ქრისტიანულად „გადაგდებული“
დიდი დეპრესია
არჩევნებიც მიილია და ძალაუფლება თითქმის უკვე გადანაწილებულია, მაგრამ, როგორც ამბობენ, მთლად რიგიან ხასიათზე ვერ არიან ისინი, რომლებიც პოლიტგარედ დარჩნენ. თუმცა ისიცაა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ან კი რატომ უნდა გაიტეხონ, როდესაც ერთი არჩევნებით პოლიტცხოვრება არც მთავრდება და არც იწყება. მაგალითად, ედპ-ის ლიდერი ბ-ნი ქარდავა დარწმუნებულია, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებმა მისი პარტია გააძლიერა (თუ გავითვალისწინებთ, რომ ედპ ხმების ოდენ ერთპროცენტიან მაჩვენებელს მიუახლოვდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ, როდესაც ამ მაჩვენებელს ჩამოსცდება, პარტია უძლიერესი შეიქმნება). მეორე მხრივ, არანაკლებ ოპტიმისტურად გამოიცქირება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ან კი რატომ არ უნდა გამოიცქირებოდეს, როდესაც თითქმის მიუახლოვდა 5-პროცენტიან ზღვარს, თუმცა, რადგან „თითქმის“, ამიტომაც დარჩნენ გარეთ.
ამის მიუხედავადაც, ბ-ნი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ მის პარტიას მომავალიც აქვს და კიდევაც გაიბრწყინებენ ქრისტიანულ-დემოკრატიული იდეებით ქართული პოლიტიკის ცის კაბადონზე. მაგრამ, ვიდრე გაიბრწყინებენ, ქრისტიან-დემოკრატები ღვწას დედაქალაქის საკრებულოში განაგრძობენ, თანაც, მეტად აქტიურად. კერძოდ, არცთუ ამაოდ შვრებიან (კოლეგებსაც მოუწოდებენ, შემოგვიერთდითო) ელექტროენერგიისა და ნაგვის დასაშორიშორებლად, მეტად კეთილშობილური მოტივით – თბილისელებს ცხოვრება შევუმსუბუქოთო (ვერც გაამტყუნებ, მიწის გარდა, მსუბუქი ყველაფერი მოსაწონია).
კეთილი და პატიოსანი, რომ არა ერთი მაგრამ: როგორც უმეტესობას, საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლები ქდმ-საც ჰყავდა, თუმცა, როგორც ზოგიერთი მათგანი ამბობს, მათთვის დაპირებული ხელფასები არ გადაუხდიათ (ქდმ-ელი კოორდინატორების თქმით, პარტიას ვალები დაედო და ამიტომაც ფინანსურად უჭირთო). ხელფასს ვამბობ, თორემ, ლაპარაკი 100 ლარზეა. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ წელს, საარჩევნო ისტორიაში პირველად, პარტიების წარმომადგენლების ხელფასების ნაწილის დაფინანსება ბიუჯეტმა ითავა: საუბნო კომისიის წევრისთვის 50 ლარი, საოლქოს წევრისთვის – 100 ლარი.
დაპირებული ხელფასების არგაცემა, ანუ, თანამოაზრეთა „გადაგდება“, სხვა რომ არაფერი, ნეტავ, ქრისტიანული, გნებავთ, დემოკრატიული წესია?!