ინგლისის რომელმა მეფემ დანიშნა თავის მოადგილედ საკუთარი ბალიში ანუ მსოფლიოს ყველაზე შეშლილი და არანორმალური მონარქები
თანამედროვე მონარქიული სახელმწიფოების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო მსოფლიოს რუკაზე. ამ სახელმწიფოების უმეტესობაში მონარქებს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აკისრიათ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კუთხით, ისინი ვერ იღებენ. საუკუნეების წინ კი მონარქები წყვეტდნენ მსოფლიო პოლიტიკას და მეტწილად მათ გონიერებასა და პრაგმატიზმზე იყო დამოკიდებული მოსახლეობის ბედი. ამ მონარქებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, თანამედროვე მსოფლიოში, სამეფო ტახტის ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკებში გაატარებდნენ დარჩენილ ცხოვრებას. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ყველაზე შეშლილი მეფეებისა და დედოფლების ჩამონათვალს, რომლებიც ერთ დროს სახელმწიფოებისა და ხალხის ბედით მანიპულირებდნენ.
პორტუგალიის დედოფალი მარია პირველი
დედოფალი მარია ჯერ კიდევ თავისი ბიძის და შეთავსებით მეუღლის, მეფე პედრუ მესამის სიცოცხლეშივე იყო შემჩნეული უცნაურ ქცევებში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედოფლის ჯანმრთელობა შეირყა, ხოლო შვილების სიკვდილმა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც იქონია გავლენა. 1799 წელს მარია პირველს ქვეყნის მართვის უფლება ჩამოერთვა. იმ პერიოდის პორტუგალიაში ბევრს ლაპარაკობდნენ დედოფლის რელიგიურ ფანატიზმსა და მელანქოლიაზე. მარია თავის მოსამსახურეებს უყვებოდა, რომ ყოველდღე ხედავდა მამის მოჩვენებას, რომლის თავზეც ეშმაკები დახტოდნენ. გარდა ამისა, დედოფლის საძინებლიდან ყოველ ღამით ისმოდა კივილისა და არაადამიანური კვნესის ხმა. დედოფალი თავისი გარდაცვლილი შვილების ტანისამოსით დაიარებოდა სასახლეში და მოსამსახურეებს დემონებს უწოდებდა. შეშლილი მარია 1816 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარდაიცვალა.
საფრანგეთის მეფე კარლ მეექვსე
კარლ მეექვსის მამას, მეფე კარლ მეხუთეს, საფრანგეთში ჭკვიანი და პრაგმატული მეფის სახელი ჰქონდა, მისი შვილი კი სრულიად საპირისპირო სახელით შევიდა მსოფლიო ისტორიაში. შიზოფრენიის პირველი ნიშნები მომავალ მეფეს 24 წლის ასაკში აღმოუჩინეს, როდესაც იგი მონარქისთვის შეუფერებელ ჟესტებს აჩვენებდა სასახლის სტუმრებს. მეფის ავადმყოფობის ისტორიაში არაერთი მანიაკალური ეპიზოდია დაფიქსირებული. ერთხელ მეფემ, იმის გამო, რომ ნადირობისას შუბი დაკარგა, თავისი ოთხი მცველი მახვილით დაჭრა. გარდა ამისა, მას მიაჩნდა, რომ მისი ძვლები შუშის იყო, ამიტომ, მოითხოვდა, რომ ის ხელით ეტარებინათ და რკინის აბჯარს პრაქტიკულად არ იხდიდა. როდესაც კარლ მეექვსე შეშლილის ფსიქიკური შეტევები გახშირდა, იგი ჩამოაშორეს სახელმწიფოებრივ საქმეებს, მოგვიანებით კი შიზოფრენიის უმძიმესი ფორმა დაუდგინეს.
ოტო, ბავარიის მეფე
ოტოს ძმა, ბავარიის ასევე შეშლილი მეფე, ლუდვიგ მეორე, კომპოზიტორ ვაგნერს აფინანსებდა და ლამაზ სასახლეებს აშენებდა. მისი ძმა ოტო მას შემდეგ ავიდა ტახტზე, რაც ლუდვიგს შიზოფრენია დაუდგინდა. უფროს ძმას არც ოტო ჩამორჩებოდა, რომელსაც ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ჰქონდა მანიაკალურ-დეპრესიული ხასიათი. 38 წლის ასაკში ოტო ტახტზე ავიდა, თუმცა მას არც ერთი სახელმწიფოებრივი კანონი არ მიუღია – მის ნაცვლად სამეფოს რეგენტები მართავდნენ, მეფე კი მთელ დროს სასახლეში ატარებდა, ცარიელ სივრცეს ესაუბრებოდა. მას არ უყვარდა ჩაკეტილი სივრცე, აკრძალა კარების ჩაკეტვა, ბევრს ეწეოდა და სვამდა. ოტო არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებით გარდაიცვალა, ორი წლის შემდეგ კი ბავარიის სამეფომაც დაასრულა არსებობა.
შვედეთის მეფე ერიკ მეთოთხმეტე
ერიკის სულიერმა ავადმყოფობამ დიდი უბედურება მოუტანა შვედეთის სამეფო ოჯახსა და მთლიანად ქვეყანას. ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ერიკმა ათასობით ადამიანი დასაჯა სიკვდილით. მას იმის გამოც კი შეეძლო ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება, რომ ის, უბრალოდ, იცინოდა ან არ იცინოდა. ერთხელ მეფემ მთელი ოჯახი ამოწყვიტა, იმის გამო, რომ ეს ოჯახი გავლენით სარგებლობდა გარკვეულ წრეში. ერთხელ მეფე ერიკმა გადაწყვიტა, თავისი ძმის როლი ეთამაშა, ხოლო ძმას მეფობა შესთავაზა, რომელმაც ისარგებლა მომენტით და შეშლილი ძმა ციხეში გამოკეტა. ერიკ მეთოთხმეტე თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, იგი თაგვის წამლით მოწამლეს.
ავსტრიის იმპერატორი, უნგრეთის მეფე ფერდინანდ პირველი
ფერდინანდი დიდი თავით დაიბადა, რადგან მისი მშობლები ერთმანეთისთვის ახლო ნათესავები იყვნენ და ადგილი ჰქონდა ინცესტს. ჰიდროცეფალიის გამო, რომელიც იმ პერიოდში არ იკურნებოდა, ფერდინანდი ეპილეფსიითა და სხვა სნეულებებით იყო დაავადებული. ავსტრიაში ცნობილია იმპერატორის საყვარელი ფრაზა: „მე ვარ იმპერატორი და მე მინდა პელმენები”. დაუნის სინდრომით დააავდებული იმპერატორის ნაცვლად, სახელმწიფოს რეგენტები მართავდნენ. 1848 წელს ფერდინანდ პირველი ტახტიდან თვითნებურად გადადგა თავისი ნათესავის, ფრანც-იოსების სასარგებლოდ და დარჩენილი სიცოცხლე სოფლად გაატარა.
ალექსანდრა ამალია – ბავარიის პრინცესა
ბავარიის პრინცესა ალექსანდრა ამალია 1826 წელს დაიბადა და ბავშვობიდან გაიძახოდა, რომ მინის პიანინო გადაყლაპა. რას ნიშნავდა მინის პიანინო, ვერავინ ხვდებოდა. ის შეშლილი იყო სისუფთავეზე და მხოლოდ თეთრი ტანსაცმელი ეცვა; გარდა ამისა, მან კატეგორიული უარი განაცხადა გათხოვებაზე და რელიგიური საზოგადოების იღუმენია გახდა. 26 წლის ასაკში პრინცესამ საბავშვო წიგნების წერა დაიწყო, ხოლო მიღებულ ჰონორარს ბავშვთა სახლებს ურიცხავდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ პრინცესას ფსიქიკური აშლილობა და შიზოფრენიის უმძიმესი ფორმები ჰქონდა. იგი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარია ელეონორა ბრანდენბურგელი
მარია ელეონორა 1620-1632 წლებში იყო შვედეთის დედოფალი. მეფე გუსტავ ადოლფის მეუღლე მარია ელეონორა დაბალი ინტელექტით გამოირჩეოდა და დიდხანს ვერ ახერხებდა მეფისთვის ტახტის მემკვიდრის გაჩენას. რამდენიმე წარუმატებელი ფეხმძიმობის შემდეგ, მარია ელეონორას ეყოლა ქალიშვილი, პრინცესა კრისტინა, რომელიც დედოფალმა დაბადების მომენტიდან შეიძულა და რამდენჯერმე სცადა ჩვილის მოკვლა, თუმცა, უშედეგოდ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარია ელეონორა ექვსი თვის განმავლობაში არ აძლევდა ეკლესიას მეფის დაკრძალვის უფლებას და კუბოს თან დაატარებდა. მას შემდეგ, რაც კრისტინა შვედეთის დედოფალი გახდა, მარია ელეონორას ყველა უფლება ჩამოერთვა.
ინგლისის მეფე გეორგ მესამე
გეორგ მესამე 1760-1820 წლებში მართავდა ინგლისს. მეფეს პერიოდულად ჰქონდა ფსიქიკური აშლილობის შეტევები, რა დროსაც მისი მოსამსახურეები ახერხებდნენ მის იზოლირებასა და ოთახში ჩაკეტვას. მეფეს ჰყავდა გამოგონილი მოადგილეები, რომელთა სახელებს იგი ხმამაღლა გაიძახოდა. გეორგ მესამეს აწუხებდა აკვიატებული შიში, რომ ლონდონში წყალდიდობა იყო და მას ამ ფაქტს უმალავდნენ. გარდა ამისა, ერთ დღეს, მეფემ თავის მოადგილედ საკუთარი ბალიში დანიშნა და ბალიშის დაბადების დღის აღნიშვნის ბრძანება გასცა. გეორგ მესამე არაერთხელ დასხმია თავს მოსამსახურე ქალებს სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. მეფის მკურნალობაზე ინგლისის საუკეთესო ექიმები ზრუნავდნენ, თუმცა, უშედეგოდ. არაოფიციალური ვერსიით, გეორგ მესამეს სისხლის იშვიათი დაავადება, პორფირია ჰქონდა.
ხუანა პირველი – ესპანეთის დედოფალი
ხუანა პირველი 1504-1555 წლებში მართავდა ესპანეთს და ჰაბსბურგების დინასტიის პირველი მმართველი იყო. დედოფალი პარანოიით იყო შეპყრობილი და აბსოლუტურად ყველაზე ეჭვიანობდა თავის მეუღლესთან დაკავშირებით. ექსცენტრიკულ დედოფალს იმდენად ჰქონდა გამჯდარი ჭკუაში მეუღლის ღალატი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ არ გასცა დაკრძალვის ბრძანება და მეფის კუბოს თან დაატარებდა. მან დაცვა დაუნიშნა ცხედარს და ყველა ქალს აუკრძალა მასთან მიახლოება. პერიოდულად ხუანა კუბოს გახსნის ბრძანებას გასცემდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, რომ მეფე მარტო იწვა, ამაში დარწმუნებული ხუანა ქმრის ნეშტს ფეხებს უკოცნიდა.