ხშირად სვით ნიახურის ახლად გამოწურული წვენი
ნიახურის წვენი დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ორგანულ ნატრიუმს. იმის გამო, რომ ნიახური ოთხჯერ მეტ ორგანულ ნატრიუმს შეიცავს, ვიდრე კალციუმს, ეს კი კალციუმის ხსნადობას უზრუნველყოფს, ის ყველაზე სასარგებლო წვენია მათთვის, ვინც ფართოდ მოიხმარს კონცენტრირებულ შაქარსა და სახამებელს. ნებისმიერი საკვები, რომელიც კონცენტრირებულ შაქარს შეიცავს, მაგალითად, უალკოჰოლო სასმელები, კანფეტები, ნაყინი და ასე შემდეგ, მიეკუთვნება კონცენტრირებული ნახშირწყლების კლასს. ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ორგანიზმს და იწვევს ბევრ დაავადებას.
კალციუმი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ, ის უნდა იყოს ბიოლოგიურად აქტიური და ორგანული. როცა იხარშება კალციუმის შემცველი ნებისმიერი საჭმელი, ის ავტომატურად არაორგანულში გადადის, უხსნადი ხდება. ამიტომ, ვერ კვებავს უჯრედებს და ადამიანის ორგანიზმი მას ვერ ითვისებს. ასეთი საკვები ახშობს ორგანიზმს და ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა: ართრიტი, დიაბეტი, გულის კორონარული დარღვევები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბუასილი, ქვების დაგროვება ნაღვლის ბუშტში და ასე შემდეგ. ასევე, ორგანიზმში იზრდება გადაუმუშავებელი კალციუმის რაოდენობა, რაც მეტად არასასურველია. სწორედ ასეთ დროსაა აუცილებელი ორგანული ნატრიუმი, რომელიც ათავისუფლებს ორგანიზმს ამ დანალექებისგან. ნატრიუმი, ასევე, დიდ მონაწილეობას იღებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, მაგალითად, სისხლისა და ლიმფის გათხელებაში.
ნიახურის წვენის მიღება არეგულირებს ორგანიზმის ტემპერატურას.
ორგანული ნატრიუმის უკმარისობა იწვევს ბრონქულ და ფილტვების დაავადებებს, ნაადრევ სიბერეს, განსაკუთრებით – ქალებში.
ნიახურის წვენით ავიტამინოზის მკურნალობისას ფენომენური შედეგებია მიღებული. ნიახური მდიდარია მაგნიუმითა და რკინით, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები კი გამოწვეულია ძირითადად ორგანიზმში არაორგანული მინერალური ელემენტებისა და დამამშვიდებელი პრეპარატების ნარჩენების დაგროვებით. ნიახურისა და სტაფილოს წვენების ნარევი კარგი საშუალებაა ყოველივე ზემოთ თქმულის თავიდან ასაცილებლად.
გაითავისუფლეთ ორგანიზმი შხამებისგან
ადამიანზე ყოველდღიურად ბევრი უცხო ნივთიერება ზემოქმედებს. ისინი ორგანიზმში სუნთქვის, საკვების, წყლის ან წამლის მეშვეობით ხვდებიან, რომელთაგან ბევრი მათგანი ძალიან მავნე და შხამიანია.
როცა ორგანიზმი ტოქსინების ნეიტრალიზაციასა და გამოდევნას ვერ ახდენს, ისინი ილექება. ამას სამედიცინო ენაზე ინტოქსიკაცია ეწოდება. ტოქსინების შემოტევებისას ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, უღონობას, უხასიათობას, გულისრევის შეგრძნებას, ნაწლავების აშლილობას, სუნთქვის გაძნელებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებას და ასე შემდეგ. ამ დროს თავს იჩენს ისეთი დაავადებებიც, რომლებიც ფარულად მიმდინარეობს.
შხამებისა და წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდაში მცენარეები დაგეხმარებათ. მაგალითად, ნიტრატები, ქლოროფორმი და ქლორი ორგანიზმიდან კრაზანის, კალენდულას, უკვდავასა და ცაცხვის ნაყენით გამოიდევნება; რადიონუკლეიდები კი – მწვანე ჩაის, ახალგამოწურული წვენების, მრავალძარღვას, ცირცელისა და ორკბილას ნაყენებით და, ასევე, წითელი ღვინის მეშვეობით; ტყვიის მარილები ეფექტურად გამოიდევნება ორგანიზმიდან შვიტას, ნახშირისა და ნივრის მიღებით.
შხამები ძალიან აზიანებს ღვიძლს, მის დაცვაზე ზრუნვა კი, ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაზე კარგია ჭვავის ნაყენი – ის იცავს ღვიძლის უჯრედებს და მათ მუშაობას ააქტიურებს.
იმისთვის, რომ ორგანიზმში შხამები არ დაგროვდეს ან მათი ზემოქმედებისგან დაიცვათ თავი, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები:
* რაც შეიძლება დიდხანს ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ძილის წინ – მინიმუმ ნახევარი საათი;
* სწორად შეარჩიეთ საკვები რაციონი და ისე იკვებეთ, რომ ნაწლავებში ტოქსინების დაგროვება არ მოხდეს.
* აიმაღლეთ იმუნიტეტი;
* ორგანიზმის გაწმენდის კურსი მცენარეული ნაყენებით წელიწადში პერიოდულად რამდენჯერმე ჩაიტარეთ;
* ჭამეთ ბევრი ახალი ხილი, სეზონური ბოსტნეული, პარკოსნები და მარცვლეული;
* მოერიდეთ ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებას.
კომბოსტო შარდმდენი და საფაღარათო საშუალებაა
კომბოსტო სასარგებლოა როგორც ცოცხალი, ასევე მწნილის სახითაც. ის მადის მომგვრელი, შარდმდენი და მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, კერძოდ, გამოყოფს წვენს; ასევე, აძლიერებს ნაწლავებში საკვების გადამუშავების პროცესს, გამოიყენება მონელების ქრონიკული დარღვევების დროს.
ახალი კომბოსტოს წვენი გამოიყენება ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. ის, ასევე, უებარი საშუალებაა ხველების დროს, რადგან ამოსახველებელი ეფექტიც გააჩნია.
წყალში გაზავებული კომბოსტოს წვენი გამოიყენება ანთებითი პროცესების დროს ყელში გამოსავლებად.
კომბოსტოს წვენში აღმოჩენილია განსაკუთრებული ნივთიერება, მეთილმეთიონინ-სულფონიაქლორიდი, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური ზემოქმედება კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე და სპობს წყლულს.
კომბოსტოს წვენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, ოღონდ, ის ახალი გამოწურული უნდა იყოს.
რა პერიოდში მწვავდება პიელონეფრიტი და რა იწვევს მას
პიელონეფრიტი თირკმელების ტუბულო-ინტერსტოციული ქსოვილისა და შარდგამომყოფი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციურ-ანთებითი დაავადებაა. ის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. როდესაც უარესდება საშარდე გზების სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, პიელონეფრიტით დაავადების საფრთხეც იქმნება. პიელონეფრიტის განვითარება ყოველთვის უკავშირდება ინფექციას. შემთხვევათა უმრავლესობაში, გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, რომელიც ძირითადად პათოგენურ ფლორას წარმოადგენს. ინფექცია თირკმელში ხვდება ჰემატოგენური, ლიმფოგენური გზებით, შარდსაწვეთის, ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლექსის დროს.
პიელონეფრიტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: შარდგამომყოფი გზების დახშობა, სხვადასხვა დონის რეფლექსები, ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. მიმდინარეობის მიხედვით კი გვხვდება მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ფორმებიც.
მწვავე პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, წელის ტკივილი, შარდის გამოყოფის დარღვევა. ხშირია გულისრევა. იშვიათად ვითარდება თირკმლის ჭვალი. ამ დროს შარდის გამოყოფა დარღვეულია. აღინიშნება ხშირი და მტკივნეული შარდვა. ამ დროს აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარება.
ქრონიკული პიელონეფრიტი ცუდად ნამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტის შედეგია. აქტიური ანთებითი პროცესის შემთხვევაში, კლინიკური სიმპტომები გაცილებით მკვეთრია. მომატებულია ტემპერატურა, გახშირებულია შარდვა. აღინიშნება ტკივილი წელის არეში, სისუსტე, შრომისუნარიანობის დაქვეითება, მადის დაკარგვა, გულისრევა, თავის ტკივილი, წყურვილის მუდმივი შეგრძნება. თირკმელების უკმარისობის განვითარებისას აღნიშნულ სიმპტომებს ემატება არტერიული ჰიპერტენზიაც.
პიელონეფრიტის პროფილაქტიკის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნორმალური შარდვის პროცესის აღდგენას. თირკმლის კენჭების არსებობის შემთხვევაში, ასევე, მნიშვნელოვანია უროსეპტიკური თერაპიის კურსის ჩატარება. პიელონეფრიტის განვითარების დროს, გამწვავების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, თავიდან აიცილოთ გაციება, გამწვავების დროს კი, უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი. საკვებიდან უნდა ამოიღოთ მწარე და სანელებლებიანი კერძები. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უცხიმო რძის პროდუქტს, ფაფებს. ამ დროს ეფექტურია ანტიბიოტიკების კურსის ჩატარება.
უძილობას ნევროზი იწვევს
ძილის დარღვევა ნევროზის ერთ-ერთი სიმპტომი ან მისი მომასწავებელი ნიშანია. უძილობის მიზეზი შეიძლება, იყოს სექსუალური მოშლილობა, გადაღლა, ნერვიულობა, სტრესი, უარყოფითი ემოციებით გადატვირთული მდგომარეობა და ასე შემდეგ.
უძილობის მედიკამენტური მკურნალობის გარდა, არსებობს ზოგადი რჩევები, რომლებიც ხშირად ძილის აღდგენისა და ნერვული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას იძლევა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
სანამ დასაძინებლად დაწვებით, საძინებელი ოთახი კარგად გაანიავეთ, უმჯობესია, ღამით ფანჯარა ოდნავ შეღებული დატოვოთ. ლოგინი კი ზომიერად რბილი შეარჩიეთ, სასთუმალი, უმჯობესია, ჩრდილოეთით გქონდეთ.
გირჩევთ, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე სუფთა ჰაერზე ისეირნოთ ან აივანზე დადგეთ და ჰაერი ღრმად ისუნთქოთ. სანამ დასაძინებლად გაემზადებით, მიიღეთ თბილი შხაპი.
ძილის წინ ნუ მიეძალებით საკვებს.
არ არის სასურველი, ძილის წინ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყურება და უარყოფითი ემოციებით გადატვირთვა, ნერვული სისტემის აღგზნება არასასიამოვნო წიგნის კითხვით ან გადაცემებით.
ძილის წინ მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ისაუბრეთ ოჯახის წევრებთან სასიამოვნო თემებზე და ნუ აჰყვებით ცუდ ფიქრებს.
ბრინჯი ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ, სოია კი სიმსივნისგან დაგიცავთ
ბრინჯი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის B ჯგუფის ვიტამინების შეუცვლელი წყაროა, რისი წყალობითაც ბრინჯის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასთან და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ. ხოლო, ვიტამინი E, რომელიც ბრინჯში ასევე დიდი რაოდენობითაა, ორგანიზმს დაბერებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან იცავს. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობს სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო. ამას გარდა, ბრინჯი მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის დიდი რაოდენობით შეიცავს: რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლოა ყავისფერი ბრინჯი. ის თეთრი ბრინჯისგან იმით განსხვავდება, რომ გადამუშავების დროს მას მხოლოდ ჩენჩოს აცლიან, დარჩენილი მარცვალი კი ბევრ მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს, ასევე, ეთერზეთებს, რის გამოც მალე ფუჭდება. უმჯობესია, ბრინჯი ორთქლზე მოხარშოთ, რათა ვიტამინები არ დაიკარგოს.
რაც შეეხება სოიას, მას ხშირად განიხილავენ, როგორც ხორცეულის შემცვლელ პროდუქტს. მას უნიკალური თვისებები აქვს. ბევრი სხვა მცენარეული პროდუქტისგან განსხვავებით, სოია ადამიანის ორგანიზმს უზრუნველყოფს არა უჯრედისით, არამედ სრულფასოვანი ცილით. სოიისგან ამზადებენ რძის პროდუქტების შემცვლელებსაც, მაგალითად, სოიის რძეს, იოგურტს, ხაჭოსა და ყველს. მასში შემავალი ცილა ყველა მცენარეულ ცილასთან შედარებით უფრო სრულფასოვანია, თანაც, ის სოიაში გაცილებით მეტია, ვიდრე ხორცში. ცილის გარდა, სოია საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს და ებრძვის სიმსივნის განვითარებას. ასევე, შეიცავს ჰორმონის მაგვარ ნივთიერებას – ფიტოესტროგენებს, რაც არც ხორცშია და არც თევზში. ამიტომ, ის აუცილებლად უნდა მიირთვათ. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით, მაგრამ, აუცილებლად შეიტანეთ თქვენს რაციონში.