კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიყვანეს მეგრელებმა სტალინი წყობიდან და ვის დასაბეზღებლად ჩააკითხა აკაკი მგელაძემ სტალინს რიწის ტბაზე

ფაშისტურ გერმანიასთან ომი ახალი დამთავრებული იყო. ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყო აღორძინება. იმხანად აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა აკაკი მგელაძე – შრომისმოყვარე, დაუღალავი კაცი, თუმცა ყველას პირზე ეკერა მისი სიმკაცრე.
იმ პერიოდში მგელაძის ავტორიტეტი ზენიტში იყო. ამას ხელს უწყობდა სტალინთან მისი ახლო ურთიერთობაც. სამწუხაროდ, მან თავისი უზარმაზარი ავტორიტეტი და გავლენა ხალხის საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ამით დიდი უბედურება მოუტანა მათ. ადამიანთა ელემენტარული უფლებების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი იყო. უმნიშვნელო რამეზე შეეძლოთ მოეხსნათ სამუშაოდან ესა თუ ის მუშაკი ან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ და დაეპატიმრებინათ. ამ დროისთვის პატიმრებს ვერ იტევდა დრანდის ციხე. სამართალდამცავი ორგანოები ვერ აუდიოდნენ ამდენი საქმის გამოძიებას. ანდა, ვინ გაბედავდა სიმართლის დადგენას.
აკაკი მგელაძემ და მისმა გარემოცვამ უსასტიკესი რეპრესიული პოლიტიკა გაატარეს აფხაზეთში. ყოველივე ეს ცხადია, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელ მუშაკებს, განსაკუთრებით კი ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანს,  მიხეილ ივანეს ძე ბარამიას, რომელიც აფხაზეთის ზონას კურირებდა. მას არ მოეწონა აფხაზეთში გატარებული რეპრესიები და მიუთითა: „ხედავ, ომმა დაანგრია ქვეყანა, შენ კი რას სჩადიხარ“? ბარამიას მოთხოვნით, მგელაძე იძულებული გახდა, რამდენიმე ნომენკლატურული მუშაკი სამუშაოზეც დაებრუნებინა და პარტიის რიგებშიც აღედგინა. ყოველივე ამის გამო, აკაკი მგელაძეს გულში მტრობა ჩაეწვეთა. ის ხელსაყრელ მომენტს იყო დადარაჯებული, რათა შური ეძია.
მგელაძის სანუკვარი ოცნება იყო, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნობისთვის მიეღწია, მაგრამ, ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში წინ ეღობებოდა მიხეილ ბარამია. ამიტომ, საჭირო გახდა, ყველა ზომის მიღება მის მოსაშორებლად.
1950 წლის შემოდგომაზე,  მორიგ შვებულებაში მყოფი სტალინი რიწის აგარაკზე ისვენებდა, სადაც ის მგელაძემ ინახულა.
ბელადი, რომელიც კარგ გუნებაზე იყო, დაინტერესდა, როგორი ტემპით მიდიოდა ომის შედეგად გაჩანაგებული სახალხო მეურნეობის აღდგენა, რა ძირითადი პრობლემები იდგა ავტონომიური რესპუბლიკის პარტიულ და სამეურნეო ორგანიზაციების წინაშე, რა უშლიდა ხელს წარმატების მიღწევაში და ასე შემდეგ.
მგელაძეს წინასწარ დაეჭირა თადარიგი, საგულდაგულოდ იყო მომზადებული, თუ რა და როგორ ეთქვა. იგი სტალინთან წასვლამდე შეხვდა საქართველოს მაშინდელ უშიშროების მინისტრს, ნიკოლოზ რუხაძეს და მისგან მგელაძემ ბევრი საგულისხმო რჩევა მიიღო, როგორ დაებეზღებინა ბარამია. საუბარში მგელაძემ მოხერხებულად ჩაურთო – მთელი სიმკაცრით ვერ გავშალეთ ბრძოლა დამნაშავეობის წინააღმდეგო. სტალინს ენიშნა ეს ფრაზა, საუბარი გააწყვეტინა და შეკითხვით მიმართა: „კი მაგრამ, რა გიშლით ხელს, რატომ ვერ ებრძვით მთელი სიმკაცრით დამნაშავეობას?“ მგელაძემ მწარედ გაიღიმა და მიუგო: „პატივცემულო იოსებ ბესარიონის ძევ, როგორ უნდა ვიბრძოლო, ან რა ფასი აქვს ბრძოლას, როცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, მიხეილ ბარამიაა, ჩვენ რომ დავიჭერთ გამფლანგველს, დამტაცებელს, სახელმწიფო ქონების ქურდს, სპეკულანტს და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენს, გვაიძულებს, გავათავისუფლოთ ისინი“... – და ამის შემდეგ აკაკი მგელაძემ რამდენიმე გვარი დაუსახელა, რომლებიც სამუშაოზეც დაბრუნებული იყვნენ და პარტიაშიც აღდგენილნი. სტალინი გაფითრდა და ბრაზმორეული ხმით იკითხა: „კი მაგრამ, საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში მარტო ბარამია ხომ არაა? სად არიან სხვები, თუნდაც, ჩარკვიანი ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან იუსტიციის სამინისტრო და რესპუბლიკის პროკურატურა?“
მგელაძემ განაგრძო: „ჩარკვიანს არც კი მოახსენებს ბარამია დიდ დატაცებებზე, რადგან, თვითონ უწევს კურირებას ჩვენს ზონას“.
სტალინი დუმდა, ერთხანს კრინტიც არ დაუძრავს, შემდეგ დაარღვია სიჩუმე და მისთვის ჩვეული, აუღელვებელი, მაგრამ, აშკარად ბრაზმორეული ტონით თქვა: „როგორც ეტყობა, მეგრელებს პირი შეუკრავთ. გასაგებია. ამ საქმეს საგანგებო შესწავლა სჭირდება“. აქვე მგელაძემ ჩაურთო: „რა თქმა უნდა, ბარამია ვერ გაბედავდა ამდენი დამნაშავის მფარველობას, მაგრამ იგი თავისუფლად გრძნობს თავს, რადგან ზევიდან ბერია იცავს – ის მისი კაცია“. ამის გაგონებაზე სტალინი გაცეცხლდა, ფერი ეცვალა. იგი წამოდგა, გააწყო ჩიბუხი, მოუკიდა, ერთი-ორი მოქაჩა, გაიარ-გამოიარა და მისთვის დამახასიათებელი სიდინჯით წარმოთქვა: „კარგი, თქვენ თქვენს საქმეს მიხედეთ, ჩვენ ამას ყველაფერს კონტროლზე ავიყვანთ და ძირფესვიანად შევისწავლით, ყველაფერს დავაზუსტებთ. კიდევ მექნება შეხვედრა თქვენთან სხვა დროს. ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩვენი საუბარი საიდუმლოდ დარჩეს. მაგრამ, გთხოვთ, რაც თქვენ თქვით, ყველაფერზე დოკუმენტური მასალა მოაგროვოთ და მომიტანოთ“.
მგელაძე დაემშვიდობა სტალინს, კარგი დასვენება უსურვა და მისაღები ოთახიდან გამოვიდა. გამოვიდა, მაგრამ გრძნობდა – კი არ მოდიოდა, მოფრინავდა – მის ოცნებას ფრთა შეესხა, მისი უპირველესი მტრისთვის, მართალია, მთლიანად არ იყო გათხრილი სამარე, მაგრამ, საფლავის ზომა ნამდვილად აღებული გახლდათ.
სტალინს იმ დღეს არ უსადილია. საღამოს, თანმხლებთა დაჟინებით, მხოლოდ მსუბუქად ივახშმა. სულ იმის ფიქრში იყო: „ნუთუ მაშინ, როცა უსაშინლესი  ომი მოვიგეთ და ქვეყანა აღორძინების ფაზაში შევიდა, ამ დროს ყველაფერი საათის მექანიზმივით რომ უნდა მუშაობდეს და თითოეული ადამიანი წესრიგისთვის უნდა იბრძოდეს, ნუთუ ბერია, რომელიც ერთ-ერთ დასაყრდენად მიმაჩნია, ასე ვერაგულად უწყობს ხელს რეგიონებში კუთხურობისა და სეპარატიზმის თესლის გაღვივებას?“
სტალინს წამით სხვა აზრმა გაუელვა. გაახსენდა ბერიას დამსახურება ქვეყნის წინაშე და აღარ ირწმუნა მგელაძის ნათქვამი, მაგრამ, მოაგონდა პარტიის ნაცადი ფორმულა – „ენდე და შეამოწმე“. ასეც მოიქცა. მაგრამ, არ ასვენებდა აზრი – „როგორ მოხდა, რომ საქართველოში ყველაზე საპასუხისმგებლო პოსტებზე მეგრელები არიან?“ ნუთუ მისი ნახელავია ყველაფერი ეს?“ სტალინმა დასვენება ახალ ათონში განაგრძო, სწორედ აქ მოვიდნენ მგელაძე და რუხაძე, პოსკრებიშევის მეშვეობით (სტალინის თანაშემწე იყო) და გადასცეს ყველა მასალა, რაც იმ ხანებში ხელთ ჰქონდა მგელაძეს. ისინი ძირითადად ეხებოდა ბარამიასა და მის არარსებულ ჯგუფს. მასალები სტალინს ისე გადაეცა, რომ არსად განხილულა და გარჩეულა. ბარამიამ, გაიგო რა ამის შესახებ, შეეცადა, დალაპარაკებოდა სტალინს. მაგრამ, სანამ ამას გადაწყვეტდა, კანდიდ ჩარკვიანს სთხოვა, სტალინისთვის ეცნობებინა, რომ „მამხილებელი“ მასალები არსად არ ყოფილა გარჩეული. ჩარკვიანმა უპასუხა: „მე პირადად სტალინს ვერ შევაწუხებ, შენ კი დაგალაპარაკებ“.
ჩარკვიანი ელაპარაკა პოსკრებიშევს და სთხოვა, ბარამია სტალინთან დაეკავშირებინა. პოსკრებიშევმა უპასუხა: „დაელოდეთ ზარს, მე ყველაფერს  გადავცემ სტალინს“ ათი წუთის შემდეგ ჩარკვიანის კაბინეტში დარეკა ტელეფონმა – პოსკრებიშევი იყო, რომელმაც ჩარკვიანს უთხრა: „მე დაველაპარაკე სტალინს, ვუთხარი, ბარამიას უნდა თქვენთან დალაპარაკება-მეთქი. მაშინ, სტალინმა მიპასუხა: ბარამიამ ხომ თქვა ყველაფერი, როცა ირჩეოდა საკითხი. ამდენად, მას არაფერი აქვს ჩემთან სალაპარაკოო“.
ესე იგი, როცა სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება – მოეხსნათ ბარამია და გაერიცხათ პარტიის რიგებიდან, მას ჰგონებია, რომ საკითხი განხილული იყო პარტიულ კომისიაზე, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. გამოდის რომ, პოსკრებიშევმა სტალინი შეცდომაში შეიყვანა მგელაძისა და რუხაძის მიერ მიწოდებული მასალებით.
სტალინს წესიერად არ დაუსვენია. შვებულება, რომ იტყვიან, ჩაუშხამდა. რამდენიმე დღით ადრე იგი მოსკოვს გაემგზავრა.
... საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის 1951 წლის ნოემბრის პლენუმმა მიხა ბარამია, სტალინის უშუალო მითითებით, სამუშაოდან მოხსნა. მალე ის პარტიის რიგებიდანაც გარიცხეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.
კანდიდ ჩარკვიანს სტალინმა იმ ხანებში ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰკითხა: „თქვენ იცით თუ არა, რომ საქართველოში არსებობს მეგრული ნაციონალური ჯგუფი?“ კანდიდ ჩარკვიანმა ეს არ დაუდასტურა და ბელადმა ჩარკვიანზე იფიქრა: ეს კაცი მეტისმეტად გულუბრყვილოა, არ გამოდგება დაკავებულ თანამდებობაზეო.
სტალინმა ბერია საგანგებოდ გამოგზავნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე დასასწრებად. ბერიამ, სტალინის მითითებით, პლენუმზე წამოაყენა წინადადება კანდიდ ჩარკვიანის გათავისუფლების შესახებ, 1952 წლის პირველ აპრილს ის გათავისუფლდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობიდან. პირველ მდივნად კი აკაკი მგელაძე აირჩიეს. სტალინს აინტერესებდა, რა პოზიციას დაიჭერდა ბერია ბარამიას განადგურებისა და ჩარკვიანის მოხსნის ფაქტისადმი – სურდა, ამით  ბევრი რამ გაერკვია.
გადიოდა დრო. მგელაძე-რუხაძის ჯგუფმა უფრო შორს შეტოპა.
ბატონი სევერიან პლატონის ძე ებრალიძე გვიყვება: სტალინი 1952 წლის შემოდგომაზე მორიგ შვებულებაში იმყოფებოდა. მას რადიკულიტი აწუხებდა.  ექიმებმა სამკურნალოდ კარლოვი ვარში წასვლა ურჩიეს. როცა იანგარიშეს, თუ რა დაჯდებოდა 24-დღიანი მკურნალობა, სტალინმა განაცხადა: „ეს აღემატება ჩემს ხელფასს. ნუთუ სადმე საბჭოთა კავშირში არაა სამკურნალო წყლები, რომელიც შეცვლიდა კარლოვი ვარს?“ უთხრეს – არის ასეთი სამკურნალო წყლები წყალტუბოშიო და გადაწყდა, რომ სტალინი წყალტუბოში უნდა ჩამოსულიყო. სახელდახელოდ გაკეთდა ყველაფერი, ახალი სააბაზანოც. დაიცალა ერთ-ერთი საუკეთესო სანატორიუმი. ყველაფერი  გადაიღება, დასუფთავდა, დაწკრიალდა. ამ სანატორიუმში ერთადერთი დამსვენებელი დარჩა, გვარად ელისაბედაშვილი, სტალინის სემინარიის მეგობარი. ის სპეციალურად დატოვეს სანატორიუმში. ეს კაცი საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი გახლდათ და სამუშაოდან ბარამიამ მოხსნა. სწორედ ეს პიროვნება დაამუშავეს რუხაძემ და ბერიშვილმა და სათანადო კონსულტაციები გაუწიეს იმის შესახებ, თუ რა უნდა ეთქვა ბელადთან შეხვედრის შემთხვევაში.
ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წინასწარ იყო დაგეგმილი. სტალინი ჩამოვიდა, თან ქალიშვილი, სვეტლანა ახლდა. წყალტუბოში ჩამოსვლის მეორე დღეს, როცა სვეტლანა დერეფანში სეირნობდა, მას მიუახლოვდა ელისაბედაშვილი, თბილად მიესალმა და უთხრა: „მამაშენს გადაეცი, შენი სემინარიის ამხანაგია აქ და შეხვედრა სურს შენთანო“. სვეტლანა საჩქაროდ წავიდა მამასთან და მოახსენა ელისაბედაშვილის დანაბარები. სტალინმა არ დააყოვნა და გავიდა დერეფანში, სადაც მართლაც დახვდა სიყრმის მეგობარი, გადაეხვივნენ ერთმანეთს და სტალინმა ის მისაღებში მიიწვია.
დიდხანს ილაპარაკეს, სემინარიაში სწავლისა და ბავშვობის წლები გაიხსენეს, ბევრი იცინეს. შემდეგ ბელადმა ჰკითხა, თუ სად მოღვაწეობდა, რას აკეთებდა, როგორ ცხოვრობდა ამჟამად და ასე შემდეგ.
ელისაბედაშვილმა უამბო განვლილი გზის შესახებ და ბოლოს უთხრა, ახლა არსად აღარ ვმუშაობო. სტალინმა გაიკვირვა და ჰკითხა:
– როგორ თუ არ მუშაობ?
– მომხსნეს, ჩემო სოსო.
– როგორ ან ვინ მოგხსნა?
– მითხრეს, ხანდაზმული ხარ, საქმეს ვეღარ უძღვები და პენსიაზე გადიო.
 სტალინმა ამაზე ირონიულად ჩაიცინა და თქვა:       – თუ შენ საპენსიო ხარ, მაშინ, მეც შეიძლება მითხრან ასე, მეც ხომ შენი ხნისა ვარ. მაინც ვინ ითავა შენი მოხსნა? – ჩააცივდა ბელადი.
– ეჰ, ჩემო სოსო, თქვენ არ იცით, რა ხდება ახლა საქართველოში, საქართველოს ცენტრალური კომიტეტი, ფაქტობრივად, ბარამიას მიჰყავს. ჩარკვიანი ფორმალურადაა. ბარამიამ მეგრელები შემოიკრიბა და რასაც უნდა, იმას აკეთებს. რესპუბლიკის საქმე ვერა და ვერ მიდის კარგად.
– კი მაგრამ, როცა კაცს სამუშაოდან ხსნიან, მას რაღაც ბრალდებას ხომ უყენებენ. მაინც, რა ბრალდება წაგიყენეს? –  დაინტერესდა სტალინი.
– ბრალდება არ წაუყენებიათ, მაგრამ, ბიუროზე, რომელიც ბარამიას მიჰყავდა, მითხრეს შენს წარსულ მოღვაწეობას დიდად ვაფასებთ, მაგრამ, ახლა პენსიაზე უნდა გახვიდეო. შემდეგ რაღაც მეგრულად ილაპარაკეს. მე მეგრული არ მესმის და ვერ გავიგე, რა თქვეს. ბოლოს, ისევ ბარამიამ მითხრა – წადი, თავისუფალი ხარო.
სტალინი შეაცბუნა ნათქვამმა. დაახლოებით იგივე განცდა დაეუფლა, რაც ადრე, რიწაში მგელაძესთან შეხვედრისას. ახლა ბელადი სავსებით დარწმუნდა, რომ არსებობდა მეგრული ნაციონალური, ძირგამომთხრელი დაჯგუფება. სტალინისგან წამოსული ელისაბედაშვილი ნაღვლობდა, რატომ მივაყენე დასასვენებლად ჩამოსულ კაცს ასეთი უსიამოვნებაო. სწორედ ამ დროს ეზოში დადგმული რეპროდუქტორიდან მაღალ ხმაზე გაისმა მეგრული სიმღერა: „სისე ტურა“, მას მოჰყვა „ოდოია“, „კუჩხი ბედინერი“, „მარებელი“ და ასე შემდეგ.  ამან უფრო დააფიქრა სტალინი. რა იცოდა, რომ ყოველივე ეს საგანგებოდ ხდებოდა რუხაძის დავალებით. სტალინმა ამოიოხრა და, თქვა: „მეგრელები დაჰპატრონებიან საქართველოს, ემღერებათ და მღერიან“.
მთავარი მიზანი მათი მზაკვრული ჩანაფიქრისა ის იყო, რომ ერთმანეთისთვის წაეკიდებინათ სტალინი და ბერია. ამ შავბნელი გეგმის პირველი ნაბიჯები, მართლაც, წარმატებით ხორციელდებოდა. სტალინი დღითი დღე რწმუნდებოდა მეგრული ნაციონალური ჯგუფის არსებობაში.
ვალიკო შონიას მასალების
მიხედვით

скачать dle 11.3