როდის ჰგონია ზოგიერთ კაცს საკუთარი თავი ყოველთვის მართალი და არსებობს თუ არა ქალებისადმი შიში
ქალს ძალიან ცოტა სჭირდება ბედნიერებისთვის და... კიდევ უფრო ცოტა იმ კაცისგან, რომელიც უყვარს. თუ საყვარელი ქალი თქვენგან ფუფუნების ნივთებს, ძვირფას სამკაულს, ევროპულ „შოპინგს“ და კიდევ მსგავს „სიკეთეებს“ ითხოვს, მისი სიყვარული არც ისე ძლიერია. მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ მათზე ჭეშმარიტად შეყვარებულ ქალებს სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ, გულწრფელი თანადგომა – უანგარო და ნამდვილი. ქმარი ხშირად უნდა იყოს აღფრთოვანებული ცოლის ღირსებებით და ხმამაღლა ამბობდეს ამას. თუკი გვერდით მყოფი მამაკაცის იმედი არ გექნება, თუკი მას შენს დარდსა და სიხარულს არ გაუზიარებ, თუკი მასში საიმედო დასაყრდენს არ დაინახავ, მაშ, რისთვის არის საჭირო ასეთი ურთიერთობა?!
თუ ქმარს მიაჩნია, რომ ცოლის ხვედრი მხოლოდ დალაგება, კერძების მომზადება, შვილების აღზრდა და ოჯახის წევრების სისუფთავეზე ზრუნვაა, ძალიან ცდება. როგორც წესი, ასეთი აზრები არშემდგარ, პიროვნულად ჩამოუყალიბებელ მამაკაცებს აქვთ ხოლმე. მხარდაჭერა – უპირობო და უანგარო – აი ის, რაც ყველა ქალს ჭეშმარიტად სჭირდება. ხოლო მამაკაცი, რომელსაც ამის გაგება არ უნდა, ადრე თუ გვიან, სრულ მარტოობაში აღმოჩნდება.
ვახო (47 წლის): ისეთ ასაკში ვარ, სტაბილურობა და ოჯახური სიმყუდროვე ყველაზე მეტად რომ სჭირდება ადამიანს, მით უმეტეს – ჩემნაირს. ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, როგორც მომწონდა და მინდოდა. არანაირი შეზღუდვა არ მქონია, თუმცა, ორგული და უსინდისო არასდროს ვყოფილვარ. ღალატი ჩემს ბუნებაში არ ზის და, მეგონა, რომ ქალებს სწორედ ეს სჭირდებათ. ყველგან ამაზეა, ხომ, ლაპარაკი?! ნებისმიერი ქალი რომ გააჩერო და ჰკითხო, გეტყვით, მთავარია, ქმარი ჩემი ერთგული იყოს და დანარჩენს თითქმის არა აქვს მნიშვნელობაო. სინამდვილეში კი ასე არ არის. ისინი ტყუიან.
– რატომ ფიქრობთ ასე?
– იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მაძლევს ამის საფუძველს. ვერაფრით გავიგე, რა ხდება, რა უნდათ ქალებს და რას ითხოვენ კაცისგან. ყოველთვის მიყვარდა ჩემ გვერდით მყოფი ყოველი ქალი და მისი ერთგული ვიყავი. ჩემი მატერიალური მდგომარეობის შესაფერისად ვანებივრებდი, უარს არაფერზე ვეუბნებოდი, მაგრამ, ისინი მაინც მტოვებდნენ...
– რამდენი ქალი იყო თქვენს ცხოვრებაში, რომ „მრავლობითობის პრინციპით“ საუბრობთ?
– ერთი შეყვარებული – საცოლე და ორიც – ცოლი... მაგრამ, იმიტომ არა, რომ მრავალცოლიანობისკენ მაქვს მიდრეკილება. ჩემი ცხოვრება ძალიან უცნაურად და უსიამოვნოდ აეწყო. ჩემი არსებობის საწყისი ეტაპი იმიტომ გავატარე თავისუფალი ადამიანის რანგში, რომ მერე სხვანაირი ცხოვრება მქონდა დაგეგმილი.
– შეგიძლიათ, მითხრათ, როგორი?
– ნორმალური – ცოლი, შვილები, ოჯახი, სიმშვიდე, სიმყუდროვე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან კარგი ქმარიც ვიქნებოდი. ილუზია შევიქმენი, რომ ცოლთან ურთიერთობაში არაფერი შემეშლებოდა. არადა, თავიდან ყოველთვის ყველაფერი შესანიშნავად იწყებოდა. დავიწყებ პირველით – შეყვარებულით: პრინციპში, ოფიციალური საცოლე იყო – ერთად ვცხოვრობდით რაღაც პერიოდის განმავლობაში. ჩვეულებრივად გავიცანი. თუმცა, ის დრო, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით, სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო მისი ხასიათის გასაცნობად. ანუ, იგივე შეიძლება ვთქვა ჩემზეც – კარგად უნდა გავეცანი და, თუ რამე პრეტენზია ჰქონდა ჩემ მიმართ, თავიდანვე უნდა ეთქვა.
– ამბობენ, რომ, თუ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრე, მისი ხასიათის ბოლომდე გაგება შეუძლებელია.
– შეიძლება, ასეც არის, მაგრამ, რაღაც ძირითადი ნიუანსები ხომ უნდა გქონდეს გარკვეული, სანამ მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ამოყოფ თავს? მე პასუხისმგებლობის გრძნობა სულ მქონდა და მაქვს, ნებისმიერ სიტუაციასა და ურთიერთობაში.
– შეგიძლიათ, მითხრათ, თქვენ რა მოგწონდათ მასში, ანუ, რა იყო ის „გარკვეული ნიუანსები“?
– როგორ არ შემიძლია. უპირველესად, ვიზუალი. გრძელფეხება ლამაზმანებზე გართულება არასდროს მქონია. მას ძალიან მიმზიდველი, სათნო გარეგნობა ჰქონდა, ამასთან ერთად, მშვენიერი იუმორის გრძნობა... კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა და, ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე-მეთქი, მიხაროდა. მაგრამ, საქმე ქორწილამდე არც მივიდა. ერთ დღეს გამომიცხადა, შეცდომა იქნება, თუ დავქორწინდებით. მე და შენ აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები ვართ და ახლავე უნდა დავშორდეთო.
– ასე პირდაპირ, სრულიად უმიზეზოდ გითხრათ?
– დიახ, სრულიად უმიზეზოდ. დღემდე არ ვიცი, რა იგულისხმა „სხვადასხვა ადამიანებში“.
– არ ჰკითხეთ?
– არ მიკითხავს. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, 29 წლის და ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, თუ არ ვუნდივარ, წავიდეს სადაც უნდა და ვისთანაც უნდა, რატომ უნდა შევეხვეწო-მეთქი.
– იქნებ, მაშინ რომ გაგერკვიათ, რამ არ დააკმაყოფილა, თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში შემდგომში იგივე შეცდომები არ დაგეშვათ.
– მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მაშინ ამდენი არ მიფიქრია. ემოციებს უფრო ავყევი, ვიდრე გონებას. არაფერი გამიანალიზებია. „არ ვუნდივარ – კარგად იყოს“ – ამ პრინციპით ვიხელმძღვანელე. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, შეიძლება, შეცდომა დავუშვი, სიტუაცია ბოლომდე რომ არ გავაანალიზე. მთლიანად იმას ავკიდე დანაშაულის სიმძიმე – ქარაფშუტა ყოფილა-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს და, გულახდილად რომ გითხრათ, დღესაც ასე ვფიქრობ. ორ თვეში რა გაიგო, როგორ ვიცხოვრებდით ერთ ოჯახად. არც ტირანი ვარ, არც ზარმაცი და არც უქნარა. რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, თანაც, ისე კი არა, მოსაჩვენებლად – თავდაუზოგავად და პროდუქტიულად. უარს მართლა არაფერზე ვეუბნებოდი, ფულს როცა მთხოვდა, ვაძლევდი.
– ანუ, საერთო სალარო არ გქონდათ, თუ ბიუჯეტის დაგეგმვა ვერ მოასწარით?
– არა, არა, ერთად კი ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენ ჩვენთვის ვიყავით. თუმცა, თუ თქვენ მისი წასვლის მიზეზი ეს გგონიათ, ვერ დაგეთანხმებით. როგორც უკვე გითხარით, რაღაც სხვა მოხდა, ოღონდ, რა – არ ვიცი. გადავალ მეორე შემთხვევაზე: მეორე ქალთან – უკვე ოფიციალურ პირველ ცოლთან, ხუთი წელი ვიცხოვრე. შვილიც გაგვიჩნდა. პირველი სამი წელი ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. ბოლომდე ვენდობოდი ჩემს მეუღლეს და არც იმას ვაძლევდი რაიმე საბაბს ეჭვიანობისთვის. გეუბნებით, ძალიან კარგი ქმარი ვიყავი. შეძლებისდაგვარად, ბავშვის მოვლაშიც ვეხმარებოდი. ხელში ვიყვანდი, სასეირნოდაც ჩამყავდა, მაგრამ, ვმუშაობდი და დიდ დროს ვერ ვუთმობდი.
– როგორც მივხვდი, თქვენი ცოლი სულ სახლში იჯდა და მთელი ოჯახის მოვლა-პატრონობა მასზე იყო მიგდებული.
– ასე რატომ ლაპარაკობთ? რას ნიშნავს „მიგდებული“? ქალი რომ თხოვდება, მისთვის მთავარი ქმარი და ოჯახი არ უნდა იყოს? რანაირად ლაპარაკობთ?! უცნაურები ხართ ქალები. თან ქმარი და ოჯახი გინდათ, თან ვალდებულებები „ტვირთად“ გაწვებათ და, რას ეძებთ, თავადაც არ იცით.
– რატომ არა, ვიცით. ოჯახიც გვინდა, ქმარიც და ჩვენი პიროვნების რეალიზებაც. თუ ქალს აქვს შინაგანი პოტენციალი იმისა, პარალელურ რეჟიმში ის საქმეც აკეთოს, რაც უყვარს, რა არის ამაში ცუდი?
– მე არ ვყოფილვარ იმის წინააღმდეგი, რომ ჩემს ცოლს სამუშაო ჰქონოდა, მაგრამ, თვითონ ვერ მოაბა ყველაფერს ერთად თავი. ვერ ასწრებდა სამსახურსაც და სახლის საქმესაც. ქარგვამ გაიტაცა – პროფესიონალურ ქარგვას ვგულისხმობ. მივიდოდი სახლში და სულ ერთი და იგივე სიტუაცია მხვდებოდა: ჩაჰკირკიტებდა ამ თავის საქარგავ-ნახატებს და თავს არ სწევდა ზევით. სკანდალი მოაწყო იმის გამო, რომ ვთხოვე, მომხედე, საჭმელი მინდა-მეთქი. მე ყველაფერი მოვამზადე და ამხელა კაცს იმის უნარი არ უნდა გქონდეს, თეფშზე კერძი ამოიღოო? გადავირიე. რა მოვითხოვე განსაკუთრებული?! იმიტომ ვმუშაობდი დილიდან გვიან საღამომდე არანორმალურ რეჟიმში, რომ ჩემს ოჯახს ფინანსური პრობლემები არ ჰქონოდა, მან კი ქარგვას გადააყოლა ოჯახი.
– თქვენი ცოლის ჰობი გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– ჰობი უძახეთ თქვენ, გადამაყოლა თავის ქარგვას. ამ ნიადაგზე ჩხუბი ყოველდღიური გამიხადა. მერე აიხირა, მე გამოფენის მოწყობა მინდა, მინდა, რომ სახელი გავითქვა და ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიო, შენ კი ეს საერთოდ არ გაინტერესებს, საკუთარი პერსონაა შენთვის მთავარი, რაში მჭირდება ასეთი ქმარიო... სერიოზულად არ აღვიქვამდი და ვითმენდი. არ მინდოდა, სერიოზული სახე მიმეცა, მაგრამ, არ გაჩერდა. მივხვდი, რომ ფსკერისკენ მივდიოდით. მოყრუება და თვალის დახუჭვა ვეღარ შველოდა საქმეს. ვუსმენდი მის დაუსრულებელ საყვედურებს, ვისმენდი და, ერთხელაც ვთქვი: თუ არ გინდა ოჯახი, დავშორდეთ-მეთქი. არ მეგონა, თუ დამთანხმდებოდა. გეფიცებით, ეს იმიტომ ვთქვი, იქნებ „დაზადნოს“-მეთქი. ლამის შოკში ჩავვარდი, როცა მივხვდი, რომ მას უკვე მიღებული ჰქონდა წასვლის გადაწყვეტილება.
– არც მას შეეხვეწეთ?
– ეჰ, თითქმის შევეხვეწე – შვილი გვყავდა და არ მინდოდა, ჩემი ბავშვი დედ-მამის ურთიერთობის „ნანგრევებზე“ გაზრდილიყო. ძალიან მტკივნეულია ეს პატარასთვის. მაგრამ, არაფერი გამოვიდა. ხომ არ დავუჩოქებდი, კაცი ვარ, ბოლოს და ბოლოს...
– „კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს“ – ამ ფრაზას რაღაცნაირად ამბობთ, თითქოს ქალების წინაშე თქვენი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობთ.
– არანაირად. ვერ ვხვდები, ასეთი წარმოდგენა რატომ შეგექმნათ. არანაირი ქვეტექსტი ამ ფრაზაში არ ჩამიდევს.
– მაშ, რას გულისხმობთ ამ სიტყვებში? ხშირად ეუბნებით ამ სიტყვებს თქვენს მეუღლეს?
– ჯერ ერთი, ხშირადაც რომ მეთქვა, ამით რა, შეურაცხყოფას მივაყენებდი? ისე, სიტყვის მასალად თუ ვეტყოდი ხოლმე. მეორეც, კაცი რომ ქალი არ არის, ეს მე ვთქვი პირველმა? მე დავაკისრე ქალს დიასახლისის ფუნქცია?
– დიახ, ქალი კაცი არ არის. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ის კაცთან შედარებით არასრულფასოვანი არსებაა.
– სულ ტყუილად მდებთ ბრალს ქალის ფენომენის, სუსტი სქესის უფლებების დარღვევასა და დაკნინებაში. დიასახლისობაშიც რა არის შეურაცხმყოფელი, ვერ გამიგია. გეუბნებით, ქალებს რაღაც დაემართათ – თვითონვე აკნინებენ საკუთარ სქესს. ერთხელ ჩემს მეორე ცოლს რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ვუთხარი, დედაკაცო-მეთქი. და სახლში ისეთი სკანდალი მოაწყო, გავგიჟდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ქალთან ასეთი ჩხუბი თუ შემეძლო.
– ეს რიგით მეორე ოფიციალურ ცოლზეა საუბარი? ანუ, პირველ ოფიციალურ ცოლს მაინც დაშორდით?
– ის წავიდა ჩემგან. მე არც მესამეს დავშორებივარ. ისიც თვითონ წავიდა ჩემგან და, რომ მიდიოდა, მითხრა: შენ არ ხარ ის კაცი, ვინც ქალს ბედნიერს გახდისო. ახლა გეკითხებით მე თქვენ – რატომ არ ვარ „ის კაცი“? ცოლს არ ვღალატობ, არ ვცემ, არ ვაგინებ, მუშაობით არ ვკლავ და ვითხოვ იმას, რაც ყველა ქმარს სჭირდება ცოლისგან. გამაოგნებელია, რომ მარტო დავრჩი. რატომ არ ესმით ქალებს ჩემი?
– იმიტომ, რომ თქვენ არ გესმით ქალების. მაპატიეთ, მაგრამ, თქვენ ვერ გაიმეტეთ მათთვის მთავარი – თქვენი ყურადღება.
– კარგი, რა! მე არ მინდოდა მათგან ყურადღება? ან, ძნელია თქმა, რა გინდა კონკრეტულად და რა გაკლია?!
– იქნებ, გეუბნებოდნენ კიდეც და არ უსმენდით?
– გამოდის, რომ 47 წლის ასაკში ბრიყვად დავრჩენილვარ. მაგრამ, მაინც ვფიქრობ, რომ ქალები ძალიან უსამართლოდ მომექცნენ. გული მტკივა. მეეჭვება, კიდევ ერთხელ გავრისკო. თუმცა, მარტო დარჩენა ძალიან არ მინდა...