ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ იმ პირთა წრე, ვისაც აქვს ციხეში პატიმართან ხანმოკლე პაემანზე შესვლის უფლება.
პასუხი: გაცნობებთ, რომ პატიმრებთან ხანმოკლე პაემანზე შესვლის უფლება აქვთ: პატიმრის დედას, მამას, ძმას, დას, შვილს, მეუღლეს, ბაბუას, ბებიას, მამიდას, დეიდას, ბიძას, დისშვილს, ძმისშვილს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს, დეიდაშვილს, შვილიშვილს, დისშვილის შვილს, ძმისშვილის შვილს, ბებიის დედას, მამას და ბაბუის დედას და მამას.
კითხვა: მყავს მსჯავრდებული დეიდაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მაინტერესებს, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ მას შევხვდე?
პასუხი: იმისთვის, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული შეხვდეს დეიდაშვილს, საჭიროა პატიმრის დეიდაშვილმა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პატიმრის დაბადების მოწმობა; პატიმრის დედის დაბადების მოწმობა; პატიმრის დეიდის დაბადების მოწმობა; პატიმრის დეიდაშვილის დაბადებისა და პირადობის მოწმობები.
კითხვა: მაინტერესებს, არის თუ არა სავალდებულო ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, თუნდაც უმნიშვნელოსთვის, პირს დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს მცირე მნიშვნელოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, კერძოდ, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს შეუძლია, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ადმინისტრაციული სახდელის აღსრულების ხანდაზმულობის რა ვადებია დადგენილი საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ ის მიქცეული არ იყო აღსასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით, შეიძლება დაწესდეს ცალკეული სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადგენილებათა აღსრულების სხვა, უფრო ხანგრძლივი ვადებიც.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა უფლებები აქვთ ბავშვებს, რომელთა მიმართ მშობლები ბოროტად იყენებენ მშობლის უფლებას და არავითარ ვალდებულებას არ ასრულებენ შვილების ნორმალური აღზრდისთვის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ არასრულწლოვანს აქვს დაცვის უფლება მშობელთა, სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, მშობელთა ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასთან, განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, 14 წლის ასაკიდან კი – სასამართლოს. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა არასრულწლოვნის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევები, ვალდებულნი არიან, ამის შესახებ შეატყობინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს არასრულწლოვნის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე, ვალდებულნი არიან, გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კითხვა: მყავს შვილიშვილი, მაგრამ, ჩემი შვილი და რძალი არ მაძლევენ საშუალებას, ვნახო ხოლმე ის და მქონდეს შვილიშვილთან ხშირი ურთიერთობა. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა შვილიშვილის ნახვის უფლება და როგორ მოვიქცე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ბაბუას და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან ბაბუას და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია, დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ ბაბუას და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ შეიძლება იყოს საქართველოში მოანდერძე და შეიძლება თუ არა ანდერძის დატოვება წარმომადგენლის საშუალებით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტში შეუძლია, გონივრულად განსაჯოს საკუთარი მოქმედება და ნათლად გამოხატოს თავისი ნება. ანდერძი უნდა შეადგინოს პირადად მოანდერძემ. ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადებია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გამოძიების წარმოებისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ, არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა.
კითხვა: მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოში უარს ვიტყვი უკვე გაფორმებულ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, შეიძლება თუ არა, საპროცესო შეთანხმებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენება გამოყენებულ იქნეს ჩემ წინააღმდეგ?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს საპროცესო შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, თქვენ მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება არ შეიძლება მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული იქნეს თქვენს საწინააღმდეგოდ.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების წარმოებისას გამომძიებელი დაადგენს, რომ საქმე სხვა საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეა, ვინ უზრუნველყოფს ქვემდებარეობით საქმის გადაგზავნას?
პასუხი: თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ გადაგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადით შეიძლება დაედოს სისხლის სამართლის საქმეზე ქონებას ყადაღა?
პასუხი: სისხლის სამართლის საქმეზე ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტამდე.