როგორ გაუსწორდა საკუთარ დემონებს დონატელა ვერსაჩე
1997 წლის ჩვენებაზე ჯანი ვერსაჩემ მოდის სრულიად ახალი ხედვა წარმოადგინა, უფრო თამამი, თანამედროვე, ბნელი და პანკური. თუმცა დანაპირები სრულიად ახალი და განსხვავებული კოლექციებისა ვერ განხორციელდა, რადგან ჩვენებიდან რამდენიმე დღეში ვერსაჩე მაიამიში მოკლეს. დიზაინერის დანაპირები ადამიანური სისასტიკის გამო არ აღსრულდა. მისი და კი, რომელმაც ძმის მემკვიდრეობა გადმოიბარა და რომლისთვისაც სამყარომ სრულიად ახალი, ოპტიმისტური შესაძლებლობები გადაუშალა წინ, ტრაგიკულად შეხვდა არა მხოლოდ ძმის გარდაცვალებას, არამედ მისი უზომო ნიჭიერებისა და კრეატიულობის ღირსეულ სამართალმემკვიდრედ გადაქცევის პროცესს. ამდენი წლის განმავლობაში მსოფლიო ელოდა დონატელა ვერსაჩეს გამოღვიძებას. იყო პერიოდები, როცა თავს ართმევდა რთულ დავალებას, მაგრამ ზოგჯერ მოდის სახლს ხელმძღვანელის სრული დაბნეულობა ეტყობოდა.
მხოლოდ შემოდგომა-ზამთრის 2013 წლის კოლექციის წარდგენისას, შეძლო მან მხრებში გამართულიყო, რადგან იგრძნობოდა, რომ ის საკუთარ დემონებს დაუპირისპირდა და მოერია. მან გადაიბარა ძმის უკანასკნელი კოლექციის დანაპირები და სამყაროს ტანსაცმლის სრულიად ახალი ხედვა შესთავაზა. თამამმა ნაბიჯმა მისი გვარის კულტი კიდევ უფრო მკაფიო, ხელშესახები გახადა და სრულიად გააქრო ის თვითდაურწმუნებლობა, რომელიც დონატელას გასულ წლებში ჰქონდა. ერთი სიტყვით, ის მზად არის გამოწვევებისთვის.
დონატელამ კიდევ უფრო მეტი გამომსახველობა შესძინა ძმის მიერ ბოლო კოლექციაში გამოყენებულ ელემენტებს – ჯვარცმები, მძიმე ლითონი როგორც კაბებზე ისე აქსესუარების სახით, დამძიმებული ენერგეტიკის მქონე ქალები, დაახლოებით ისე გამოიყურებოდნენ როგორც რუნი მარა ფილმში „გოგონა დრაკონის ტატუთი”. ეს ვიზუალი კი ძალიან ნიჭიერი თმისა და ვიზაჟის სპეციალისტების დახმარებით იქნა მიღწეული. კოლექციაში დიდი რაოდენობითაა გამოყენებული ტყავი და მისი შემცვლელები. სიბნელეში ჩაკარგული აგრესიული ყვითელი და ნარინჯისფერი კაბები ბევრი ვერცხლისფერი ელემენტით უცნაურ, ოდნავ საშიშ სანახაობას ქმნიდა. მიუხედავად ყველაფრისა, გრძელსახელოებიანი, დახურული, ყელთან ბოლომდე შეკრული კაბები და პალტოები გარკვეულ სექსუალურობას მაინც ატარებდა. ქერათმიანი, სქელტუჩება იტალიელის მთავარი კოზირი ხომ სწორედ სექსუალურობაა, ის რის გამოც ამდენი წლის განმავლობაში უამრავი ჰოლივუდის ვარსკვლავი წითელი ხალიჩისთვის სპეციალურ ჩაცმულობას სწორედ მას ანდობს – მას, როგორც არცთუ კრეატიულ დიზაინერს, მაგრამ სხეულის განსაკუთრებული ფორმებით წარმოდგენის დიდოსტატს.
დონატელა ვერსაჩეს არ უსაუბრია პრესასთან იმაზე, ვინ ან რა გახდა მისი ინსპირაციის წყარო – რუნი მარა თუ ძმის უკანასკნელი კოლექცია, ამაზე მხოლოდ მოდის კრიტიკოსები მსჯელობენ. ფაქტი კი ის არის, რომ ახალგაზრდა ქალბატონებს ის პროვოკაციისკენ, თვითგამოხატვის აგრესიული ფორმებისკენ უბიძგებს, ურჩევს, არ მოერიდონ რელიგიური თუ ფილოსოფიური სიმბოლოების გამოყენებას სამოსსა და ცხოვრებაში, რითაც მათ განსაკუთრებული დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ უბიძგებს.