ფლორის სამყაროში
კითხვა: შემოდგომით პრიმულამ გაიმეორა ყვავილობა, როგორ მოვიქცე?
პასუხი: პრიმულა ბევრი სახეობისაა – როგორც ველური ასევე დეკორატიული. მცენარე საერთოდ, ადრე გაზაფხულზე ყვავის. მაგრამ, როგორც ჩანს, იშვიათი შემთხვევაა, რადგან ყვავილობა გაიმეორა, ან შესაძლოა, ადრეულ წლებში საერთოდ არ უყვავილია და ახლა იყვავილა. პრიმულას არ უყვარს, როცა სიცხეშია ჩარგული და მთელი დღის განმავლობაში მზე აცხუნებს. ასეთ დროს, პრიმულა არ ყვავის და შესაძლოა, არც არასდროს მოგვცეს ყვავილები. სავარაუდოა, რომ ამ დროს ფოთლებიც გაუხმეს. ყოველთვის ეცადეთ, მცენარე დაჩრდილულ ადგილას დარგოთ, სადაც მზე არ ხვდება. მაგრამ, გახსოვდეთ, ადგილი ნათელი უნდა იყოს. პრიმულას უყვარს ნესტი და ვერ იტანს მშრალ კლიმატურ ადგილებს. ამიტომ, მცენარე ხშირად მორწყეთ და გაამდიდრეთ საკვები ელემენტებით: აზოტით, კალიუმითა და კალციუმით. ვიტამინები მიაწოდეთ თვეში ორჯერ, რათა ყვავილობა კარგი ჰქონდეს. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, პრიმულა მშვენივრად გრძნობს თავს და სწორედ ამიტომ გაიმეორა ყვავილობა. მცენარე მრავლდება თესლით და გაყოფით. ის იყოფა ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომით. გაითვალისწინეთ, როცა მცენარეს გაყოფთ, არ წააჭრათ ზედმეტი ფესვები. ასევე ხშირად მოაცალეთ ძველი ყვავილები, რომ ახალ ყვავილობას ხელი არ შეუშალოს. მცენარე ძალიან კარგად გრძნობს თავს ქოთნის პირობებშიც.
კითხვა: შევიძინე ქოთნის მიხაკი და ცოტა რომ აცივდა, აღარ ყვავილობს, ღეროებიც გაუყვითლდა, როგორ მოვიქცე?
პასუხი: მცენარე ბალახოვანია, ამიტომ შესაძლოა, თავის დროზე არ მიეცით სასურველი მინერალების ნაკრები და ამიტომ, ასე მალევე დაიწყო კვდომა. ეცადეთ, მცენარე კარგად მორწყათ ჩვეულებრივი წყლით და, შემდგომ მისცეთ სასუქები, რომ მცენარე არ დაიღუპოს. გაითვალისწინეთ, მიხაკს არ უხვარს ორპირი ქარი და მზის მწველი სხივები. შეგიძლიათ, მცენარე საერთოდ გადაჭრათ და ახალს ამოიყრის. მოჭრილი ტოტები კი დააფესვიანეთ. მას უვითარდება ბევრი ფესურა. შესაძლოა, ესეც იყოს თქვენი ჩივილის მიზეზი. მცენარე ამოიღეთ ქოთნიდან და გადარგეთ დიდ ქოთანში, რომ ფესვები თავისუფლად ჰქონდეს. ის მრავლდება თესლით და ასევე კალმითაც. ზამთარში მცენარე ამყოფეთ სითბოში. იმისთვის, რომ არ დაიღუპოს, დადგით თბილ და განათებულ ადგილას.
კითხვა: ქოთანში მქონდა კოხია და უკვე მიხმება. როგორ მოვიქცე? მითხრეს, რომ მრავალწლიანი მცენარეაო.
პასუხი: კოხია ტროპიკული მცენარეა და თავის სამშობლოშიც კი 2-3 წელი ცოცხლობს, მაგრამ ყოველ წელს ტოვებს ნათესს. საქართველოში ეს მცენარე ერთწლიანია, რადგან მკაცრ ზამთარს ვერ უძლებს. ამიტომ, მცენარე, სადაც არ უნდა გქონდეთ, ერთ წელზე მეტს ვერ გაძლებს. არსებობს კოხიის მრავალი ჯიში, რომელიც ჯერჯერობით არ არის შემოტანილი გასაყიდად. ეს მცენარე ქოთანში ნამდვილად მრავალი წელი ძლებს. ასე რომ, ეცადეთ, მცენარე ყოველ წელს თვით ნათესით გაამრავლოთ და მისი სილამაზით დატკბეთ.