რატომ ღირს 4,3-თეთრიანი თვითღირებულების მქონე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია საქართველოში 13-დან 17 თეთრამდე
ცნობილია, რომ საქართველოში სამსაფეხურიანი ტარიფი მოქმედებს, რომელიც 13 თეთრიდან 17 თეთრამდე მერყეობს. „იუესაიდის“ კავკასიის ოფისის მონაცემებით, საქართველოში 100 კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას 145 000 აბონენტი მოიხმარს; 100-დან 300-კილოვატამდე – 160 000 აბონენტი, ხოლო 300 კილოვატსაათზე მეტს – 40 000 აბონენტი, ანუ მხოლოდ 10 პროცენტი. ნათლად მიუთითებს ქართველი მომხმარებლის შესაძლებლობებზე სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლის მიერ ელექტრომოხმარების სტრუქტურა: 300-ზე მეტი კილოვატსაათის მხარჯველი აბონენტი იყენებს ელექტროგამათბობელს, წყლის გამათბობელს, კონდიციონერს, მაცივარს, სარეცხის მანქანას, პერსონალურ კომპიუტერს, ტელევიზორს, ელექტროუთოს და სხვა ტექნიკას; 100-დან 300-კილოვატსაათის მხარჯველების შემთხვევაში ოდნავ ნაკლები ინტენსივობით მოიხმარენ კონდიციონერსა და ელგამათბობელს. რაც შეეხება მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, რომლებიც თვეში 100 კილოვატამდე ელექტროენერგიის მოხმარებით შემოიფარგლებიან: კონდიციონერები მათი საოჯახო ტექნიკის არსენალში არ შედის, არც პერსონალური კომპიუტერი, მხოლოდ ტელევიზორს, მაცივარს, უთოსა და სარეცხის მანქანას სჯერდებიან (ოთხივე ერთდროულად იშვიათობაა).
გადავხედოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ტარიფებს: სომხეთში 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია 3 ცენტი ღირს, აზერბაიჯანში – 5 ცენტი, რუსეთში – 7 ცენტი, თურქეთში, დაახლოებით, 15 ცენტი. გაცილებით მაღალია ელექტროენერგიის ტარიფი ევროკავშირის ქვეყნებში. კერძოდ, საბერძნეთში, ლატვიასა და ესტონეთში – 11,57 ცენტი, ლიტვაში – 12,29 ცენტი. ჩეხეთში – 16,55 ცენტი, ფინეთში – 17,9 ცენტი, საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, უნგრეთსა და პოლონეთში – თითქმის 20 ცენტამდე, ყველაზე მაღალი ტარიფი კი დანიაშია – 38,71 ცენტი. ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის საშუალო ტარიფი 14,8 ცენტია.
ქართული ენერგოსისტემა, ძირითადად, საკუთარი ჰესების სიმძლავრეებს იყენებს. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი კი 1,17 თეთრიდან 3,82 -თეთრამდე მერყეობს. შედარებით ძვირია თბოელექტროსადგურებისთვის დაწესებული ტარიფები: „თბილსრესის“ მეცხრე ბლოკის მიერ გამომუშავებული ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მაქსიმალური ფასი, სემეკის დადგენილებით, 9,11 თეთრია, ხოლო მესამე, მეოთხე და მერვე ენერგობლოკებისთვის – 9,8 თეთრი. საერთო ჯამში, საქართველოში შეწონილი ელექტროენერგიის წარმოების თვითღირებულება 4,3 თეთრია (დღგ-ის გარეშე).
არის თუ არა რეალური საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შემცირება, რამდენად საგრძნობ გაიაფებას უნდა ველოდოთ და, რაც მთავარია, რამდენად ადეკვატურია ის თანხა, რასაც თითო კილოვატსაათ ელექტროენერგიაში ვიხდით? – ამ შეკითხვებზე პასუხს ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორისგან, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსისგან – გენადი მესხიასგან მივიღებთ.
– არის თუ არა რეზერვი დღეს არსებულ ელექტროენერგიის ტარიფში, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემცირება?
– ფაქტია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი არ არის დადგენილი ობიექტურად, შესაბამისად, ის არ ასახავს რეალობას. გახსოვთ, 2006 წელს 9 ჰესს და რეგიონალურ სადისტრიბუციო კომპანიას სემეკმა ხელოვნურად გაუზარდა ტარიფები და მთავრობამ ეგრეთ წოდებულ ტენდერზე გაიტანა ეს ობიექტები გასაყიდად. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ახალი ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“.
– „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები განსხვავებულია?
– საყოფაცხოვრებო სექტირებისთვის განსხვავებულია. რაც შეეხება რეგიონების წარმოება-დაწესებულებებს 2008 წლამდე მათ უფრო დაბალ ფასად მიეწოდებოდათ ელექტროენერგია, მაგრამ დღეს ტარიფი გათანაბრებულია.
– მკითხველს, უდავოდ, დააინტერესებს, თუ რა მდგენელებისგან შედგება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი.
– სემეკის შესაბამისი დადგენილებით, „თელასისთვის” დადგენილი ელექტროენერგიის საცალო ტარიფი 13,56 თეთრია. ის შედგება: გენერაცია 4,3 თეთრი (მათ შორის, ჰესებისთვის – 2,474 თეთრი, თბოელექტროსადგურებისთვის – 8,29 თეთრი); გადაცემა – 0,88 თეთრი; დისპეტჩერიზაცია – 0,15 თეთრი; ტექნიკური დანაკარგები – 0,15 თეთრი; განაწილება – 8,08 თეთრი.
დღეს სამომხმარებლო ტარიფში არის რეზერვი და ეს რეზერვი შესაძლებელია, იყოს 2-2,5 თეთრი. რეზერვის გამოყენებასთან დაკავშირებით მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა გზით უნდა იაროს სახელმწიფომ: შეამციროს ტარიფი და ამით შეუმსუბუქოს მომხმარებელს ცხოვრება და წარმოებას შეუწყოს ხელი, თუ ეს ტარიფი უფრო ეფექტიანად გამოიყენოს. აი, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.
რატომ იყო ასეთი ანარქია ტარიფის დადგენის პროცესში? იმიტომ რომ არ არსებობდა მაკონტროლებელი ორგანოები და მთავრობა სემეკს წნეხის ქვეშ ამყოფებდა. გარდა ამისა თითოეული ლიცენზიანტი თავად ანგარიშობდა ტარიფს და სემეკი მექანიკურად უმტკიცებდა. მე არ ვამბობ, რომ მათ შორის კორუფციული გარიგება იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, მაგრამ ფაქტია, რომ ტარიფზე მონიტორინგი დღესაც არ არის.
– ცნობილია, რომ, თავის დროზე „ეი ი ესმა“ ტარიფში ჩადო თავისი ინვესტიცია, შემდეგ „თელასი“ გაიყიდა და „რაომ“ ის ვალების გარეშე შეიძინა, მაგრამ ტარიფში ისევ არის ასახული „ეი ი ესის“ მიერ ჩადებული ინვესტიცია. რატომ?
– ეს თანხა უნდა ჩამოეწერათ, და შესაბამისად უნდა შეემცირებინათ „თელასის” ტარიფი, რაც არ მოხდა. ფაქტია, რომ ამ თანხის ასათვისებლად რაღაც მექანიზმი იქნა შემუშავებული. მაგრამ, როდესაც ბენდუქიძეს დავუსვით ეს საკითხი, მან კომენტარი არ ისურვა. მეტიც, იმის ნაცვლად, რომ ტარიფში ტექნიკური დანაკარგების წილი შეემცირებინათ, პირიქით, გაზარდეს. ასევე, ვფიქრობ, შესაძლებელია, რეზერვის მოძიება განაწილებასა და გადაცემაში. ერთი სიტყვით, აუცილებელია ტარიფის რევიზია, რომ ის ობიექტური და რეალური გახდეს.
– არადა, თითქოს სისტემა გავაუმჯობესეთ, ყველაფერი გამოვცვალეთო. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკური დანაკარგი უნდა შემცირებულიყო?
– რა თქმა უნდა. აუცილებელია ტარიფის რევიზია, რომ ის მართლაც ობიექტური და რეალური გახდეს. უპირველესად, იმის მომხრე ვარ, რომ შეიქმნას ახალი ინსტიტუტები, ახალი ლიცენზიანტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტარიფის ობიექტურ დათვლასა და მის მონიტორინგში. გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ახალი ინსტიტუტები, რომლებიც ტარიფის შემცირებისკენ იმუშავებს: ვგულისხმობ ენერგოდაზოგვასა და ენერგოეფექტიანობას. დღეს ეს სამსახური არ არსებობს. როგორც კი შეიქმნება, მაშინვე დაიწყება სვლა ტარიფის შემცირებისკენ. რაც მთავარია, მეცნიერების გარეშე წინსვლა არ არსებობს, რაც ძველმა მთავრობამ ვერ გაიგო. როდესაც ხეთაგურს, ენერგეტიკის მინისტრს, ვურჩიე, რომ აუცილებელი იყო ენერგეტიკის ინსტიტუტის შექმნა, რომელიც ენერგოსექტორის ახალ პროგრესულ რეფორმაზე, განახლებად ენერგიის წყაროების ათვისებასა და პერსპექტივაზე იმუშავებდა. მან მიპასუხა, რაში მჭირდება ინსტიტუტი, როდესაც „გეპეი“ არსებობსო. ამაზე კომენტარი ზედმეტია! რაც შეეხება განახლებად ენერგიას: აქ დიდი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა, მეორე მხრივ, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება ტარიფს გაგვიძვირებს. სხვათა შორის, დღეს საქართველოში გაუნათებელია 200 სოფელი, უამრავი ეკლესია და მეცხოველეობის ფერმა.
– რას ამბობთ?!
– მცირერიცხოვანი სოფლებია, მაგრამ ფაქტია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მათ არ აქვთ ელექტროენერგია. საქართველოს მთავრობამ მიზნად უნდა დაისახოს, რომ ყველა სოფელი განათებული იყოს. თუ ჩვენი მთავრობა აიღებს ვალდებულებას, რომ მათ ელექტროენერგია ჰქონდეთ, უდავოა, ეს სოლიდურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ვინაიდან იქ უნდა დაიდგას მზის ან ქარის ელექტროსადგურები, რაც ძვირად ღირებული სიამოვნებაა. ამ ინვესტიციებს თუ გავითვალისწინებთ საერთო ხარჯებში, შეწონილი ტარიფი გაიზრდება. თუ დღეს მოქმედ ტარიფში არსებულ რეზერვს გამოვიყენებთ ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტიანობის პროგრამების დასაფინანსებლად და განახლებადი ენერგიის წყაროების ასათვისებლად ამით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ პროგრესისკენ, ენერგოსექტორის განვითარების, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისა და გარემოს დაცვის კუთხით, რომ არაფერი ვთქვათ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე. მაგრამ ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაგალითად, გერმანელებმა მიზნად დაისახეს უარი თქვან ატომურ ენერგიაზე, ისინი დღეს ძირითადად მზისა და ქარის ელექტროსადგურებს აშენებენ. მათ ახლო პერიოდში გაუშვეს მსოფლიოში ყველაზე დიდი 220-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური.
მაგალითად, რუსეთში ელექტროენერგია იაფია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ტარიფის სიდიდით ის ბოლოდან მეოთხე ადგილზეა, მაგრამ უკვე რუსეთშიც აყენებენ ტარიფის მინიმუმ 20 პროცენტით გაზრდის საკითხს. იქ ელექტროენრგიის ტარიფის ნახევარზე მეტი დღეს სახელმწიფო სუბსიდიებით იფარება. ჩვენთან, როგორც კი ახალი მაღალტარიფიანი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები და მაღალი ძაბვის ხაზები შევა ექსპლუატაციაში, ამას მაშინვე მოჰყვება სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა.
– ძველები არ გვყოფნის?
– დამატებითი სიმძლავრეები დაგვჭირდება, ცხოვრება ხომ წინ მიდის?! მრეწველობა ამუშავდება, ცხოვრების დონე გაიზრდება, ელექტროენერგიას გავყიდით უცხოეთში. დღეს მთავრობა ამაყობს, რომ ელექტროენერგიას ზოგავს ქვეყანაში საფეხურებიანი ტარიფის შემოღებით და ამბობს, რომ მოსახლეობის 47 პროცენტი თვეში 100 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარსო. ეს ხომ ცინიზმია?! მომხმარებლის ეს კატეგორია ხომ სოციალურად დაუცველია და იძულებულია დაზოგოს, რომ ცოტა გადაიხადოს.
– თქვით, რომ დღეს მსოფლიოში ტარიფებისადმი მიდგომა ორგვარია: სახელმწიფო სუბსიდია ან გაძვირება. ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა როგორი უნდა იყოს?
– ყველა პროდუქციას თავისი ოპტიმალური ფასი აქვს. ოპტიმალური ტარიფი მისაღებია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მწარმოებლისა და მომხმარებლისთვის. დღეს ახალი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ისეთი გამაოგნებელი მარეგულირებელი გარემოა შექმნილი, გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ინვესტორთან ხელშეკრულებებს მესამე პირი ადგენს და არა ჩვენი მთავრობა. დღეს ინვესტორს აქვს უფლება, თვითონ დაადგინოს ტარიფი. მაგალითად, ჰუდონჰესის მეპატრონე ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოგვყიდის 5,84 ცენტად ზამთრის სამი თვის განმავლობაში. მაშინ, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების შეწონილი ტარიფი 4,3 თეთრია. დანარჩენ 9 თვეს კი თურქეთში გაყიდის 17 ცენტად. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, საქართველოში შენდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ელექტროენერგიის თურქეთსა და ევროპაში გასატარებლად. მის აშენებაში თურქული მხარე 80-პროცენტიანი წილით იღებს მონაწილეობას. ჰუდონჰესის მეპატრონესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მას წინასწარ დაუწესდა ლიმიტი ამ ხაზზე. ის ჯერ თავის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას გაიტანს უცხოეთში და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცემს ჩვენ ამის უფლებას. ანალოგიური დამოკიდებულებაა ყველა სხვა ჰესებთან მიმართებაშიც.
კიდევ ერთი პრობლემა: ქვეყანაში ელექტროსადგურების მშენებლობის ჯამური ეფექტიანობის შეფასების კრიტერიუმად მთავრობასთან შეთანხმებით უცხოელმა ექსპერტებმა აიღეს საინვესტიციო პორტფელის მინიმიზაცია. ეს მიდგომა არასრულფასოვანია. მართებული იქნებოდა, კრიტერიუმად საერთო შეწონილი ტარიფი აეღოთ. ერთი სიტყვით, ტარიფს მეტი გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
– ტარიფისადმი გაგებით მოკიდების მაჩვენებელი იქნება 2-2,5-თეთრიანი კლება?
– არა, ეს იქნება ობიექტურობის გამარჯვება და, შესაბამისად, ახალ მთავრობას პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს. ოღონდ არსებობს არაპოპულარული მაგრამ პერსპექტივაში ბევრად მომგებიანი გზა: თუ არსებულ ტარიფს შევინარჩუნებთ, მასში არსებული რეზერვიდან მიღებულ სახსრებს მოვახმართ ელექტროენერგიის დაზოგვის თვითდაფინანსებადი პროგრამების რეალიზაციას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტარიფის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას და ენერგოსექტორის განვითარებას, საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო მოგებული დარჩება ქვეყანა, მოსახლეობა, გარემო და თვით ენერგეტიკა.
– თქვენ ახსენეთ უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებები, რომლებშიც ჩვენი ინტერესი ნაკლებადაა ასახული, შესაძლებელია მათი გადახედვა?
– აუცილებლად უნდა გადაიხედოს ის ხელშეკრულებები. ჩემი აზრით, საერთოდ უნდა ითქვას უარი ჰუდონის მშენებლობაზე, რადგან მას უამრავი მინუსი აქვს. მათ შორის, სახელმწიფოს შემოსავალიც ძალიან დაბალია. მხოლოდ 6 მილიონს მიიღებს ამ პროექტიდან სახელმწიფო. ეს თანხა არ ღირს არც ეკოლოგიურ კატასტროფად, მით უფრო, რომ ეს ტარიფს გააძვირებს. ერთი სიტყვით, ენერგოპოლიტიკის გადახედვა აუცილებელია და ბოლო სიტყვა ახალ მთავრობას ეკუთვნის.
ნინო ხაჩიძე