მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემები ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი:
მარად ქალწული მშობელი ღვითსა აღვსებულია მადლითა და ყოველი სათნოებით. ის მუდამ მხიარული, დევნისა და უბედურების დროსაც კი არ დანაღვლიანებულა თავისი უკიდურესი გაჭირვებისას. თავის შეურაცხმყოფელებს არათუ არ განრისხებია, არამედ კეთილს უყოფდა. კეთილდღეობისას სათნო, მოწყალე ღარიბების მიმართ, ყოველთვის ეხმარებოდა მათ, რითაც შეეძლო. მასწავლებელი ღვთისმოსაობისა, დამმოძღვრავი – ყოველი კეთილი საქმის აღსრულების დროს. მას განსაკუთრებით უყვარდა თავმდაბალნი და თვინიერნი, რადგან, თავად იყო თავმდაბალი და აღვსებული ყველა სათნოებით. მისი მხილველნი ქებას აღუვლენდნენ მას... იგი მარადის დაუვიწყარია... ყოველი იმათთაგან, ვინც ღირსქმნილნი გამხდარან მისი ხილვისა, გრძნობდა უდიდეს ბედნიერებას და გამოუთქმელ ნეტარებას.
ღირსი სერგი ტროიცელის ბიოგრაფი ასე აღწერს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადებას ღირსი სერგისადმი:
დაასრულა რა ლოცვა, იგი დასასვენებლად დაჯდა; მაგრამ, უეცრად, მისმა წმიდა სულმა შეიგრძნო ზეციური სასწაულის მოახლოება და მან უთხრა თავის მოწაფეს – ღირს მიხეილს: „იფხიზლე, შვილო, ჩვენ ახლა ვიხილავთ სასწაულებრივ გამოცხადებას“. დაასრულა თუ არა ეს სიტყვა, გაისმა ხმა: „ყოვლადუბიწო მოვალს!“
ბერი ადგა და აჩქარებით გავიდა წინკარში. აქ იგი გაანათა მზისაზე უფრო ბრწყინვალე ნათელმა და მან იხილა ყოვლად კურთხეული ქალწული, მოციქულთა – პეტრესა და იოანეს თანხლებით. ვერშემძლებელი ამ სასწაულებრივი ნათლისა და ნათლის მშობლის ენით უთქმელი დიდების გაძლებისა, ღირსი სერგი პირქვე დაემხო, მაგრამ, მადლიანი დედაღვთისა ხელით შეეხო და მოწყალე სიტყვებით გაამხნევა: „ნუ გეშინია, რჩეულო ჩემო“. წარმოთქვა მან: „მე მოვედი შენს სანახავად, გავიგონე შენი ლოცვა შენს მოწაფეთა შესაწყალებლად. ნუღარც ამ სავანეზე იდარდებ, ამიერიდან მას უხვად ექნება ყველაფერი, არა მხოლოდ შენს სიცოცხლეში, არამედ, შენი უფალთან აღსვლის შემდეგაც, მე არ განვეშორები ამ ადგილს და ყოველთვის დავიფარავ მას“, – თქვა ეს და გაუჩინარდა.
ათრთოლდა ბერი შიშითა და სიხარულით, რამდენიმე წუთი გაოგნებული იყო აღტაცებისგან. როცა გამოერკვა, დაინახა, რომ მისი მოწაფე მიხეილი მკვდარივით გართხმულიყო იატაკზე. დიდ მოძღვარს შესწევდა ძალა, ეხილა ზეციური დედოფალი და მოესმინა მისი ხმა. ხოლო მოწაფეს, შიშით გაოგნებულს, არ შეეძლო ყოველივე ამის დანახვა, მან იხილა მხოლოდ ზეციური ნათელი.
„ადექი, შვილო ჩემო“, – ლმობიერად უთხრა მოხუცმა.
მიხეილი გონს მოეგო, წამოიმართა, მაგრამ, მაშინვე მუხლებზე დაეცა ღირსი სერგის წინაშე. „მითხარით, მამაო, ღვთის გულისთვის, რა იყო ეს სასწაულებრივი ხილვა? ჩემი სული კინაღამ განშორდა სხეულს“. მაგრამ სერგის სულიერი მღელვარების გამო ჯერ კიდევ უჭირდა ლაპარაკი, მხოლოდ მისი სახე ბრწყინავდა ზეციური სიხარულით. „მოითმინე, შვილო, – უთხრა მან მოწაფეს, – ჩემი სულიც თრთის ამ ხილვის გამო.“