განტვირთვის დღე ვაშლით
ვაშლი, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ხილია, თუნდაც იმით, რომ, პრაქტიკულად, არ არსებობს დაავადება, რომლის დროსაც ვაშლის ჭამა იკრძალება. ვაშლი არის საკმაოდ დაბალკალორიული, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გაჯერებული პროდუქტი, ამიტომ, განსაკუთრებით კარგია დიეტის დროს, ან, სულაც განტვირთვის დღის მოსაწყობად.
დილით, უზმოზე, ყლუპ-ყლუპად დალიეთ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი – უამრავი მინერალური ნივთიერების წყარო, რომელიც წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მარილებისგან.
2 საათის შემდეგ – მიირთვით 2 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (კანიანად). ვაშლის კანი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტ კვერცეტინს, რომელიც იცავს უჯრედებს ნაადრევი კვდომისგან.
კიდევ 2 საათის შემდეგ – 2 ცალი გამომცხვარი ვაშლი ნახევარ-ნახევარი კოვზი თაფლითა და ცოტაოდენი დარიჩინით. შეატანეთ 200 გრამი უცხიმო ხაჭო – ეს შეგინარჩუნებთ ენერგიას დღის განმავლობაში.
2 საათის შემდეგ – იგივე.
კიდევ 2 საათის შემდეგ – მიირთვით 1 ცალი ვაშლი და დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ვაშლის წვენი.
2 საათის შემდეგ – იგივე.
წვენი სწრაფად კვებავს ორგანიზმს ვიტამინებით – წვენს ორგანიზმი შეიწოვს წუთ-ნახევარში და მისი შემადგენელი კომპონენტები საკმაოდ მალე ხვდებიან სისხლში. ცხადია, სათანადოდ ვერ დანაყრდებით, მაგრამ, კვირაში ერთ დღეს რას არ გაუძლებ სილამაზისთვის.
შუალედებში დალიეთ გაზგასული მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი, რომელშიც, შეგიძლიათ, ლიმონი ჩააწუროთ.
თუ ამ რეჟიმს ზუსტად დაიცავთ და ვაშლით განტვირთვის დღეს კვირაში ერთხელ სისტემატურად მოაწყობთ, რამდენიმე თვის შემდეგ წარმოუდგენელ შედეგს მიიღებთ.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყების ან განტვირთვის დღის მოწყობის წინ, დაეკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
წარმატებას გისურვებთ.