როგორ მოაწყო მამა დამიანემ რადიოგადამცემი ქვათახევის მონასტერში და ვის ესაუბრებოდა ის ბერმუდის სამკუთხედთან მდებარე კუნძულებზე
ქვათახევის მონასტერში მოღვაწე მამა დამიანეს (თოდაძე) ერთობ საინტერესო გატაცებები აქვს – იგი რადიომოყვარული და მელომანია და მუსიკის ფანატიკური სიყვარულის გამო ქსნის კოლონიაშიც კი მოხვდა. ზოგადად, რადიომოყვარულებზე ადრე უკვე გიამბეთ. ამჯერად ღვთისმსახურს მისი საინტერესო გატაცების შესახებ ვესაუბრეთ.
– მამაო დამიანე, დიდი ხნის ისტორია გაქვთ რადიომოყვარულობის?
– მეშვიდე კლასში ვიყავი მაშინ, დიდი ხნის ამბავია, 1972 წელი იყო, თუ არ ვცდები. ტექნიკური საგნები მიყვარდა, უფრო – ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა... სულ შემთხვევით მოხდა ჩემი დაინტერესება რადიომოყვარულობით: გავიარე სკოლაში და დავინახე, რომ წიგნის ნაწილი ეგდო ძირს. შევხედე და რაღაც სქემა ეხატა – დეტექტორული მიმღების სქემა. იქვე ეწერა, როგორ ხდებოდა გადაცემა და ასე შემდეგ. მერე ავდექი და სხვას ავაწყობინე ეს რადიომოწყობილობა. პირველი კავშირი დავამყარე ქსნიდან – მაშინ ქსანში ვცხოვრობდი, იქ გავიზარდე. ვიღაც „ცისარტყელა“ გამოვიდა ხაზზე. დაველაპარაკე და აღმოვაჩინე, რომ ჩემთან ძალიან ახლოს ყოფილა – სამ-ოთხ კილომეტრში, ნიჩბისში. ერთხელ თუ ჩაერთვები ამ საქმეში, ვეღარასოდეს ვეღარ დაანებებ თავს. ახლანდელ ბავშვებს ყველაფერი მზამზარეული აქვთ. როგორც რელიგიური სიღრმეები მაინტერესებს, ისე მაინტერესებს რადიო. პარალელებს ვავლებ ხოლმე – რადიოეთერიც ხომ, რაღაცნაირად, მისტიკურია, თუნდაც ის, რომ სხვადასხვა განზომილება არსებობს.
– თქვენს მეგობრებში თუ იყვნენ ამ საქმით დაინტერესებულნი?
– იყო რამდენიმე. ჩვენთან მაინცდამაინც კარგად არ ისწავლებოდა ფიზიკა. თავიდან, ეს რადიო რომ ავაწყვეთ, ტელევიზიის სიხშირეს „დავაჯექით“ და აურია მთელ სოფელში ტელევიზორებმა, აღარ აჩვენებდა. დირექტორის ყურამდე მივიდა ჩვენი ამბავი, თან, როგორ გაზვიადებულად, არ იცით (იცინის). დამიბარა და მეუბნება: შენ, გავიგე, მოსკოვთან კავშირი დაგიმყარებია და რა ამბავში ხარო. მას მერე, რადგან ერთხელ გაგვიტყდა სახელი, გვიშლიდნენ კავშირის დამყარებას.
– სად შოულობდით ამ ტექნიკას?
– სამხედრო ნაწილში – ჩავუძმაკაცდით ჯარისკაცებს და, ხან არაყზე და ღვინოზე, ხან ისეც გვჩუქნიდნენ ხოლმე. მერე, 90 წელს, მამუკა კორძაია გავიცანი – გადამყვა თან, ძალიან დამეხმარა. რადიომოყვარულთა კლუბში მოხდა ეს ამბავი – ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა. მამუკა დამეხმარა – მონასტერში, სადაც ვმოღვაწეობ, რადიოგადამცემი დამიდგა – კერძოდ, ქვათახევის მონასტერში დაამონტაჟა რადიოსადგური, საიდანაც ეთერში გავდიოდი. რადიოხულიგანი მეც ვიყავი – 90 წლამდე ლიცენზია არ მქონია. საკმაოდ ბევრს ჰქონდა მაშინ რადიოგადამცემი, პატარა ქალაქებშიც კი – კასპი სავსე იყო რადიომოყვარულებით. სოფლებში მაშინ ტელეფონები არ იყო და ამ გზით ვუკავშირდებოდით ერთმანეთს; მუსიკასაც ვუშვებდით ეთერში – რაც რამ ახალი ჩანაწერები იყო, ყველაფერს ვშოულობდით და ვრთავდით.
– მელომანიც ყოფილხართ, მამაო დამიანე.
– კი, ვიყავი და ახლაც ვარ. მიყვარს კარგი მუსიკა, განსაკუთრებით – „ბითლზი“, „დიფ ფარფლი“. სხვათა შორის, თუ არ ვცდები, იან გილანი იყო სერიოზული რადიომოყვარული. მოკლედ, ქსანში აბსოლუტურად ევროპულად ვცხოვრობდი (იცინის). თბილისში დავიბადე, ნაძალადევში, თუმცა, ქსანში სახლი გვქონდა და იქ გადავედით. ახლა კი ქალაქიდან შორს დავსახლდი – აქ სუფთა ჰაერიცაა და რადიომოწყობილობისთვისაც კარგი ადგილია. როკსაც ვუსმენ, ფოლკლორსაც, ქანთრისაც...
– 90-იან წლებში რა ხდებოდა?
– რა ვიცი, გვიჭირდა, როგორც ყველას. ჯერ მცხეთაში ვიყავი, ზედაზენზე, შემდეგ ქვათახევის მონასტერში გადმოვედი და აქ ვმსახურობ. სხვათა შორის, წეღან მელომანობაზე რომ მკითხეთ, მაგასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორია მაქვს: 70-იან წლებში ქსნის კოლონიაში ორჯერ ვიჯექი პატიმრად და, იცით, რისთვის? მუსიკალური მაღაზიის გატეხას ვცდილობდი – „ბითლზის“ ჩანაწერის მოპარვა მინდოდა, მილიციამ მომისწრო და ადგილზე დამიჭირეს. 21 წლის ვიყავი მაშინ. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ციმბირში, ჯარში ყოფნისას, ვთქვი, რომ ეკლესიის მსახური მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ მერე, რატომღაც, დამავიწყდა. ჯარიდან რომ დავბრუნდი, პატარა საესტრადო ანსამბლი ჩამოვაყალიბე, ვუკრავდით მე და ჩემი მეგობრები. გადავიფიქრე სემინარიაში სწავლა, ვიფიქრე – როგორც ყველას სწამს, ისე ვიწამებ-მეთქი. მოკლედ, მივდივარ ეს მუსიკის ფანატიკოსი და რას ვხედავ? – მაღაზიაზე წარწერაა: „გვაქვს „ბითლზის“ ყველა ჩანაწერი“. აუ, გადამეკეტა! მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, ბასგიტარისტი. ეს ღმერთის ნება იყო – არ შევასრულე პირობა და იმიტომ. პატიმრობა ნამდვილად სასიკეთოდ გამომადგა, ეს იყო ჩემთვის წამალი. მაგრამ, ერთი მხრივ, არ იშოვებოდა ჩანაწერები და რა გვექნა?! (იცინის). რასაც ვშოულობდით, ნაგავი იყო, კარგი ჩანაწერები კი 15 მანეთი ღირდა. 15 მანეთი მაშინ დიდი ფული იყო! თან, სულ რამდენიმეგან იყიდებოდა – „ნახალოვკასა“ და დიდუბეში.
– რამდენი მოგისაჯეს?
– ორ-ნახევარი იმას მისცეს, სამ-ნახევარი – მე. ორივემ ბოლომდე მოვიხადეთ სასჯელი. ის ნოვოსიბირსკში წავიდა და იქ დაოჯახდა. ახლაც გვაქვს კონტაქტი. კოლონიაში ფიქრისთვის ძალიან ბევრი დრო მქონდა, სხვათა შორის, გამოცხადებაც მქონდა და გადავწყვიტე, სემინარიაში მესწავლა. მინდა გითხრათ, რომ ციხის შიდა რადიოფიცირება ჩემი გაკეთებულია. არ ვამართლებ ჩემს საქციელს, მაგრამ, ასე იყო საჭირო.
– ერთი, ჯარის ამბებიც მომიყევით, იქ თუ ახერხებდით რადიოსთვის დროის დათმობას?
– სამწუხაროდ, ვერანაირად. ციმბირში ვმსახურობდი, ნამდვილი კატორღა იყო. ვიღაცეებმა კი მოიტანეს ნაწილები, თუმცა, დიდი არაფერი. დიდი სურვილი მქონდა, მეკავშირე-რადისტი ვყოფილიყავი, მაგრამ, არ გამოვიდა. იქ ერთი პოლარული სადგური იყო – 40 გრადუს ყინვაში მუშაობდა რუსული სამეცნიერო ექსპედიცია და იმათ ველაპარაკებოდი. ერთხელ კიდევ, ბერმუდის სამკუთხედთან არის აზორის კუნძულები და იქ მცურავ რუსულ გემზე რადისტთან დავამყარე კავშირი. ჩემს ახალგაზრდობაში „სასწრაფოში“ ლამაზი გოგონები მუშაობდნენ და იმათაც ველაპარაკებოდი (იცინის).
– როგორც ვიცი, ინდოეთში იყავით, ქვეყანაში, სადაც ყველა რელიგიისა და კულტურის ხალხია თავმოყრილი.
– როგორც ქვეყანა, მაინტერესებს ინდოეთი. ბევრ რამეზე მინდოდა ფიქრი, ჩემი რელიგიური მიზნისთვის მინდოდა ცოტა ცხელი კლიმატის მქონე ადგილი. დელისთან ვიყავი, სხვადასხვა ქალაქში ვიმოგზაურე. რელიგიურად ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა, მარტო ინდუიზმში 200-მდე მიმდინარეობაა, თუმცა, არ მიმაჩნია, რომ სხვა რელიგიების შემეცნებამ ხიბლში ჩამაგდო. სიმართლე გითხრათ, დაუკითხავად წავედი და საპატრიარქო ამ ამბავს აღფრთოვანებით არ შეხვედრია, მაგრამ, პატრიარქმა ძალიან თბილად მიმიღო და გამიგო. ექვსი თვე ვცხოვრობდი იქ, სხვა რელიგიების წარმომადგენლებს ვესაუბრებოდი. მთავარია, გწამდეს. როცა ადამიანის გონება დაკავებული არ არის, ეს ძალიან ცუდია.
– რომელი რადიონაწილის შოვნა იყო ყველაზე რთული?
– იაპონური ტრანსივერების.საერთოდ, უცხოური ნაწილები არ იშოვებოდა. იყო ერთი-ორი შემთხვევა, რომ უცხოეთში წასულმა ადამიანმა არალეგალურად ჩამოიტანა ნაწილები, მაგრამ, წაართვა „სუკმა“ და აღარ მისცა. ინდოეთში მუშაობდა ის კაცი – რადიომოყვარული სხვა ქალაქში რომ ჩადის, ის ღირსშესანიშნაობებს კი არ ათვალიერებს, სახურავებზე რადიომოწყობილობებს ეძებს. რადიო არის ყველაფრის მშობელი, თორემ, არც მობილურები იქნებოდა, არც ტელევიზია.