სამწლიანი სასჯელი სხვის ბინაში ჩატარებული რემონტისთვის
სხვისი უძრავი ქონების განზრახ განადგურებისთვის 27 წლის მანანა ხ. საპატიმროში აღმოჩნდა. მასვე დაეკისრა 4 397 ლარის ზარალის ანაზღაურება ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ. თუმცა, პატიმარი თანხას 26 წლის ირაკლი კ-შვილთან ერთად სოლიდარულად გადაიხდის. როგორც გამოძიებით დადგინდა, ქალს დანაშაულისკენ სწორედ ირაკლი კ-შვილმა უბიძგა – საკუთარი დიზაინით ქალს მეგობრის ბინა გაარემონტებინა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ წაქეზება არაფორმალურად მოხდა, ქალთან შედარებით კაცი მსუბუქად დასაჯეს.
სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კოლეგიამ ღია სხდომაზე განიხილა, არქივისთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესოა. გაასამართლეს 27 წლის ქალი, რომელიც რეალურად, სხვების დაუდევრობის მსხვერპლი გახდა.
ნათხოვარი ბინის ისტორია
26 წლის ირაკლი კ-შვილი სამეგობრო წრეში ერთ-ერთ ყველაზე სანდო პიროვნებად ითვლებოდა. ყველა ენდობოდა, რადგან იცოდნენ, რომ მასთან არაფერი დაეკარგებოდათ. სწორედ ამიტომ, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა შალვა ს-მ, რომელიც რამდენიმე წლით საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა, საკუთარი სახლი ძმაკაცს, ანუ ირაკლის ჩააბარა. უთხრა, რომ მისი არც ქირა უნდა და არც არაფერი – ნაწილობრივ მაინც მის სახლში ეცხოვრა და ბინისთვის მიეხედა.
ირაკლისთვის ძმაკაცის დანატოვარი ბინა პირდაპირ მისწრება იყო, რადგან მის ცხრასულიან ოჯახში მეგობრები ხშირად აკითხავდნენ და უხერხული სიტუაცია იქმნებოდა ხოლმე. ამიტომ, ირაკლი ძმაკაცის ბინაში გადაბარგდა და მთელი მისი სამეგობრო (და არა მარტო ისინი) იქ გადაჰყვა.
მანანა ხ. ირაკლიმ სწორედ ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ გაიცნო. ქალი მასზე სულ რაღაც ერთი წლით იყო უფროსი. ამიტომაც, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მათი დაახლოებისთვის. მოკლედ, მათ ერთმანეთი მოეწონათ და მანანას სტუმრობა ირაკლის სახლში გახშირდა. ბოლოს კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალი და კაცი „ახლო მეგობრები” გახდნენ. მაგრამ ეს ამბავი არავინ იცოდა და არც სურვილი ჰქონდათ ვინმეს გაეგო.
საბოლოოდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ მანანა და ირაკლი ცოლ-ქმარივით ცხოვრობდნენ. ერთმანეთს ყოველ საღამოს ხვდებოდნენ და ამის გამო, სხვების მისვლა-მოსვლა თითქმის შეწყდა. ბოლოს, ირაკლიმ ქალს მასთან, ბინაში გადასვლაც შესთავაზა, ცხადია, ქალი ამ შემოთავაზებას დასთანხმდა, მაგრამ კაცს მხედველობიდან გამორჩა მეტად მნიშვნელოვანი მომენტი – ქალისთვის არ უთქვამს, რომ ბინაში, სადაც ცხოვრება შესთავაზა მას არ ეკუთვნოდა. მანანამ იცოდა, რომ ირაკლის ოჯახი სხვაგან ცხოვრობდა, ეს ბინა კი ირაკლის ცალკე ჰქონდა...
საქმის მასალებით, მანანა ხ. კულტურის სფეროში მოღვაწეობდა და ნორმალური შემოსავალი ჰქონდა. რაც შეეხება ირაკლი კ-შვილს, იმ პერიოდისთვის მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა და ეკონომიურად არც მას უჭირდა. საინტერესოა ისიც, რომ მართალია, წყვილი ცოლ-ქმარივით ცხოვრობდა, მაგრამ როგორც ჩვენებებში წერენ, თავისუფლების დაკარგვა არც ერთს არ უნდოდა და ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას არ ჩქარობდნენ.
ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მათი ოთხთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, მოულოდნელად, ირაკლი კ-შვილი სამსახურიდან ორთვიან სტაჟირებაზე უცხოეთში გაუშვეს. როგორც ჩანს, ირაკლის გამგზავრებამ იმდენად დადებითად იმოქმედა მათზე, ერთმანეთს სხვა თვალით შეხედეს და ირაკლის ჩამოსვლისთანავე, დაქორწინება გადაწყვიტეს.
სწორედ ამიტომ, მანანა ხ. საქორწინო სამზადისს შეუდგა. კერძოდ, გადაწყვიტა, ირაკლისთვის სიურპრიზი მოეწყო და მის ჩამოსვლამდე ბინა მოეწესრიგებინა. ამ მიზნით, სასწრაფოდ ბანკიდან სესხი აიღო და გარდა იმისა, რომ ახალი შპალერი გააკრა და ჭერი გაალამაზა, „ზალისა” და სამზარეულოს გაერთიანება და ბარის გაკეთება გადაწყვიტა. ამისთვის, საჭირო იყო ოთახების გამაერთიანებელი კედლის მონგრევა, რაც მუშებმა დიდი წვალებით შეძლეს. მაგრამ, იმ დროს, როდესაც სახლიდან მუშებს კედლის ნანგრევები გაჰქონდათ, სრულიად მოულოდნელად, ბინაში მისი მეპატრონე დაბრუნდა. საკუთარ სახლში მას სრულიად უცხო ადამიანები და გადაკეთებული სახლი დახვდა. თუმცა, ყველაზე მთავარი, რამაც აღაშფოთა, ის იყო, რომ ავეჯი, მათ შორის საწოლები, ეზოში, ერთმანეთზე დალაგებული დახვდა. აღმოჩნდა, რომ მანანა ხ-მ ძველ ავეჯს ადგილი ნაგავსაყრელზე მიუჩინა, მაგრამ საბედნიეროდ, მისი წაღება გაჭიანურდა.
რა სცენა გაიმართა მანანა ხ-სა და სახლის პატრონს შორის, ამას მეზობლები ჩვენებებში დეტალურად აღწერენ. მათ შორის ისეთი ხელჩართული ჩხუბი გამართულა, რომ პოლიციის მოსვლამდე, მეზობლებმა მათი გაშველება ვერ შეძლეს. როგორც მეზობლების ჩვენებებშია ნათქვამი, მანანა ხ-მ სრული შოკი მიიღო, როცა გაიგო, რომ რემონტი ირაკლის კი არა, მისი მეგობრის სახლში გააკეთა...
საბოლოოდ კი, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სხვისი ქონების განადგურების მუხლით აღიძრა და მანანა ხ. ბრალდებული გახდა.
დაზარალებული შალვა ს-ს ჩვენებიდან: „საქართველოში დაბრუნება რომ გადავწყვიტე, ირაკლის ვურეკავდი, მინდოდა, გამეფრთხილებინა რომ ჩამოვდიოდი, მაგრამ ვერაფრით დავუკავშირდი. დაკავშირებას მთელი ორი კვირის განმავლობაში ვცდილობდი და რომ ვერ შევძელი, ჩვენს საერთო მეგობარს დავურეკე. მისგან გავიგე, რომ ირაკლი საქართველოში არ იმყოფებოდა. ვივარაუდე, რომ როგორც ყოველთვის, ჩემი ბინის გასაღებს თან არ წაიღებდა და რომელიმე მეზობელს დაუტოვებდა. საქართველოში რომ ჩამოვედი, ჩემს მშობლებთან დავბინავდი და მერე წავედი ჩემს ბინაში. თვალებს არ დავუჯერე, ეზოში ერთმანეთზე დალაგებული ჩემი საწოლები და სკამები რომ დავინახე. რკინის კარი ღია დამხვდა. რომ შევედი, ერთი მუშა ჭერს ათეთრებდა, ორი ნანგრევებს ეზიდებოდა. თავი სიზმარში მეგონა. ჩემს უკან ეზოში მანქანის დამუხრუჭების ხმა გავიგე. გავიხედე, მანქანიდან სიმპათიური გოგონა გადმოვიდა და პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. ოთახში რომ შემოვიდა, ჩემთვის გამარჯობაც არ უთქვამს, მუშებს უთხრა, საჭმელი მოვიტანეთო. მივხვდი, რომ მას მუშების თანმხლები, მუშებს კი, ალბათ, მისიანი ვეგონე. აღარ მახსოვს საუბარი რითი დავიწყე, მაგრამ მახსოვს, ჩემი ყვირილი, როცა მონგრეული კედელი დავინახე. სიმწრისგან ერთ-ერთ კედელს წიხლიც მივარტყი. ქალმა ყვირილი დამიწყო, სხვის ქონებასთან რა გესაქმებაო. მეც ყვირილით ვუპასუხე, რომ ის თავად ანადგურებდა სხვის ქონებას. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. მაგინებდა, მემუქრებოდა, რომ ციხეში ამომალპობდა და ასე შემდეგ. ვინ გამოიძახა პოლიცია, არ ვიცი, მახსოვს მხოლოდ მისი სახე, როცა ირაკლის გინება დავიწყე...” – განაცხადა დაზარალებულმა, რომელიც დასაკითხად წაიყვანეს და მანანა ხ-მ მხოლოდ მაშინ გაარკვია, რომ ის ირაკლის ახლო მეგობარი იყო.
მანანა ხ-ს ჩვენებიდან: „მე და ირაკლის დაქორწინებაზე არც გვიფიქრია, ერთად თავს ისედაც კარგად ვგრძნობდით. ირაკლი რომ გერმანიაში წავიდა და მარტოები აღმოვჩნდით, ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა და გადავწყვიტეთ, მისი ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა. ამ მიზნით, ბინის გალამაზება გადავწყვიტე. მიხაროდა, მეგონა, ირაკლის ვასიამოვნებდი. მის ჩამოსვლამდე ისევ ჩემს ბინაში დავბრუნდი, ირაკლის ბინაში კი რემონტი დავიწყე. ამისათვის 7 ათასი ლარი ბანკიდან ნაცნობების დახმარებით 11 პროცენტში ავიღე. ირაკლის მეგობარი რომ გამოჩნდა რემონტი, ფაქტობრივად, სრულდებოდა. როცა გავიგე, რომ ბინა მისი იყო, ვერ ვიჯერებდი, მეგონა, რაღაც გაუგებრობა მოხდა, რადგან ირაკლის არასდროს უთქვამს, რომ ბინა მას არ ეკუთვნოდა. ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ბინა მოუხერხებელი იყო და ასჯერ მაინც ჰქონდა დახაზული სქემა, როგორ უპირებდა გადაკეთებას. მე მხოლოდ მის გამო მოვიქეცი დაუდევრად, ბინა ზუსტად ისე გადავაკეთე, როგორ ირაკლის უნდოდა“... – განაცხადა განსასჯელმა, რომელის ჩვენებაც უცხოეთიდან დაბრუნებულმა ირაკლი კ-შვილმა დაადასტურა და მასზე საქმე დაუდევრობის მუხლით აღიძრა.
საბოლოოდ კი, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის, ორივეს ზარალის ანაზღაურება სოლიდალურად დაეკისრა. პირველ ეტაპზე მანანა ხ-ს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, მეორე ინსტანციამ განაჩენი პირობითი სასჯელით შეუცვალა. რაც შეეხება ირაკლი კ-შვილს, დაუდევრობის გამო, მას თავიდანვე ერთწლიანი პირობითი სასჯელი ერგო...