რაში გამოადგა ელენე შიუკაშვილს თავისი გარეგნობა და რატომ არ მოსწონს მას დღევანდელი ბიჭები
სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელის“ მოდელი ელენე შიუკაშვილი ამ სფეროში სულ რაღაც ერთი წელია, მოღვაწეობს და, ამ დროის განმავლობაში შეძლო, თავი გამოეჩინა. ის ნინო ცქიტიშვილის აღმოჩენაა. ელენე ახლახან დაბრუნდა თურქეთიდან, სადაც ორი თვის განმავლობაში მუშაობდა სამოდელო სააგენტო „შაინში.” მისი იშვიათი გარეგნობა არც იქ დაუტოვებიათ ყურადღების მიღმა. მიუხედავად დამღლელი დღის რეჟიმისა, ქართველი მოდელი მაინც სასიამოვნოდ იხსენებს „შაინში” გატარებულ ორ თვეს.
– როდის დაიწყო შენი სამოდელო კარიერა?
– მოდელობას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ, ჩემი დის მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოში მივედი, სადაც კონტრაქტი გამიფორმეს და უკვე ერთი წელია, აქ ვარ. სააგენტოში მოვედი თუ არა, დაახლოებით ორ კვირაში იყო „ყაზბეგის” სარეკლამო კლიპისთვის ქასთინგი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და ამირჩიეს კიდეც. ეს ჩემი პირველი გადაღებები იყო, რომელიც ძალიან მომეწონა.
– ერთი წლის განმავლობაში შენს ცხოვრებაში, ალბათ, ძალიან მევრი რამ შეიცვალა.
– დიახ, მართლა ბევრი რამ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში. უფრო ბევრს ვმუშაობ, რაც სააგენტო „ლუქ მოდელში“ მოვედი, უფრო დავიხვეწე, უფრო მივხვდი, რას ნიშნავს მოდელის პროფესია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სტამბულში წავედი სამუშაოდ.
– უფრო დაწვრილებით გვიამბე შენი სტამბულში ვიზიტის შესახებ.
– სტამბულში, სააგენტო „შაინში”, ორი თვით ვიყავი წასული. საქართველოსთან შედარებით, იქ მართლა სხვა მუშაობაა. მართლა მიხვდები, რას ნიშნავს, იყო მოდელი. როცა ევროპაში მიდიხარ სამუშაოდ, ხვდები, რომ იქ საერთოდ სხვა ტემპი და გარემოა, პროფესიონალურ დონეზე უნდა იმუშაო. დილის 8 საათიდან, საღამოს 7 საათამდე ვმუშაობდი. მართალია, ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ – სასიამოვნო. იყო ისეთი პერიოდი, საერთოდ ვერ ვახერხებდი დაძინებას, რადგან, ერთ დღეს ღამის 3 საათამდე მქონდა გადაღებები, მეორე დღეს კი – დილის 8 საათამდე. საოცარი სამუშაო რეჟიმია, რისთვისაც ფსიქოლოგიურად ყველანაირად მზად უნდა იყო. რომ მივდიოდი, მართლა არ მეგონა, ასეთი სამუშაო რეჟიმი თუ მექნებოდა. ვფიქრობდი, რა პრობლემაა, თან გავერთობი, თან ვიმუშავებ-მეთქი. მეგონა, ადვილი იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ჩავედი, მაშინვე მივხვდი, რომ, იოლი კი არა, ძალიან რთული და დამღლელი იყო იქ მუშაობა.
– ორი თვით პირველად იყავი მარტო ქვეყნიდან გასული? ფაქტობრივად, ამ პერიოდში დაიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება.
– დიახ, პირველად ვიყავი და პირველ კვირას მართლა ძალიან გამიჭირდა მარტო ყოფნა. ძალიან ცუდად ვიყავი და ჩუმად მიტირია კიდეც. მაგრამ, ერთ კვირაში შევეჩვიე ახალ გარემოს, ჩავჯექი რეჟიმში და უკვე ძალიან მსიამოვნებდა ეს პროცესი.
– „შაინი” საკმაოდ წარმატებული სააგენტოა, სადაც ბევრი მოდელი ისურვებდა მუშაობას. როგორც გავიგე, სააგენტოში დიდ ყურადღებას იქცევდი.
– მათგან ყურადღება მართლაც გამორჩეულად მქონდა. ჩემ გარდა იყვნენ მოდელები, რომელთა სიმაღლე 180 სანტიმეტრი ან უფრო მეტი იყო, მაგრამ, გადაღების დროს არჩევანს ძირითადად ჩემზე აკეთებდნენ. სხვა გოგონები რომ ვნახე, თავიდან, მეგონა, მე ვერ ვიმუშავებდი და სულ მათ აირჩევდნენ, მაგრამ, პირიქით მოხდა. თითქმის ყოველდღე ვმუშაობდი, ან არა და, ქასთინგზე უნდა წავსულიყავი აუცილებლად. ერთადერთი დღე იყო კვირა, როცა ვისვენებდი.
– შენ რამდენი ხარ სიმაღლეში?
– 173 სანტიმეტრი.
– სტამბულში ყოფნის დროს სარეკლამო გადაღებებიც გქონდა?
– ორი კატალოგის რეკლამაში გადამიღეს, ასევე მუსიკალურ კლიპში, რომელიც ჯერ მე თვითონაც არ მინახავს.
– დარწმუნებული ვარ, იქ ხალხის ყურადღებას ნამდვილად იქცევდი.
– თბილისში უფრო თავშეკავებულები არიან, იქ კი სულ სხვანაირად იქცევიან. ხშირად მოსულა ჩემთან უცნობი ადამიანი ქუჩაში და კომპლიმენტი უთქვამს.
– იშვიათი გარეგნობა გაქვს.
– ამას იქაც აღნიშნავდნენ. მუქი თმა და ცისფერი თვალები მართლა იშვიათობაა. მინდოდა, ორთვიანი გასვლის შემდეგ საქართველოში ცოტა განსხვავებული ჩამოვსულიყავი – თმის გაღიავება მინდოდა, მაგრამ, ამის უფლება არ მომცეს, თან, მეც გადავიფიქრე.
– რა გეკრძალებოდა სააგენტო „შაინში” მუშაობის დროს?
– არ უნდა მეჭამა ძალიან ბევრი, თუმცა, მაინც ვჭამდი. თავიდან დიეტაზე ვიყავი, მაგრამ, როცა ასეთი გიჟური რეჟიმი დამეწყო, ამის გამო გარეთ მიწევდა ჭამა. ამიტომ, ხშირად მივირთმევდი ჰამბურგერს, ჩისბურგერსა და მსგავს საკვებს. ასევე, გვეკრძალებოდა ღამის კლუბებში სიარული.
– მკაცრად გეპყრობოდნენ მოდელებს?
– მთავარი იყო, კარგად გემუშავა და გადაღებაზე ყოფილიყავი მობილიზებული, სხვა მხრივ არაფერი.
– რამდენი წლის ხარ?
– 21.
– ქართველი მოდელები შენს ასაკში ხშირად დგანან გათხოვების „რისკის“ ქვეშ. შენთან როგორ არის საქმე.
– მართალია, გათხოვება არ მაქვს გეგმაში, მაგრამ, ასეც რომ მოხდეს, მოდელობა მაინც ყოველთვის ჰობის დონეზე იქნება ჩემში. ისეთი ქმარი არასდროს მეყოლება, რომელიც რაღაცას ამიკრძალავს და შემზღუდავს. ვფიქრობ, ისეთი მამაკაცი იქნება ჩემ გვერდით, რომელსაც ძალიან ვეყვარები, ყველაფერში ამიბამს მხარს და გაითვალისწინებს ჩემს სურვილებს.
– თავად თუ ხარ დამთმობი?
– რაღაცეებს დავთმობ, რაღაცეებს – არა. თუ საყვარელი ადამიანი კატეგორიულად მეტყვის, რომ რაღაც არ უნდა გავაკეთო, აუცილებლად მეც ვეტყვი ანალოგიურს, რათა მიხვდეს, რომ ასე არ შეიძლება.
– შეყვარებული თუ ხარ?
– მგონი, ვარ.
– როგორი ხდები, როცა შეყვარებული ხარ?
– ყველა შეყვარებული ადამიანი ბედნიერია.
– როგორია შენი სასურველი ადამიანი, ან როგორი უნდა იყოს?
– პირველ ყოვლისა აუცილებლად მამაკაცური უნდა იყოს და მამაკაცური ღირსებები ჰქონდეს. დღევანდელი ბიჭების უმრავლესობა არ მომწონს, რადგან, ძირითადად, ცანცარები არიან. ბიჭი უნდა იყოს სერიოზულიც, მხიარულიც, ამავე დროს, თავაზიანი, არ უნდა სჭირდებოდეს რაღაცის მინიშნება, თავად უნდა ხვდებოდეს ყველაფერს – აი, ასეთი ბიჭები მომწონს.
– რაც შეეხება ეჭვიანობას?
– ვერ ვიტან, როცა ეჭვიანობენ. თუ ადამიანი გიყვარს და ენდობი, აღარ უნდა იეჭვიანო. ჩემი აზრით, როცა მამაკაცი ეჭვიანობს, ეს მისი არასრულფასოვნების კომპლექსია.
– თავად თუ გაქვს რამის კომპლექსი?
– მგონი, არაფრის კომპლექსი არ მაქვს. შებოჭილი და ხელოვნური არასდროს ვყოფილვარ. ბიჭმა ისეთი უნდა მიმიღოს და შემიყვაროს, როგორიც რეალურად ვარ.
– თაყვანისმცემელიც ბევრი გეყოლება, დარწმუნებული ვარ.
– ჰო, რა ვიცი, ალბათ. ყველა გოგოს ჰყავს თაყვანისმცემლები.
– ამჯერად თბილისში ხარ და რა გეგმები გაქვს?
– სხვადასხვა შემოთავაზება მაქვს და ვნახოთ. ჯერ ზუსტად არ ვიცი. ჯერ ერთი კვირაა, ჩამოვედი და ქვეყნის დატოვება ასე მალე ნამდვილად არ მინდა, რადგან, ძალიან დაღლილი ვარ.
– სად სწავლობ?
– თათა ვარდანაშვილთან ვსწავლობ, ტანსაცმლის დიზაინზე.
– როგორია საქართველოში შენი ცხოვრების სტილი?
– საკმაოდ აქტიური. ყოველთვის აქტიური ვარ, ზედმეტადაც კი. მიყვარს და მიხარია ცხოვრება. ცუდიც რომ ხდებოდეს, მაინც კარგად ვუყურებ ყველაფერს, რადგან, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– ანუ, თავად იქმნი ცხოვრებაში სასიამოვნო ფონს, რომ ყველაფერი კარგად იყოს.
– დიახ, ასეა. ყველას ცხოვრებაში ხდება რაღაც, რაც გვინდა რომ დავივიწყოთ ან ამოვშალოთ მეხსიერებიდან. ცუდი თუ არ ნახე, კარგს ვერ მიხვდები. რაც მთავარია, მომავალს აუცილებლად იმედის თვალით უნდა შევხედოთ.
– როგორ ფიქრობ, შენს შემთხვევაში წარმატება იოლად მოდის თუ ბევრი შრომის შედეგად?
– ალბათ, მაინც ადვილად მოდის. მართალია, შრომის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ, გამართლებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუნდაც სტამბულის შემთხვევა ავიღოთ – ბევრი ჩემზე კარგი გოგო იყო იქ, მაგრამ, მაინც მე გამიმართლა. იმას არ ვამბობ, რომ მახინჯი ვარ, მაგრამ, სხვებთან შედარებით მაინც გამიმართლა.