუჩინოთ კუთვნილი ადგილი, მეორე მხრივ კი – იგივე გავუკეთოთ ქურდებს.
შჩუკინი გაჩუმდა. კაბინეტში გაიარ-გამოიარა და მომაჩერდა, რითაც ჩემი აზრის გაგება უნდოდა.
– გეთანხმებით, ამხანაგო გენერალო, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო? – ვკითხე მე.
– რა და, სასაკლაო უნდა მოვუწყოთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დაუნდობელი, სასტიკი სასაკლაო და ეს მისია შენ გეკისრება. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– თანახმა ვარ.
დათქმულ დროს სოჭში ჩავედი და „პრიმორსკაიადან“ ექვსასი მეტრით დაშორებული ერთ-ერთი შენობის ბინაში ვიყავი ჩასაფრებული, სრულ მზადყოფნაში. თან მქონდა სპეცშეკვეთით დამზადებული ავტომატური სნაიპერული შაშხანა მაყუჩითა და ტიტანის ტყვიებით. იქიდან მშვენივრად მოჩანდა „პრიმორსკაიას“ მრგვალი შუშაბანდი, სადაც ქურდებთან ერთად კორუმპირებული პარტიული ბოსებიც იყვნენ შეკრებილი და, ის იყო, „სხოდკა“ უნდა დაეწყოთ, როდესაც ცეცხლი გავხსენი... სროლა ზუსტად ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ფეშენებელური სასტუმროს აპარტამენტები სისხლითა და ძვირად ღირებული სასმელებით მოირწყა. სანამ სროლის წერტილს აღმოაჩენდნენ და ჩემზე ნადირობას დაიწყებდნენ, დროულად ავიბარგე და იქაურობა ყოველგვარი კვალის გარეშე დავტოვე.
„პრიმორსკაიაში“ დაღვრილი ზღვა სისხლის მიუხედავად, არც ერთი ადამიანი არ მომკვდარა, თუმცა დაიჭრა ოცდაათი ქურდი და ექვსი კორუმპირებული მაღალჩინოსანი, მათ შორის, ერთი მილიციის გენერალი.... ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ხალხის ფართო მასებმაც შეიტყვეს, რაც ათასი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა, თუმცა, ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს და მხოლოდ ამერიკულმა და ევროპულმა მედიამ გაავრცელეს ინფორმაციები საბჭოთა მაფიოზური ომის შესახებ.
მეორე დღეს უკვე ვიქტორ იაკოვლევიჩის კაბინეტში ვიმყოფებოდი, რომელმაც დასავლური გაზეთების დასტა მაჩვენა და მითხრა:
 – აი, წაიკითხე სათაურები: „ომი, რომელშიც არავინ კვდება“... კოკი, ჩემო კარგო, შენ მართლაც რომ ბრწყინვალე მსროლელი ხარ, რადგან ამდენი ხალხი დაცხრილე და ერთიც არ მოგიკლავს. ვფიქრობ, სწორად მოიქეცი, მკვლელობა ამ საქმეში აუცილებელი არ იყო, მთავარია პრევენცია. ამას კი, ჩემი აზრით, კარგად გავართვით თავი...
შჩუკინის სიტყვები შეწყალებას ნიშნავდა, რადგან, მას შეეძლო, სერიოზული პასუხი მოეთხოვა ჩემთვის, რომ მე „პრიმორსკაიაში“ შეკრებილი ადამიანების ლიკვიდაცია არ მოვახდინე, რაც დავალებული მქონდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად გენერალიც მიხვდა, რომ ასეთი სახის მასობრივი მკვლელობები გაუმართლებელი იყო და აღარ გამამტყუნა...
კარგა ხნის განმავლობაში, თითქმის სამი თვე, უმოქმედოდ ვიყავი და ისიც კი ვიფიქრე, აღარ მენდობიან და შესაძლოა, ჩემი თავიდან მოშორებაც კი უნდათ სოჭის საქმის გამო-მეთქი. ამიტომ, აბსოლუტურად მობილიზებული ვიყავი და ყველა ნიადაგი შევამზადე საიმისოდ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ცოლშვილიანად დამეტოვებინა ქვეყანა და რომელიმე შორეულ ქვეყანაში გადავხვეწილიყავი...
სამი თვის მერე მოსკოვში გამომიძახეს. მე, ცოლ-შვილი კონსპირაციულ აგარაკზე ჩავიყვანე, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ, რომ გადავმალე. შემდეგ ერთ სანდო პირს  ვუთხარი, რომ, თუ სამ დღეში არ დავურეკავდი, ფოსტაში მისულიყო და მოთხოვნამდე გაგზავნილი, დაზღვეული წერილი წაეკითხა, რომელშიც დაშიფრული ტექსტით იყო ნაჩვენები ის სქემა, რომლის მიხედვითაც ჩემი ცოლ-შვილი უნდა გადაეყვანა საზღვარზე... საბედნიეროდ, ეს ყველაფერი საჭირო არ გახდა. წერილი თავად მე ავიღე ფოსტაში და გავანადგურე. ის სანდო კაცი კი გელა ექიმი იყო, ვინც მე შოკიდან გამომიყვანა ბავშვობაში და ნორმალურ ცხოვრებაში დამაბრუნა...
მოსკოვში რომ ჩავედი და შჩუკინს ვეახელი, ვიქტორ იაკოვლევიჩი კეთილგანწყობილად შემხვდა და მითხრა:
– სამთვიანი უმოქმედობის მერე როგორ გრძნობ თავს, ფორმა ხომ არ დაგიკარგავს?
– არა, – მოკლედ მივუგე შეფს.
– დარწმუნებული ვარ, ეს სამი თვე იმაზე ფიქრობდი, რომ თავიდან გიშორებთ, აღარ გენდობით და მსგავს რაღაცეებზე, ხომ?
– დაახლოებით.
შჩუკინს ჩაეცინა და მითხრა:
– თუკი ასე ფიქრობდი, მაშინ, პრევენციული ზომებიც გექნება მიღებული.
ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვები ძალიან ცუდად მენიშნა და გულისცემამ მომიმატა, თუმცა, მაქსიმალურად შევიკავე თავი და შჩუკინს ვკითხე:
– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო?
– შენს ცოლ-შვილს, ჩემო კოკი, შენს ცოლ-შვილს. თუ მოსკოვში ასეთი გრძნობით გამოფრინდი, ანუ, იფიქრე, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდი, მაშინ, ცოლ-შვილსაც გადამალავდი, რათა, შენი აზრით, მათზეც არ გვეძია შური. შემდგომ კი ვინმე შენი ერთგული ადამიანი მათ საზღვრებს გარეთ გაიყვანდა.
შჩუკინის სიტყვები ზუსტად ასახავდა ჩემს საქციელს. ვიფიქრე, რომ „კაგებე“ მითვალთვალებდა და ზუსტად იცოდა ჩემი ცოლ-შვილის ადგილსამყოფელიც და დაზღვეული წერილის ამბავიც. ამიტომ, ერთი აზრი მომივიდა თავში: მძევლად ამეყვანა ვიქტორ იაკოვლევიჩი და მეიძულებინა ის, რომ ჩემი ცოლ-შვილი უცხოეთში გაეყვანა, შემდეგ კი ლუბიანკაზე სროლა ამეტეხა და, თუ ბრძოლაში ვერ მომკლავდნენ, ბოლო ტყვიით თავი მომეკლა. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, უკანასკნელი შანსი იყო და, ალბათ, ვერც ეს იხსნიდა ჩემს ცოლ-შვილს, თუკი ისინი „კაგებეს“ ჰყავდა დაპატიმრებული და თვით გენერალ შჩუკინის სიცოცხლის სანაცვლოდაც კი არ დამითმობდნენ...
– კოკი, ჩემო ძვირფასო, იცი, რას გეტყვი? – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, როდესაც ერთ ადგილზე გაქვავებული ვიდექი და ამ საშინელებას ვფიქრობდი, – ცუდი აზრები ამოიგდე თავიდან. ჯერაც ბოლომდე გენდობი და შენ არავინ გითვალთვალებს, ეს სამი თვე კი იმიტომ არ შეგეხმიანეთ, რომ სოჭის ამბების მერე მილიცია უშუალოდ შემსრულებელს ეძებდა, ესე იგი, შენ და, შენი მეშვეობით აპირებდნენ ჩვენს კომპრომეტაციასა და მხილებას. ასეთ შემთხვევაში კი, შენ კარგად იცი, რომ შემსრულებელს თავიდან იშორებენ, მაგრამ, შენს თავიდან მოშორებას შენი დროებით დაკონსერვება ვარჩიეთ...
ვიქტორ იაკოვლევიჩის მიერ წარმოთქმული სიტყვების სისწორეში ეჭვი არ შემპარვია და გენერალს ვუთხარი:
– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. მზად ვარ, ნებისმიერი სამსახურისთვის!
– აი, ეს უკვე სხვა საქმეა. გეტყობა, რომ მენდობი და ფორმაშიც ხარ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
– გადავიდეთ.
– ისევ ქურდებთან, უფრო სწორად კი, ქურდთან გექნება შეხება. ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქურდებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს ერთმანეთი უნდა დავახოცვინოთ – ამას მოითხოვს დღევანდელი შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე საიდუმლო კვლევითმა ინსტიტუტმა შრომატევადი სამუშაო შეასრულა და ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მილიცია და ქურდები სახელმწიფოს ძირს უთხრიან. ჩვენ მათ აშკარად ვერ დავუწყებთ ომს, ამიტომ, ვამჯობინეთ, ერთმანეთი დავახოცინოთ, რომ გაერთიანება ვერ შეძლონ. შენ ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალური ავტორიტეტი უნდა გამოასალმო სიცოცხლეს, რაც ახალ ომს გამოიწვევს ქურდულ სამყაროში და, ერთი მხრივ, მათი ძლიერება შეირყევა მეორეს მხრივ კი, მილიციის უსუსურობა უფრო ნათლად წარმოჩინდება. გასაგებია?
– გასაგებია.
– ახლა კი კონკრეტიკა, – მითხრა შჩუკინმა და ფერადი ფოტოების დასტა მომაწოდა, – აი, ესაა შენი ობიექტი. ყველანი ფიქრობენ, რომ „პრიმორსკაიას“ კოშმარი მისი ბრძანებით განხორციელდა და მას რომ მოვსპობთ, სწორედ მისი მომხრეები დაერევიან სხვა ქურდებს.
მე ყურადღებით შევათვალიერე სურათები და შჩუკინს ვუთხარი:
– კავკასიელს ჰგავს.
– ქართველია, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ეგ აკონტროლებს ქურდული სამყაროს ლომის წილს და, იმდენად ამბიციური და მიზანსწრაფულია, რომ სახელმწიფო მართვაში ჩარევას აპირებს. რა თქმა უნდა, სხვისი ხელით, მარიონეტის მეშვეობით, მაგრამ, უკვე ასეთი სურვილია ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და ეს ძირშივე უნდა აღვკვეთოთ.
– გასაგებია.
– კოკი, ჩემო კარგო, ამჯერად უკვე უნდა მოარტყა მიზანს და ობიექტის ლიკვიდაცია უნდა მოახდინო, თანაც, ზუსტად ისე, როგორც მოვილაპარაკებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი გეგმა ჩაიშლება, ეს კი ყოვლად დაუშვებელია.
– ყველაფერი ზუსტად შესრულდება, ვიქტორ იაკოვლევიჩ. ამჯერად უზუსტესი გასროლები იქნება, – მივუგე შჩუკინს და შემდგომი  ინსტრუქციების მოსასმენად მოვემზადე.
– ობიექტის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს თბილისში, დღისით, მზისით, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან, რომელსაც შენ იქვე დააგდებ და მიიმალები. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შურისძიება ქურდებმა განახორციელეს. მათ მკვლელობის ასეთი მეთოდი აქვთ და ამ ფორმას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ.
თბილისში განხორციელებული ზემოხსენებული მკვლელობა იმ დროში უიშვიათესი მოვლენა იყო და კარგა ხანს ლაპარაკობდნენ მასზე. ობიექტი კიროვის პარკთან (ამჟამად ვერის ბაღი) მოვიხელთე. ის „პობედიდან“ გადმოვიდა და პარკის სიღრმისკენ გაემართა, როდესაც მას წინ დავუდექი, მთელი ტყვიების მარაგი დავაცალე, იარაღი იქვე მივუგდე და ბაღის გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დავეშვი, სადაც მანქანა მელოდებოდა... ეს ყველაფერი ისეთი სისწრაფით შევასრულე, რომ ვერც იქ მყოფმა ადამიანებმა და ვერც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ორმა „გაიშნიკმა“ ვერ მოასწრო რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განეიტრალება მომიწევდა მეორე იარაღით, რომელიც ქამრის ქვეშ მქონდა საიმედოდ დამალული და სრულ მზადყოფნაში მოყვანილი...
როგორც „კაგებე“ გეგმავდა, თბილისურ ლიკვიდაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქურდულ სამყაროში და ისეთი სისხლისღვრა და შურისძიებების მთელი სერია დაიწყო, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა. სწორედ ამ დროს აიღო ინიციატივა საკუთარ ხელში „კაგებემ“. პოლიტბიურომ საგანგებო, დახურული სხდომა მოიწვია, რომელზეც ანდროპოვმა ბრეჟნევი დაარწმუნა, რომ ქურდებთან ბრძოლაში „კაგებე“ ჩაერთო და დაითანხმა კიდეც. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ სწორედ იმ ისტორიულ სხდომაზე აგინა უშვერი სიტყვებით ბრეჟნევმა შჩოლოკოვს და ლამის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიც კი დაატოვებინა...
– აი, კოკი, ხედავ, რამხელა საქმე გააკეთა შენმა რამდენიმე გასროლამ? – მითხრა შჩუკინმა თბილისური ლიკვიდაციიდან სამი კვირის შემდეგ, როდესაც მან თავისთან გამომიძახა.
– ხედვით  ვერ ვხედავ, ამხანაგო გენერალო, თუმცა, ვხვდები, – მივუგე შჩუკინს, მან კი მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა:
– თვით იური ვლადიმიროვიჩმა შემოგითვალა პირადი მადლობა.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, რომელსაც გაეღიმა და მომიგო:
– შენ კი ეჭვი გეპარებოდა ჩემში და გეგონა, თავიდან გიშორებდი. თუმცა, ეგ უკვე წარსულშია და მომავალზე ვიფიქროთ.
მომავალზე ფიქრი და სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერება, როგორც შჩუკინი ამბობდა, „კაგებეს“ პირდაპირი მოვალეობა იყო და ამ საქმეს ეს უწყება საკმაოდ წარმატებით ართმევდა თავს, ყოველ შემთხვევაში, გორბაჩოვამდე და, როგორც ადრე უკვე არაერთხელ აღვნიშნე, სწორედ გორბაჩოვის უშუალო დანაშაულია საკუთარი ხალხის წინაშე, რომ საბჭოთა კავშირისთვის გარდამტეხ მომენტში „კაგებე“ ქმედითუუნარო აღმოჩნდა და წინ ვერ აღუდგა ამ უზარმაზარი ქვეყნის დაშლას, რაც მართლაც უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში.
– არ ეგონათ, რუსებს, რომ მოვუგებდით, მაგრამ, მოტყუვდნენ – ყურადღება მოადუნეს და უზარმაზარი ქვეყანა თავზე ჩამოემხოთ, – მითხრა ერთხელ ერთმა ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა, რომელსაც კურორტ კარლოვი ვარში შევხვდი, სადაც ის თირკმელების სამკურნალოდ იმყოფებოდა და ჩვენ გვერდიგვერდ ნომრებში ვცხოვრობდით ფეშენებელურ პანსიონატში.
ამერიკელი პოლკოვნიკი საკმაოდ წონიანი ფიგურა იყო ცივი ომის დროს და მის მიერ მრავალი ისეთი სვლა გააკეთა „ცეერუმ“, რასაც მათი პოზიციების განმტკიცება, შემდგომ კი გამარჯვებაც მოჰყვა. თადარიგის პოლკოვნიკისთვის მე მწერალი-ფილოსოფოსი ვიყავი, ის დიდი ხალისით შემოვიდა ჩემთან კონტაქტში და უკვე ტაბუახსნილ თემებზე დაწვრილებით მომითხრობდა.
– რუსებისა და მათი „კაგებეს“ დამარცხება იოლი საქმე არ იქნება, – ვუთხარი თადარიგის პოლკოვნიკს, მინერალური წყალი დავუსხი და დავამატე – მაინც, როგორ მოახერხეთ ამის გაკეთება, თუ საიდუმლო არ არის?
– მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მათი ლიდერის მოსყიდვა შევძელით. სწორედ მან დაანგრია ეს უზარმაზარი ქვეყანა და ამერიკას ფართო ასპარეზი მისცა იმ უკიდეგანო სივრცეში, რომელსაც პლანეტა დედამიწა ჰქვია...
ამერიკელი მზვერავის ეს ამაღლებული ტონი წარსულში მიღწეული წარმატებით იყო გამოწვეული და იმ პერიოდის გახსენება მასში დიდ სიამოვნებასა და სიამაყის გრძნობას იწვევდა.
– ალბათ, განუსაზღვრელი ბედნიერებაა, როდესაც გამარჯვების ოლიმპზე ხარ და შენი გარჯის შედეგებით ტკბები, – გავუღიმე ამერიკელს, წამალშერეული მინერალური წყალი დავუსხი და ჭიქა ახლოს მივუწიე.
– ენით აუწერელია, ფანტასტიკურია, – თქვა პოლკოვნიკმა, წყალი დალია, ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ისე დაეძინა, რომ სიტყვის დამატებაც კი ვერ მოახერხა.
მე და პოლკოვნიკი ჩემს ნომერში ვიმყოფებოდით. კარი საიმედოდ მქონდა ჩაკეტილი და უცხო ვერავინ შემოვიდოდა. ამიტომ, პოლკოვნიკი გავაშიშვლე და აბაზანაში შევათრიე. შემდეგ საიმედოდ მივაბი ფოლადის ლაპლაპა შვერილზე და, როდესაც თვალი გაახილა, ვკითხე:
 – აბა, კარგად გაიხსენე, პოლკოვნიკო, ოპერაცია „სპილენძის მონეტის“ ყველა დეტალი და მითხარი, რა ბედი ეწია ახალგაზრდა საბჭოთა ინჟინერს, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინიდან მოულოდნელად გაუჩინარდა.
ოპერაცია „სპილენძის მონეტა“ „ცეერუს“ მიერ განხორციელებული რამდენიმეეტაპიანი აქცია იყო, რომელიც საბჭოთა ბლოკის ახალგაზრდა, ნიჭიერ მეცნიერებსა და ტექნიკურ მუშაკებზე ნადირობდა. ამერიკელები ჯერ ამ ხალხის გადაბირებას ცდილობდნენ და დასავლეთში დიდძალ სიმდიდრეს, სახელსა და დიდებას ჰპირდებოდნენ. ხოლო, ვინც ამაზე არ თანხმდებოდა, იმას უბრალოდ, იტაცებდნენ და უკვე „ცეერუში“ ცდილობდნენ მათ მოტეხვას. ამ აქციაში მოყვა ახალგაზრდა საბჭოთა მეცნიერი – ელექტროინჟინერი ვიტალი შელესტი. ის აღმოსავლეთ ბერლინში ერთ-ერთ საიდუმლო პროექტს ახორციელებდა საბჭოთა საელჩოში და ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად გაუჩინარდა. შელესტი ანდრეი მუხინის დისშვილი იყო და, მიუხედავად ჩვენი უწყების მრავალმხრივი მცდელობისა, მისი კვალისთვის მიგვეგნო, არაფერი გამოგვივიდა – ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. მხოლოდ ის დავადგინეთ, რომ, შესაძლო იყო, შელესტი „სპილენძის მონეტის“ ფარგლებში მოყოლილიყო და ამერიკელი პოლკოვნიკის ვინაობაც დავადგინეთ, რომელიც მაშინ ამ ოპერაციას კურირებდა და მაშინვე გაქრა ჩვენი თვალსაწიერიდან, როგორც კი მისი პიროვნებით დავინტერესდით. კარლოვი ვარში კი პოლკოვნიკს შემთხვევით შევხვდი და გადავწყვიტე, ძველი ძიება განმეახლებინა და ის სწორედ ამიტომ „დავითრიე“.
– ვისთან მაქვს ურთიერთობის პატივი? –მაღალფარდოვნებას დაუბრუნდა პოლკოვნიკი, მაგრამ მე მას ხელი ავუქნიე და ვუთხარი:
– არ გინდათ ეგეთები! ჩემს კითხვას თუ არ უპასუხებთ, ნაწილ-ნაწილ აგქნით.
პოლკოვნიკი მიხვდა, რომ ხუმარა არ ვიყავი,  რეალურს ვლაპარაკობდი და მომიგო:
– ინჟინერ  შელესტზე მეკითხებით?
– სწორედ მასზე.
– ის ცოცხალია.
პოლკოვნიკის სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვუთხარი:
– ხომ არაფერი გეშლებათ?
– ახალგაზრდა ელექტრიკოს-ინჟინერს არ გულისხმობთ?
– დიახ, სწორედ მას.
– ჰოდა, გიმეორებთ, რომ ის ცოცხალია. ჩემმა ბიჭებმა ის ბერლინში სუპერმარკეტიდან მოიტაცეს და დასავლეთ ბერლინში გადაიყვანეს. იქვე სცადეს მისი გადმობირებაც, მაგრამ, რომ არაფერი გამოვიდა, ამერიკაში გადავაფრინეთ და, ლენგლიშიც რომ ვერ დავითანხმეთ თანამშრომლობაზე, საგიჟეთში გავამწესეთ. ახლა ის მემფისში, დოქტორ სემუელ ჯექსონის ფსიქიატრიულ კლინიკაში წევს. ბლოკი „R“, პალატა ¹9.
მიუხედავად იმისა, რომ შელესტის გაუჩინარებიდან რამდენიმე ათეული წელი გავიდა და აღარც საბჭოთა კავშირი არსებობდა და აღარც „კაგებე“, გამიხარდა, რომ შელესტი ცოცხალი ყოფილა, თანაც, ის ჩემი უახლოესი მეგობრის უახლოესი ნათესავი იყო და, სანამ მოქმედებას შევუდგებოდი, ჯერ პოლკოვნიკი მოვიშორე – ის მე ორთქლით გავგუდე, შემდეგ საკუთარ ნომერში შევიტანე და უკან დავბრუნდი. მეორე დღეს კი კარლოვი ვარიდან მოსკოვში მუხინს დავურეკე და, როდესაც მან მობილური აიღო, ვუთხარი:
– სალამი, ბატონო სპალეოლოგო, ძლივს დაგიკავშირდით. აქ არც მზის სხივი აღწევს და არც ჟანგბადია საკმარისი.
ჩემი სიტყვები ჯერ კიდევ შუა ზასტოის დროინდელი პაროლი იყო და მთავარია, მუხინს არ ჰქონოდა დავიწყებული, რომ მათთვის დაშიფრული ინფორმაცია მიმეწოდებინა. ამიტომ, პასუხის მოლოდინში გავირინდე.
– ეს არცაა გასაკვირი, ჩემო კარგო, შენ ხომ ზღვის დონეზე დაბლა ხარ, – მომიგო მუხინმა სწორი პასუხი, რის შემდეგაც მას, ასევე დაშიფრული ტექსტით ვაცნობე მისი დისშვილის ამბავი და მან სასწრაფოდ მოსკოვში ჩასვლა მთხოვა.
სულ რაღაც თვრამეტი საათის მერე მე და ანდრეი ლუკიჩი მის ბინაში, სამზარეულოში ვისხედით და ვსაუბრობდით.
– კოკი, ხომ არაფერი გეშლება. მართლა ვიტიას კვალს მიაგენი თუ აქ რაღაც შეცდომაა? – მითხრა მუხინმა.
– ვფიქრობ, არანაირ შეცდომას არ აქვს ადგილი და ნამდვილად თქვენს დისშვილზე, ვიტალი შელესტზეა ლაპარაკი, რომელიც მემფისში, დოქტორ ჯექსონის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გამომწყვდეული.
– ჰოდა, მინდა, რომ ერთი შეკვეთა მოგცე, ანუ ვიტალის იქიდან წამოყვანა, რაც არც ისე იოლი საქმეა, მაგრამ, ანაზღაურებაც შესაბამისი გექნება.
– ანდრეი ლუკიჩ, – გავუღიმე მუხინს, მხარზე ხელი მოვუთათუნე, – მე ისედაც ვაპირებდი ამის გაკეთებას ჩემი ინიციატივით. ამიტომ, შეკვეთის მოცემა არაა საჭირო. არც გასამრჯელოს ავიღებ და ხვალიდანვე შევუდგები საქმეს.
მემფისის კლინიკიდან ვიტალი შელესტის გათავისუფლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ეს დაწესებულება გაძლიერებულად იყო დაცული. თანაც, შელესტის სავარაუდო შეურაცხადობაც დიდი დაბრკოლება იყო იქიდან მის წამოსაყვანად. ერთი სიტყვით, სამუშაო ძალიან ბევრი იყო და რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ ჯერ კლინიკაში შევაღწიე, ბოლოს კი ვიტია მივაძინე და სასწრაფო მანქანით მოვიტაცე.
თითქმის სამშვიდობზე ვიყავით  გასულები, როდესაც შელესტს გაეღვიძა, მშვიდად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მშვიდადვე მითხრა:
– მართლაც რომ ყოვლისშემძლეა „კაგებე“. რამდენი წელი გავიდა და მაინც გამომტაცეთ ამერიკელების კლანჭებს. დიდება „კაგებეს“ და, რა თქმა უნდა, დიად საბჭოთა კავშირს!
ვიტალი შელესტი სულაც არ ჰგავდა შეურაცხადს, თუმცა, აშკარა იყო, რომ ინფორმაციის ვაკუუმში იყოფებოდა და, მოულოდნელობისგან მართლა რომ არ შეშლილიყო, ნელ-ნელა შევაპარე:
– საბჭოთა  პატრიოტი ხართ?
– ჭეშმარიტად.
– გეტყობათ, ბევრი რამ არ იცით.
– მაინც, რას გულისხმობთ? მე ვიცი ერთადერთი რამ, კერძოდ კი ის, რომ საბჭოელი ვარ, ამერიკელები მძულს და მათმა საგიჟეთმაც კი ვერ გამტეხა.
– ვერ გაგტეხათ, გეთანხმებით, მაგრამ, ერთ ინფორმაციას მოგაწვდით, ოღონდ იცოდეთ, არ შეიშალოთ.
– ჰმ, შევიშალო. ამდენი წელია, ამერიკელებმა ვერ გამაგიჟეს და ერთი ტილიანი ინფორმაცია შემშლის?
– აბა, მთელი თქვენი ნების კონცენტრაცია მოახდინეთ. ნერვები მოთოკეთ და მომისმინეთ.
– მზად ვარ, თქვით.
– იცით, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა?
– ხუმრობთ?
– არა, მართლა დაიშალა და, სამწუხაროდ, არც „კაგებე“ არსებობს.
ვიტალი შელესტმა თავი ჩაღუნა და ათიოდე წუთი უმოძრაოდ იყო, შემდეგ თავი ასწია, გაიღიმა და მითხრა:
– არა უშავს. მთავარია, ჩვენ ვართ ცოცხლები. ბიძაჩემი როგორაა?
– კარგად. სწორედ მან გამომგზავნა თქვენთან.
შელესტის სამშობლოში დაბრუნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის მთავრობას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლეს და შელესტის სასარგებლოდ ერთი მილიონი დოლარიც გადაახდევინეს. გარდა ამისა, საგიჟეთის ყოფილმა ტუსაღმა ბესტსელერი გამოსცა, სადაც ამერიკულ საგიჟეთში ყოფნა აღწერა და ამ წიგნიდან შემოსულმა თანხებმა ბევრად გადააჭარბა ამერიკულ კომპენსაციას. საბოლოოდ, ვიტალი შელესტი თავის პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდა – ის დღესაც რუსეთის წამყვანი ელექტროინჟინერია და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
შელესტის მსგავსი პატიმრები დღესაც საკმაოდ მრავლად არიან როგორც ამერიკაში, ასევე რუსეთში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ახლანდელ პარტნიორ ქვეყნებში.
არც ისე დიდი ხნის წინ ერთი შემკვეთი დამიკავშირდა და მოსკოვში შეხვედრა მთხოვა. მე, რა თქმა უნდა, კარგად შენიღბული, ერევნის გავლით, ყალბი საბუთებით ჩავფრინდი რუსეთის დედაქალაქში და სასტუმრო „კონტინენტალის“ ღამის ბარში შევხვდი არაბული გარეგნობის, მაგრამ, ევროპულად ჩაცმულ საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცს.
– საღამო მშვიდობისა, ბატონო, – მომესალმა არაბი, აღმოსავლელი მამაკაცისთვის ჩვეული მოწიწებით და საპასუხო მისალმების შემდეგ მითხრა – თქვენზე ბევრი საოცარი ამბავი მსმენია და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყოვლისშემძლე ხართ.
– ყოვლისშემძლე მხოლოდ ალაჰია, მისი ნების აღმსრულებელი კი – წინასწარმეტყველი მუჰამედი, – ციტატით ვუპასუხე შემკვეთს, რომელმაც სასიამოვნოდ გაოცებულმა მომიგო:
– ეს ხომ ციტატაა ყურანიდან და აბსოლუტურ ჭეშმარიტებს შეიცავს.
– გეთანხმებით, ჩემო მეგობარო, – დავუდასტურე არაბს და ვკითხე:
– ხომ არ აჯობებს, რომ კონკრეტულ საქმეზე გადავიდეთ?
– დიახ, ასე აჯობებს, – მითხრა არაბმა და მკითხა, – რამეს ხომ არ მიირთმევთ?
– არა, გმადლობთ.
– კეთილი. ახლა კი საქმე, – თქვა არაბმა და ხმას დაუწია, – ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, კავკასიაში, მდებარეობს პატარა ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია. ალბათ, გსმენიათ მასზე?
– რა თქმა უნდა, მსმენია, – მივუგე შემკვეთს, გულში კი გამეცინა.
– ჰოდა, ჩემო ბატონო, ეს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი პარტნიორია და მის ყველა ბრძანებას მონური მორჩილებით ასრულებს. ჩვენ კი ამერიკისა და, შესაბამისად,  ყველა იმ ადამიანის თუ ქვეყნის მტრები ვართ, ვინც ამერიკას უდგას გვერდით მის უსამართლობაში. თუმცა, იძულებულები ვართ, რომ ზოგჯერ ჩვენი გასაკეთებელი საქმე სხვას შევუკვეთოთ. ასეა ამ შემთხვევაშიც და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ შეკვეთა მოგცეთ.
არაბის სიტყვებმა სისხლი გამიყინა ძარღვებში, რადგან, წარმოვიდგინე, როგორ აფეთქდა თბილისის რამდენიმე ხალხმრავალ ადგილზე არაბი ტერორისტების მიერ დადებული მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობები.
„აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს, – გავიფიქრე გუნებაში, – არაბები მხოლოდ ამერიკის პარტნიორობისთვის არ შეიძულებდნენ საქართველოს“.
– გისმენთ, ჩემო მეგობარო, რა შეკვეთა უნდა მომცეთ? – ვკითხე არაბს.
– საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მახლობლად, მდებარეობს საიდუმლო ციხე, რომელიც მხოლოდ ოცდაათადგილიანია და იქ ზის აი, ეს ადამიანი, ვინმე აბუ ბასალი. ის ამერიკელებმა შეიპყრეს ბეირუთში და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ მათი შეკვეთა არ შეასრულა – ერთ-ერთი ჩვენი მებრძოლი ძმა არ გამოასალმა სიცოცხლეს. აბუ ბასალი პროფესიით ექიმია და მას ჩვენი მებრძოლი ძმის მოწამვლას ავალებდნენ. აბუ ბასალს თავის ცხოვრებაში ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს მოკლული, გადარჩენილი კი რამდენიც გნებავთ. მას, ჩვენგან განსხვავებით, იარაღიც კი არასდროს სჭერია ხელში და მთელი ცხოვრება ადამიანების, მათ შორის ამერიკელი ტყვეების, მკურნალობაში გაატარა. ამ რამდენიმე თვის წინ კი ჩვენი ჰუმანისტი ძმა შეიპყრეს, ტერორიზმში დაადანაშაულეს და თბილისის ამ საიდუმლო ციხეში უკრეს თავი. ჩვენ მის გათავისუფლებაში ორ მილიონ დოლარს ვიხდით, ოღონდ საქმე სუფთად უნდა გაკეთდეს და ჩვენი ძმა, აბუ ბასალი, საღ-სალამათი უნდა მომიყვანოთ. გამოგიტყდებით, რომ ძალიან რთული საქმეა და, თუ ვერ შეძლებთ, მაშინ სხვა გზას მივმართავთ, თქვენი შეწუხებისთვის კი ორმოცდაათ ათას დოლარს მიიღებთ. რას იტყვით, ყაბულს ხართ?
მიუხედავად იმისა, რომ ორ მილიონ დოლარს მთავაზობდნენ და გარისკვად ღირდა, სხვა სიტუაციაში შარს თავს ავარიდებდი და უარს ვიტყოდი, მაგრამ, რადგან საქმე ჩემს სამშობლოს ეხებოდა და უარის შემთხვევაში, არაბებს შეეძლოთ, თბილისში საშინელება დაეტრიალებინათ, ჩემ წინ მჯდომს მივუგე:
– დიახ, თანახმა ვარ და, გარწმუნებთ, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ – აბუ ბასალს ცოცხალსა და უვნებელს მიიღებთ.
– კეთილი, ჩემო ბატონო. თანხას, გნებავთ, ქეშად მოგართმევთ, გნებავთ, გადმოგირიცხავთ. როგორ გაწყობთ?
– როგორც ყოველთვის: ნახევარი თანხა წინასწარ დამისვით ანგარიშზე, მეორე ნახევარი კი საქმის შემდეგ გადმომირიცხეთ. აი, ანგარიშის ნომერი.
შემკვეთმა ჩემ წინ დაწვა ქაღალდი და მითხრა:
– ხვალ დილით ერთი მილიონი დოლარი თქვენს ანგარიშზე დაჯდება. ახლა კი ერთმანეთს დავშორდეთ. თუ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ჩაივლის და აბუ ბასალს ციხიდან გამოიყვანთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენი სახით უერთგულეს მეგობრებს შეიძენთ.
– მშვიდობით, – ვუთხარი შემკვეთს და „კონტინენტალის“ ბარი პირველმა დავტოვე. შემდეგ პირდაპირ აეროპორტში გავემართე და ერევნის გავლით თბილისში დავბრუნდი. სახლში რომ მივედი, თენდებოდა, მაგრამ, ძილი არ მეკარებოდა და იმ საშინელ პერსპექტივაზე ვფიქრობდი, რაც ჩვენს ქალაქს ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ უდანაშაულო არაბ ექიმს ციხიდან ვერ გამოვიხსნიდი.
„ეეჰ, თქვე სუპერ-კრეტინებო, – ვფიქრობდი გუნებაში, – ამერიკელების ჭკუას აჰყევით და თქვენი სამშობლო ტერორისტების დარტყმის ქვეშ დააყენეთ! ეგღა გვაკლია, რომ თბილისში ბომბები აგვიფეთქონ“...
შემკვეთისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ აბუ ბასალს მაქსიმუმ ერთ თვეში გამოვიხსნიდი ტყვეობიდან. არადა, ციხე ისეთი მიუვალი და კარგად დაცული იყო, რომ შიგნით ჭიანჭველაც ვერ შეაღწევდა. ერთი კვირა შორიახლო ვუტრიალებდი ციხეს, მაგრამ, ვერაფერი მოვიფიქრე და მრავალსვლიან, ურთულეს ვარიანტზე შევჩერდი, რაც მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული და ერთ მცირე შემთხვევითობასაც კი ადვილად შეეძლო ყველაფრის ჩაშლა. ჩემი მრავალსვლიანი კომბინაცია იმაში მდგომარეობდა, რომ, უნდა შემეტყო ციხის უფროსის ვინაობა, შემესწავლა მისი პირადი ცხოვრება და მისი ოჯახის წევრის ან წევრების მოტაცების შედეგად იძულებული გამეხადა, რომ მას აბუ ბასალი საპყრობილიდან გამოეყვანა.
გეგმას მრავალი მინუსი ჰქონდა, მთავარი კი ის იყო, რომ, თუ ციხის უფროსი ჯორზე შეჯდებოდა და ტუსაღს არ გაათავისუფლებდა, მე, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის წევრს თითსაც არ დავაკარებდი, თუმცა, სხვა ვარიანტი არ მქონდა, ძველ გეგმაზე შევჩერდი და ჩანაფიქრის განხორციელებას შევუდექი.
საიდუმლო ქართული ციხის უფროსი პოლკოვნიკი, ვინმე ანზორი იყო. მას ცოლი, შვილი, რძალი და ექვსი წლის შვილიშვილი – ანზორი ჰყავდა. ბავშვი სკოლაში სწავლობდა, პირველ კლასში და ის დედას დაჰყავდა სასწავლებელში. ერთ მშვენიერ დღეს, რა თქმა უნდა, შენიღბული, დედა-შვილს სკოლის შორიახლო წამოვეწიე, ციხის უფროსის რძალი შევაჩერე და ვუთხარი:
– ეკა, ჩემო კარგო, მე ახლა საგანგებო დავალებას ვასრულებ, კარგად მომისმინე და, რასაც გეტყვი, ზუსტად შეასრულე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, დიდ ხიფათში გაებათ, ამას კი თქვენი მამამთილი, ბატონი ანზორი, არასდროს მაპატიებს.
– თქვენ ანზორმა გამოგგზავნათ? – მკითხა დამფრთხალმა გოგონამ, მე კი მას გავუღიმე, მრავალმნიშვნელოვნად ჩავუკარი თვალი და მივუგე:
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3